გიორგი კვირიკაშვილი – „ნომერ პირველ ამოცანად რჩება ქვეყნის დეოკუპაცია და ქვეყნის გამთლიანება“

გიორგი კვირიკაშვილი – „ნომერ პირველ ამოცანად რჩება ქვეყნის დეოკუპაცია და ქვეყნის გამთლიანება“

access_time2018-04-02 19:55:28

„რა თქმა უნდა, ნომერ პირველ ამოცანად რჩება ქვეყნის დეოკუპაცია და ქვეყნის გამთლიანება. ამ მიმართულებითაც, მიუხედავად გამოწვევებისა, მიუხედავად უმძიმესი პროვოკაციებისა, მიუხედავად ძალიან მნიშვნელოვანი უსაფრთხოების რისკებისა, რომლებიც არსებობს ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ პრაგმატული პოლიტიკით, გაწონასწორებული პოლიტიკით მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს პოლიტიკა არ გავა კომპრომისებზე, არც ერთი კომპრომისი ქვეყნის სუვერენულ გადაწყვეტილებებში და ტერიტორიულ მთლიანობაში არ იქნება, მაგრამ შესაძლებელია ჩვენ მივაღწიოთ გრძელვადიან სტაბილურობას და მშვიდობას თანმიმდევრულობით, ყველა თქვენგანის ჩართულობით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს შესაძლებელია, ეს იქნება რეალობა საქართველოში და ამას ბევრი წელი არ დასჭირდება“ – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების" თელავის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე.

 

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ჩემს მშობლიურ კუთხეში. ძალიან დიდი სიყვარულით მინდა, დიდი პატივისცემა გამოვხატო ყველა თქვენგანის მიმართ. მთლიანად „"ქართული ოცნების" ხელმძღვანელობის სახელით მადლობას ვუხდი ყველა აქტივისტს, ვინც ჩვენს წარმატებას აშენებს, ვინც ყოველდღიურად შრომობს იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს წინსვლა.

 

ჩვენ ვაცნობიერებთ, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს თითოეული ადამიანის აქტივობას რეგიონებში. ამიტომ მინდა, ყველა თქვენგანს დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი შრომისა და ღვაწლისათვის.

 

ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რეგიონებში კიდევ უფრო გავააქტიუროთ პარტიული რგოლის მუშაობა და მაქსიმალურად ჩავრთოთ ახალგაზრდობა ამ მუშაობაში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის გაწეული შრომა დაწყებული 2011 წლის შემოდგომიდან, ნაწილი თქვენგანი შემდგომ, უფრო გვიან შემოუერთდა პარტიას, მაგრამ აუცილებელია, რომ პარტიის კარი ღია იყოს ყველა ადამიანისთვის, ვისაც გააჩნია სურვილი, რომ ჩაერთოს სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში და პარტია „ქართული ოცნების" გაძლიერებაში.

 

მინდა, წარმოგიდგინოთ ინფორმაცია, რომელიც ვფიქრობ, ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს, მოგეხსენებათ ძალიან მოდაშია ნეგატივი და სამწუხაროდ, ძალიან ცოტა გადაიცემა იმის შესახებ თუ რა კეთდება ქვეყანაში. ამიტომ ხშირად არის ხოლმე, რომ ინფორმაცია ჩატარებული სამუშაოების შესახებ არ არის ცნობილი თუნდაც გვერდზე დასახლებულ პუნქტში მცხოვრები ადამიანებისთვის. ამიტომ მე მინდა, წარმოგიდგინოთ ინფორმაცია იმ სამუშაოს შესახებ, რომელიც კახეთის რეგიონში ბოლო წლების განმავლობაში შესრულდა, თუმცა თავშივე მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის მიზეზი იმისათვის, რომ ჩვენ ვიყოთ თვითკმაყოფილნი. რა თქმა უნდა, წინ გვაქვს ძალიან დიდი სამუშაო ჩასატარებელი იმისათვის, რომ გატარებული რეფორმების თუ აღმშენებლობის პროცესის შედეგი თითოეულმა ოჯახმა იგრძნოს თავის თავზე.

