თბილისის სატრანსპორტო კომპანია დედაქლაქში ახალი საპარკინგე ადგილების მოწყობას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა მამუკა კობახიძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც „კომერსანტი“ დაინტერესდა როგორც აპირებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია ელექტრონული სისტემური პროგრამის გარეშე ოპერირებას და როგორ მოახდენენ ჯარიმა/გადასახადების ადმინისტრირებას, რამდენი თანამშრომელი აიყვანეს „სითი პარკიდან თავად რამდენი ჰყავდათ გადამზადებული და ბიუჯეტში თუ არის ამ მიმართულებით ხარჯები გათვალისწინებული?
როგორც კობახიძემ რადიო „კომერსანტის“ გადაცემა „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ განაცხადა, დღეს თბილისში 2200 საპარკინგე ტერიტორიაა გამოყოფილი, ჯამში კი დაგეგმილია 23 000 საპარკინგე წერტილის არსებობა.
„ 2200 ადგილიდან 700 იყო მოუწყობელი. დღეს ჩვენ აღნიშნული საპარკინგე ადგილების კეთილმოწყობა და შესაბამის სტანდარტებთან მოყვანა დავიწყეთ. გარდა ამისა, თბილისის მერიას გამოყოფილი აქვს 10 ადგილი, სადაც მოხდება დამატებითი საპარკინგე როგორც მიწისქვეშა, ასევე მიწისზედა საპარკინგე ინფრასტრუქტურის მშენებლობა. დღეს რამოდენიმე ადგილზე გამოცხადებულია ინტერესთა გამოხატვა, სადაც მონაწილოების მიღება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია“-განმარტავს კობახიძე.
რაც შეეხება ელექტრონული სისტემური პროგრამის გარეშე ოპერირებას, კობახიძე აცხადებს, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ „ სითი პარკიდან„ მხოლოდ ბაზები წამოიღო. გარდა ამისა, დაიწერა ახალი პროგრამა, www.tp.ge , რომლითაც სარგებლობა ყველას შეუძლია.
კობახიძის განცხადებით, დღეს „სითი პარკისგან“ მხოლოდ ფუნქციის გადმობარება მოხდა.რაც შეეხება სანქციებს და ტარიფის შესაძლო ცვლილებებს, კობახიძე აცხადებს, რომ ამ ნაწილში ცვლილება არ მომხდარა, არც გაზრდის და არც შემცირების მიმართულებით.
რაც შეეხება საჯარიმო ავტოსადგომებს, იგივე კომპანიებთან მოხდა საიჯარო ხელშეკრულებების გაფორმება, რომ დისკომფორტი არ შეექმნათ მომხმარებლებს, რადგან ეს მათთვის ნაცნობი ადგილი იყო. არსებულ დატვირთვას შევხედავთ და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, გაიზრდება თუ არა ამ ადგილების რაოდენობა“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, „სითი პარკიდან დაახლოებით 102-მა თანამშრომელმა გამოხატა მზაობა თბილისის სატრანსპორტო სამსახურთან ეთანამშრომლა. აქედან 76 კონტროლიორია, 10 -ევაკუატორის მძღოლი და 10-დამხმარე.
ცნობისთვის, 10 აპრილიდან პარკირების სისტემის მოსაწესრიგებლად, „სითი პარკის“ ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია შეასრულებს.
ავტორი: სოფო ქსოვრელი