geo eng rus
სამშაბათი, 27 ივნისი, 2017. 02:20
კომერციული ბანკები გალარების პროგრამაზე კამპანიის დაწყებას არ გეგმავენ და კლიენტებს მხოლოდ SMS-ს გაუგზავნიან
2017-01-11 16:30:02
+
-

 

კომერციული ბანკები გალარების პროგრამაში მოხვედრილი კლიენტების ინფორმირებას ძირითადად მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მოახდენენ. როგორც „კომერსანტს" რამდენიმე ბანკში განუცხადეს, აქტიური საინფორმაციო კამპანია უახლოეს დღეებში დაიწყება.

 

„სესხების გალარების პროგრამაში მოხვედრილ კლიენტებს ჩვენ SMS-ს გავუგზავნით. შემდგომ ისინი გადაწყვეტენ, სურთ თუ არა პროგრამაში ჩართვა და დოლარში აღებული სესხის ლარში გადაყვანა. რაც შეეხება რაოდენობას, გალარება დაახლოებით 10 000-მდე სესხს შეეხება", - განუცხადეს „კომერსანტს" „თიბისი ბანკში".

 

მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს გაუგზავნის გალარების პროგრამაში მოხვედრილ მსესხებლებს „ვითიბი ბანკიც". ამასთან, მსესხებლების ინფორმირებასთან დაკავშირებით ბანკი ინფორმაციას საკუთარ ვებ-გვერდზე და „ფეისბუქზე" გამოქვეყნებს. როგორც „კომერსანტს" „ვითიბი ბანკში" განუცხადეს, გალარება ბანკის მიერ გაცემულ 1 300-მდე სესხს შეეხება.

 

რა ტიპის საინფორმაციო კამპანიას დაიწყებენ სხვა კომერციული ბანკები და როგორ შეატყობინებენ ინფორმაციას გალარების პროგრამაში მოხვედრილ კლიენტებს, ამასთან დაკავშირებით "კომერსანტი" მუშაობას განაგრძობს და მათ პოზიციას მოგვაინებით შემოგთავაზებთ.   

 

მთავრობამ სესხების გალარების გეგმა დღეს დაამტკიცა. როგორც ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, გალარების ერთჯერადი სუბსიდირება შეიძლება 33 ათას სესხს შეეხოს, თუმცა, მსესხებელთა ზუსტი ოდენობა ახლო პერიოდში დაზუსტდება.

 

"აღნიშნული შეეხება ფიზიკურ პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი არ აღემატებოდა 100 ათას ლარს 2015 წლის განმავლობაში. ამავე დროს მათი მთლიანი სესხის ნაშთი არ იყო 40 ათას დოლარზე მეტი 2015 წლის 1 იანვრისთვის. თუ მათ 2015 წლის იანვრიდან 2016 წლის 28 ნოემბრამდე სესხი დაფარეს , ამ შემთხვევაში 28 ნოემბრისთვის არსებული ნაშთის სუბსიდიას განახორციელებს მთავრობა"-განმარტავს ფინანსთა მინისტრი.

 

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, იმ მსესხებლებს, რომელთაც მეტი სესხი აქვთ, მთავრობა მათზე სუბსიდიას არ განახორციელებს: "აღნიშნულით ეროვნულ ვალუტაზე ზეწოლა შემცირდება. კომერციულ ბანკებს გალარებისათვის საჭირო ვალუტას ეროვნული ბანკი მიაწვდის",-განაცხადა ქუმსიშვილმა.

 

 

 

ავტორი: "კომერსანტი"