"ჩვენ არ მიგვაჩნია რომ სამშენებლო კოდექსი დეველოპერულ ბაზარზე ფასების ზრდას გამოიწვევს", - ასე პასუხობს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ირმა ქავთარაძე ოპონენტების კრიტიკას, სამშენებლო კოდექსის ეკონომიკურ ეფექტთან დაკავშირებით.
"ევროპული საქართველოს’’ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, დეველოპერებისათვის სამშენებლო მასალების მაღალი სტრანდარტის დადგენის შედეგი იქნება ის, რომ ბაზარზე საცხოვრებელი ფართები გაძვირდება. არგუმენტად დეპუტატს "სამშენებლო კოდექსის’’ რეგულირების გავლენის შეფასება მოჰყავს, სადაც წერია, რომ შესაძლოა კანონის ამოქმედებით ფასები 10-15%-ით გაიზარდოს.
ირმა ქავთარაძე ოპონენტების აზრს არ იზიარებს, თუმცა არ უარყოფს, რომ ხარისხიანი სამშენებლო მასალებით აშენებული ფართები, უხარისხო მასალებით ნაშენებზე ძვირი ღირდეს.
"ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ეს ფასების ზრდას გამოიწვევს. გამომდინარე იქიდან ,რომ ეს არის ისეთი რეგულაციები, რომელსაც საქართველო შეუერთდა ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე და ენერგოეფექტიანობა იმას ნიშნავს, რომ მოსახლოებამ უნდა დაზოგოს ენერგია, შედეგად ენერგო მოხმარება და ხარჯი უნდა შემცირდეს. უკეთესი ხარისხით თუ იქნა ნაშენები ბინა შესაძლოა იყოს უფრო ძვირი, ვიდრე უხარისხოდ ნაშენები, მაგრამ ეს ახლაც ასე ხდება. რაც შეეხება უსაფრთხოებას, უსაფრთხოების ნორმები იგივე სამშენებლო მასალების მიმართ უნდა იყოს დაცული და როდესაც ჩვენ ბინას შევიძენთ, უნდა ვიყოთ გარანტირებულნი, რომ იქ რადიაციის ფონი დასაშვებზე მეტად არ იყოს მომატებული და რომ უმცირესი რყევის გამო თავზე არ დაემხობა ბინა ადამიანს", - აცხადებს ირმა ქავთარაძე.
წყარო : bm.ge