 

რეგიონში განხორციელდა ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი. მხოლოდ, ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა 82 კმ გზის რეაბილიტაცია, დასრულდა წყალმომარაგების 3 პროექტი, საერთო ღირებულებით 8 მლნ ლარი, რითაც წყალმომარაგება გაუუმჯობესდა დაახლოებით 1000 ადამიანს.

 

განხორციელდა სოფელ უდაბნოს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია; დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია; დედოფლისწყაროში, "ნიკორციხის" ხევში სატუმბი სადგურისა და მილსადენის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოები.

 

რეგიონში ბუნებრივი გაზის მიწოდების ქსელში ჩართვის საშუალება მიეცა დამატებით 43 315 ოჯახს; პროექტის „სინათლე ყველა სოფელს" ფარგლებში ელექტროენერგიის მიწოდების ქსელში ჩაერთო გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭერემი და აქ მცხოვრებ 50 ოჯახს მრავალი წლის შემდეგ პირველად მიეწოდა ელექტროენერგია.

 

რეგიონის მასშტაბით ექსპლუატაციაში შევიდა 5 ჰიდროელექტროსადგური - შილდაჰესი, ალაზანი-2 ჰესი, ახმეტაჰესი, ფშაველაჰესი, შილდა-1 ჰესი; მშენებლობის ეტაპზეა 7 ჰიდროელექტროსადგური, რომელთა ჯამური სიმძლავრე დაახლოებით 67 მგვტ-ია, ხოლო სავარაუდო ინვესტიცია - 88 მილიონ აშშ დოლარს აღწევს.

 

იგეგმება კიდევ 6 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რომელთა განხორციელების შემთხვევაში ქვეყნის ენერგოსისტემას დაახლოებით 32 მგვტ დადგმული სიმძლავრე შეემატება. თითოეული ეს ლარი, დოლარი თუ ევრო რა თქმა უნდა იხარჯება უმუშევრობის დაძლევასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში. ამავე დროს, მზის ენერგიის ათვისების კუთხით ხორციელდება შესწავლითი სამუშაოები რეგიონში და ამ მიზნით 2 პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა.

 

განხორციელდა მაგისტრალური გაზსადენების სისტემის კახეთის განშტოების „რუსთავი-საგარეჯოს" 25 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები; 2017 წელს დასრულდა ასევე აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალურ გაზსადენზე „თელავი-ახმეტის" 27 კმ-იანი სიგრძის მონაკვეთის მაღალი წნევის გაზსადენის მშენებლობაც. პროექტის ღირებულება დაახლოებით 2 მილიონი ლარია. ეს არის პროექტები, რომელიც უზრუნველყოფს კახეთის რეგიონის უწყვეტ გაზმომარაგებას.

 

დამტკიცდა იყალთოს ხევის განაშენიანების რეგულირების გეგმა; რისთვის გვჭირდება ჩვენ ეს გეგმა?! იმისთვის, რომ რა თქმა უნდა სტიქიური განვითარებები ავიცილოთ თავიდან, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და კანონზომიერი განვითარება გვქონდეს დასახლებულ პუნქტებში. მიმდინარეობს თუშეთის დასახლებების - ომალო, დართლო, ფარსმა, გირევი, დოჭუ, ჯვარბოსელი, შენაქო, დიკლო, ინდურთა, ეთელთა და ახმეტის მუნიციპალიტეტის დასახლებების - ზემო ალვანისა და ქვემო ალვანის სივრცით-ტერიტორიული მოწყობის გეგმაზე მუშაობა. ასევე მიმდინარეობს ქალაქ თელავის ქალაქთმშენებლობითი გენერალური გეგმის შემუშავებაც.

 

ახალი საბავშვო ბაღები აშენდა - თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში, სოფელ წინანდალში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი აფენში და ქალაქ ყვარელში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობიანში ბაღი დასრულების ეტაპზეა, - ჯამში ეს საბავშვო ბაღები 600 ბავშვს ემსახურება. ამასთან, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 127 საბავშვო ბაღს, პროექტების ღირებულება 9 მილიონ ლარზე მეტია.

