geo eng rus
კვირა, 26 თებერვალი, 2017. 08:00
მერაბ ჯანიაშვილი: რა საფრთხეები იმალება საბანკო ხელშეკრულებებში
2016-04-25 16:22:22
+
-

მერაბ ჯანიაშვილი, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“

 

საქართველოში ფინანსური განათლების დონე დაბალია. ამას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევებიც ნათლად მოწმობს. მოქალაქეების ფინანსური განათლების დონის რეიტინგში, საქართველო, მსოფლიოს 144 ქვეყანას შორის 96-ე პოზიციაზეა. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „სტანდარტ ენ პუარსის" ანგარიშის თანახმად, საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 30% არის ფინანსურად განათლებული. რეიტინგის თანახმად, საქართველოში რისკის დივერსიფიკაცია სწორად ესმის მხოლოდ გამოკითხულთა 22%-ს, არასწორად კი - 31%-ს. ინფლაცია სწორად ესმის გამოკითხულთა 66%-ს, არასწორად -12%-ს, ხოლო პროცენტი - სწორად ესმის 54%-ს, რთული პროცენტი კი - 32%-ს. ფინანსური განათლების დონის მსოფლიო რეიტინგის პირველ სამეულში - ნორვეგია, დანია და შვედეთი არიან.  ბოლო საფეხურებზე კი ავღანეთი, ალბანეთი და იემენია.


ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) მხარდაჭერით, Smart Campaing-ის და Bankable Frotier Associates (BFA)-ის მიერ ჩატარებული კვლევის ანგარიშში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და კლიენტთა ურთიერთობის პერიოდში მწვავე საკითხები გამოიკვეთა, თუმცა, მსგავსი პრობლემები არსებობს ყველა სახის საკრედიტო ინსტიტუტში, მათ შორის ბანკებში.


კერძოდ, კლიენტს ბოლომდე არ აქვს გააზრებული სესხის ვადები და პირობები. მართალია, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კლიენტთა 97%-ს მიღებული აქვს ვალის დაფარვის გრაფიკი, მაგრამ მომხმარებელთა 28%-მა არ იცის თავისი სესხის საპროცენტო განაკვეთი, 22%-ი კი ვერ იხსენებს საერთო ჯამში რამდენი გადაიხადა სესხის დასაფარავად.


მომხმარებელთა ფინანსური განათლების დაბალი დონით კარგად სარგებლობენ საკრედიტო ორგანიზაციები, რომლებიც როგორც წესი კლიენტებს კაბალურ ხელშეკრულებებზე აწერინებენ ხელს. სამწუხაროდ, საქართველოში ხელშეკრულების კითხვის კულტურაც დაბალია. ანუ, ადამიანები ისე იღებენ სესხებს, რომ არ ეცნობიან საკრედიტო თუ სადებეტო ხელშეკრულებებს, რაც ხშირად სავალალო შედეგებით მთავრდება. 

აი, მაგალითად, რა მუხლებია იმ საბანკო ხელშეკრულებებში, რომელსაც უმეტესობა ქართველი მომხმარებლებისა წაუკითხავად აწერს ხელს. 


„ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ და ცალმხრივად:

• შეცვალოს საბანკო პროდუქტის მოცულობა;

• გაზარდოს ხელშეკრულებით დადგენილი საპროცენტო სარგებლის, საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს ოდენობები არაუმეტეს არსებული განაკვეთის ¼ ოდენობით;

• შეცვალოს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით დადგენილი საპროცენტო სარგებლის, საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს ოდენობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფარგლებში;

• დაადგინოს ხელშეკრულებით ან/და ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საბანკო პროდუქტებით სარგებლობასთან დაკავშირებული საკომისიოს ტიპები ან/და მათი განაკვეთების ოდენობა“ - ამონარიდი ერთ-ერთი ბანკის განვადების ხელშეკრულებიდან (კონკრეტული ბანკების დასახელება მნიშვნელობას კარგავს, რადგან ბანკების სრულ უმრავლესობას მსგავსი ტიპის ან უფრო მძიმე მუხლები უდევთ ხელშეკრულებებში). 

