ამირან გიგუაშვილი – „სასამართლოებში შემორჩენილი პრაქტიკა, რომ „სახელმწიფო ყოველთვის მართალია“ უნდა დასრულდეს“

access_time2018-02-05 19:15:05

სასამართლოებში წლების მანძილზე გაჭიანურებული დავები სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის, საბანკო ანგარიშებზე დაყადაღებული მილიონობით ლარი, ბიზნესმენების და მოქალაქეების იძულება იარონ სხვადასხვა სასამართლო ინსტანციებში, დაიქირავონ ადვოკატები, წერონ საჩივრები, წინასწარ იხადონ სასამართლო ბაჟი   ყველაფერი ეს ერთად აღებული თუ ცალ-ცალკე აისახება ჩვენს ყოველდღიურობაზე და ხელს უშლის როგორც ბიზნესის განვითარებას, ისე მძიმე ტვირთად აწვება მოქალაქეებს, რომელთა წინააღმდეგაც სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურები დგანან უზარმაზარი ადმინისტრაციული რესურსით.

 


როგორ უნდა გადაწყდეს ადმინისტრაციული დავები სწრაფად და რა ტენდენციებია სასამართლოში დღეს, ამ საკითხებზე რადიო „კომერსანტი“ ადვოკატ ამირან გიგუაშვილს ესაუბრა.

 


-მოქალაქეებსა და ბიზნესმენებს წლების მანძილზე უწევთ სასამართლო დავებში მონაწილეობა, სადაც მოწინააღმდე მხარედ ადმინისტრაციული ორგანოები არიან შემოსავლების სამსახურის, აღსრულების ბიუროს თუ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების სახით. რამდენად ეფექტურია სასამართლოს დამოკიდებულება ამგვარ დავებთან მიმართებაში? 

 


-როდესაც ფაქტია, რომ თუნდაც მხოლოდ პირველი ინსტანციის გასავლელად, მოქალაქეებს და ბიზნესმენებს წლები სჭირდებათ, რთულია ეფექტურობაზე ისაუბრო. შეიძლება ითქვას ასეულობით მილიონი ლარია დღეს გაჭედილი სასამართლოებში, მაშინ როდესაც თუ ეს ფული გამოთავისუფლდება ისევ და ისევ ეკონომიკურ განვითარებას და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას მოხმარდება. ისიც ფაქტია, რომ მოსამართლეების რაოდენობა არ არის საკმარისი იმ რაოდენობის საქმეების განსახილველად, რაც დღეს საჩივრების სახით არის შესული სასამართლოებში. მაგრამ გარდა ამისა, პრობლემად რჩება ის, რომ სასამართლოები ზოგჯერ იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც არანაირად არ შეესაბამება არც სახელმწიფოს და არც ბიზნესის ინტერესებს, რაც გაჭიანურებული დავების გამო ისედაც დაზარალებულ კერძო სექტორს, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აგდებს.

 


-გულისხმობთ, რომ სასამართლოები გადწყვეტილებებს სახელმწიფოს სასარგებლოდ იღებენ?

 


-ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ დღეს შედარება არ არის იმ მიდგომასთან, რაც სასამართლოებში იყო 2012 წლამდე. ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს, მაგრამ სამწუხაროდ ზოგჯერ ისევ პრობლემად რჩება მიდგომა, რომ „სახელმწიფო ყოველთვის მართალია“, რაც უნდა დასრულდეს. მეტსაც გეტყვით, სახელმწიფო უმეტესად არ არის მართალი კერძო სექტორთან მიმართებაში. მომჩივანთა უდიდესი ნაწილი არიან არა სახელმწიფო უწყებები, არამედ მოქალაქეები და ბიზნესმენები, რომლებიც უკანონო ადმინისტრაციულ აქტებს ასაჩივრებენ. ეს არის საგადასახადო შემოწმების აქტები, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში აგდებს ბიზნესს. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტები, გადახდის გამარტივებული ბრძანები, არასწორად ჩატარებული აუქციონები, საეჭვო ტენდერები, მშენებლობის უკანონო ნებართვები და კიდევ სხვა მრავალი, რის გამოც ადამიანები მიდიან სასამართლოებში. რა თქმა უნდა სასამართლო არსებობს იმისთვის, რომ სახელმწიფოს შეცდომა გამოასწროს და როდესაც საჩივარი შეაქვს მოქალაქეს სწორედ ამის იმედი აქვს, თუმცა როგორც აღვნიშნე ზოგჯერ სამართლიანობის ნაცვლად ის კიდევ უფრო დიდ პრობლემებს აწყდება, წლების მანძილზე გაჭიანურებული დავების თუ უსამართლო გადაწყვეტილებების სახით.


 


-თქვენ უსამართლო გადაწყვეტილებები ახსენეთ. კონკრეტულად თუ შეგიძლიათ რომელიმე ასეთი გადაწყვეტილების შესახებ ისაუბროთ.