 

„აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, კახეთის რეგიონში მხარდაჭერილია 16 პროექტი, მათი ჯამური ინვესტიციის მოცულობა 58 მლნ ლარზე მეტია. პროექტებით სულ დაახლოებით 600 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს. მეგობრებო, ეს არის პროექტები, რომლებიც ადგილობრივი წარმოების გაძლიერებისა და აღორძინებისთვის არის დანიშნული და სწორედ, ამ პროექტების საშუალებით ხდება იმპორტის ჩანაცვლება ადგილობრივი პროდუქციით. ასევე, ადგილობრივი წარმოების განვითარება და სამუშაო ადგილების შექმნა ამ რეგიონში. ეს პროექტებია: ხის გადამამუშავებელი საწარმო საგარეჯოს მუნიციპალიტეტში; ეთერზეთებისა და თექის პროდუქციის საწარმო ახმეტაში; რძის გადამამუშავებელი საწარმო ყვარელში და ა.შ. თითოეული მათგანი ასაქმებს ათობით ადგილობრივ მაცხოვრებელს და ეს არის ათობით და ასობით, ჯამში, ადგილობრივი უზრუნველყოფილი, წელში გამართული ოჯახი.


 

რაც შეეხება, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტს, პროგრამას - „აწარმოე საქართველოში" გააჩნია სასტუმროების განვითარების თანადაფინანსების პროგრამა და ამ პროგრამით მხარდაჭერილია 12 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 43 მლნ ლარს. გათვალისწინებულია 350-ზე მეტი დამატებითი ოთახისა და ასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნა.

 

სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავლის" ფარგლებში კახეთში 1,609 ჰა-ზე შენდება ვაშლის, კაკლის, თხილის, ნუშის, ხურმისა და ქლიავის ახალი ბაღები. ხორციელდება 204 პროექტი, ჯამური ინვესტიციით 13 მილიონი ლარი. სასოფლო-სამეურნეო სახელმწიფო პროგრამების - შეღავათიანი აგროკრედიტი, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამმუშავებელ და შემნახველ საწარმოთა თანადაფინანსება და აგროწარმოების ხელშეწყობა განხორციელების შედეგად, კახეთის რეგიონში გაიხსნა 55 ახალი საწარმო და გაფართოვდა 359; სრულმა ინვესტიციამ 55 მილიონ 300 ათასამდე დოლარი შეადგინა; დასაქმდა 8000-მდე ადამიანი. მათ შორისაა: ხილის გადამამუშავებელი საწარმო ყვარელში; ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმო სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში; ღვინის საწარმო ყვარლის რაიონის სოფელ გრემში; რძის გადამამუშავებელი საწარმო ყვარლის რაიონის სოფელ ენისელში და ა.შ.

 

ამას იმიტომ ვამბობ კონკრეტული ჩამონათვალის გათვალისწინებით, რომ მინდა, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა და განსაკუთრებით ჩვენი პარტიის აქტივმა იცოდეს გაკეთებული საქმეების შესახებ. კახეთში რეგისტრირებულია 158 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელთა საქმიანობის ძირითადი დარგებია მევენახეობა, მეხილეობა, მემარცვლეობა და მეფუტკრეობა. „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების" სახელმწიფო პროგრამა, რომელიც წელიწადნახევრის წინ წამოვიწყეთ და რომლის მიზანიცაა ის, რომ ადგილობრივი სათიბ-საძოვრები არ გასხვისდეს სხვაზე, რათა ადგილობრივმა კოოპერატივებმა და მცხოვრებლებმა შეძლონ მეცხოველეობის განვითარება. ამ პროგრამის ფარგლებში კახეთის რეგიონიდან გვაქვს უკვე 2 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი. ახმეტის მუნიციპალიტეტიდან სახელმწიფო პროგრამის მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში გაწევრიანებულია 20 ადგილობრივი მეპაიე, ანუ ადგილობრივი მცირე ფერმერი. პროგრამის ფარგლებში მთავრობის გადაწყვეტილებით მათ 311 ჰა სათიბ-საძოვარი 25-წლიანი იჯარით გადაეცა.