„ბანკს უფლება აქვს ნებისმიერ დროს: 

• შეწყვიტოს ამ ხელშეკრულების მოქმედება შეწყვეტამდე არანაკლებ 10 (ათი) კალენდარული დღით ადრე კლიენტისთვის შეტყობინებით; ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ.

• შეცვალოს ამ ხელშეკრულებაში აღწერილი მომსახურების პირობები, მახასიათებლები ან/და საფასური (ბანკის მიერ დადგენილ ტარიფებში ცვლილებების შემთხვევაში), კლიენტს შესთავაზოს ან შეწყვიტოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე ან რამდენიმე მომსახურების გაწევა;

• ბანკს უფლება აქვს ცვლილებები (დამატებები) შეიტანოს ამ ხელშეკრულების ტექსტში ცვლილების (დამატებების) განხორციელებამდე 10 (ათი) კალენდარული დღით ადრე ბანკის ინტერნეტ-გვერდზე ან/და ბანკის ფილიალებისა და სერვიცენტრების შენობებში შესაბამისი ინფორმაციის განთავსების მეშვეობით“, - ამონარიდი ერთ-ერთი ბანკი საკრედიტო ხელშეკრულებიდან.


ანუ, მარტივი ენით რომ ვთქვათ, ბანკს უფლება აქვს ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ და ცალმხრივად გაგიზარდოთ უკვე აღებულ სესხზე საპროცენტო განაკვეთი; მოგთხოვოთ სესხის ვადაზე ადრე დაბრუნება; გაზარდოს საკომისიოები თუ პირგასამტეხლოები; შეგიცვალოთ ნებისმიერი პირობა, რომლითაც ეს სესხი იქნა აღებული მხოლოდ მისი სურვილის მიხედვით, ყოველგვარი შეთანხმების გარეშე.


ამასთან ზოგიერთ საკრედიტო ხელშეკრულებაში შეხვდებით ისეთ მუხლებსაც, რომლების თანახმადაც თქვენ, კლიენტი თავად აცხადებთ უარს ბანკიდან მიიღოთ ინფორმაცია თქვენივე სესხის პირობების ცვლილების შესახებ. მაგალითად.:


• „კლიენტი თანახმაა ბანკმა არ მიაწოდოს ინფორმაცია ცვლილებების (მათ შორის კლიენტისთვის სასარგებლო ან/და ინდექსირებულ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებული ცვლილებების) შესახებ“, - ამონარიდი ერთ-ერთი ბანკი საკრედიტო ხელშეკრულებიდან.

გარდა იმისა, რომ ხელშეკრულებით ბანკებს უფლება ეძლევათ ნებისმიერ დროს მათი შეხედულებისამებრ შეცვალონ ხელშეკრულების ნებისმიერი პირობა, ამასთან მათ ასევე ეძლევათ უფლება არც კი ჩააყენონ კლიენტი ამ ცვლილებების საქმის კურსში.


როგორც წესი ბანკები აფრთხილებენ კლიენტებს კრედიტების გაძვირების შესახებ, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ მათი კეთილი ნებაა და ხელშეკრულებით ხშირ შემთხვევაში ამის ვადლებულებაც არ აქვთ.


თუ თქვენი სეხი უცხოურ ვალუტაში გაქვთ, მაშინ ხელშეკრულებაში შეიძლება შეხვდეთ ისეთ მუხლებსაც, რომლის საშუალებით ბანკებს უფლება აქვთ ლარის გამყარების შემთხვევაში (როდესაც ლარში შენატანები იკლებს, რაც კლიენტისთვის მომგებიანია) გაგიზარდონ სესხის საპროცენტო განაკვეთი, ხოლო ლარის გაუფასურების შემთხვევაში (როდესაც ლარში ყოველთვიური შენატანები იზდება, რაც კლიენტისთვის წამგებიანია) უბრალოდ დამატებითი სარგებელი მიიღონ და ამ პირობებში თქვნს კრედიტზე საპროცენტო განაკვეთის კლებას არავინ გადახედავს.


