geo eng rus
ხუთშაბათი, 29 ივნისი, 2017. 02:31
ლიანა ჯირვალიძე: "საქართველო რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტის მონეტიზაციას თავს ვერ აარიდებდა"
2017-02-01 15:00:02
+
-


საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გაზპრომ-ექსპორტთან მიღწეული შეთანხმების შესახებ სომხეთში გაზის ტრანზიტის თაობაზე



ლიანა ჯერვალიძე, ანალიტიკოსი ენერგეტიკული უსაფრთხოების და ტრანზიტის საკითხებში


საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად გაზპრომ-ექსპორტთან მიაღწია ორწლიან შეთანხმებას სომხეთში გაზის ტრანზიტის მონეტიზაციაზე ეტაპობრივი გადასვლის შესახებ. შეთანხმებას ხელი მოაწერეს გაზპრომის მხრიდან გაზპრომ-ექსპორტმა და საქართველოს გაზის ტრანსპორტის კომპანიამ. ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გაკეთებული განმარტებების მიხედვით შეთანხმების პირობებით საქართველო 2017 წელს მიიღებს ნატურის სახით გატარებული გაზის 10% პირველ 1 მლდ.მ3ზე, დანარჩენ რაოდენობაზე მომსახურების საზღაურს მიიღებს ფულად ერთეულში. 2018 წლიდან საქართველო გადავა სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის სრულ მონეტიზაციაზე. საქართვლოს ჩრდილოეთ სამხრეთის მილსადენი, რომლითაც ხორციელდება რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტი 221კილომეტრია, ამიტომ ამ მანძილზე გაზის ტრანზიტის მომსახურების მონეტიზაციის შედეგად იმ რაოდენობის გაზს ვერ იყიდის, რაც ნატურით 10%-ის ანაზღაურებით რჩებოდა. ამიტომ გაზის დარჩენილი რაოდენობის დამატებით ყიდვა მოუწევს.


თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სომხეთში ტრანზიტის საფასურად აღებული გაზი ე.წ. სოციალური გაზის სეგმენტს ავსებდა, მაშინ გასაგებია, რომ საქართველოს მთავრობას და ენერგეტიკის სამინისტროს არსებული ფინანსური მდგომარეობის ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ მას აქვს გაზის უწყვეტი, უსაფრთხო მომარაგების და სოციალური სექტორისთვის არსებული ტარიფების როგორღაც შენარჩუნების სურვილი და ვალდებულება, რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტის მონეტიზაცია ყველაზე ნაკლებად იყო მისაღები.


ამასთან, სრულიად ცხადია, რომ ზამთრის პიკური მოხმარების დროს შექმნილი სავარაუდო დეფიციტის შემთხვევაში (სოკარის მიერ ვერ მოწოდების შემთხვევაში) საქართველოს ხელისუფლება რუსული გაზის ყიდვაზე უარს ვერ იტყვის და ვერც მომხმარებლებს გაუთიშავს ან შეუზღუდავს გაზის მიწოდებას. ამიტომ, მართალია ენერგეტიკის სამინისტრომ ვერ შეძლო სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის ეტაპობრივ მონეტიზაციაზე გადასვლის გვერდის ავლა, მაგრამ მის მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ გაზპრომს არ გაუხსნა გაზის შიდა ბაზარი და დაიტოვა უფლება რუსული გაზი იყიდოს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, საჭირო რაოდენობით ათასი კუბური მეტრი $185 -ად (2016 წელს არსებული $215-ის ნაცვლად) მხოლოდ მაშინ, როდესაც სოკარი მოხმარების დაკმაყოფილებას ვერ შეძლებს. ამგვარად საქართველო იტოვებს შესაძლებლობას მიიღოს გაზის დამატებითი რაოდენობები აზერბაიჯანიდან ან თურქმენეთიდან, როდესაც ეს შესაძლებელი გახდება.