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან სახელმწიფო პროგრამის მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში გაწევრიანებულია 25 ადგილობრივი მცირე ფერმერი. პროგრამის ფარგლებში მთავრობის გადაწყვეტილებით მათ 442 ჰა სათიბ-საძოვარი 25-წლიანი იჯარით გადაეცა.

 

რაც შეეხება რთველს კახეთში - მთლიანად 2013-2017 წლებში მევენახეებმა ჯამში 615 მლნ ლარამდე შემოსავალი მიიღეს. და ეს სწორედაც შესაძლებელი გახდა სახელმწიფოს სწორი პოლიტიკით, პირველ რიგში სუბსიდირების კუთხით ამ მიმართულებაზე და ასევე, რა თქმა უნდა, დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მიღწეული შედეგით. ყველაფერი ამის შედეგად, ჩვენ მივიღეთ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მეღვინეობა-მევენახეობის არნახული აღორძინება. მე არ მინდა, ნეგატივზე შევჩერდე, მაგრამ ყველას გვახსოვს სახელმწიფო პროგრამები, როდესაც ფულს უხდიდნენ ვენახის გასაჩეხად. დღეს მიმდინარეობს ვენახების განაშენიანება. მიწაზე არის ძალიან დიდი მოთხოვნა. ახალი ვენახების გაშენებაზე ასევე არის ძალიან დიდი მოთხოვნა და დასაქმებაც არის უპრეცედენტო. კახეთის მოსახლეობამ, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან დიდი შვება მიიღო ამ დარგის განვითარების შედეგად.

 

ღვინის ექსპორტის ასევე დივერსიფიკაციის შედეგად, სხვადასხვა ქვეყნებში ბაზრების განვითარების შედეგად მივიღეთ ის, რომ დღეს ღვინის ექსპორტი სტაბილურია და ამ დარგის ზრდას წინ ვერაფერი დაუდგება. ასევე, სწორი პოლიტიკის შედეგად მივიღეთ ის, რომ თანდათანობით გამოვდივართ სუბსიდირებიდან. 2017 წელს პრაქტიკულად ბაზარზე დაფუძნებული იყო მთლიანად შესყიდვის პროცესი და მიუხედავად ამისა, ჩვენ პრაქტიკულად გაუყიდავი ყურძენი არ დაგვრჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მიმართულება ძალიან წარმატებით ვითარდება და აქ არიან კიდევ ახალ-ახალი ინვესტორები, რომლებიც შემოდიან საქართველოში და კიდევ არაერთ ძალიან წარმატებულ პროექტს ვიხილავთ.

 

კახეთის რეგიონში დასრულდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 42 სარეაბილიტაციო პროექტი, ჯამური ღირებულებით 23 მილიონი ლარი. ძალიან მნიშვნელოვანია ირიგაცია, წყალმომარაგება სოფლის მეურნეობაში. მოგეხსენებათ, რომ გასარწყავიოანებას ეთმობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა - ათასობით ახალი ჰექტარი გასარწყავიანდება ამ პროგრამების შედეგად. დღეისათვის მიმდინარეობს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 11 სარეაბილიტაციო პროექტი, ჯამური ღირებულებით 16 მილიონ 600 ათასამდე ლარი.

 

ყვარელი-ლაგოდეხის სატყეო უბნის ტერიტორიის 6,6 ჰა-ზე მოეწყო ტყის დროებითი სანერგე და პლანტაცია; დედოფლისწყარო-სიღნაღის სატყეო უბნის ტერიტორიაზე 5,8 ჰა-ზე გაშენდა აკაციის პლანტაცია; ასევე სატყეო უბნების ტერიტორიებზე აკაციის პლანტაცია გაშენდა ყვარელ-ლაგოდეხში 3,5 ჰა-ზე და გურჯაანში 14,7 ჰა-ზე. ამ მიმართულებითაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სანერგე მეურნეობები განვავითაროთ - სწორი ჯიშები შემოვიტანოთ და რა თქმა უნდა, ტრადიციული ჯიშებიც განვავითაროთ.

