geo eng rus
ოთხშაბათი, 29 მარტი, 2017. 07:09
ნოდარ ჭიჭინაძე: "დღეს ებრძვიან ლარის გაუფასურების ნეგატიურ შედეგს და არა მიზეზს"
2016-12-29 10:20:03
+
-

რა გველოდება 2017 წელს, რატომ გაუფასურდა ლარი და რომელი უწყებაა ამაზე პასუხისმგებელი? იმუშავებს თუ არა მთავრობის ლარიზაციის გეგმა და ვინ იხეირა ლარის გაუფასურებით? ამ და სხვა თემებზე რადიო "კომერსანტის" გადაცემაში "კომერსანტის დროით" ეკონომისტმა ნოდარ ჭიჭინაძემ ისაუბრა. "კომერსანტი" გადაცემის შემოკლებულ ვერსიას გთავაზობთ. 

 


- დღეს ლარი შედარებით გამყარებულია, ერთ-ერთ პოსტში თქვენ წერდით, რომ რეალურად მთავრობამ თვითონ აღიარა, რომ ლარის ის გაუფასურების მასშტაბი, რაც გვქონდა,  არ უნდა ყოფილიყო. როგორია მთავრობის და ეროვნული ბანკის პრობლემა ლარის გაუფასურებაში და რომელიმე თუ ფიქრობს რომ ლარი იყოს მყარი? რჩება შთაბეჭდილება, რომ არცერთისთვის ლარი არ არის პრიორიტეტი.

 

- თუ არ ვცდები, ჯერ კიდევ მინისტრობისას ნოდარ ჯავახიშვილმა ახსენა, რომ კანონით ლარზე პასუხისმგებელი ორგანო არ არსებობს. მართლაც არ არსებობს ლარის სტაბილურობაზე პასუხისმგებელი ორგანო ასე ცალსახად, პრიორიტეტი არის ინფლაციის დონე. მოგეხსენებათ 2009-2010 წლიდან ეროვნული ბანკი გადავიდა ინფლაციის თარგეთირების რეჟიმზე და მისი მთავარი ამოცანაც გახდა ის, რომ  ინფლაცია უნდა იყოს მაღალი. დღეს ნოემბერში ინფლაცია იყო 0,2%, თუმცა რეალურად სხვა სიტუაციაა და ამას მოსახლეობა აღიქვამს, როდესაც მიდის და ყიდულობს პროდუქციას. 

 

- ამაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხი იყო, რომ ფასებმა დაიწია...

 

- კი ბატონო, არის რაღაც, რაც გაიაფდა, არის რაღაც, რაც გაძვირდა. ინფლაცია ითვლება 300 დასახელების პროდუქტისგან. თუ ჩავწერთ მაგალითად საბეჭდ მანქანას, შეიძლება ყოველთვის დეფლაცია გქონდეს და მსგავს ნივთებს. თუ ჩავწერთ ისეთ საქონელს და ისეთ მომსახურებას, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებს რიგითი, საშუალო სტატისტიკური მომხმარებელი, შეიძლება 0,2%_ის მაგივრად მივიღოთ 7-8%, რაც ეროვნულ ბანკს უკვე კანონით აიძულებს, რომ გაამკაცროს მონოტარული პოლიტიკა, ნაკლები ლარი მიაწოდოს ბაზარს და შესაბამისად ეს დადებითად აისახება მათ შორის, ლარის კურსზეც.


- ხალხის ფინანსურ სტაბილურობაზე ზრუნვა მაინც არ არის მთავრობის ან ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობა?

 

- ფინანსური სტაბილურობა ასევე არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ეროვნული ბანკის,  ეს ნიშნავს იმას, რომ ფინანსური სისტემა იყოს გამართული. ჩვენთან ფინანსური სექტორის 90%-ს საბანკო სექტორი წარმოადგენს. მაგალითად, აშშ-ში და განვითარებული საბანკო სექტორის მქონე ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 30-50%-ის ფარგლებში მერყეობს. თუ ჩვენ შევხედავთ ბანკებს და ვიტყვით, რომ რეალურად ფინანსურ სექტორს მთლიანად ისინი წარმოადგენენ, კი ბატონო მშვენიერი მაჩვენებლები აქვთ, აქციების ფასები რეკორდულად მაღალი აქვთ, მოგება რეკორდულად მაღალი აქვთ, მხოლოდ ვალუტის ყიდვა-გაყიდვით 200 მილიონი აქვთ უკვე ნაშოვი 11 თვეში. ანუ საბანკო სექტორი თავს სტაბილურად გრძნობს, მიუხედავად იმისა, რომ  მათი არაერთი წარმომადგენელი წუწუნებს, რომ პირველ რიგში ჩვენ ვიზარალეთო. ლარის გაუფასურებაზე საუბრისას ისინი ამბობენ, რომ ვინც ერკვევა ეკონომიკაში, უნდა იცოდეს, რომ პირველ რიგში ჩვენ ვზარალდებით, არადა არც სესხების პორტფელია გაფუჭებული და საკმაოდ მყარად დგანან ფეხზე და არ დაგვავიწყდეს არც ის, რომ ლარის კურსს პრაქტიკულად, ისინი ადგენენ.

