გიორგი სამანიშვილი: „ევროპაში ღვინის დეფიციტი თუ შეიქმნება, ეს ქართულ ღვინოზე მოთხოვნას არ გაზრდის“

access_time2018-01-29 10:40:11

გასულ წელს ევროპის ქვეყნებში ყურძნის მოსავალი, წინა წლებთან შედარებით, დაბალი იყო. შესაბამისად, გამორიცხული არ არის, რომ 2018 წელს ევროპაში ღვინის დეფიციტი შეიქმნას.


ჩაანაცვლებს თუ არა ევროპის ბაზრებზე დეფიციტურ ღვინოს ქართული ღვინო, ამ კითხვით ღვინის ეროვნული სააგენტოს თვმჯდომარე გიორგი სამანიშვილს მივმართეთ.


როგორც სამანიშვილი „კომერსანტთან“ აცხადებს, ევროპაში ღვინის დეფიციტი თუ შეიქმნება, ეს ძირითადად დაბალფასიან ღვინოს შეეხება. ქართული ღვინო კი საშუალო და საშუალოზე მაღალფასიან სეგმენტში გადის. ამიტომ დაბალფასიან ღვინოს ვერ ჩაანაცვლებს.


„ევროპის ქვეყნებში ღვინოზე მოთხოვნილება გაზრდილია. გასულ წელს ყურძნის მოსავალი მაღალი არ იყო, თუმცა, ეს უფრო დაბალფასიან ღვინოს შეეხება. მასზე იქნება დიდი მოთხოვნა და დანაკლისს იაფიანი ღვინის მწარმოებელი ქვეყნები შეავსებენ. ჩვენი საფასო სეგმენტი კი საშუალო და საშუალოზე მაღალია. იმის გამო, რომ ევროპაში დეფიციტია, არამგონია ქართული ღვინის მოხმარება გაიზარდოს, რადგან ეს სხვადასხვა საფასო სეგმენტია“, - აცხადებს სამანიშვილი.


მისი თქმით, მიმდინარე წელს არის მოლოდინი, რომ ევროპულ და მსოფლიო ბაზრებზე ქართულ ღვინოზე მოთხოვნა გაიზრდება: „მოლოდინი გვაქვს, რომ ქართულ ღვინოზე მოთხოვნა გაიზრდება და ევროპის ქვეყნებში მიწოდებას გავზრდით. ევროპის გარდა, აზიის და აშშ-ს მიმართულებით გაცილებით მეტი ღვინო გავა. 2018 წელს ბაზრების დივერსიფიცირების პროცესი წარმატებული იქნება. ჩვენთვის ყველაზე სტრატეგიულ ბაზრებად ამერიკა, ჩინეთი, იაპონია და ევროპის ქვეყნები რჩება. აღნიშნული ბაზრების მიმართულებით წელსაც აქტიურად ვიმუშავებთ“, - აღნიშნავს სამანიშვილი.

 


ამასთან, ღვინის ეროვნულ სააგენტოში 1 თებერვლიდან ღვინის სერტიფიცრების ელექტრონული სისტემა ამოქმედდება. როგორც სამანიშვილი აღნიშნავს, სიახლე მომზადებულია, თუმცა პირველი თვე გარდამავალი იქნება, სანამ ღვინის კომპანიები ახალ წესს მიეჩვევიან.


„ციფრული პროგრამა უკვე მზად გვაქვს. რამდენიმე დღეში ცვლილებები შევა სერტიფიცირების წესში, რომელსაც სოფლის მეურნეობის მინისტრი ამტკიცებს და 1 თებერვლიდან უკვე სრული ვარიანტი გვექნება. ღვინის კომპანიები შეძლებენ სერტიფიცრების შესახებ განაცხადები ელექტრონულად გააკეთონ. თავდაპირველად, სანამ კომპანიები ახალ პროგრამას მიეჩვევეიან, სააგენტოში სპციალური სერვისი გვექნება. მათ შეეძლებათ ადგილზე მოვიდნენ და ჩვენ განაცხადის შევსებაში დავეხმარებით. გარდამავალი ეტაპი დაახლოებით ერთი თვე გაგრძელდება. შემდეგ უკვე მოლოდინი გვაქვს, რომ ღვინის ყველა კომპანია სერტიფიცირების ელექტრონულ სისტემაში სრულად იქნება ჩართული“, - აცხადებს გიორგი სამანიშვილი.


