geo eng rus
სამშაბათი, 28 თებერვალი, 2017. 08:52
„კაპიტულაცია“ და კალაძის „მოკლე მეხსიერება“ - სოსო ცისკარიშვილი „გაზპრომთან“ ხელშეკრულებაზე
2017-01-11 15:00:41
+
-

ბატონმა კალაძემ უნდა ახსნას, რა მოხდა ისეთი, რომ დავნებდით იმას, რასაც 2016 წელს არ ვნებდებოდით

„რა მოხდა ერთ წელიწადში ამისთანა, რომ უცბად დავნებდით იმას, რასაც არ დავნებდით 2016 წელს, აი, ეს აგვიხსნას ბატონმა კალაძემ“, - ამის შესახებ ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა იმ გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა, რომელის თანახმადაც, ქართული მხარე რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფორმასთან დაკავშირებით „გაზპრომ ექსპორტის" მოთხოვნას დათანხმდა.

 

როგორც სოსო ცისკარიშვილმა აღნიშნა, ენერგეტიკის მინისტრს „სამწუხაროდ, ძალიან მოკლე მეხსიერება აქვს და რატომღაც დღეს აღარ ახსენებს იმ არგუმენტებს, რომელიც 2016 წელს მან ბოლოსდაბოლოს შეისმინა და დაიყოლია „გაზპრომი" იმ პირობებზე, რომელიც მისაღები და წლების განმავლობაში უცვლელი იყო".

 

„ახლა მისი კამყოფილებით აღსავსე გამომეტყელება რატომღაც სხვა აზრებსაც წარმოშობს. სრულიად უდროოდ, უადგილოდ და უსინდისოდ გაჟღერდა ჯერ მზაობა იმისა, რომ ჩვენი გაზსადენის 25% თურმე უნდა გავასხვისოთ, ახლა ამაზე დუმილის რეჟიმშია ჩვენი მთავრობა, მაგრამ 2017 წელი მალე გაივლის. რა თანხებზე შეიძლება იყოს ლაპარაკი და რა ასეთი სიტყვის აღმასრულებელი სუბიექტია „გაზპრომი"?. ჩვენი მოკლე მეხსიერება რომ დავძაბოთ, გავიხსენებთ, რა დღეში ჩაგვაგდო ამ პოლიტიკურმა ორგანიზაციამ და არა მხოლოდ გაზის მიმწოდებელმა სუბიექტმა - საქართველო სიცივეში დატოვა სწორედ პოლიტიკური მიზეზებით", - განაცხადა ცისკარიშვილმა.

 

ექსპერტი მთავრობის გადაწყვეტილებას კაპიტულაციას უწოდებს.


მთავრობის გადაწყვეტილება არის ერთი შეხედვით, რასაკვირველია, კაპიტულაცია, რადგან შეიძლებოდა 2017 წელს გვქონოდა იგივე პირობები, რაც 2016-ში და წინა წლებში. ჩვენ თვითონ ჯერ ორივე ფეხზე ვერ დავაყენეთ ჩვენი ეკონომიკა და ვიდრე ასკინკილა დავხტივართ წინ და უკან, ახალი პირობების შეძენა ჩვენთვის უფრო მეტი საფრთხის შემცველი იქნება. ამის არგუმენტები იყო უამრავი, რის გამოც 2016 წელს არ მოხდა „გაზპრომის" წინადადებაზე დათანხმება და ამისთანა რა მოხდა ერთ წელიწადში, რომ უცბად დავნებდით იმას, რასაც არ დავნებდით 2016 წელს. აი, ეს აგვიხსნას ბატონმა კალაძემ", - განაცხადა ცისკარიშვილმა.

 

სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ქართული მხარე „გაზპრომისგან" გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებს. დღეს ცნობილი გახდა, რომ ქართული მხარე რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფორმასთან დაკავშირებით „გაზპრომ ექსპორტის" მოთხოვნას დათანხმდა. კერძოდ, საქართველო სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ „გაზპრომისგან" ფულად ანაზღაურებას მიიღებს. ახალი ხელშეკრულება ორწლიანი იქნება, რომლის თანახმად, პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომი წლიდან ფულადი ანგარიშსწორება გაგრძელდება.

 

„ინტერპრესნიუსი“