აზერბაიჯანის გაზის წარმოების მდგომარეობა და საქართველოს მიერ ზამთრის პიკური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გაზის მიღების პროგნოზები: როგორც საერთაშორისო სპეციალიზებული წყაროები იუწყებიან აზერბაიჯანში გაზის შიდა წარმოება (სოკარის გაზის წარმოება) დაეცა 2015 წელს 4%-ით, 2016 წელს 7%, წინა წლებთან შედარებით. საერთაშორისო კონსორციუმის მიერ შაჰ დენიზის საბადოს პირველ ფაზაზე წარმოებული გაზიდან მხოლოდ 1,5მლდ მ3 არის გათვალისწინებული შიდა ბაზრისთვის, დანარჩენი საქართველოს და თურქეთის ბაზრებზე ექსპორტირდება. ამასთან აზერი/ჩირაგი/გიუნეშლის ნავთობის საბადოზე მოპოვებული ასოცირებული გაზიდან (12 მლდ. მ3 წლიურად) დაახლოებით 4 მლდ. მ3 სოკარს კონსორციუმთან დადებული შეთანხმების შესაბამისად უსასყიდლოდ გადაეცემოდა შიდა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. აზერი ჩირაგი გიუნეშლის საბადოზე მოპოვება თანდათან ეცემა, ამიტომ კონსორციუმს ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ასოცირებული გაზის ჩაჭირხვნა სჭირდება ნავთობის წარმოების შესანარჩუნებლად. მაგ. კონსორციუმმა 2016 წელს 11 მლდ. მ3 ჩაჭირხნა და სოკარისათვის მხოლოდ დარჩენილი 1 მლდ. მ3 მიწოდება შეძლო, რამაც რასაკვირველია გარკვეული პრობლემები შექმნა როგორც აზერბაიჯანის შიდა ბაზრის ზამთრის პიკური მოხმარების, ისე საქართველოს ზამთრის პიკური მოხმარების დაბალანსების თვალსაზრისით.


შაჰ დენიზის მეორე ფაზაზე მოპოვებული გაზიც დაკონტრაქტებულია 6 მლდ.მ3 თურქეთში, 10 მლდ.მ3 ევროპაში, ამიტომ აზერბაიჯანის შიდა ბაზრის დაბალანსება ამ გაზით ვერ მოხერხდება . სავარაუდოდ ვერც საქართველო შეძლებს შაჰ დენიზის მეორე ფაზიდან დამატებითი გაზის ყიდვას გარდა ტრანზიტის მომსახურებაში მიღებული ანაზღაურებისა (ოფციური გაზი).


აზერბაიჯანში გაზის დამატებითი რესურსების გაჩენა როგორც შიდა ბაზრის დასაბალანსებლად ისე საექსპორტოდ მოსალოდნელია 2021-2022 წლიდან, როდესაც აბშერონის საბადოზე ფრანგული კომპანია ტოტალი მოპოვებას დაიწყებს. თუ აზერბაიჯანის და საერთაშორისო წყაროების მიერ გავრცელებული მონაცემები სიმართლესთან ახლოს დგას, სოკარს შიდა მოპოვების შემცირების გამო საქართვლოს ზამთრის პიკური მოთხოვნის დაკმაყოფილება უჭირს და სავარაუდოდ კიდევ უფრო გაუჭირდება ვიდრე (ორი-ოთხი წლის შემდეგ) უმიდის (გაბურღვები მიდის და შედეგი არ არის ცნობილი) და აბშერონის საბადოების ექსპლუატაცია დაიწყება. ამიტომ საქართველოს მითითებულ პერიოდში -2017-2021 წლები, გაზის მოწოდების ალტერნატიული წყაროების მოძიება მოუწევს ზამთრის პიკური მოხმარების დეფიციტის შესავსებად.


