geo eng rus
ოთხშაბათი, 29 მარტი, 2017. 05:18
მელიას, რატიანისა და ბობოხიძის დაპირისპირება - „გადაწყვეტილება მიღებულია, რომ დაიშალოს პარტია“
2017-01-09 11:35:41
+
-

პარლამენტში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხდომა, რომელზეც ფრაქციის თავმჯდომარის ნიკა მელიას გადაყენებაზე უნდა ემსჯელათ, აღარ გაიმართება.

 

ამის შესახებ ინფორმაცია გვიან ღამით ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა. განცხადების მიხედვით ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ, რომელის პატიმრობიდან ორიოდ დღის წინ გაათავისუფლეს, ფრაქციის წევრებს კონსულტაციისთვის სამი დღე სთხოვა.


„მე ვთხოვე კონსულტაციებისთვის ფრაქციის წევრებს სამი დღე და გადაწყვეტილებას ფრაქცია ამ ვადის ამოწურვის შემდეგ მიიღებს“,- აცხადებს გიგი უგულავა.

 

კონსულტაციების გაგრძელებას ადასტურებს სერგო რატიანიც, თუმცა ასევე ამბობს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია, რომ დაიშალოს პარტია. „ნაციონალური მოძრაობა“, გაყოფილია პარტია, გაყოფილია ფრაქცია“, - თქვა ცოტა ხნის წინ "ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელმა მდივანმა. მისივე განმარტებით, უგულავა გუშინ მიხეილ სააკაშვილს ესაუბრა. 


დღეს დილიდან, პარლამენტში, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამუშაო ოთახში ფრაქციის წევრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკებაც მოხდა. ერთმანეთს ნიკა მელია, სერგო რატიანი, აკაკი ბობოხიძე დაუპირისპირდნენ. ნიკა მელიამ თანაფრაქციელები ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში დაადანაშაულა. მან ისიც განაცხადა, რომ ისინი ბავშვივით უჯერებენ გიგა ბოკერიას. მის ამ სიტყვებს მოჰყვა სიტყვიერი შელაპარაკება.

 

მხარეებმა ერთმანეთს პარტიის დაშლაში დასდეს ბრალი. ბობოხიძემ ნიკა მელიას მიმართა, რომ მას, რომელსაც ერთი აგური არ დაუდია პარტიის მშენებლობის საქმეში, "მისი წვალებით შექმნილ პარტიას" შლიდა. სიტყვიერი შელაპარაკება რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა. ამ დროისთვის ნიკა მელიამ პარლამენტი დატოვა.