 

ჩვენ რაც არ უნდა ვისაუბროთ, რომ ლარს ბაზარი ადებს ფასს, ბაზარზე იდება მრავალი მილიარდი გარიგება წლის განმავლობაში, თქვენც, მეც ვყიდულობთ ვყიდით დოლარს, ეს გარიგებები არ მონაწილეობს კურსის დადგენაში. კურსი დგება მხოლოდ ბანკთაშორისი გარიგებებით. ახალი არაფერია ამაში, რასაც ვამბობ, რომ მითუმეტეს ბოლოდროინდელი გარიგებების შემდეგ პრაქტიკულად, რამდენიმე ბანკია, ორი ბანკი არის ძირითადი და თუ მესამესაც მივამატებთ, ჩათვალეთ, რომ მთელი საბანკო სექტორი შემდგარია „თი-ბი-სი", „საქართველოს ბანკი" და „ლიბერთი ბანკისგან". მხოლოდ მათი გარიგებებით ფორმირდება კურსი. არის კიდევ ნიუანსები, რომელი წესებითაც დგინდება ლარის კურსი, რომელიც ბანკებს აძლევს ყველანაირ ბერკეტს, რომ მათ მოახდინონ გავლენა კურსზე. სწორედ ეს არის. 

 

- რა პოლიტიკა აქვს ეროვნულ ბანკს ლარის კურსის ცვლასთან დაკავშირებით?

 

- ერთი მხრივ, ამბობენ, რომ კურსი არის თავისუფლად მცურავი, ჩვენ არ ვერევით, საბაზრო სექტორები განსაზღვრავს, თუმცა მეორე მხრივ, დგება ისეთი მომენტებიც, როდესაც ერევიან, თუმცა ეს ჩარევაც არადროულია, დაგვიანებულია და ხშირ შემთხვევაში აზრს მოკლებულია. ჩემი აზრით, ძალიან დიდი ტალღა აგორდა საზოგადოების მხრიდან და გარკვეულწილად ეს გავდა უფრო პიარულ სვლას იმიტომ, რომ ეკონომიკური შედეგი ამას არ მოჰყოლია. ეს იყოს საზოგადოების წნეხზე მათი რეაქცია. ამ 40 მილიონის გაყიდვა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო უაზროდ. გამოჩნდა კიდეც საბოლოოდ, რომ ამ 40 მილიონმა შეაჩერა ვარდნა. მე ძალიან კარგად მახსოვს 2014 წელს 1,75-დან რომ დაიძრა ლარი და სამწუხაროდ, ჯერ არ გაჩერებულა. ამ პერიოდის განმავლობაში, რამდენჯერაც ეროვნული ბანკი გამოვიდა ყოველთვის განცხადებები იყო შემდეგი შინაარსის, დაკოპირებულივით, რომ "ლარზე მოქმედი ფაქტორები ამოიწურა და შემდგომი გაუფასურება აღარ გვემუქრება". მსგავსი განცხადებებით და მსგავსი ინტერვენციებით კურსის დასტაბილურება ვერ მოხდება. ფაქტია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ძალიან დიდ ტვირთად იქცა, გაიზარდა წნეხი. ეს ნიშნავს, რომ თითოეული ლარიდან საზოგადოება უფრ ნაკლებს ხარჯავს ვთქვათ კარტოფილის, ყველის თუ ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების შეძენაზე და უფრო მეტს იხდის სესხის მომსახურებაზე. ანუ მოთხოვნა საზოგადოების მხრიდან მცირდება.

 

 

- ამ ყველაფერს მთავრობა დ ეროვნული ბანკი ვერ ხედავენ? რამ მიიყვანა ლარი გაუფასურების ამ მასშტაბებამდე?

 

- ეროვნულ ბანკს თავადაც ბევრჯერ უთქვამს, რომ მათი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არის სწორი მოლოდინების ფორმირება. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იგივე იყოს კურსის ნაწილშიც, მაგრამ ფაქტია, რომ ვერც მოლოდინებზე მოახდინა პოზიტიური გავლენა, ჩარევით არ ერევა, განცხადებებს არაადეკვატურს აკეთებს, როცა ერევა, არასწორად ერევა და სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, პატრონი არ ყავს ლარის კურსს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ხომ იმიტომ შემოვიღეთ, რომ მნიშვნელოვანი იყო ხალხისთვის. დღეს სჭირდება ამ ნაწილში დახმარება ხალხს. მთავრობა და ეროვნული ბანკი ებრძვის ყველა იმ ნეგატიურ შეედეგს, რაც გამოიწვია ლარის გაუფასურებამ. მაგრამ არ ებრძვის მიზეზს, ესაა ცუდი.

 

- მიზეზი რა არის?

 

- ჩვენ შეგვიძლია, რომ ყურადღება გადავიტანოთ მიზეზზე და არა შედეგის განეიტრალებაზე. მესმის, რომ სწრაფი ზრდა მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ სწრაფი ზრდისთვის ლარის სტაბილურობაც მნიშვნელოვანია. იმ დედოლარიზაცისთვის, რაც მთავრობამ დააანონსა და კარგი პროგრამა დადო, მაგრამ ნდობის მოპოვება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალუტა არის სტაბილური. როდესაც დაახლოებით 3-4 წლის განმავლობაში გვქონდა სტაბილური ვალუტა დოლარიზაცია შემცირდა 85%-დან 60%-მდე, ანუ სტაბილურობას მოყვა ნდობის გამყარება და როდესაც დილას ერთი კურსია, შუადღეს მეორე და საღამოს მესამე, ასეთ პირობებში ნდობა ვერ იქნება ლარის მიმართ. ლარიზაცია კი არა დელარიზაცია მოხდება, თუ სტაბილურობა კურსის არ იქნება პრიორიტეტებში ოდნავ მაღლა, ვიდრე დღეს არის.