„იმ შემთხვევაში, თუ ნატურალური მევენახეობა და მეღვინეობა გარკვეულ მასშტაბებს მოიცავს, წარმოებაც შესაბამისად გაიზრდება“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ ქართული ბრენდის „ღვინის ქურდების“ დამფუძნებელმა და დირექტორმა ავთანდილ კობახიძემ განუცხადა.
„ღვინის ქურდები“ ქართული ბრენდია, რომელიც გთავაზობთ განსხვავებულ ღვინოებს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ოჯახური მარნებიდან. კომპანია ყოველწლიურად 4 000 ბოთლს უშვებს. ის 2016 წელს გამოცდილებაზე დაყრდნობით სამმა მეგობარმა დააფუძნა.
— როდის შეიქმნა თქვენი ბრენდი და რას სთავაზობთ მომხმარებელს?
— ბრენდი 2016 წელს სამმა მეგობარმა დავაფუძნეთ. ჩვენ ღვინის ბიზნესში გარკვეული გამოცდილება გვქონდა. 2009 წელს ღვინის კლუბი დავაარსეთ. ჩვენი კომპანია ღვინის მცირე რაოდენობას უშვებს, რადგან ღვინო ნატურალურია. ყოველწლიურად 4 000 ბოთლს ვუშვებთ. ამჟამად გვაქვს ცოლიკოური, ციცქა-ცოლიკოური, რქაწითელი, რქაწითელი-მწვანე და საფერავი. გაზაფხულიდან კი 2016 წელს დაყენებულ რაჭულ-თეთრას ჩავუშვებთ გაყიდვაში.
— ღვინის ეს სახეობები მხოლოდ საქართველოში იყიდება თუ ექსპორტზეც გაგაქვთ?
— ჩვენი ბრენდის ღვინოები ექსპორტზე ამერიკასა (კალიფორნია) და საფრანგეთში (პარიზი) გადის. ამჟამად ამერიკაში 2 000 ბოთლი გავაგზავნეთ, ხოლო საფრანგეთში 600 ბოთლი. რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნებში ღვინის ექსპორტზე გატანას კვლავ ვგეგმავთ.
ამ ეტაპზე შემოთავაზება ავსტრიიდან მივიღეთ და წელსვე შესაძლოა, ექსპორტზეც გავიდეთ.
ზოგადად, ჩვენი წარმოების გაზრდა იმ ტენდენციით იგეგმება როგორც ქვეყანაში ნატურალური ღვინო განვითარდება. იმ შემთხვევაში, თუ ნატურალური მევენახეობა და მეღვინეობა გარკვეულ მასშტაბებს მოიცავს, წარმოებაც შესაბამისად გაიზრდება. თუ მასშტაბებზე გვინდა გასვლა დიდი რაოდენობის ნატურალური ღვინის წარმოება რთულია, რადგან ის ჩვენ ბაზარზე ცოტაა.
— საინტერესოა თქვენი როგორც ღვინის მწარმოებელის და ექსპორტიორის მოსაზრება, ქართულ ღვინოს ამერიკისა და საფრანგეთის ბაზრებზე რა საფასო სეგმენტში შეუძლია თავის დამკვიდრება?
— კონკრეტულად მაგ ბაზრებზე პრეტენზიული გემოვნების მქონე ადამიანები ცხოვრობენ, რომლებმაც კარგად იციან ღვინის ფასი და მხოლოდ ემოციური კავშირი არ აქვთ ქართულ ღვინოსთან. ისე როგორც ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს. შესაძლოა, ჩინეთის მსგავსად ამერიკისა და საფრანგეთის ბაზრებზე დიდი რაოდენობის ღვინო ვერ გაიყიდოს, თუმცა შესაბამისად, მაღალი ხარისხის ღვინო ხუთმაგ ფასად გაიყიდება.
რაც შეეხება ზოგადად ქართული ღვინის ხარისხს, აქ კომპრომისი არ უნდა დავუშვათ და ჩვენი ადგილის ძებნა შედარებით მაღალ საფასო უკეთეს ხარისხობრივ სეგმენტში გავაგრძელოთ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ბოლო ინფორმაციით 2017 წელს ექსპორტზე გავიდა 170 მილიონი დოლარის ღირებულების ქართული ღვინო, სულ 76.6 მილიონი ბოთლი. გამოდის, რომ ერთი ბოთლის ღირებულება 2.2 დოლარს შეადგენს, რაც ძალიან დაბალი ფასია ღვინის აკვნის სტატუსის და შეზღუდული წარმადობის გამო.
ამასთან ერთად, ექსპორტირებული რაოდენობის დაახლოებით 25%-ს შეადგენენ ძვირადღირებული ადგილწარმოშობის ღვინოები ( ქინძმარაული, მუკუზანი, ახაშენი, ხვანჭკარა, ტვიში). ლოგიკურად ამ ღვინოების გარეშე, ბოთლი ღვინის საშუალო ფასი 2.2 დოლარზე გაცილებით ნაკლები იქნება. ამასთან ერთად, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზოგიერთი ჯიშის ღვინის მილიონობით ბოთლის წარმოება შეუძლებელია.
ახლა ორი სიტყვით ჩვენს ძირითად ბაზრებსაც შევეხოთ. ჩინეთი - ჩინეთში ღვინის სმის კულტურა ფეხს ახლა იდგამს და ამ ბაზრის ათვისებაზე ჩვენს გარდა ბევრი ქვეყანაც ფიქრობს. სავარაუდოდ, დაბალფასიან სეგმენტში ქართული ღვინის წარმატება დროში მდგრადი ვერ იქნება, რადგან იქ უკვე არსებობენ უპირობო ლიდერები ( ჩილე, არგენტინა, მოლდოვა, ავსტრალია).
რუსეთი - ეკონომიკური ბერკეტების საოკუპაციო ინსტრუმენტად გამოყენება და მისი საბჭოთა კავშირის დროინდელი ემოციური კავშირი ქართულ კომპოტთან არასტაბილურია და ამავდროულად ხარისხის განვითარებას აფერხებს.
ვფიქრობ, რომ ხარისხში კომპრომისი არ უნდა დავუშვათ და ჩვენი ადგილის ძებნა შედარებით მაღალ საფასო და უკეთეს ხარისხობრივ სეგმენტში გავაგრძელოთ. ამაზე კი თავად კომპანიებმა უნდა იზრუნონ.
— რაც შეეხება ისევ თქვენ ღვინოს, რა საფასო სეგმენტზეა გათვლილი?
— „ღვინის ქურდების“ მიერ წარმოებული ღვინო საშუალო და მაღალშემოსავლიან სეგმენტზეა გათვლილი. ჩვენი ღვინის ფასები 25-დან 60-ლარამდე მერყეობს. რა თქმა უნდა, ღვინის ფასი ხარისხთან შესაბამისობაშია. ყურძენს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ვყიდულობთ. ამ ეტაპზე ღვინის მცირე მარნები გვაქვს და პროდუქცია ღვინის სხვადასხვა მაღაზიაში შეგვაქვს.
სამომავლოდ კი ძველი ქარული ღვინის ჯიშების განვითარებასა და კომერციალიზაციას ვაპირებთ. ძველი ჯიშებიდან 2018 წელს კუდურაულისა და რაჭული-თეთრას განვითარება იგეგმება.
ავტორი: ლიკა გურაბანიძე