geo eng rus
ოთხშაბათი, 29 მარტი, 2017. 09:23
რატი აბულაძე - ქვეყანა საჭიროებს სოციალურ სტანდარტებს!
2016-11-16 10:21:47
+
-

სახელმწიფო საჭიროებს, როგორც ინსტიტუციებს, ისე სოციალურ სტანდარტებს. ასეთ სტანდარტს წარმოადგენს მინიმალური სახელფასო ანაზღაურება (ყოველთვიური და საათობრივი), რომელიც უთანასწორობასთან ბრძოლის კარგი იმპულსია.

 


ბუნებრივია ნებისმიერი ადამიანი იმსახურებს ისეთ ანაზღაურებას, რომელიც საკმარისია მისი ძირითადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და მოიცავს გარკვეულ დისკრეციულ შემოსავალსაც. აღიარებულია, რომ დაბალი ხელფასი გავლენას ახდენს შრომის ნაყოფიერებაზე, პროდუქტიულობაზე, პიროვნულ ზრდა-განვითარებაზე, პერმანენტულ განვითარებაზე, სამუშაოზე კონცენტრირებასა და განკუთვნილი დროის ოპტიმალურად გამოყენებაზე.

 


ფაქტია, რომ კარგად ანაზღაურებული დასაქმებული კარგად მოტივირებულია. შეუიძლია კაპიტალის დაგროვება, მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, მიზნების მიღწვა. საქართველოში, კი შრომა ისეთი იაფია, ენთუზიაზმით უფრო ხარ სავსე, ვიდრე მოტივაციით. როცა მუშაობ, უფრო კრედიტის აღების შესაძლებლობით ხარ უზრუნველყოფილი ვიდრე კაპიტალის დაგროვებით.

თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ქვეყანაში მინიმალური შრომის ანაზღაურების პოლიტიკა ცხოვრების დონეზე თეორიულად ახდენს გავლენას, ხოლო პრაქტიკულად კი მისი გავლენა (დასაქმებულებისათვის) მცირეა. 

 

შემოსავლების სამსახურის 2016 წლის მარტის მონაცემებით, საქართველოში 100 ლარზე დაბალი ხელფასი აქვს 25 001 ადამიანს, საარსებო მინიმუმზე დაბალი ხელფასი კი 62 681-ს, ხოლო ოჯახის საარსებო მინიმუმზე დაბალი 130 282 ადამიანს (ombudsman.ge).

 


სამწუხაროა, რომ ქვეყანაში 25 ათასი კაცი მუშაობს 100 ლარისთვის (ombudsman.ge). ეს ნიშნავს, რომ კვირაში 40 საათიანი დატვირთვის პირობებში, 1 კაცი პურისთვის მუშაობს 1 საათი, 1კგ ხორცისათვის მუშაობს 2 დღე.
ექსპერტების შეფასებით, საქართველოში ადამიანი 178 საათი მუშაობს და საათში 0,42-0,45 დოლარს გამოიმუშავებს. ამასთან, საშუალო საათობრივი ანაზღაურება საქართველოში მხოლოდ 2,2 დოლარს შეადგენს (ს. არჩვაძე, commersant, 2016).

 


იმისათვის, რომ ადამიანმა ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება შეძლოს საჭიროა ჰქონდეს ჯეროვანი ანაზღაურება.

 


ხელფასის დონის ფორმირებისას გათვალისწინებული უნდა იქნას ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, ეკონომიკური აქტივობა, ეკონომიკის ზრდის ტემპი, ბიზნეს სუბიექტების რაოდენობის ზრდა, უმუშევრობის დონე, ინფლაციური პროცესები, იმპორტი და სხვა ფაქტორები.

 


აღსანიშნავია, ისიც რომ საწყის პერიოდში მინიმალური შრომის ანაზღაურების დაწესება გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული: სამუშაო ადგილების დაკარგვა, ორგანიზაციის დანახარჯების ზრდა, ორგანიზაციებში არსებული ახალგაზრდა და არაკვალიფიცური თანამშრომლების შემცირება, თანამშრომლების მობილობა, ოპტიმიზაცია და სხვა.

