geo eng rus
ორშაბათი, 27 თებერვალი, 2017. 05:35
ირაკლი გოგავა - რას მიიღებს საქართველო „გაზპრომთან" ახალი შეთანხმებით?
2017-01-12 12:00:57
+
-

 

საქართველოს განვითარების ლაბორატორიის დირექტორი, ყოფილი დეპუტატი ირაკლი გოგავა საქართველოს მთავრობასა და „გაზპრომს" შორის მიღწეულ შეთანხმებაზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს. როგორც გოგავა წერს, „საქართველო 15 წელია "გაზპრომისგან" სომხეთში მიმავალი ბუნებრივი აირის 10%-ს იტოვებდა ტრანზიტის საფასურად. სომხეთი ყოველწლიურად 2 მილიარდ კუბურ მეტრს ბუნებრივ აირს მოიხმარს ანუ ყოველ წელს 0,2 მილიარდი კუბური მეტრი საქართველოს რჩებოდა, რომლის საბაზრო ღირებულება გაზპრომის მიერ მოცემული დღევანდელი ფასით ($185 - 1000 კუბური მეტრი) არის $37 მილიონი.

 

 

მთავრობა დაეთანხმა "გაზპრომს" 10% ბუნებრივი აირის ნაცვლად ტრანზიტის გადასახადი ევროპული ტარიფების შესაბამისად ფულით მიიღოს. ევროპაში 100 კმ-ზე ათასი კუბური მეტრი აირის ტრანზიტის ტარიფებია: დანია $13; უნგრეთი $11.1; საფრანგეთი $9.32; ბელარუსი $8; უკრაინა $7.91; "ჩრდილოეთის ნაკადი" $2.
მთავრობა არ ასახელებს ტრანზიტის ღირებულებას, რაზეც შეუთანხმდა "გაზპრომს". დავუშვათ, მთავრობა შეუთანხმდა "გაზპრომს" ისეთ საფასურზე, როგორც ეს დანიაშია. თუ ჩავთვლით, რომ საფასური იქნება $13 ათასი კუბური მეტრის 100 კმ-ზე ტრანზიტისთვის, გამოდის, რომ ქართული მხარე მიიღებს $57,46 მილიონს, რადგან ტრანსკავკასიური გაზსადენის ქართული მონაკვეთი 221 კმ-ია. ($13X2.21X2,000,000) ვიღებდით $37 მილიონის ბუნებრივ აირს, მივიღებთ $57,46 მილიონს. თუ "უკრაინული ტარიფით" შეთანხმდნენ ($7.91), მაშინ მივიღებთ $35 მილიონს.

 

 

დაველოდოთ ტრანზიტის, რა საფასურს გაახმოვანებენ, თუ გაახმოვანეს საერთოდ.

 

 

"გაზპრომმა" გვითხრა, თუ არ დათანხმდებით, სომხეთს ირანიდან მოვამარაგებთ და თქვენ ყველაფრის გარეშე დარჩებით, არ არის ბოლომდე მყარი არგუმენტი, რადგან ირან-სომხეთის გაზსადენის გამტარუნარიანობა წელიწადში 1 მილიარდი კუბური მეტრია. რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთი 1 მილიარდ კუბურ მეტრს მაინც საქართველოს გავლით მიაწვდიდა და ჩვენ კი 0.1 მილიარდი კუბური მეტრი დაგვრჩებოდა, რაც $18.5 მილიონია", – წერს გოგავა "ფეისბუქზე".