geo eng rus
ორშაბათი, 27 თებერვალი, 2017. 05:30
აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
2016-12-21 11:29:44
+
-

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაფართოების შესახებ განაცხადა. "შავ სიას" დაემატა შვიდი ფიზიკური პირი და ათობით ორგანიზაცია, ასევე რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ორი ხომალდი.

 

სიაში მოხვდნენ მიხაილ დედოვი, მიხაილ კლიშინი, კირილ კოვალჩუკი, დმიტრი ლებედევი, დმიტრი მანსუროვი, ოლეგ მინაევი და ევგენი პრიგოჟინი. მათ თანამდებობებს აშშ-ის უწყება არ აკონკრეტებს, თუმცა რუსულ მედიაში ვარაუდობენ, რომ საუბარია ბანკ "როსიას" ტოპ-მენეჯერზე მიხაილ კლიშინზე, ამავე ბანკის აქციონერის იური კოვალჩუკის ნათესავზე, "ნაციონალური მედია ჯგუფის" ხელმძღვანელზე კირილ კოვალჩუკზე, ასევე ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინზე, რომელსაც "პუტინის მზარეულსა" და "კრემლის ინტერნეტ-ტროლების ქარხნის" მფლობელს უწოდებენ.

 

სანქციების ქვეშ მოხვდნენ კომპანიები "ტრანს-ფლოტი", "ყირიმის რკინიგზა" და "ყირიმის პორტები". ამას გარდა, აშშ-მა შეზღუდვები დაუწესა კომპანია "ნოვატეკისა" და როსსელსხოზბანკის 26 შვილობილ სტრუქტურას.

 

როგორც აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჯონ სმიტმა განაცხადა, სანქციების მიზანია "რუსეთზე ზეწოლის გაგრძელება იმგვარად, რომ მან კვლავ იგრძნოს ყირიმის ოკუპაციის ფასი".

 

აშშ-მა რუსეთის მოქალაქეებისა და რუსული კომპანიების წინააღმდეგ პირველი სანქციები 2014 წლის გაზაფხულზე ყირიმის ანექსიის გამო დააწესა.