„ნიჭიერი ადამიანები ბანკებში არ მიდიან სამუშაოდ“, — ამის შესახებ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას რუსული „ტინკოფ-ბანკის“ დამფუძნებელმა ოლეგ ტინკოვმა განაცხადა. ფორუმზე მისი გამოსვლა მიეძღვნა ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას მსოფლიოში.
გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს მისი გამოსვლიდან:
„მე ვგრძნობ კოგნიტიურ დისონანსს. თითქოს ვარ ბანკირი და ამავე დროს, არც ვარ. ჩვენ არ ვართ ბოლომდე ბანკი, მე ცუდად ვიცნობ საბანკო ტერმინოლოგიას და ვცდილობ ძალიან არ ჩავუღრმავდე ამ თემას. ჩვენ ვცდილობდით გვეყიდა სტარტაპები, მაგრამ ვერც ერთი ვერ ვიყიდეთ. ამერიკაში ამ სფეროში ჯერ კიდევ რაღაცა ხდება, ევროპაში კი ფინანსურმა ტექნოლოგიებმა ვერსად ვერ გაიმარჯვეს. რუსეთში ფინანსური ტექნოლოგიები ბევრად უფრო განვითარებულია. ჩვენი ბანკების ტექნოლოგიური დონე უფრო მაღალია, ვიდრე ევროპაში.
ამით შეგვიძლია ვიამაყოთ, „ტინკოფ-ბანკი“, „სბერბანკი“, „იანდექსი“... მსოფლიოში არსად არ არის არაფერი მსგავსი, მათ შორის, რეგულატორების გამო. რუსული რეგულაციები ბევრად უფრი რბილია, ვიდრე ევროპული ან ამერიკული.
ჩვენ ვაპირებდით ბანკის ყიდვას ინგლისში და შტატებში, მაგრამ იქ ყველაფერი ძალიან რთულია და გაუგებარი. ჩვენ არ გვაქვს არანაირი პრეტენზია მარეგულირებლებთან ერთის გარდა - თამაშის წესები უნდა იყოს ყველასთვის ერთიანი.
ფინანსური ტექნოლოგიების სტარტაპებს შეუძლიათ ერთმანეთთან კონკურენცია, მაგრამ ისინი უნდა დაემორჩილონ ყველა კანონს და წესებს. არ უნდა მოხდეს ის, რაც მოხდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზარზე.
შეიძლება იდეის დონეზე მისაღები იყოს, თუმცა ფაქტობრივად, გამოვიდა ძალიან ცუდი - მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ცხოვრობდნენ საკუთარი კანონებით და წესებით, და აკრედიტებდნენ მოსახლეობას ძალიან მაღალი პროცენტებით.
გამოდის, რომ ეს შეიძლება მიკროსაფინანსოებისთვის, მაგრამ არ შეიძლება ბანკებისთვის. თვისობრივად ბანკების და მისო-ები არაფრით არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან, თუმცა რეგულაციები განსხვავდება. ეს არასწორი მიდგომაა და ის უნდა შეიცვალოს.
მე არ მჯერა, რომ ბანკებს საბოლოოდ შერჩებათ გზავნილების და გადახდის ბიზნესი, ამას ალბათ, მომავალში გააკეთებენ ისეთი მსხვილი კომპანიები როგორც Google, Snapchat, Uber. თუმცა, ამით მათი შეღწევა ფინანსურ სექტორში დამთავრდება - იმისთვის, რომ შეხვიდე ნამდვილ საბანკო ბიზნესში, საჭიროა, კაპიტალი, ტექნოლოგიები და საკრედიტო ნოუ-ჰაუ.
საკრედიტო ბიზნესი - ძალიან რთული საქმიანობაა, მას სჭირდება გარკვეული უნარ-ჩვევები და ტაქტიკა.
მთავარი საფრთხე ბანკებისთვის - კადრებია. უფრო სწორედ კადრების მწვავე დეფიციტი.
ჩვენ ჩამოვაყალიბეთ კათედრა ტექნიკურ უნივერსიტეტში, მჭიდროდ ვმუშაობით მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ასევე სხვა ტექნიკურ უმაღლეს სასწავლებლებთან. ჩვენ უნდა ჩავდოთ ინვესტიციები განათლებაში. ყველას სურს მუშაობა Google-ში, Яндекс-ში, ან Mail.ru-ში, ჩვენთანაც ჯერ კიდევ მოდიან. ამის მიზეზი, ნაწილობრივ შესაძლოა ისიც იყოს, რომ მეც კედები მაცვია. ნიჭიერი ადამიანები ბანკებში სამუშაოდ არ მიდიან“.
ekb.dk.ru