ამგვარი ალტერნატიული წყარო შეიძლება იყოს იგივე გაზპრომი, თურქმენეთი (თუ ტრანსკასპიურზე ან ირანის გავლით თურქმენული გაზის აზერბაიჯანის გავლით დასავლეთის მიმართულებით მოზიდვა მოხერხდა) და ირანი. ირანიდან გაზის შემოტანა თეორიულად შესაძლებელია თუ გაზპრომი და ირანის გაზის კომპანია გაზის გაცვლით ოპერაციებზე შეთანხმდებიან-(ირანი მიაწვდის სომხეთს და საქართველოს მილსადენის გაფართოებით ან ახალი მილის დამატებით, გაზპრომი მიაწვდის იგივე რაოდენობას ირანული კომპანიის სახელით ევროპაში), ან სომხეთის ინფრასტრუქტურის გავლით ირანული გაზის ფიზიკური მოწოდებით. ორივე ვარიანტის განხორციელება თეორიულად შესაძლებელია და სავარაუდოდ დიდ ფინანსურ დანახარჯებს არ უნდა მოითხოვდეს. მაგრამ ამ შემთხვევაში საქართველო მთლიანად დაკარგავს ტრანზიტს და პირიქით გაზის მიღების და ტრანზიტის კუთხით მეზობელ ქვეყანაზე ხდება დამოკიდებული.


ალტერნატიული წყაროების თვალსაზრისით თურქმენული გაზის მიღება თეორიულად შესაძლებელი არის, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული, აზერბაიჯანმა უნდა გამოატაროს, ირან - სომხეთის გზა კი არ არის ხელსაყრელი. ამიტომ თეორიულად გაზპრომთან ურთიერთობის წარმოება და შეთანხმების მიღწევა სასურველია როგორც სავარაუდო ზამთრის დეფიციტის შესავსებად, ისე ტრანზიტის და საიმედო, სტაბილური სატრანზიტო ქვეყნის იმიჯის შესანარჩუნებლად.


აღნიშნულიდან გამომდინარე სამინისტროს მიერ გაზპრომ-ექსპორტთან გაზის ტრანზიტზე მიღწეული შეთანხმების რისკების შეფასების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს რეგიონში არსებული ვითარება. ისმება კითხვები შეეძლო თუ არა სამინისტროს ტრანზიტის მონეტიზაციისთვის თავის არიდება, რა უფრო მეტი რისკის შემცველია: ტრანზიტის მონეტიზაციაზე ეტაპობრივი გადასვლა, ზამთრის პიკური მოხმარების საჭიროებისთვის უკონტრაქტოდ გაზის აღება(მოპარვა), თუ გაზპრომთან სამართლებრივ თუ პოლიტიკურ დავაში შესვლა და რა ბერკეტები ჰქონდა ენერგეტიკის სამინისტროს გაზპრომ-ექსპორტთან მოლაპარაკების პროცესში ტრანზიტის ნატურით 10%-ით ანაზღაურების შესანარჩუნებლად.


შეთანხმების ოპონენტები მიუთითებენ საქართველოს მიერ ტრანზიტის მონეტიზაციისათვის თავის არიდების რამდენიმე შესაძლებლობაზე, რომელიც ჩვენი აზრით სრულიად უსაფუძვლოა და უფრო მეტი რისკის მატარებელია ვიდრე თვითონ გაზის ტრანზიტის მონეტიზაციაზე გადასვლის ორწლიანი გეგმა. ქვემოთ შევეცადეთ გაგვეანალიზებინა შეთანხმების ოპონენტების არგუმენტები, კერძოდ ისინი აღნიშნავენ:


• თუ 2003 წელს მოხერხდა გაზპრომის სომხეთის ტრანზიტის მომსახურებაზე გატარებული გაზის 10%-ის ნატურით მიღებაზე დათანხმება და შეინარჩუნა რუსეთთან დაძაბულობის კულმინაციის დროს 2006 და 2008 წლებში, რატომ ვერ მოახერხა სამინისტრომ იგივე 2016 წელს?- 2003 წელს პოსტსაბჭოთა სივრცეში გაზის ტრანზიტის მომსახურების ნატურით ანაზღაურება ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო, 2005 წლიდან გაზპრომმა დაიწყო ამ პრაქტიკის შეცვლა და მონეტიზაციაზე გადაიყვანა მათ შორის უკრაინაც იმ დროს არსებული და დამკვიდრებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. რატომ არ მოითხოვდა გაზპრომ-ექსპორტი 2012 წლამდე კატეგორიულად მონეტიზაციაზე გადასვლას? შეიძლება ვარაუდი, რომ რუსეთს WTO- ში შესვლისათვის საქართველოს თანხმობა სჭირდებოდა, 2012 წელს რუსეთი წევრი გახდა. შეიძლება სხვა მიზეზებიც იყო.


