geo eng rus
შაბათი, 21 იანვარი, 2017. 02:46
კურორტი "ბეთანია" იყიდება – "ეს კურორტი არავის არ ადარდებს"
2017-01-09 09:30:59
+
-

ბეთანიის ზამთრის სათხილამურო კურორტი იყიდება. კურორტის მმართველი „რანდევუ ბეთანიას" ხელმძღვანელი თამაზ ბასილია „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ მიზეზი ადგილობრივი ხელისუფლების უმოქმედობააა. მისი თქმით, კურორტის ფუნქციონირება უკვე მეორე წელია, შეჩერებულია.

 


„წყნეთის ზევით, ბეთანიის გზა, რომელიც 2015 წლის 13 ივნისის თბილისის სტიქიის შემდეგ ჩამოინგა, არ გაკეთებულა. თბილისის მერიაში არ მიმიმართავს განცხადებით, თუმცა, მუდმივად ამბობდნენ, რომ ამ გზას გააკეთებდნენ. ამის გამო, კურორტი ვერ მუშაობს. კოჯრიდან მისასვლელი გზა კი საკმარისი არ არის, რადგან თუ ორივე გზიდან 100 კაცი მოდიოდა, კოჯრიდან 20 კაცი ამოვა. ეს კი კურორტს ვერ ამუშავებს. პრობლემებია "თელასთან" არასწორად დარიცხულ გადასახადებთან დაკავშირებით. კურორტი დაკეტილია, არ მუშაობს და მაინც ფულს მაწერს. ყველა მიმართულებით პრობლემებია. ენთუზიაზმით 1-2 წელი ვიმუშავე და ახლა უკვე აღარ შემიძლია. ეს კურორტი არავის არ ადარდებს. თუ იყიდის, იყიდოს შპს მთის კურორტების განვითარების კომპანიამ ან სხვა პირმა."-აცხადებს ბასილია.

 

დაინტერესებულია თუ არა ეკონომიკის სამინისტროს შპს მთის კურორტების განვითარების კომპანია ბეთანიის შესყიდვით, უცნობია. სამინისტროდან პასუხს „კომერსანტი" ამ დრომდე ელოდება.

 


თამაზ ბასილია გასულ წელს ამბობდა, რომ ბეთანიის კურორტი თოვლის მოსვლაზეა დამოკიდებული, რადგან ხელოვნური გათოვლიანება ძვირი ჯდება. ბიზნესმენის განმარტებითვე, კურორტზე მდებარეობს სასტუმრო, თუმცა ბოლომდე დასრულებული ჯერ არ არის, მოწყობილია სათხილამურო ინფრასტრუქტურაც.

 


თამაზ ბასილიას განცხადებითვე, კურორტზე 2, 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო და ამავე ფასად იყიდება.

 

„რანდევუ ბეთანია" თბილისიდან 18 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და 30 ათას კვადრატულ მეტრზეა გაშლილი. კურორტი 2012 წელს ამოქმედდა. მაშინ იყო საუბარი, რომ სი 4-სეზონიან კურორტი იქნებოდა.

 

 

ავტორი: სოფო ქსოვრელი