 

რაც შეეხება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას - აშენდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს 1000 მოსწავლეზე გათვლილი და იორმუღანლოს 1000 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლები. 50 საჯარო სკოლას კი, ჩაუტარდა რეაბილიტაცია. მიმდინარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოს მცირეკონტიგენტიანი საჯარო სკოლის მშენებლობა. კახეთის რეგიონში სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები ფუნქციონირებს გურჯაანში, ლაგოდეხში, დედოფლისწყაროში, ახმეტასა და თელავში.

 

ახმეტის საზოგადოებრივი კოლეჯი ,,აისი" ემსახურება 600 სტუდენტს. შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის სასწავლო გარემოს შესაქმნელად განხორციელდა კოლეჯის რეაბილიტაცია და ამასთან, კოლეჯში მოეწყო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფერმა. კოლეჯი აღიჭურვა ახალი მოდულური პროგრამების განხორციელებისათვის საჭირო აღჭურვილობით, დაინერგა დუალური/სამუშაოზე დაფუძნებული, ანუ გერმანული მოდელის პროგრამები მეხილეობის, მეცხოველეობისა და მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით. ჩვენ ვიზიარებთ საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას და ძალიან მნიშვნელოვანია რომ პროფესიული პროგრამები განვავითაროთ. ეს არის პირდაპირი გზა დასაქმებისკენ, არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის. გადამზადების პროგრამები მუშაობს ნებისმიერი ასაკის ადმაიანებისთვის.

 

წელს განხორციელდა სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამა, რომელშიც ჩართული იყო ახმეტის, თელავის, დედოფლისწყაროს, გურჯაანისა და ლაგოდეხის 15 საჯარო სკოლა. ლაგოდეხში მოეწყო ახალგაზრდული ეკოსოფელი, სადაც ათობით ახალგაზრდამ შეძლო დასვენება და პროექტებში მონაწილეობა.

 

კახეთში, სოფელ მანავში 2013 წლიდან ეწყობა საზაფხულო ბანაკი 12-16 წლის ახალგაზრდებისათვის, რომლის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, არაფორმალური განათლება და ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია. კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 82 სოფლის ამბულატორია, რომელიც სრულადაა აღჭურვილი. აქედან, რეგიონის 8 სოფელში - შალაური, კართუბანი, მაშნაარი, მუკუზანი, საქობიანო, კუჭატანი, არბოშჩიკი, უდაბნო - ახალი ამბულატორიები აშენდა. დედოფლისწყაროში აშენდა 25 საწოლზე გათვლილი, უახლესი აპარატურით აღჭურვილი მრავალპროფილიანი კლინიკა.

 

30%-ით გაიზარდა სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასები. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. კახეთის რეგიონს 209 სოფლის ექიმი და 223 ექთანი ემსახურება. 27 ახალი ავტომობილით განახლდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი. 

 

კახეთის რეგიონში, „სოფლად სახლის" პროექტის ფარგლებში, 60 დევნილი ოჯახისთვის შესყიდულ იქნა კერძო სახლი საკარმიდამო მიწის ნაკვეთით. ლაგოდეხში გაიხსნა იუსტიციის სახლი. ასევე საზოგადოებრივი ცენტრები გაიხსნა კახეთის მუნიციპალიტეტების შემდეგ სოფლებში: ნუკრიანში, შილდაში, კაბალში, იორმუღანლოში, კაჭრეთში. ამჟამად საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა მიმდინარეობს შემდეგ სოფლებში: სანიორეში, წნორში, ახალსოფელსა და უდაბნოში.

