geo eng rus
ოთხშაბათი, 29 მარტი, 2017. 09:22
გელა კვაშილავა: საზოგადოებას თავისი აქტიურობით შეუძლია ავტოავარიების ეპიდემიის შეჩერება!
2016-07-27 11:09:15
+
-

გელა კვაშილავა, ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე

 

ახლა საქართველოში საარჩევნო ციებ-ცხელეებაა. ვინმემ თუ იცით, რომელი პოლიტიკური პარტიის პროგრამაშია საგზაო უსაფრთხოების, ზოგადად ტრანსპორტის, პარკინგისა და მობილობასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება?

 

საქართველოში არავის უჩნდება შეკითხვა, რატომ იხდის მთავრობა, ბიზნესი და ოჯახები ასეულობით მილიონ ლარს საგზაო შეჯახების შედეგად ტრავმირებულთა რეაბილიტაციისთვის, მაშინ როცა მცირე დანახარჯებითაა შესაძლებელი ამ ოჯახური ტრაგედიებისა და სახელმწიფოსთვის დიდი დანახარჯების თავიდან აცილება?

 

რატომ არის საგზაო უსაფრთხოების ახალი პროექტი პარლამენტში 8 თვეზე მეტი გაჭედილი? რატომ ეწინააღდეგებიან პარლამენტარები, პოლიტიკოსები, ორგანიზაციების ნაწილი საერთაშორისო აღიარებული ქულების სისტემის, მოძრავი კამერების სისტემის შემოღებას? რატომ რჩება უამრავი ოჯახი მარჩენალის გარეშე?

 

რატომ არის საქართველოს ქალაქებში ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილი ადამიანების ნახევარი ქვეითი? რატომ იღებს ათასამდე მოზარდი ტრავმას, მათ შორის მძიმეს, რაც მთლიანად ცვლის მათ ცხოვრებას? რატომ არის რომ რეაბილიტირებულ გზებზე, სადაც ბოლო 10 წელიწადში მილიარდზე მეტი ლარი ჩაიდო, საგზაო შეჯახების ასეთი რაოდენობა? რატომ მოდის ავარიების 40%-მდე ახალბედა მძღოლებზე, რომლებიც პირველი ორი წელია ატარებს მანქანას?

 

რატომ არ უნდა იყოს განათლების სამინისტროს პრიორიტეტებში საგზაო უსაფრთხოების სწავლება პირველი კლასიდან, როცა სამწუხაროდ ყოველ წელს იზრდება ბავშვთა ტრავმატიზმი და ფატალური შემთხვევები? რატომ არის ჩვენ ქალაქებში პრიორიტეტი მანქანების და არა ბავშვების ჩქარა გადაადგილება? რატომ გადაიდო ეკოლოგიური, მცირე ძრავიანი ახალი ავტომობილების განბაჟების წახალისების პროექტი?

 

რატომ არის, როცა მოსახლეობის 68% NDI უკანასკნელი გამოკითხვებით მხარს უჭერს მანქანების ვარგისიანობაზე პერიოდულად ტექნიკური შემოწმების აღდგენას და მსოფლიოში ერთ-ერთი დაბერებული ავტოპარკის განახლებას? მაგრამ პოლიტიკოსების ნაწილი ყველაფერს ცდილობს, რომ ეს პროცესი არ დაიწყოს.

 

ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც არის არა ხელისუფლების აქტიურობა, არამედ საზოგადოების ინერტული დამოკიდებულის შეცვლა და დარწმუნება, რომ ყველას აქტიურობით, ჩართულობით, გზებზე მონაწილე პირების განათლებით ჩვენ შეგვიძლია ამ ეპიდემიის შეჩერება. მაგალითად შემიძლია მოვიყვანო გუდაურში იანვრის დასაწყისში მომხდარი ფაქტი, როცა პირველ სასრიალო სპორტულ ტრასაზე შეჯახებას მეექვსე საავტორო სკოლის 12 წლის მოსწავლე სალომე ტატიშვილი ემსხვერპლა. სასრიალო ტრასაზე მას 19 წლის ბიჭი დაეჯახა, რის შედეგადაც გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, ბიჭი კი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. აღნიშნული ტრაგედია მთელი ქვეყნის სატკივარი გახდა, ერთი კვირის განმავლობაში მედია, ხელისუფლების წარმომადგენლები, ცნობილი სახეები და უბრალოდ მოქალაქეები ყველა ერთხმად ითხოვდა ტრასებზე წესრიგის დამყარებას და შედეგმაც არ დააყოვნა. საზოგადოების, მედიის ზეწოლის შედეგად ხელისუფლება იძულებული გახდა სწრაფად მიეღო გადაწყვეტილება და სამთო-სათხილამურო კურორტებზე ახალი მოთხილამურე პატრულის პროექტი დაიწყო. უკვე რამდენიმე კვირაში სათხილამურო ტრასებზე მოთხილამურე პატრულები გამოჩნდნენ, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა წესრიგი და უსაფრთხოება ზამთრის სათხილამურო ტრასებზე.