geo eng rus
შაბათი, 21 იანვარი, 2017. 02:47
"კონკურენციის სააგენტოს Booking.com-ის საკითხით სერიოზული დაინტერესება იმიჯის თვალსაზრისით ქვეყნისთვის სირცხვილი იქნება"
2017-01-05 14:00:47
+
-

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი  Booking.com-ის წინააღმდეგ გამოთქმულ პრეტენზიებს არ ეთანხმება. სასტუმრო „ტერასას" მფლობელის მაია სიდამონიძის პოზიციით, განცხადება, თითქოს Booking.com-ი სასტუმროებს ფასის განსაზღვრის თავისუფლებას უზღუდავს, რეალობას არ შეესაბამება. მისი თქმით, სირცხვილია, როდესაც კვლევის ჩატარების გარეშე არაკომპეტენტურად ასეთი განცხადებები კეთდება.


სიდამონიძის მტკიცებით, სასტუმროები booking.com-თან ძალიან კარგად მუშაობენ და თუ რამე პრობლემა არსებობს, ეს მხოლოდ მათგან უნდა წამოსულიყო. მისი განცხადებით, ჯავშნების დაახლოებით 40-50 პროცენტი სწორედ booking.com-დან შემოდის.



„ჩემს სასტუმროს ხელშეკრულება აქვს დადებული booking.com-თან და საფასო პოლიტიკის და დატვირთვის მიხედვით ყოველდღიურად ვთვლი ფასებს, ანუ რა ფასიც მინდა რომ იდოს. ხელშკრულებაში ჩადებული არ არის ის,რომ კონკურენტ საიტზე ნაკლებ ფასად არ შემიძლია განვათავსო. ვათვალიერებდი ხელშეკრულებას დ ეს ჩანაწერი ვერ ვნახე. ასეც რომ იყოს, არამგონია booking.com-ი რამეს ასე აკონტროლებდეს ან რამეში გზღუდავდეს. ხელშეკრულებაში ეს შეზღუდვა რომც იყოს, ჩვენთვის მისაღებია, რადგან გაყიდვების თვალსაზრისით გაყიდვების სერიოზული წყაროა"-აცხადებს სიდამონიძე.

 

მისივე განცხადებით, კონკურენციიის საააგენტო სერიოზულად რომ დაინტერესდეს და მოკვლევა დაიწყოს, იმიჯის თვალსაზრისით ქვეყნისთვის ეს სირცხვილი იქნება.

 

 

კითხვაზე, ხომ არ დადგება რისკი იმისა, რომ booking.com-მა საქართველოსთან თანამშრომლობა გაწყვიტოს და საქართველოს ბაზარი დატოვოს, სიდამონიძე განმარტავს, რომ სავარაუდოდ, აღნიშნული საიტი ამას პირადულად არ მიიღებს, თუმცა, თუ პროცესი გაგრძელდა და სერიოზული მასშტაბები მიიღო,ამის რისკი იარსებებს.



როგორც სიდამონიძე განმარტავს, არაკომპეტენტურობის ზეიმი საქართველოში უნდა დასრულდეს და ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს.

 

„ზოგადად, სასტუმროს ინტერესია,რომ ონლაინ გაყიდვების და სარეალიზაციო პროექტებზე ყველგან ერთნაირი ფასი იყოს და საიტების მიხედვით არ განსხვავდებოდეს. ძალიან ბევრ სასტუმროს არჩევანი აქვს ის, რომ საერთოდ არ დარეგისტრირდეს booking.com-ზე და საერთოდ არ დადოს მათთან კონტრაქტი. ამას არავინ არავის არ აიძულებს"-აცხადებს სიდამონიძე.

 


შეგახსენებთ, კონკურენციის სააგენტოში Booking.com-ის წინააღმდეგ განაცხადი შევიდა. სააგენტოს ცნობით, 10 იანვრამდე გადაწყდება, დაიწყება, თუ არა მოკვლევა.

 


კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა დაცვის ცენტრის ხელმძღვანელის სოლომონ მენაბდიშვილი „ბიზნესკონტრაქტთან" აცხადებს, რომ Booking.com-თან დადებული ხელშეკრულების ერთ-ერთი დებულების მიხედვით სასტუმროებს არ აქვთ უფლება არსებულზე დაბალი ფასი დაუწესონ სხვა ონლაინ პორტალებს (ბუქინგკომის კონკურენტებს). როგორც მენაბდიშვილი განმარტავს, თვითონ სასტუმროსაც თავის ვებ-გვერდზე არ შეუძლია უფრო დაბალი ფასის დაწესება.


"ეს ყველაფერი ფასის ზრდას იწვევს, რადგან სასტუმროს არ აქვს სურვლი ვინმე სხვას დაბალი ფასი შესთავაზოს. ასევე ეწინააღმდეგება ხელშეკრულების თავისუფლებას და თავისუფალი კონკურენციას ზღუდავს, რადგან სასტუმროებს უზღუდავს ფასის განსაზღვრის თავისუფლებას", - განმარტავს მენაბდიშვილი.


როგორც სოლომონ მენაბდიშვილი ბიზნესკონტრაქტთან საუბრისას განმარტავს, აღნიშნული დებულების გამო Booking.com დააჯარიმეს საფრანგეთსა და გერმანიაში.


კომპანია Booking.com სასტუმროების, ჰოსტელებისა და გესთაუსების მეპატრონეებს მსოფლიო მასშტაბით აძლევს საშუალებას, საიტზე განათავსონ ინფორმაცია გასაქირავებელი ნომრებისა და ოთახების შესახებ. Booking.com მსოფლიოში ამ სერვისის შემთავაზებელ კომპანიებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რესურსია, რომელსაც მოგზაურები აქტიურად იყენებენ ნომრების დასაჯავშნად.


ავტორი: სოფო ქსოვრელი