• საქართველოს შეუძლია ნებისმიერი რაოდენობის გაზის მიღება აზერბაიჯანიდან - სინამდვილეში აზერბაიჯანში გაზის წარმოების დეფიციტია. სოკარს განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში უჭირს შიდა ბაზრის დაბალანსება. სოკარი, მიუხედავად იმისა, რომ ელექტროგენერაცია გაზის ნაცვლად მაზუთზე გადაიყვანა, ვერ ახერხებს დაგეგმილი გაზის გადამამუშავებელი ქარხნის ამოქმედებას. დეფიციტის შესავსებად გაზპრომთანაც დადო შეთანხმება გაზის ყიდვაზე, 2016 წლის ბოლოს ეს კონტრაქტი რატომღაც გააუქმა და ახლა თურქმენეთთან დადო გაზის გაცვლით ოპერაციებზე ოთხმხრივი შეთანხმება, რომელიც ასევე ბლოკირებულია (ზოგიერთი წყაროს ცნობით) ირანსა და თურქმენეთს შორის დავალიანების მიზეზით წარმოქმნილი დავის გამო.


• საქართველოს შეეძლო სომხეთში გაზის ტრანზიტის შეზღუდვა ან ბლოკირება. ჯერ ერთი, ასეთი ქმედება დასჯადი არის და მეორე, ამგვარი ბერკეტის გამოყენება სრულიად დამანგრეველი იქნებოდა საქართველოს როგორც სატრანზიტო ქვეყნის იმიჯისათვის, დაუძაბავდა ურთიერთობას სომხეთთან და ძირს გამოუთხრიდა მომავალ სატრანზიტო პროექტებს საქართველოს გავლით რეგიონში;


• გაზპრომს სომხეთისთვის გაზის მიწოდების სხვა ალტერნატივა არ აქვს- სინამდვილეში გაზპრომი მეთოდურად უვლის გვერდს არასაიმედო სატრანზიტო ქვეყნებს. ასე აუარა გვერდი პოლონეთს, როდესაც იამალა 2-ის ნაცვლად ჩრდილოეთის ნაკადი 1 ააშენა, ასე უვლის გვერდს უკრაინის ინფრასტრუქტურას, როდესაც გაიტანა ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის და თურქული ნაკადის აშენების საკითხი. ამგვარად უკრაინაზე ტრანზიტი 2019 წლის შემდეგ ნულოვან მაჩვენებელზე იქნება. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი და ირანი მყარ სტრატეგიულ ჯაჭვში არიან როგორც სამხედრო ისე ენერგეტიკული კუთხით, გაზპრომს შეუძლია ირანთან გაზის გაცვლითი ოპერაციებით სრულად და მარტივად აუაროს გვერდი საქართველოს და გაზის მიღების კუთხით სომხეთის ტრანზიტზე დამოკიდებული გაგვხადოს.


• საქართველოს შეეძლო არ დაედო კონტრაქტი გაზპრომთან, არ შეეზღუდა სომხეთში გაზის ტრანზიტი და განეგრძო გაზის არასანქცირებული აღება -მოპარვა -მილიდან ზამთრის პიკური მოთხოვნის დაკმაყოფილება სოკარის მიერ ვერ მოწოდების შემთხვევაში: პირველ წელს თუ არა მომდევნო წელს საქართველოს წარმოექმნებოდა საარბიტრაჟო დავა გაზპრომ-ექსპორტთან, რომლის ფინანსური ეფექტი სავარაუდოდ უფრო მძიმე იქნებოდა ვიდრე მიღწეული შეთანხმებით მიღებული ეფექტი. გაზის ფასი $185 კი არა, სხვა ნებისმიერ ფასად დაითვლებოდა და საურავების დამატებით კიდევ უფრო დამძიმდებოდა. ისევ და ისევ ქვეყნის იმიჯს დააზიანებდა.


