geo eng rus
კვირა, 26 თებერვალი, 2017. 08:00
დიმიტრი ქუმსიშვილი: „2012 წელთან შედარებით აეროპორტების მგზავრთნაკადი 103 პროცენტით არის გაზრდილი“
2016-10-21 16:30:59
+
-

 

„საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის მაღალი ზრდა არის იმ სწორი პოლიტიკის შედეგი, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია და ასევე მთლიანად კერძო სექტორისა და სახელმწიფო სტრუქტურების ერთობლივი, დაუღალავი შრომის შედეგი" - ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართული პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ხელმძღვანელმა, ქეთევან ალექსიძემ 2016 წლის 9 თვის მუშაობის შედეგები მედიის წარმომადგენლებს გააცნო.

 

 


„ჩვენ მოვისმინეთ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" 9 თვის შემაჯამებელი პრეზენტაცია. მინდა აღვნიშნო, რომ მთლიანად აეროპორტებში ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გვაქვს 23%, ხოლო მგზავრთნაკადის მიმართულებით მივაღწიეთ 2 მილიონ 181 ათას მგზავრს მთელ საქართველოში. თუ შევადარებთ 2012 წლის ანალოგიურ პერიოდს, აქ 103%-იანი ზრდა ანუ პრაქტიკულად გაორმაგება გვაქვს" - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 


პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, მაღალი ზრდა არის დაფიქსირებული საჰაერო ტვირთნაკადის მიმართულებითაც. „საქართველოს მასშტაბით 18 ათას ტონაზეა ასული ტვირთბრუნვა, რაც 80%-ზე მეტი ზრდაა. აქვე ავღნიშნავ, რომ საჰაერო ტვირთი არის ყველაზე მაღალი ღირებულების ტვირთი და, შესაბამისად, ყველაზე მეტ დამატებით ღირებულებას ქმნის ჩვენ ქვეყანაში"- განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

 

 

დიმიტრი ქუმსიშვილმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აეროპორტების განვითარება არის ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. „მოგეხსენებათ, რომ ამბროლაურში სულ ცოტა ხნის წინ უკვე გავხსენით ასაფრენი-დასაფრენი ზოლი, თუმცა შემდეგ წელს ჩვენ ნამდვილად გვაქვს სხვა რეგიონალური აეროპორტების მშენებლობის საკმაოდ ამბიციური გეგმები, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარებას როგორც შიდა ტურიზმის, ასევე საერთაშორისო ტურიზმის მიმართულებით" - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ხელმძღვანელის, ქეთევან ალექსიძის ინფორმაციით, 2016 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს აეროპორტებში სულ გადაყვანილია 2,181,684 მგზავრი. აქედან აეროპორტების პროცენტული წილი ასეთია: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - 79,1%, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი - 12,4%, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი - 8,4%, ხოლო მესტიის აეროპორტი - 0,14%. 2016 წელს საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადი 2015 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 23%-ით გაიზარდა. ხოლო, 2012 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 103%-ით არის გაზრდილი.

 

 

ქეთევან ალექსიძის თქმით, საქართველოს აეროპორტებში ამჟამად ოპერირებს 33 ავიაკომპანია, ხოლო ავიარეისები სრულდება 20 ქვეყნის 46 მიმართულებით. კერძოდ:

 

 


შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებს 31 ავიაკომპანია. რეისები სრულდება 36 მიმართულებით.

 

 


2016 წელს აეროპორტს დაემატა 5 ახალი ავიაკომპანია (Qeshm Air, Ata, El Al, Taban Airline, Zagros Airlines ) და 4 ახალი მიმართულება (ისპაჰანი, დამამი, პეკინი, ბაჰრეინი).

 

 

 

2016 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში სამი ახალი ავიაკომპანია დაიწყებს ოპერირებას: Turkmenistan Airlines - აშხაბადი (კვირაში სამი სიხშირით); Pobeda - როსტოვი (კვირაში ორი სიხშირით); Dart - კიევი (კვირაში ორი სიხშირით).

 

ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებს 16 ავიაკომპანია. რეისები სრულდება 15 მიმართულებით.

 



2016 წელს დაემატა 6 ახალი ავიაკომპანია (EL AL, Scat Airlines, Airarabia, Ata, Taban Airline, Bravo Airways) და 4 ახალი მიმართულება (აქტაუ, შარჟა, სანკტ. პეტერბურგი, თეირანი).

 

 

 

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებს 4 ავიაკომპანია. რეისები სრულდება 15 მიმართულებით.

 

 

 

ავიაკომპანია WizzAir-ის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული თვითმფრინავი ავიარეისებს ასრულებს 7 ახალი მიმართულებით, ესენია: ბერლინი, მიუნხენი (მემმინგენი), დორტმუნდი, მილანი, ლარნაკა, სოფია.

 

თამარ მეფის სახელობის მესტიის ადგილობრივ აეროპორტში 2016 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში გადაყვანილია 3,105 მგზავრი, აქედან მგზავრთა 44% იყო უცხო ქვეყნის მოქალაქე. შესრულდა 129 ავიარეისი.

 


რეისები სრულდება:

 

ნატახტარი - მესტია (კვირაში 6 სიხშირე)

 

ქუთაისი - მესტია (კვირაში 2 სიხშირე)