 


-ზოგადად როდესაც ადვოკატი რომელიმე კონკრეტულ საქმეზე საუბრობს, რა თქმა უნდა არსებობს გარკვეული ეჭვი, რომ ის ტენდენციურია, რადგან ჩვენ დაინტერესებულ მხარეს წარმოვადგენთ, მაგრამ მეორეს მხრივ, არის ფაქტები, რომელიც შეუიარაღებელი თვალითაც კი აჩვენებს ასეთი გადაწყვეტილებების უკანონობას. მაგალითად, შეუძლებელია არ ისაუბრო უკანონობაზე, როდესაც სააპელაციო სასამართლო ისე აუქმებს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, არც კი შეისწავლის საქმეს საფუძვლიანად და თავად აფასებს რა უნდა ეგულისხმა მოქალაქეს ხარვეზიანი ადმინისტრაციული აქტის გაცნობისას.

 

 

უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, ერთ-ერთი კომპანიის „ბაკარა ჯუელრის“ საქმეზე აღსრულების ეროვნული ბიუროს შეტყობინებას აკლდა მთელი აბზაცი, თუ რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვებოდა კომპანიის მიერ 10 დღის ვადაში პროტესტის წარუდგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ ეს ხარვეზი ცხადია არსებითად ჩათვალა და უკაკნონოდ ცნო ასეთი შეტყობინების საფუძველზე გამოცემული გადახდის ბრძანება. სააპელაციო სასამართლომ კი მიიჩნია, რომ მხარეს შეეძლო ევარაუდა რა მოჰყვებოდა ამ ვადაში პროტესტის წარუდგენლობას და სახელმწიფოს სასარგებლოდ განმარტა ეს აქტი, მაშინ როდესაც ადმინისტრაციულ დავებში მტკიცების ტვირთი სწორედ სახელმწიფოს ეკისრება. ეს სრულიად დაუშვებელი პრაქტიკაა, რაც არ შეიძლება დაინერგოს, რადგან ამგვარი მიდგომით გამოდის, რომ აზრი არ აქვს განგიმარტათ თუ არა ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულად თქვენი უფლებები და მოსალოდნელი შედეგები, სახელმწიფო ყოველთვის მართალი იქნება, ხოლო თქვენ ყოველთვის მოგიწევთ თავი იმართლოთ. ასევე შემიძლია მოგიყვანოთ მეორე მაგალითი, როდესაც მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში შემოსავლების სამსახურთან დავა სამი წელი გრძელდებოდა. მოსამართლემ კი იმის მაგივრად, რომ საქმე არსებითად გადაეწყვიტა, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა შემოსავლების სამსახურს და გამოდის, რომ მეწარმე ისევ იმ ორგანოში დააბრუნა სიმართლის საძიებლად, რომელსაც მთელი სამი წელი სასამართლოში, მანამდე კი ორი წელი თავად ამ სისტემაში ედავებოდა. ამ დროს ამ კომპანიას უკვე ხუთი წელია საბანკო ანგარიშზე ფული აქვს დაყადაღებული და თუნდაც მხოლოდ ინფლაციის გამო უზარმაზარი ზიანი განიცადა. ასეთი საქმეები მრავლადაა და ეს ყველაფერი ზიანს სწორედ მართლმსაჯულების მიმართ ნდობას აყენებს.

 


-რა უნდა გაკეთდეს ამ ნდობის მოსაპოვებლად და როგორ უნდა განიტვირთოს სასამართლო ათასობით საჩივრისგან, რომლებიც სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქალაქეების დავებს უკავშირდება.

 


-პირველ რიგში თვითონ სახელმწიფომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ არ არის საჭირო ყველა საქმეზე ადამიანებმა სასამართლოებში იარონ. დღეს ადმინისტრაციულ ორგანოებს და ჩინოვნიკებს აქვთ არაოფიციალური მითითება, რომ თუნდაც წააგონ პირველ ინსტანციაში სასამართლო, მიუხედავად იმისა თუ რა პერსპექტივა აქვს დავას, მაინც გაასაჩივრონ გადაწყვეტილება ყველა ზემდგომ ინსტანციაში. ეს მავნე პრაქტიკა ჯერ კიდევ შევარდნაძის ეპოქიდან მოდის და ეს უნდა დასრულდეს. გარდა ამისა ცხადია მნიშვნელოვანია მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდა და პარალელურად იმ შეგნების დამკვიდრება, რომ სახელმწიფო უმეტესად არ არის მართალი. ეს შეგნებაც ძველი დროიდან მოდის და სამწუხაროდ ასეთი კლიშე დღესაც ხშირ შემთხვევაში შავ ლაქად მიჰყვება სასამართლო პროცესებს, რაც ცხადია ხელს უშლის მართლმსაჯულების განვითარებას და სამართლიანობს განცდას საზოგადოებაში.

 

„კომერსანტი“ 

 

 

 

 



„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....

„ეფლი“, „გუგლი“, „თურქული ავიახაზები“ და სხვა ცნობილი კომპანიები, რომელთა აქციონერიც ბიძინა ივანიშვილია

person access_time2018-02-17 10:00:01
“2017 წლის 27 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.80 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს”, – ამის შესახებ ინფორმაცია „ბლუმბერგის“ 2017 წლის მილიარდერების სიაშია მოცემული, რომელშიც...


მსგავსი სიახლეები