 

კახეთი მდიდარია ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, რომელთა დაცვა ჩვენი ვალია. მინდა გაგაცნოთ ის სამუშაოები, რომლებიც ამ მიმართულებით ხორციელდება: რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფელ უჯარმის ჯვარპატიოსნის ეკლესიას, ასევე დავით-გარეჯის დოდოს რქის გუმბათიან ეკლესიას. ფონდი ქართუს ხელშეწყობით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა გურჯაანის სოფელ კალაურში იოანე ნათლისმცემლის ეკლესიას; გურჯაანის სოფელ სანაგირეში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესიას და ლაგოდეხის მაჭის ციხეს. რეაბილიტაცია ჩაუტარდა და თითქმის დამთავრებულია თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრის შენობა. საერთო ღირებულებაა 1 200 000 ლარი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა „თელავის ისტორიულ მუზეუმს" და ბატონის ციხის კომპლექსში შემავალ ერეკლე II სასახლეს. მუზეუმი გაიხსნება საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენით. დაგეგმილია უჯარმის ციხე-ქალაქისა და „ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმის" რეაბილიტაცია.

 

დასასრულს უახლოვდება თელავში მულტიფუნქციური, ორდარბაზიანი სპორტის სასახლის მშენებლობა, რომელიც სპორტის სხვადასხვა სახეობაზეა გათვლილი. დიდი დარბაზი 1 500 მაყურებელს დაიტევს, ხოლო პატარა - 500 მაყურებელს. წელს სწორედ ეს სასახლე უმასპინძლებს ხელბურთის ჩემპიონატს. დაახლოებით 10 მლნ დოლარი იხარჯება თელავის სპორტის სასახლის მშენებლობაზე. კახეთში ფონდი ,,ქართუ" აშენებს საერთაშორისო სტანდარტების რაგბის ბაზას.

 

ტურიზმის განვითარება მთავარი პრიორიტეტია რეგიონისთვის. კახეთს ნამდვილად აქვს ამის უზარმაზარი პოტენციალი. წელს გაიხსნება მსოფლიოში ცნობილი ბრენდების სასტუმროები: ,,რედისონი წინანდალი", ,,ჰოლიდეი ინი თელავი"; 2019 წელს კახეთს შეემატება სასტუმროები ,,გოლდენ ტიულიფი" და ,,ვილა გოდოლი". ახალი სასტუმროების გახსნის შედეგად კახეთის სასტუმრო ობიექტებს 640 საწოლ-ადგილი დაემატება, რაც გაზრდილი ტურისტული ნაკადისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.

 

კახეთში ასევე დაგეგმილია ათეულობით პატარა კერძო შატოს და მარანის, მცირე ჰოსტელების და სასტუმროების მშენებლობა, რაც მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი მოსახლეობისთვის და ასევე, ტურიზმის სფეროს განვითარებისთვის.

 

მე უკვე ვთქვი და მინდა ახლაც გითხრათ, რომ ჩვენ განვიხილავთ კახეთში აეროპორტის მშენებლობას და ასევე, ვფიქრობთ თბილისი-საგარეჯო-გურჯაანი-თელავის სარკინიგზო გზის აღდგენის პერსპექტივაზე. იცით, რომ თუშეთში შენდება ახალი გზა, რომელიც თბილისიდან სამჯერ შეამცირებს საავტომობილო მგზავრობის ხანგრძლივობას თუშეთის მიმართულებით და რა თქმა უნდა, ააღორძინებს და ახალ სიცოცხლეს შემატებს პანკისის ხეობას.

 

ყოველივე ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ უპრეცედენტოდ მზარდ ტურისტულ ნაკადს რეგიონში. თუშეთის განვითარება, ზამთრის ტურისტული პროექტების დაგეგმვა და შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გარემოს, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ აქტივობას ამ ულამაზეს კუთხეში. კახეთი მალე გახდება ოთხივე ტურისტული სეზონის მასპინძელი მხარე.

