geo eng rus
პარასკევი, 23 ივნისი, 2017. 12:24
ვისკენ არის ვანო მერაბიშვილი?
2017-01-11 11:51:33
+
-

„ბუნებრივია, პარტიაში მიმდინარე მოვლენებზე ვანო მერაბიშვილი დააფიქსირებს თავის პოზიციას, რჩება "ნაციონალურ მოძრაობაში" თუ მიჰყვება გიგა ბოკერიას“, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ, „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მერაბიშვილთან კომუნიკაცია არ აქვს, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ მისი პოზიცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

 

„ბუნებრივია, პარტიაში მიმდინარე მოვლენებზე ვანო მერაბიშვილი დააფიქსირებს თავის პოზიციას, რჩება "ნაციონალურ მოძრაობაში", თუ მიჰყვება გიგა ბოკერიას. იმედია, ეს უახლოეს დღეებში მოხდება. მე მასთან არ მაქვს კომუნიკაცია, თუმცა შეუძლებელია, რომ არ დააფიქსიროს პოზიცია, რადგან ის არის პარტიის გენერალური მდივანი. ვანო მერაბიშვილს, რომც არ უნდოდეს, მაინც მოუწევს საკუთარი აზრის დაფიქსირება. მართალია ის გამოკეტა ივანიშვილმა ოთხ კედელში, თუმცა არის შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას გააგებინოს საკუთარი მოსაზრება. სხვანაირად არ იკითხება სცენარის განვითარება, პარტიიდან მიდის გუნდი, მცირე, მაგრამ მიდის", - განაცხადა ნიკა მელიამ.

 

მელია, როგორც ცნობილია „ნაციონალურ მოძრაობაში“ სააკაშვილის ე.წ. ფრთას წარმოადგენს, რომელიც ბოკერია-უგულავა-ბაქრაძის ე.წ. ფლანგს უპირიპსირდება. ამავე პარტიის წევრი აკაკი ბობოხიძე კი, რომელიც 20 იანვრის ყრილობის მოწინააღმდეგეთა და პოტენციურად წამსვლელთა ბანაკშია, იმედოვნებს რომ მერაბიშვილი მათ მხარეს იქნება.


„ვანო მერაბიშვილი ჩვენთან ერთად იქნება, ასეთია ჩემი პირადი მოლოდინი“, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა აკაკი ბობოხიძემ განუცხადა, რომელიც უგულავა-ბოკერიას თანაგუნდელთა შორისაა.

 

ბობოხიძის ვარაუდით, მერაბიშვილი საკუთარ პოზიციას ან ყრილობამდე დააფიქსირებს ან ყრილობის დღეს გახდება ცნობილი. "20 იანვრამდე ერთი კვირა დარჩა, რა დროსაც ყველაფერი გაირკვევა და დალაგდება თავის ადგილზე. მერაბიშვილისგან ველოდები იმას, რომ იქნება იქ, სადაც ვიყავით ჩვენ - ჩემი პირადი მოლოდინია, რომ ვანო მერაბიშვილი ჩვენთან ერთად იქნება", - განაცხადა ბობოხიძემ.

 

„ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის და შს ყოფილი მინისტრის ადვოკატისთვის უცნობია, აპირებს თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პარტიაში მიმდინარე მოვლენებზე განცხადების გაკეთებას.

 

როგორც კახიძე ამბობს, მერაბიშვილს გუშინ შეხვდა, თუმცა პარტიაში მიმდინარე მოვლენებზე არ უსაუბრიათ. „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში დღეს არის ბოლო დღე, რათა ჩვენი მოსაზრებები გაიგზავნოს. ამაზე გვქონდა საუბარი. ვანო მერაბიშვილი პარტიაში მიმდინარე მოვლენებზე ისედაც არ აკეთებდა განცხადებებს არასოდეს და შესაბამისად, არც გუშინ არ გვისაუბრია პარტიაში მიმდინარე პროცესებზე. არ ვიცი, აპირებს თუ არა რაიმე განცხადების გავრცელებას ამაზე", - განაცხადა ოთარ კახიძემ.