geo eng rus
სამშაბათი, 28 თებერვალი, 2017. 08:51
კურორტ ბეთანიამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება
2017-01-10 09:30:57
+
-

კურორტ ბეთანიამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება. როგორც ცნობილია, ბეთანიის ზამთრის სათხილამურო კურორტი იყიდება. კურორტის მმართველი „რანდევუ ბეთანიას" ხელმძღვანელი თამაზ ბასილია „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ კურორტის ფუნქციონირება უკვე მეორე წელია, შეჩერებულია.


„წყნეთის ზევით, ბეთანიის გზა, რომელიც 2015 წლის 13 ივნისის თბილისის სტიქიის შემდეგ ჩამოინგა, არ გაკეთებულა. თბილისის მერიაში არ მიმიმართავს განცხადებით, თუმცა, მუდმივად ამბობდნენ, რომ ამ გზას გააკეთებდნენ. ამის გამო, კურორტი ვერ მუშაობს. კოჯრიდან მისასვლელი გზა კი საკმარისი არ არის, რადგან თუ ორივე გზიდან 100 კაცი მოდიოდა, კოჯრიდან 20 კაცი ამოვა. ეს კი კურორტს ვერ ამუშავებს. პრობლემებია "თელასთან" არასწორად დარიცხულ გადასახადებთან დაკავშირებით. კურორტი დაკეტილია, არ მუშაობს და მაინც ფულს მაწერს. ყველა მიმართულებით პრობლემებია. ენთუზიაზმით 1-2 წელი ვიმუშავე და ახლა უკვე აღარ შემიძლია. ეს კურორტი არავის არ ადარდებს. თუ იყიდის, იყიდოს შპს მთის კურორტების განვითარების კომპანიამ ან სხვა პირმა."-აცხადებს ბასილია.


„კომერსანტი" დაინტერესდა, დაგეგმილია თუ არა ადგილობრივი ან ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან წყნეთი-ბეთანიის გზის რეაბილიტაცია? როგორც აღმოჩნდა, გზის აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრეროგატივაა.


თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, რომ რამდენიმე თვის წინ უწყებათაშორისმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ წყნეთი-ბეთანიის გზა თბილისის მერიას აღარ ეკუთვნის. მისი რეაბილიტაცია კი სავარაუდოდ, ინფრასტუქტურის სამინისტრომ უნდა განახორციელოს.

 


„მაგ ტერიტორიაზე არის ორი გზა. პირველი, წყნეთიდან სოფელ ბეთანიაში გადასასვლელი, რომლის რეაბილიტაციასაც თბილისის მერია ახორციელებს. მიმდინარეობს რაებილიტაცია. გაზაფხულის ბოლოსთვის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება. მეორე, ეს არის დიდი გზა, ანუ ის, საიდანაც 2015 წელს თბილისში სტიქია დაიწყო. ეს გზა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეკუთვნის"-აცხადებენ თბილისის მერიაში.

 


ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს მუნიციპალურ ფონდში აცხადებენ, რომ გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საერთაშორისო ტენდერი უკვე გამოცხადებულია. მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის დონორ ორგანიზაცია ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან სატენდერო პროცედურების განხილვა მიმდინარეობს. 
დამატებით დეტალებზე ფონდში ამ დროისთვის არ საუბრობენ.

 

 

ავტორი: სოფო ქსოვრელი