 

ესაა ის კონკრეტული საქმე, მეგობრებო, რომელიც ჩვენი, ყველას ერთად მუშაობით შესრულდა. მე მინდა, რომ ყველა თქვენგანმა ამ გაკეთებული საქმის აქტიურ მონაწილედ იგრძნოს თავი. ყველას უნდა ჰქონდეს სიამაყის გრძნობა. რათმაუნდა, ეს ყველაფერი არაა და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა იმისათვის, რომ მივაღწიოთ აღმოსავლეთ ევროპის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ცხოვრების დონეს და ეს არის რეალობა. იმ სტაბილურობით, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ მოიტანა, იმ ეკონომიკური ზრდის ტემპით, რომელიც შარშან დაფიქსირდა და წელს შესაძლოა უფრო მეტიც იყოს. დამერწმუნეთ, რომ ეს არის რამდენიმე წლის საქმე, რომ ჩვენ მაქსიმალურად დროზე მოვიყვანოთ დაპირებული კეთილდღეობა საქართველოს თითოეულ ოჯახში. ეს არის ჩვენი ამოცანა.

 

რა თქმა უნდა, ნომერ პირველ ამოცანად რჩება ქვეყნის დეოკუპაცია და ქვეყნის გამთლიანება. ამ მიმართულებითაც, მიუხედავად გამოწვევებისა, მიუხედავად უმძიმესი პროვოკაციებისა, მიუხედავად ძალიან მნიშვნელოვანი უსაფრთხოების რისკებისა, რომლებიც არსებობს ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ პრაგმატული პოლიტიკით, გაწონასწორებული პოლიტიკით მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს პოლიტიკა არ გავა კომპრომისებზე, არც ერთი კომპრომისი ქვეყნის სუვერენულ გადაწყვეტილებებში და ტერიტორიულ მთლიანობაში არ იქნება, მაგრამ შესაძლებელია ჩვენ მივაღწიოთ გრძელვადიან სტაბილურობას და მშვიდობას თანმიმდევრულობით, ყველა თქვენგანის ჩართულობით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს შესაძლებელია, ეს იქნება რეალობა საქართველოში და ამას ბევრი წელი არ დასჭირდება.

 

აუცილებელია რეგიონების ჩართულობის ზრდა, აუცილებელია რომ ჩვენ მეტი გადაწყვეტილებების მიღების უფლება მივცეთ რეგიონებს, ადგილობრივ თვითმმართველობებს და ჩვენ აქეთკენ მივდივართ. სულ ცოტა ხნის წინ, პარლამენტთან ერთად დავაანონსეთ ახალი რეფორმა. ეს იქნება ფუნდამენტური რეფორმა ქვეყნის თვითმმართველობების გაძლიერებისთვის. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ დაახლოებით 8 წელიწადში ჩვენი რეგიონების დაფინანსების დონე მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში იყოს ევროპულ დონეზე. ეს ნიშნავს, რომ უნდა გაორმაგდეს მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში რეგიონების დაფინანსების მაჩვენებელი. ეს კი თავისთავად ნიშნავს, რომ თქვენ, მეგობრებო, რეგიონში მცხოვრები ადამიანები, ისინი, ვინც ჩართულნი არიან ადგილობრივ თვითმმართველობაში, პარტიის აქტივისტები დასხდებით და თქვენ გადაწყვეტთ თქვენს საკუთარ პრიორიტეტს. რა თქმა უნდა, ცენტრალური ხელისუფლება ხელს არ იბანს იმაზე, რომ იყოს ცენტრალური ხელისუფლების პროგრამები, მაგრამ მთავარი გადაწყვეტილებები, თუ რა უნდა დაფინანსდეს, რა არის პრიორიტეტი რეგიონებში მიღებულ იქნება ადგილობრივ დონეებზე. ამას სჭირდება ადამიანური პოტენციალის განვითარება, პარალელურად, მაგრამ ეს მიღწევადია. დიდი მადლობა ყურადღებისთვის! თქვენი იმედი მაქვს და იცოდეთ, რომ ჩვენი ერთიანობით ყველაფერი მიღწევადია!“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

 

 

 



ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები