geo eng rus
ოთხშაბათი, 29 მარტი, 2017. 07:08
დეველოპერები თბილისის მერიისგან პროექტების დამტკიცებისთვის განკუთვნილი ვადების შემცირებას ითხოვენ
2017-01-11 09:30:20
+
-

დეველოპერული კომპანიების ნაწილი თბილისის მერიაში პროექტების დამტკიცებისთვის არსებული ვადების გადახედვის აუცილებლობაზე საუბრობს. როგორც „ჯიდიჯი პლიუსის" დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე რადიო „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, მერიასთან კომუნიკაცია აქვთ, თუმცა პროცესი დროში იწელება. „ ადრე გვქონდა უფლება და პროცესის დაჩქარებისთვის ვიხდიდით გარკვეული რაოდენობის თანხას. დღეს კი ეს პროცედურები დროშია გაჭიანურებული. ჩემს კომპანიას ორი პროექტი შეტანილი აქვს მერიაში, უკვე 7-8 თვე გავიდა და ჯერ ბოლომდე არ ვიცით პასუხი" - აცხადებს წაქაძე.

 


მისივე თქმით, პროექტებთან დაკავშირებით მერიის მხრიდან შენიშვნები მისაღებია, თუმცა მათი გამოსწორება კომპანიას გაცილებით სწრაფად შეუძლია, ვიდრე დაწესებული ვადებია. წაქაძე დასძენს, რომ კომპანიას თუ პროექტი კარგად მომზადებული აქვს, 10 დღეშიც შეუძლია შესწორება, მერიას კი ამისთვის ერთთვიანი და ხშირად მეტი ვადა აქვს დაწესებული.

 


თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე არქიტექტურულ პროექტებზე ნებართვების გაცემის პროცესში ხარვეზებს აღიარებს. მისი განცახდებით, ეს არის პროცესების არასრულყოფილება. „მუდმივად გვაქვს დეველოპერებთან კომუნიკაცია და მათ ეს საკითხი ნამდვილად აწუხებთ. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ პროცესი იყოს მოქნილი და ოპერატიული. ერთია, რომ მერიის მხრიდანაც არის გარკვეული საკითხები, რომელიც სრულყოფას საჭიროებს, თუმცა არის მეორე მხარეც - ძალიან ხშირად დეველოპერების მხრიდან მომზადებული პროექტები არ პასუხობს სტანდარტებს. ამიტომ მის გასწორებაში გარკვეულწილად დრო იხარჯება. ჩვენთან წინასწარ კონსულტაციები შესაძლებელია. შესაბამისად, ვცდილობთ დროში გაჭიანურებული პროცედურები მაქსიმალურად შემჭიდროვებული იყოს"-აცხადებს ლექვინაძე.

 


მერიაში არსებული ბიუროკრატიულ ბარიერბზე სამშენებლო-დეველოპერული კომპანიები გასულ წლებშიც საუბრობდნენ, მათ შორის იყვნენ კომპანიები „არქი ჯგუფი", „სვეტი". მათი თქმით, მერიაში არსებული ბიუროკრატიული ბარიერები კომპანიების მუშაობას აფერხებს.

 

 

 

ავტორი: სალომე სოსელია


 

1 Jan, 1970