geo eng rus
შაბათი, 21 იანვარი, 2017. 10:18
ქვეყანაში ფასების ზრდა გარდაუვალია
2016-12-26 10:53:07
+
-

საქართველო ცუდ მაკროეკონომიკურ სივრცეშია, სადაც ეკონომიკის სიძლიერე წარმოადგენს ერთადერთ შესაძლებლობად მსოფლიო ეკონომიკაში „ადგილის დასამკვიდრებლად".

 

აღნიშნულ ფონზე, საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმები და ფისკალური პოლიტიკის ჩარჩოებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები დამაიმედებელია. რაც გვაძლევს რწმენის საფუძველს, რომ ჩვენი ხელისუფლება შეძლებს საქართველოს ეკონომიკა გახადოს გლობალური გამოწვევებისადმი უფრო ძლიერი.


კითხვაზე შეიძლება თუ არა აქციზის ზრდით ფასები არ გაიზარდოს? პასუხი ერთმნიშვნელოვანია: თეორიულად, ეფექტს განაპირობებს ის მექანიზმი, რომელიც განსაზღვრავს საბაზრო ფასს. ამასთან გასათვალისწინებელია ბაზრის სტრუქტურა, ბაზარზე არსებული კონკურენცია, მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა და მოთხოვნის სიდიდე, საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და სხვა.

 

ობიექტური შეფასებით, ფისკალური პოლიტიკის ფარგლებში, ნავთობპროდუქტებზე აქციზის ზრდა ნეგატიურად აისახება სოციალურ მდგომარეობაზე. ეკონომიკური გავლენით, ნავთობის ფასის აწევა არის კომლექსური და მოიცავს ნეგატიურ შედეგებს.


თეორიულად, ეკონომიკა ასიმეტრიულად რეაგირებს ნავთობის ფასის ზრდაზე. პრაქტიკულად, ნავთობის ფასის ზრდა გამოიწვევს ფასებს ზრდას, ვაჭრობის მოცულობის შემცირებას, ბიზნეს სუბიექტების სუფთა მოგების შემცირებას, ავტომობილის რეალიზების ტემპების დაცემას (თუმცა, ქვეყანაში არც ავტომობილს ვაწარმოებს, ხოლო ახალ ავტომობილებზე მოთხოვნა დაბალია). ასევე, გავლენას იქონიებს საინვესტიციო პროექტებზე .

 

აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ გაცვლითი კურსის 1%-იანი გაუფასურება იწვევს სამომხმარებლო ფასების დონის 0.28%-ით ზრდას, ხოლო გრძელვადიან პერიოდში კი - 0.43%-ით ზრდას (სებ). სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ბოლო 1 თვეში ლარი 12%-ით გაუფასურდა.


ხაზგასასმელია, რომ ქვეყანაში აქტიურად განიხილავენ სხვადასხვა ქვეყნის მოდელებს. ფაქტი ერთია, ქვეყანას სჭირდება ეროვნულ საჭიროებებზე მორგებული მოდელები, სახელმწიფო პრობლემების დინამიკაში შესწავლის საფუძველზე აგებული პროგრამები, კვლევებით არგუმენტირებული პროექტები, სტრატეგიული უნარ-ჩვევებისა და ეკონომიკურ აქტიურობის ბიძგის მიმცემი ქარიზმატული ლიდერები. პირები, ვინც პასუხისმგებლობის აღებით, კონკრეტულ ვადაში აჩვენებენ შედეგებს.


ჯამში, მოკლევადიან პერიოდში, ეკონომიკის განვითარება მიღწეული იქნება მძლავრი სახელმწიფო სისტემის ჩამოყალიბებით, ამისათვის კი საჭიროა ქვეყნის ადმინისტრაციული და პოლიტიკური მოდერნიზება.


მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფი
ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი
რატი აბულაძე