geo eng rus
სამშაბათი, 28 თებერვალი, 2017. 08:52
ეროვნული ბანკი გალარებული სესხებისთვის პირველი სავალუტო ტრანშისთვის ემზადება - რა მოუვა ლარს?
2017-01-11 19:30:15
+
-

 

სესხების გალარების ერთჯერადი სქემა, რომელიც საქართველოს მთავრობამ, ეროვნულ ბანკთან ერთად შეიმუშავა, 2017 წლის 17 იანვრიდან ამოქმედდება. საქართველოს ეროვნულ ბანკში კი გალარებული სესხებისთვის პირველი სავალუტო ტრანშები მზადდება. როგორც bpi.ge წერს, სავალუტო რეზერვებში გალარებისთვის გათვალისწინებული $400 მლნ-დან თითეული კომერციული ბანკი ზუსტად იმდენს და იმ პერიოდულობით მიიღებს, როდის რამდენ სესხსაც გაალარებს.

 

სებ-ის ანალიტიკოსების ინფორმაცით, ვალუტით მხარდაჭერა გახსნილი სავალუტო პოზიციის დახურვას ემსახურება. სესხების ლარში გადატანისას, ბანკს ვალდებულებებთან მიმართებაში სავალუტო აქტივი უმცირდება და შევსება ესაჭიროება. ეროვნული ბანკი კი კურსზე ზეწოლის თავიდან ასაცილებლად, გალარებული სავალუტო სესხის შესაბამისი მოცულობით, ბანკს ვალუტას მიჰყიდის პირდაპირ, შესყიდვის დროისთვის არსებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსით.

 

ლარის ლიკვიდობის მხარდასაჭერადაც ბანკებს რესურსს ეროვნული ბანკი მიაწვდის, რეფინანსირების სესხების სახით, უფრო გამარტივებული პროცედურით და გაფართოებული გირაოს ბაზით, რასაც რეფინანსირების სესხების მოცულობის გაზრდა მოჰყვება.

 

საბანკო სფეროს სპეციალისტი დავით ასლანიშვილი "კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ სესხების გალარების პროგრამა კომერციულ ბანკებს აწყობთ. "ამით კომერციული ბანკები არაფერს არ კარგავენ. ეროვნულ ბანკში 400 მილიონი ლარი გამზადებულია და ეს მიეწოდებათ ბანკებს. ეს 400 მილიონი ლარი დაემატება რეფინანსირების არსებულ სესხებს და გახდება 1,7 მილიარდი, თუ რა თქმა უნდა, კლიენტების მხრიდან წამოვიდა მოთხოვნა. საკითხავი მერე ისაა, თუ რა მოუვა ლარს. ეს კი აპრილ-მაისში გამოჩნდება", - განაცხადა ასლანიშვილმა.