geo eng rus
ოთხშაბათი, 29 მარტი, 2017. 05:18
რატომ ჩამოვიდა ჯონ კერი საქართველოში?
2017-01-12 11:54:09
+
-

„როდესაც რუსეთი საქართველოში, ე.წ.სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შეიჭრა, მაშინ არაფერი გაკეთებულა, სანქციები არ დაწესებულა“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ვაშინგტონში, მშვიდობის ინსტიტუტში გამართულ კონფერენციაზე. კერი განცხადებას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.

 

მისივე თქმით, ბარაკ ობამას ადმინისტრაციის წინამორბედ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციას აქტიურად არ უპასუხია საქართველო-რუსეთის ომისთვის.

 

„არ მინდა ისე გამომივიდეს თითქოს განვსჯი, თუმცა როდესაც რუსეთი საქართველოში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შეიჭრა, მაშინ არაფერი გაკეთებულა, სანქციები არ დაწესებულა, საერთოდ არაფერი. ჩვენ მოვედით და როდესაც უკრაინის კრიზისი დაიწყო, ევროპის მხარდაჭერა მოვიპოვეთ და სანქციები დავუწესეთ რუსეთს. ეს სანქციები მძიმე ტვირთია რუსეთისთვის. ჩვენ ნათლად ვთქვით, რომ (რუსეთს) ფასის გადახდა მოუწევდა ამისთვის (უკრაინაში შეჭრა). ევროპაში ზოგს სურს სანქციების შეწყვეტა, თუმცა ჩვენ ვახერხებდით შეგვენარჩუნებინა სანქციები მინსკის შეთანხმების იმპლემენტაციისთვის", - აღნიშნა კერიმ.

 

დღეს კი, სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ხანმოკლე ვიზიტით საქართველოს ეწვია. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, კერის თვითმფრინავმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტექნიკური დაშვება განახორციელა.

 

საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო მდივანმა შეხვედრა გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან, დავით ზალკალიანთან. „საუბრისას კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა, მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს მხარდაჭერისთვის და პირადად ჯონ ქერის იმ წვლილისთვის, რაც მან შეიატანა საქართველო-ამერიკის ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაში“, - აღნიშნავენ სამინისტროში.

 

თავის მხრივ ჯონ კერიმ აღნიშნა საქართველოს შთამბეჭდავი პროგრესი დემოკრატიული, პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების გზაზე. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში.ჯონ ქერიმ წარმატება უსურვა საქართველოს მთავრობას და პირადად პრემირ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც მისი შეფასებით მნიშვნელვან როლს თამაშობს ქვეყნის სწორ განვითარებაში.