geo eng rus
პარასკევი, 24 მარტი, 2017. 05:57
"ლილო მოლი" amazon-ის და ebay–ის ქართულ ანალოგს ქმნის
2017-01-10 10:10:33
+
-

სავაჭრო ცენტრი „ლილო მოლი" ონლაინ საიტ amazon-ის და ebay-ის ანალოგს ქმნის. როგორც კომპანიის პრეზიდენტი ლევან გაგუა „კომერსანტთან" საუბრისას განმარტავს, ელექტრონული გაყიდვების სისტემა მიმდინარე წლის გაზაფხულიდან ამოქმედდება.  

 

მისი განმარტებით, პროცესი დაწყებულია, ნაყიდია კონტენტი და ახლა მოსამზადებელი სამუშაობი მიმდინარეობს. გაგუას ინფორმაციით, კომპანია შეეცდება სავაჭრო ცენტრი, პავილიონები ინტერნეტ სივრცეში გადაიტანოს. მისი თქმით, ნავიგაციის მეშვეობით სავაჭრო ცენტრში მისვლამდე შესაძლებელი იქნება პროდუქციის ასორტიმენტის დათვალიერება, შერჩევა და პოტენციურ გამყიდველთან დაკავშირება.



„გვეყოლება კურიერებიც. საიტზე პროდუქტის შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებითაც. ეს გათვლილია მომხმრებლის იმ სეგმენტზე, რომელიც ჩვენთან ნაკლებად არის კონტაქტში. ასევე ჩვენი სეგმენტი იქნება საბითუმო, კორპორაციული მიმართულება. ეს ეხება სასტუმროებს, რესტორნებს, რომლებიც ფართომასშტაბიან შესყიდვებს ახდნენ და უჭირთ ამ ყველაფრის სათითაოდ დაკომპლექტება.ეს საიტი 
ონლაინ საიტ amazon-ის და ebay-ის ანალოგი იქნება  "-აცხადებს გაგუა.

 


მისი ინფორმაციით, საწყის ეტაპზე ონლაინ გაყიდვები მხოლოდ თბილისზე გავრცელდება. თუმცა, გაგუას თქმით, ამ მიმართულებით რეგიონების ათვისება განვითარების გეგმებშია. „რეგიონებში მიწოდება საწყის ეტაპზე მხოლოდ მსხვილი შესყიდვების შემთხვევაში მოხდება"-აცხადებს გაგუა.



მისი განმარტებით, ახალი კონცეფციის განვითარებისთვის კომპანია „ლილო მოლი" 200 000-250 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს. გაგუა აცხადებს, რომ აღნიშნული სისტემის ამოქმედებით კომპანია გაყიდვების მაჩვენებლის 20-25 პროცენტიან ზრდას ვარაუდობს.

 


რაც შეეხება გაყიდვების ამჟამინდელ მაჩვენებელს და ტენდენციას, „ლილო მოლის" პრეზიდენტი აცხადებს, რომ იანვარი-მარტის პერიოდი მუდმივად კრიზისული იყო და ახლაც ასეა. ამას თან ერთვის კურსთა მიმართ ცვლილებები. „მომხმარებლის რაოდენობა არ შემცირებულა, თუმცა მათი მხრიდან შესყიდვები იმ რაოდენობის აღარ არის,რაც ვთქვთ გასულ წელს. პირობითად რომ ვთქვათ, თუ ადრე ის ხარჯავდა 100 ლარს, ახლა 60 ლარს ხარჯავს"-აცხადებს გაგუა.

 


მისი ინფორმაციით, „ლილო მოლში" ფართების გაქირავების ღირებულება 2006 წლიდან არ შეცვლილა. შესაბამისად, დღეს სავაჭრო ცენტრში 1 კვადრატული მიწის ფართის ქირა 7-45 ლარის ფარგლებში მერყეობს.

 


შეგახსენებთ, „ლილო მოლის" ხელმძღვანელი ლევან გაგუა 2015 წლის ოქტომბერში „კომერსანტთან" აცხადებდა, რომ მენეჯმენტი სავაჭრო ცენტრის გადარჩენის გეგმაზე მუშაობდა. კერძოდ, ცენტრს პრობლემები ლარის გაუფასურების შემდეგ გაუჩნდა.

 

 

ავტორი: სოფო ქსოვრელი