geo eng rus
ხუთშაბათი, 23 თებერვალი, 2017. 10:32
უგულავა პატიმრობიდან გაათავისუფლეს
2017-01-06 18:47:43
+
-

გიგი უგულავამ #9 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. ე. წ. მატროსოვის ციხესთან უგულავას ოჯახის წევრები, მეგობრები და „ნაციონალური მოძრაობის" წევრები დახვდნენ.

 

ციხიდან გამოსულმა თბილისის ყოფილმა მერმა მის წინააღმდეგ არსებულ საქმეზე, სასამართლო პროცესსა და „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. „მე ამ პარტიის გამო ვიჯექი ციხეში“, - როგორც უგულავამ მედიასთან საუბარში აღნიშნა, ის მიხეილ სააკაშვილთან გეგმავს შეხვედრას და მის პარტიაში არსებული სიტუაციის დარეგულირებას ეცდება. და იმ შემთხვევაში თუ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთიანობის გადარჩენა ვერ მოხერხდება, უგულავა ეცდება ყველაფერი „ნაკლებ სამარცხვინო“ ფორმით მოხდეს.

 

"თუ შეუძლებელია კრიზისის მოგვარება, ეს ჩემი პირადი და ყველა ჩვენგანის პირადი პასუხისმგებლობაა, რომ ასეთი სამარცხვინო ფორმით არ მოხდეს. გვერდიდან ვუყურებდი ამ პროცესებს და ეს ყველაფერი ძალიან სამარცხვინო და სასაცილო საყურებელია. აქედან გამომდინარე, მე მინდა ვთქვა, რომ თუ ყველაფერი ეს შესაძლებელია, ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ. მე ძალიან კარგად მესმის, რომ ძველი ურთიერთობის ფორმები ვერ აღდგება, მაგრამ თუ ჩვენ გამოვნახავთ საერთო პლატფორმას ურთიერთობის, რომელიც ფოკუსირებული იქნება აწმყოსა და მომავალზე, მაშინ შესაძლოა ეს ყველაფერი განხორციელდეს. ამისთვის საჭიროა ნება, გაუცხოების დაძლევა, საჭიროა პრობლემებზე საუბარი, მათ შორის ერთმანეთთან გულღიად საუბარი. მე ჩემ თავს ვალდებულად ვთვლი, ეს ვცადო", - განაცხადა უგულავამ.

 

უგულავა ასევე, მთავრობას პოლიტიკური ამნისტიისკენ მოუწოდებს, მისი თქმით ამით მთავრობა შეძლებს მთლიანად გადაშალოს ახალი ფურცელი და ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ამ ქვეყნისთვის ზრუნვა გააგრძელონ.

 

„მინდა ყველას მივესალმო. პირველ რიგში სოლიდარობას ვუცხადებ უკლებლივ ყველა ჩვენს პოლიტიკურ პატიმარს, ვინც რჩება ამ ციხეში, რომლებიც სხვა საპატიმროებში არიან. ჩვენ არ უნდა გავყოთ ერთმანეთისგან ჩვენი პარტიის და სხვისი პარტიის, ჩვენი ფლანგის და სხვისი ფლანგის პოლიტპატიმარი. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში გვყავს პოლიტპატიმრები და ერთობლივი ამოცანაა ეს პროცესი დასრულდეს. თუ ჩემი გათავისუფლება ამ პროცესის დასაწყისია, ძალიან კარგი, მაგრამ ამ მიმართულებით სამუშაო არის ძალიან ბევრი. მინდა ყველამ გააცნობიეროს, სანამ ჩვენს ქვეყანას ეყოლება პოილიტპატიმრები, პოლიტიკა იქნება უკიდურესად რადიკალური. იქნება მწვავე დაპირისპირება და პასუხისმგებელი იქნება უმრავლესობა და მთავრობა. თუ ჩვენ გვინდა პრობლემები მოვაგვაროთ, მათ შორის ეკონომიკური და სხვა პრობლემები, რაც მოსახლეობას აწევს, ამისთვის აუცილებელი პირველი ნანიჯია პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ეს ყველაზე ადვილად შეუძლია მთავრობას და ხელისუფლებას თუ ის გადადგამს ვაჟკაცურ ნაბიჯს და გამოაცხადებს პოლიტიკურ ამნისტიას. ამით ის შეძლებს მთლიანად გადაშალოს ფურცელი და გავაგრძელოთ ამ ქვეყნისთვის ზრუნვა", - განაცხადა უგულავამ.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ „თბილსერვის ჯგუფის" საქმეზე დედაქალაქის ყოფილ მერ გიგი უგულავას სასჯელი შეუმცირა და 1 წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. უგულავას პატიმრობის ვადის ათვლა 2015 წლის 18 სექტემბრიდან დაიწყო, რის შესაბამისადაც, თბილისის ყოფილ მერს საპატიმრო ვადა 2017 წლის 9 იანვარს, ორშაბათს ეწურებოდა. იმის გამო, რომ „პატიმრობის კოდექსის" მიხედვით, პირი პატიმრობის ვადის ამოწურვის წინა დღეს უნდა გათავისუფლდეს, ხოლო თუკი ეს დღე უქმე დღეს ემთხვევა, კიდევ უფრო ადრე - სამუშაო დღეს, უგულავამ საპატიმრო დაწესებულება რამდენიმე წუთის წინ დატოვა.