geo eng rus
კვირა, 22 იანვარი, 2017. 08:19
აშშ-ს დესანტი ევროპაში და ბრიტანეთის ავიაცია შავ ზღვაზე - „მსოფლიო საშიშ ზღვარს მიუახლოვდა“
2017-01-11 10:00:30
+
-

„ცივი ომი უკვე დაწყებულია და ორივე მხარე გამალებულ შეიარაღებას იწყებს, ეს ყველაფერი ძალიან საშიშ ზღვარს მიუახლოვდა - ასე აფასებენ ექსპერტები აღმოსავლეთ ევროპაში NATO-ს სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდას, რის ფარგლებშიც, გერმანიაში აშშ-ის არმიის ყველაზე დიდი დესანტი გადასხეს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ - საუბარია, 3 500 ჯარისკაცზე, 2500-ზე მეტ ტანკსა და სხვა მძიმე ტექნიკაზე. სპეციალისტების შეფასებით, ეს იყო პასუხი რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე, რომელსაც ის გასულ წლის გაზაფხულიდან მოყოლებული ახორციელებდა. როგორც ცნობილია, აშშ-ს სამხედრო შენაერთები თებერვლიდან NATO-ს წევრ ქვეყნებში: პოლონეთში, რუმინეთში, ბულგარეთსა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში განთავსდება. ამით ამერიკას სურს მოკავშირეები დარწმუნოს, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის ფონზე, მათი უსაფრთხოების გარანტორები იქნებიან. ასევე, შესაძლოა დიდმა ბრიტანეთმა თავის თავზე შავი ზღვის გაკონტროლება აიღოს, რაც ქართველი ექსპერტების შეფასებით, აბსოლუტურად ლოგიკურია", - წერს გაზეთი „რეზონანსი“.

 

„NATO-ს სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდას რუსეთი გმობს და აღნიშნულ ქმედებას, დასავლეთის "აგრესიულ" გააქტიურებას უწოდებს, NATO კი აცხადებს, რომ მისი ნაბიჯები მხოლოდ თავდაცვას ემსახურება. სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ NATO-ს მხრიდან ეს უკვე სერიოზული ნაბიჯებია, რომლითაც მეხუთე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები აამოქმედა. "ამოქმედდა კოლექტიური თავდაცვის პრინციპი, რომელიც მეხუთე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებაა. რაც 90-იანი წლებიდან მოყოლებული პირველად ამოქმედდა", - ამბობს ვახტანგ მაისაია.

 

ოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აღნიშნავს, რომ NATO-რუსეთი საპასუხო ნაბიჯების რეჟიმში არიან და აღმოსავლეთ ევროპაში წარმომადგენლობის გაზრდაც ერთ-ერთი შემადგენელია. "უნდა გადავხედოთ წარსულს, საიდან დაიწყო საპასუხო ნაბიჯები, ვთქვათ, ეს დაიწყო იმ განცხადებებიდან, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან NATO-ს წევრი, თუ პუტინის პირველი მუქარიდან, რომ კალინინგრადში "ისკანდერებს" დააყენებდა. შემდეგ უკვე დაიწყო საპასუხო ქმედებები. რთულია იმის დადგენა, პირველმა რომელმა დაიწყო მოქმედება, NATO-მ თუ რუსეთმა, ორივე მხარეს თავისი არგუმენტები აქვს. რუსეთი NATO-ს ახსენებს, რომ 90-იან წლებში მართლაც იყო შეთანხმებები იმის თაობაზე, რომ NATO აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა. მაგრამ ამავე დროს, არსებობდა და დღესაც არსებობს NATO-ს წესდება, რომელიც მესამე ქვეყანასთან შეზღუდვებს არ ითვალისწინებს და NATO-ს გაფართოებაც დაიწყო. ჯერ აღმოსავლეთ ევროპა, შემდეგ ბალტიისპირეთი და პუტინმა უკვე საპასუხო ნაბიჯები დაიწყო, რაც გულისხმობს "ისკანდერების" განთავსებას ბალტიისპირეთში და რუსეთის დასავლეთ საზღვრებში დიდი საარმიო შენაერთის განთავსებას. ამასთანავე, უკრაინისა და ყირიმის მოვლენებს", - ამბობს სოსო ცინცაძე და განმარტავს, რომ ეს ყველაფერი მდგომარეობას კიდევ უფრო ძაბავს.

 

„გერმანიაში ოფიციალურად აცხადებენ, რომ უკვე საომარი მდგომარეობაა და ცივი ომი პრაქტიკულად დაწყებულიაო. ცივი ომი რამდენად დაწყებულია, ამაზე დავა მიმდინარეობს, თუმცა მე ვთვლი, რომ ეს უკვე დაწყებულია და ორივე მხარე იწყებს გამალებულ შეიარაღებას. პერსპექტივაც ასეთია, ვინაიდან ტრამპმა განაცხდა, რომ აშშ-ს ბირთვულ შეიარაღებას მეტ ყურადღებას მიაქცევს, თავის მხრივ, პუტინმაც არ დააყოვნა და განაცხადა, რომ ბირთვული შეიარაღება მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოსო. ახლა NATO-ც და რუსეთიც აძლიერებს თავის სამხედრო ყოფნას საზღვრისპირა რაიონებში. რა მოჰყვება ამას, რთული სათქმელია, მაგრამ პესიმიზმში ნუ გადავვარდებით. მე არ მგონია, რომ ბირთვული ტრაგედია მოჰყვეს, რადგან ბირთვულ ომში გამარჯვებული არცერთი მხარე არ არის. რუსეთში პუტინი და მისი გარემოცვა კომფორტში ცხოვრებას ისე მიეჩვია, რომ არა მგონია, ეს ყველაფერი სასწორზე დადოს", - ამბობს სოსო ცინცაძე და აღნიშნავს რომ მსოფლიო საშიშ ზვარს მიუახლოვდა. "როგორც კლასიკური ცივი ომის პერიოდში მიმდინარეობდა გამალებული შეიარაღება, დღეს ამავე რეჟიმში იმყოფება მსოფლიო", - ამბობს სოსო ცინცაძე, რომლის თქმით, ყოველ შემთხვევაში, მსოფლიო უკვე ძალიან საშიშ ზღვარს მიუახლოვდა.

 

„რეზონანსი“