• რუსული გაზის შესყიდვის წინასწარ შეთანხმებული ფასი $185 ათას კუბურ მეტრზე მაღალია ვიდრე სომხეთისათვის მიწოდებული რუსული გაზის ფასი-$150 ათას კუბურ მეტრზე, გერმანიაში მიწოდებული რუსული გაზის ფასი $165-170 ათას კუბურ მეტრზე- მართალია რუსული გაზის ფასი საქართველოსთვის მაღალია სომხეთთან და გერმანიასთან შედარებით, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ის, რომ ამ ქვეყნებში გაზპრომს გარანტირებული გაზის ბაზარი აქვს ხანგრძლივი კონტრაქტებით „აიღე ან გადაიხადე" ჩანართებით. საქართველო კი საშუალებას იტოვებს რუსული გაზი მიიღოს მხოლოდ საჭიროებისამებრ და საჭირო რაოდენობით, გაზპრომისათვის გარანტირებული გაზის ბაზრის მიცემის გარეშე, რაც აისახება კიდეც გაზის შესყიდვის ფასზე. საქართველო მთავარ მიმწოდებლად კვლავ აზერბაიჯანს (გაზის მოპოვების გაზრდის შემდეგ), ან მომავალში თეორიულად თურქმენეთს (ტრანსკასპიური მილსადენის ან ირან -აზერბაიჯანის გზით) მიიჩნევს.


• საქართველოს შეეძლო სამართლებრივი დავის წამოწყება გაზპრომ-ექსპორტის წინააღმდეგ საერთაშორისო ექსპერტების ჩართვით- და რა შეიძლებოდა ყოფილიყო საქართველოს პლატფორმა საერთაშორისო არბიტრაჟში? საქართველო გაზის დეფიციტური ქვეყანაა, ზამთრის თვეებში სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანი ვერ ახერხებს საჭირო რაოდენობების მოწოდებას, საქართველოს გაზის ბალანსში უზის სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის 10% და თავისი საერთაშორისო ვალდებულებების გვერდის ავლით უნდა ტრანზიტის 10%-ის ნატურით მიღება? რომელი სასამართლო დაუშვებდა ამგვარი სარჩელის ჯერ მიღების და მერე დაკმაყოფილების პრეცედენტს და ამით მოშლიდა ტრანზიტის მომსახურების საერთაშორისოდ აღიარებულ და მიღებულ სტანდარტებს?


ამ საკითხის სერიოზულად განსახილველად აუცილებელია გათვალისწინებული იქნას შემდეგი გარემოება- საქართველოს მრავალმხრივ ფორმატებში (WTO, Energy Charter) აღებული აქვს ვალდებულება განახორციელოს პროდუქციის და რესურსების არადისკრიმინაციული ტრანზიტი ნებისმიერი მიმართულებით. ამაზე მიუთითებს ენერგეტიკული ქარტიის იურიდიული სამსახურის მიერ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად1 მომზადებული ანალიტიკური დოკუმენტი Gas Transit Through Georgia in the Light of Energy Charter and Energy Community Provisions, რომელიც ღია დოკუმენტია და 2015 წლის დეკემბერში გამოქვეყნდება ამ ორგანიზაციის ვებგვერდზე. ამ დოკუმენტის მიხედვით საქართველო ვალდებულია ტრანზიტი განახორციელოს როგორც მომსახურების ერთერთი ფორმა და მიიღოს ამ მომსახურების გაწევისთვის საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი გონივრული ფულადი სარგებელი, მოახდინოს ტრანზიტის მომსახურების მონეტიზაცია. მართალია საქართველო ენერგო გაერთიანებაში გაწევრიანების (ჯერ არ არის კანონიერ ძალაში შესული) ფორმატში გათავისუფლებულია ევროკავშირის გაზის მარეგულირებელი ორი სამართლებრივი აქტის მოქმედებისგან: გაზის საზღვართშორისი ვაჭრობის და ტრანზიტის შესახებ 2026 წლამდე, მაგრამ WTO, Energy Charter-ში წევრობა მას ავალდებულებს შეუფერხებელი და არადისკრიმინაციული ტრანზიტის მომსახურებას ანაზღაურების დადგენილი 1 ავტორი სამინისტროს წამყვანი სპეციალისტი თამარ წურწუმია სტანდარტით (მონეტიზაცია) ნებისმიერი მიმართულებით მათ შორის არის რუსული გაზის ტრანზიტი სომხეთში.