ხშირად ბანკები აცხადებენ, რომ ისინი სესხებს გასცემენ, ანუ საკუთარ ფულს კრედიტში გაძლევენ, შესაბამისად მათ უფლება აქვთ ხელშეკრულებით მოითხოვონ ის შესაძლებლობები და უფლებები, რაც მათ მოესურვებათ. რადგან კლიენტი იღებს საკრდიტო ორგანიზაციის ფინანსებს და ბანკს უფლება აქვს ნებისმიერი პირობები წაუყენოს თანხის გასესხებისას. თუმცა საინტერესოა, რომ ბანკში ანაბრის განთავსების დროსაც, როდესაც ეს პროცესი საპირისპიროდ მოქმედებს, კლიენტები კვლავ კაბალურ ხელშეკრულებებს აწერენ ხელს. ანუ, მომხმარებელია ამ შემთხვევაში გამსესხებელი და ბანკი მსესხებელი. საკრედიტო ინსტიტუტების ლოგიკით კრედიტორმა უნდა მიიღოს მსესხებელთან მიმართებაში ნებისმიერი უფლებები. თუმცა, საქართველოში ყველაფერი საპირისპიროდ ხდება. როგორც გასესხებისას ისე სესხებისას ბანკებს იმ ხელშეკრულებებით, რასაც კლიენტებთან აფორმებენ ეძლევათ უამრავი კაბალური უფლება, მაშინ, როცა კლიენტები უხეშად, რომ ვთქვათ უუფლებოდ რჩებიან. აი, მაგალითად.:


• ბანკი უფლებამოსილია, ცალმხრივად შეცვალოს მოთხოვნამდე ანაბრის საპროცენტო სარგებლის განაკვეთი ან/და საპროცენტო სარგებლის დარიცხვის მეთოდი, რის შესახებაც ბანკი, მეანაბრის ინფორმირებას უზრუნველყოფს ცვლილებამდე 1 (ერთი) თვით ადრე ფილიალებისა და სერვისცენტრების ოფისებში ან ინტერნეტ-გვერდზე შესაბამისი ინფორმაციის განთავსების მეშვეობით“, - ამონარიდი ერთ-ერთი ბანკის საანაბრე ხელშეკრულებიდან.


ანუ, კიდევ ერთხელ მარტივად რომ ვთქვათ, შეიძლება კლიენტმა გახსნას ბანკში ანაბარი წლიურ 12%-ად და ორ თვეში ბანკმა სარგებელი შეამციროს 8%-მდე, საკუთარი სურვილით, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. ამის შესახებ ინფორმაცია კი საკთარ ვებ-გვერდზე განათავსოს, ყველა ბანკის კლიენტი, ხომ ყოველდღიურად ეცნობა საკუთარი საკრედიტო ინსტიტუტის ვებ-გვერდს. . .

 

ასე რომ, ვიკითხოთ ხელშეკრულებები, რათა მეტად ვიყოთ ინფორმირებული იმ საფრთხეები შესახებ, რაც შეიძლება მომავალში თავს დაგვატყდეს. მოითხოვეთ ბანკებისგან ამოიღონ ხელშეკრულებიდან ის მუხლები, რომლებიც თვლით, რომ კაბალურია და მომავალში ფინანსური ზიანის მომტანი შეიძლება იყოს თქვენთვის. შეიძლება საკრედიტო ხელშეკრულებებთან მიმართებაში დიდ წარმატებას ვერ მიაღწიოთ, თუმცა როცა საქმე ანაბარს ეხება აქ თქვენი, კლიენტის პირობებით უნდა მიდიოდეს თამაში და არა ბანკის. ნუ მივცემთ, ბანკებს იმის საშუალებას, რომ ჩვენი დაუდევრობით თუ უყურადღებობით ისარგებლონ და ამით მოგება მიიღონ.