geo eng rus
პარასკევი, 23 ივნისი, 2017. 12:26
„ურთიერთჯიჯგნის“ მოლოდინი - „შერკინება სააკაშვილსა და უგულავას შორის იქნება“
2017-01-10 11:54:08
+
-

„მოკლევადიან პესპექტივაში, "ქართულმა ოცნებამ" ჩამოიშორა ოპოზიციის მთავარი სუბიექტები. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციის ერთი ნაწილი ჩაირეცხა, გადაირეცხა თუ გადაიცოცხა. ოპოზიციის დასუსტების მეორე ფაზა კი დღეს "ნაცმოძრაობაში" მიმდინარე პროცესებია. დარჩენილი პარტიებისათვის არჩევნებში დარტყმის მთავარი სუბიექტი არა "ქართული ოცნება", არამედ ერთმანეთი იქნება. ანუ, "ოცნება" სულ მცირე, ამით ოპოზიციის დარტყმის ალბათობას იშორებს - დარჩენილი ძალები და მათ შორის, "ნაცმოძრაობის" ორი ფლანგი ერთმანეთს დაეტაკებიან. მათი ურთიერთშეჯახება არანაკლებ მწვავე გამოვა", - აცხადებს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ "რეზონანსთან“ ინტერვიუში.

 

„ანუ, მთავარი სანახაობა მათი დაპირისპირება იქნება და ამ დროს "ქართული ოცნება" ნაკლებად გაახსენდება ვინმეს. შესაბამისად, სახელისუფლებო პარტიისათვის ნაკლებად მტკივნეული იქნება ის სოციალური და ეკონომიკური პრობლემები და მასზე პასუხისმგებლობა, რაც დღეს გვაქვს. ეს ყველაფერი შედარებით გაფერმკრთალდება "ნაცმოძრაობიდან" ჩამოტეხილი სხვადასხვა ფლანგის ურიერთშეტაკებისა და ურთიერთბრალდებების ფონზე. აქ საინტერესოა ისიც, რომ ამ შემთხვევაში აღარც "რუსთავი 2" იქნება ხელისუფლებისათვის თავის ტკივილი. დიდი ალბათობით იგი დღევანდელი ფორმატით არსებობას გააგრძელებს", - აღნიშნავს ლაგაზიძე.

 

„ასევე კმაყოფილი იქნება დასავლეთიც, რადგან ქვეყანაში უკვე აღარ იქნება ერთი მძლავრი ოპოზიციური სუბიექტი „ნაციონალური მოძრაობის“ სახით. მას რამდენიმე საშუალო ზომის პროდასავლური პარტია ეყოლება თვალსაწიერში - სააკაშვილის, უგულავას, უსუფაშვილის ხელმძღვანელობით. "გირჩზე" და სხვა, შედარებით წვრილ სუბიექტებზე აღარაფერს ვამბობ. ანუ, დასავლეთისთვისაც მეტ-ნაკლებად მისაღები კონფიგურაცია ლაგდება. ყველაზე კმაყოფილი კი ხელისუფლება იქნება, რადგან დანაწევრებული, დაქსაქსული და ერთმანეთზე წაკიდებული პოლიტიკური ბაზარი მისი რეალური კონკურენტი ვერ გახდება",- ამბობს პოლიტოლოგი.

 

„ნაციონალურმა მოძრაობამ“, ბევრი ვერაფერი მოიგო. როგორც უკვე გითხარით, თვითმმართველობის არჩევნებზე მისი ნაწილების ურთიერთჯიჯგნის მომსწრეები ვიქნებით. შერკინება სავარაუდოდ სწორედ სააკაშვილსა და უგულავას შორის იქნება და ეს ორივეს თანაბრად დაასუსტებს. შეიძლება ბევრი ისეთი რამ ამოვიდეს ზედაპირზე, რაც როგორც ერთის, ისე მეორის პოლიტიკურ კარიერას უაღრესად დააზარალებს. განსაკუთრებით უგულავაზე მაქვს საუბარი, რადგან სააკაშვილი საქართველოდან მაინც შორსაა და დღეს უგულავას პოლიტიკურ პერსპექტივაზე უფრო შეგვიძლია ლაპარაკი, ვიდრე სააკაშვილისაზე. ბევრი ისეთი რამ შეიძლება გახმაურდეს, რაც უგულავას სამომავლო პოლიტიკურ კარიერას დაღს დაასვამს. ეს თავად "ნაციონალური მოძრაობიდან" წამოვა. თუმცა, ამომრჩევლის პოლიტიკური მეხსიერების სიმოკლეს თუ გავითვალისწინებთ, უგულავას ამ შემთხვევაშიც რჩება კარიერის აწყობის შანსი. იგი ციხიდან გამოვიდა როგორც პოლიტიკური ლიდერი, რომლის გამოსვლასაც ამდენ ხანს ელოდნენ. კადრები კი პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა. მისი ციხიდან გამოსვლის დამგეგმავის მიზანიც ეს იყო. დანარჩენი უკვე დეტალებია", - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

 

„უგულავას გამოსვლა პოლიტიკურ პროცესებს უფრო დინამიკურსა და საინტერესო საყურებელს გახდის. თუმცა, მას, როგორც პოლიტიკურ ლიდერს ბევრი რამ ექნება გადასალახი - "ნაცმოძრაობიდან" წამოსული ბრალდებები, რომელთაც გაცილებით მეტი იციან, ვიდრე ჩვენ. ერთ-ერთი ბრალდება კი იქნება ის რომ იგი ხელისუფლებას გაურიგდა. ასევე გასათვალისწინებელია ის კომპრომატებიც, რაც გიგი უგულავაზე თავად ხელისუფლებას ექნება და რითაც მის მართვას შეეცდებიან. ეს რამდენიმე ფაქტორი უგულავასთვის რთულად გადასალახი იქნება. თუმცა, იმ ფონზე, რომ დღეს ქვეყანაში პოლიტიკური ლიდერების დეფიციტია, მას მაინც რჩება შანსი ქართულ პოლიტიკაში გარკვეული წონა შეიძინოს", - დასძენს ხათუნა ლაგაზიძე.

 

„რეზონანსი“