• საქართველოს დამოკიდებულება გაზპრომის გაზზე იზრდება და საფრთხეს უქმნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას: საქართველო გაზპრომს გაზის გარანტირებულ ბაზარს არ აძლევს და უფლებას იტოვებს რუსული გაზი იყიდოს მხოლოდ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში, საჭირო რაოდენობით. ამიტომ გაზპრომის გაზის წილი თუ გაიზრდება მხოლოდ უმნიშვნელოდ და ისიც 2020-2021 წლამდე ვიდრე აზერბაიჯანში შაჰ დენიზი 2- ის და იუმიდის საბადოს გარდა მოპოვება დაიწყება აბშერონის საბადოზე და საქართველოს მიეცემა შესაძლებლობა აზერბაიჯანიდან გაზის დამატებითი რაოდენობა იყიდოს. შესაბამისად საქართველოს დამოკიდებულება რუსულ გაზზე იმდენად არ გაიზრდება, რომ საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოება ან სამხრეთ კავკასიური გაზის კორიდორი.


• მოთხოვნა გაზპრომ-ექსპორტთან დადებული შეთანხმების ჩანართი კონფიდენციალობის შესახებ- გასაჯაროება - სახიფათო პრეცედენტი- ყველა კომერციულ შეთანხმებას აქვს ამგვარი ჩანართები, რომლებიც მხარეების შეთანხმებით კეთდება და მათი გასაჯაროება ისევ მხარეების შეთანხმებით უნდა მოხდეს. მხოლოდ ქართული მხარე ამას ვერ გააკეთებს. ამასთან კონფიდენციალური ჩანართის გასაჯაროება შექმნის საშიშ პრეცედენტს როგორც არსებული კომერციული შეთანხმებების მიმართ, ისე მომავალში რისკის ქვეშ დააყენებს ინვესტორების ინტერესს საქართვლოს-როგორც საიმედო ბიზნეს პარტნიორის მიმართ.

 


ყველაზე საგულისხმო ის არის, რომ კომერციული ჩანართის გასაჯაროებას მოითხოვენ უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ექსპერტები, რომლებმაც უნდა იცოდნენ, რომ სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ყველაფერი საჯაროდ არ ითქმის და არ იწერება. მით უმეტეს რომ სამხრეთ კავკასია რეგიონული სახელმწიფოების ინტერესების გადაკვეთაზე მდებარეობს და საქართველო ამ რეგიონის გულშია.


ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, საქართველო რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტის მონეტიზაციას თავს ვერ აარიდებდა. ამიტომ ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გაზპრომ-ექსპორტთან მიღწეული შეთანხმება სომხეთში გაზის ტრანზიტის მონეტიზაციის შესახებ შეიძლება ჩაითვალოს როგორც არსებულ ვითარებაში ობიექტური აუცილებლობით განპირობებული შეთანხმება. მართალია ტრანზიტის მონეტიზაცია საქართველოსთვის ფინანსურად ნაკლებ მომგებიანი ვიდრე ტრანზიტის მომსახურების ნატურით ანაზღაურების ფორმა, მაგრამ ამავე დროს იგი შეესაბამება ყველაზე მაღალ და გამჭვირვალე საერთაშორისო სტანდარტს, რომლის დანერგვის ვალდებულებაც საქართველოს აღებული აქვს საერთაშორისო ფორმატში. ამასთან ტრანზიტის მონეტიზაციის ორწლიანი შეთანხმება მნიშვნელოვნად ვერ გაზრდის საქართველოს დამოკიდებულებას რუსულ გაზზე (თუ სოკარმა შეძლო ზამთრის პიკური მოხმარების დროს საჭირო რაოდენობის მოწოდება, და/ან აზერბაიჯანმა და ირანმა თურქმენული გაზი გამოატარეს) და ამიტომ არ შეიცავს მაღალ რისკებს არც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების და არც სამხრეთის გაზის კორიდორის განვითარების თვალსაზრისით.

 

1 Jan, 1970