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც ღვინის ეროვნულ სააგენტოში უახლოეს მომავალში ამოქმედდება, ეს არის ქართული ღვინის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტი, რომელიც გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით შემუშავდა.


სააგენტოს თავმჯდომარის თქმით, სტრატეგია დაახლოებით 5-7 წელზე გათვლილი და მიზნად ისახავს ქართული ღვინის პოპულარიზაციის, ღვინის ხარისხის ამაღლებას და მეღვინეობის დარგის განვითარებას.


„ეს არის ჩვენი შიდა დოკუმენტი, რომელსაც ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს გავითვალისწინებთ. გარკვეული თეზისებით ისედაც ვხელმძღვანელობთ, მაგალითად ბაზრების დივერსიფიკაციის საკითხში. მასში მოხვდა ყველა ის მიმართულება, რაც დარგში მნიშვნელოვანია. სტრატეგია საშუალოვადიანია, დაახლოებით 5-7 წელზე გათვლილი. ფაქტობრივად, მასზე მუშაობა დასრულებულია. დოკუმენტი გამოქვეყნდება მას შემდეგ, რაც ქართული ვარიანტის რედაქტირება დასრულდება“, - აღნიშნავს სამანიშვილი.


მისივე თქმით: „დიდი ყურადღებაა გამახვილებული მევენახეობის მიმართულებით, რაც ქართული ენდემური ჯიშების წახალისებას, მათი გაშენების ხელშეწყობას მოიცავს. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ის ავთენტურობა, რაც ქართულ მეღვინეობას გააჩნია. ასევე, მნიშვნელოვანია ვენახების კადასტრის პროგრამა, რომელზეც ჩენი სააგენტო რამდენიმე წელია მუშაობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ ხარისხის კონტროლისთვის, ზოგადად დარგის ზუსტად დაგეგმისა და განვითარებისთვის. დოკუმენტში არის ასევე ნახსენები ბიომიმართულება, მეღვინეობის მიმართულებით ხარისხის მაქსიმალური კონტროლი და ხარისხის აწევა; მარკეტინგის მიმართულებით ბაზრების დივერსიფიკაცია, ექსპორტის ზრდა. მაგრამ ეს ზრდა მხოლოდ რაოდენობრივად კი არა, არამედ საფასო სეგმენტის ზრდის ხარჯზე უნდა მოხდეს. სტრატეგიაში გაწერილია განათლების მიმართულებაც, როგორც უმაღლესი, ასევე კოლეჯის დონეზე იმისთვის, რომ დარგში მაქსიმალურად პროფესიონალი კადრები გვყავდეს“.


რაც შეეხება მოდელს, თუ რომელი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით მომზადდა ღვინის განვითარების სტარტეგია, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ დოკუმენტი ქართული რეალობიდან გამომდინარე შემუშავდა. გამოკითხვები ჩატარდა, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევევ დარგში ჩართულ ყველა ორგანიზაციასთან, ექსპერტებთან. ყველა ეს მოსაზრება ერთად შეიკრიბა, დახარისხდა და ერთიანობაში ქართული ღვინის განვითრების სტრატეგია შემუშავდა.


ავტორი: თეონა კენჭიაშვილი




„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....

„ეფლი“, „გუგლი“, „თურქული ავიახაზები“ და სხვა ცნობილი კომპანიები, რომელთა აქციონერიც ბიძინა ივანიშვილია

person access_time2018-02-17 10:00:01
“2017 წლის 27 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.80 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს”, – ამის შესახებ ინფორმაცია „ბლუმბერგის“ 2017 წლის მილიარდერების სიაშია მოცემული, რომელშიც...


მსგავსი სიახლეები