geo eng rus
ოთხშაბათი, 29 მარტი, 2017. 09:21
რუსული ავიაკომპანია Pobeda თბილისი-როსტოვის მიმართულებით რეისებს კვირაში სამჯერ შეასრულებს
2016-10-17 17:33:22
+
-

რუსული ავიაკომპანია Pobeda თბილისი-როსტოვის მიმართულებით რეისებს კვირაში სამჯერ შეასრულებს. ამის შესახებ „კომერსანტს" სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ იგორ აფციაურმა განუცხადა. მისი თქმით, რუსული ავიაკომპანია ფრენებს 1–ელი ნოემბრიდან დაიწყებს.


როგორც აფციაური აცხადებს, ავიაკომპანია Pobeda ბოინგ 737 -800 ტიპის საჰაერო ხომალდით ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეასრულებს. რეისები სამშაბათს, ხუთაშაბათს და შაბათს შესრულდება.


აფციაურის თქმით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსული ავიაკომპანია Pobeda-ზე ფრენების ნებართვა მიმდინარე წლის 22 სექტემბერს გასცა.


აღსანიშნავია, რომ საქართველოში რუსული ავიაკომპანია Pobeda-ს შემოსვლა დღეს საქართველოს აეროპორტების მმართველმა კომპანია Tav Georgia-მ გაავრცელა.


რუსული Pobeda-ს გარდა ქართულ ბაზარზე დამატებით 2 ავიაკომპანია შემოდის. Tav Georgia-ს ინფორმაციით, ბაზარზე შემოდიან თურქმენული Turkmenistan Airlines, რომელიც ფრენას 2 ნოემბერიდან დაიწყებს და უკრაინული DART Airlines Ukraine. უკრაინული კომპანია რეისებს 27 ნოემბრიდან შეასრულებს. კომპანიები რეგულარულ რეისებს როსტოვის, აშხაბადის და კიევის მიმართულებით შეასრულებენ.



რუსული კომპანიის ქართული ბაზრით დაინტერესების შესახებ ინფორმაცია ივლისში რუსულ მედიაში გავრცელდა. Pobeda მეოთხე რუსული ავიაკომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე შემოდის. ამ ეტაპზე ქართულ ავიაბაზარზე წარმოდგენილია სამი რუსული ავიაკომპანია - „აეროფლოტი," „სიბირი" და "ურალის ავიახაზები".


 

ავტორ(ებ)ი: სოფო ქსოვრელი