 


საკითხს თუ კრიტიკულად მივუდგებით, დავინახავთ, რომ აღნიშნული პოლიტიკა ბიზნეს „ტკივილს" აყენებს, გავლენას ახდენს ფასების ზრდასა და მწარმოებლურობის შემცირებაზე.საზოგადოება აცნობიერებს, რომ არსებული უმუშევრობის პირობებში, მოქალაქეებს უწევს დაბალანაზღაურებადი სამუშაოების შესრულება. განვითარებულ ქვეყნებში ასეთი ანაზღაურებით მუშაობს არაკვალიფიციური თუ დაბალკვალიფიციური სპეციალისტები. საქართველოში, კი პირიქით დაბალანაზღაურებად სამუშაოს ასრულებს მაღალკვალიფიციური და „პატრონის არმქონე პირები".

 


თუმცა, მინიმალური ხელფასის ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია, რომ: 

  • პროექტებსა და კომპანიებში დიდია უცხოელებისა და უცხოური კაპიტალდაბანდების წილი. საინვესტიციო მიმზიდველობის ერთ-ერთი ფაქტორი არის ქვეყანაში არსებული დაბალი შრომის ანაზღაურება ; 
  • ქვეყანაში არსებული უმუშევრობის დონე კავშირშია შრომის ანაზღაურების დონესთან, შრომის ანაზღაურების ზრდასთან უმუშევრობის დონის ზრდის ალბათობაც დიდია;
  • ეკონომიკური აქტივობის, ექსპორტის ზრდის, ბიზნეს სუბიექტების რაოდენობის ზრდის დონე კავშირშია შრომის ანაზღაურების დონესთან;
  • კრედიტების ხელმისაწვდომობა, ფინანსური მდგრადობა,წარმოებისა და გასაღების ტემპი,საექსპორტო და საინვესტიციო შესძლებლობები აისახება ხელფასის ოდენობაზე, ზრდა განვითარებასა და ქვეყნის ძლიერებაზე;

 

არსებითია აღინიშნოს, რომ ქვეყანაში, შრომის ანაზღაურების მინიმუმის დადგენით სიღარიბე ვერ გადაიჭრება, სოციალურ-ეკონომიკური ფონი ვერ შეიცვლება, კეთილდღეობა ვერ გაიზრდება. მიზეზი არის ის, რომ არსებულ სიტუაციაში ქვეყანა არ ფლობს ეკონომიკური აქტივობის ზრდის ორგანიზაციულ და პოლიტიკურ პოტენციალს, რომ რადიკალურად შეცვალოს ეკონომიკური სურათი, გაზარდოს კეთილდღეობა, შეამციროს უმუშევრობა, გავლენა მოახდინოს ეკონომიკური აქტივობის ზრდაზე.

 


ამასთან, ასეთი კანონპროექტები მხოლოდ ხალხის გულის მოგებას რომ არ ემსახურებოდეს, საჭიროა წინასწარ ნაჩვენები იქნას შრომის ანაზღაურების პოლიტიკა როგორ გავლენას იქონიებს:

  • უმუშევრობაზე. საჭიროა დადგინდეს მისი გავლენა ბიზნეს სექტორზე და დასაქმებულებზე;
  •  მოსალოდნელ ეფექტზე. განსაზღვრული უნდა იქნას შრომის ეფექტიანობისა და ბიზნესის ბრუნვის ცვლილება;
  • საინვესტიციო მიმზიდველობის ცვლილებაზე. იმიგრაციის მასშტაბებზე. უცხოელთა შრომით ჩანაცვლებაზე;
  • მინიმალური ხელფასის ზრდის გავლენით გამოწვეულ სოციალურ და ეკონომიკურ ცვლილებებზე; შეფასებული უნდა იქნას ფასების ზრდის ალბათობა;
  • დასაქმების არაკონიერ გზებზე. მაგალითად, შრომითი ხელშეკრულების გარეშე ხალხის დასაქმება, სტაჟიორების რაოდენობის ზრდა, სტაჟირების ხანგრძლივობის ზრდა. ჯამში საჭიროა გაანალიზდეს შრომის ანაზღაურების პოლიტიკის გავლენით გამოწვეული ნეგატიური შედეგები კომპენსირება რით მოხდება.

 

დასასრულს დავძენთ, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია, რომ :

  • ნებისმისმიერი პროექტი თუ პოლიტიკა წარმოდგენილი იქნას კვლევის, ანალიზითა და არგუმენტირებული შეფასებით;
  •  განსაზღვრულ პერიოდში, მთავრობამ დაბალანაზღაურებადი დასაქმებულების სუბსიდირებას მხარი დაუჭიროს. 
  • აუცილებელია ქვეყანაში დადგინდეს გონივრული მინიმალური სახელფასო ანაზღაურება.

 

 

მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფი,
ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი
რატი აბულაძე