geo eng rus
კვირა, 22 იანვარი, 2017. 08:19
„საზოგადოებრივი მაუწყებელი მალე მოახერხებს ლიდერის პოზიციისა და ნდობის მოპოვებას“
2017-01-09 13:54:04
+
-

„უნდა აღვნიშნო, რომ თავისუფალ ქვეყანას ვაშენებთ და პოლიტიკურ შეხედულებებზე საუბარი არ მგონია, მიზანშეწონილი იყოს. ჯერ ერთი, ჩემი პოლიტიკური შეხედულება ჩემი პირადი საკითხია. ყველა ადამიანს აქვს უფლება, ჰქონდეს ის პოლიტიკური შეხედულება, რაც მას აქვს და ვინც ამ კუთხით აპელირებს, ჩემი აზრით, ან შეგნებულად დემაგოგობს, ან არ ვიცი, ამ საკითხს რა დავარქვა. სიტყვის თავისუფლებაა და ვისაც რა უნდა, იმას ლაპარაკობს. ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არ მოსწონს და ეს ბუნებრივი პროცესია. ღმერთმა არ ქნას, ყველა ადამიანმა ერთნაირად იფიქროს. ბორდმა დამაკისრა ეს პასუხისმგებლობა, რაც ჩემთვის დიდი პატივია. საკმაოდ კონკურენტული ბრძოლა იყო და რამდენიმე კანდიდატი თავისუფლად იმსახურებდა გამარჯვებას. რა მხარდაჭერაც მქონდა პირველ ტურში, მეორე ტურშიც ზუსტად ისევ 6 ხმა მივიღე. ამაში განსაკუთრებული არაფერია", - აცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში.


„რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მე აღვნიშნე, რომ ჩემი გამარჯვების შემთხვევაში საზოგადოებრივი მაუწყებელი მალევე მოახერხებს ლიდერის პოზიციისა და ნდობის მოპოვებას და ახლა სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებ. ჩემი აზრით, ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტი მაუწყებლის ტექნიკურად აღჭურვა უნდა იყოს. საზოგადოებრივი მაუწყებელი არის კომერციული თუ პოლიტიკური ინტერესებით მოქმედი მედიასაშუალებების ერთადერთი ალტერნატივა ქვეყანაში და იგი უნდა ემსახურებოდეს თავისუფალ მოქალაქეებს, კულტურას და დემოკრატიას. საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებული მდგომარეობის და შესაძლებლობების დასადგენად საჭიროა სრული ინვენტარიზაციის ჩატარება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დეტალური აღწერა და შეფასება, კვლევების მიხედვით მედიაბაზარზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციის დადგენა. პირველი რიგის ამოცანას წარმოადგენს მაუწყებლისთვის ახალი შენობის აგება და მისი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვა", - აღნიშნავს მაღლაფერიძე.

 

"რასაკვირველია, საზოგადოებრივი მაუწყებლის უმთავრეს მიმართულებად დარჩება მოქალაქეების ობიექტურად და დროულად ინფორმირება, რეპორტაჟების გაკეთება ქვეყნის შიგნით და გარეთ მიმდინარე მოვლენების შესახებ, პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის ექსპერტული შეფასება, თოქშოუ და ჟურნალისტური გამოძიება. აუცილებელია რეგიონული ბიუროების ტექნიკური უზრუნველყოფა და ახალი ამბების გამოშვებებში რეგიონული ინფორმაციების წილის გაზრდა. პრიორიტეტად უნდა დარჩეს საზოგადოებაში არსებულ გამოწვევებზე მყისიერი რეაგირების ტენდენცია, რისთვისაც აუცილებელია მაუწყებელმა უზრუნველყოს სოციალურ თემატიკაზე მომზადებული ინტერაქტიული მედიაპროდუქციის მომზადება. ბუნებრივია, რაღაც გარკვეული ცვლილებები იქნება, თუმცა ძირითადი საყრდენი იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები. ტელევიზიას დიდი რესურსი აქვს", - დასძენს მაღლაფერიძე.

 

შეკითხვაზე - "საინფორმაციო პოლიტიკის შეცვლას თუ გეგმავთ?" - მაღლაფერიძე პასუხობს - „საინფორმაციო პოლიტიკა, სამწუხაროდ, ბევრს და მათ შორის ჟურნალისტებსაც არასწორად ესმით. საინფორმაციო პოლიტიკა პირველ რიგში არის ხარისხი. საინფორმაციო დამოუკიდებლობა თავისთავად იქნება, თუმცა უნდა შეიცვალოს ხარისხი, უნდა გაიზარდოს ოპერატიულობა და ა.შ.".

 

„რეზონანსი“