ნარკოპოლიტიკა აუცილებლად უნდა გაადამიანურდეს და მომხმარებელი ციხით არ უნდა ისჯებოდეს, — ასე ეხმაურება პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე. დეპუტატი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პატრიარქს ეპისტოლეში ამ თემაზე ყურადღების გამახვილებისათვის დიდ მადლობას უხდის.
„- ჩვენს მიერ ინიცირებული და ჯანდაცვის კომიტეტის პირველი მოსმენით მხარდაჭერილი კანონპროექტი აბსოლუტურ თანხვედრაშია მისი უწმინდესობის მიერ საშობაო ეპისტოლეში ნარკოპოლიტიკის თემაზე გაკეთებულ აქცენტებთან
- ჩვენს ეკლესიას ნარკოდამოკიდებულ ადამიანზე ზრუნვის მრავალწლოვანი გამოცდილება აქვს და უამრავი დამოკიდებული ადამიანი შეუფარებია და დახმარებია რწმენითა და ხელის გაწოდებით
- ვფიქრობთ, სარეაბილიტაციო ცენტრები უნდა იყოს ეკლესიებშიც და ეს მიღებული პრაქტიკაა ევროპულ ქვეყნებშიც, სადაც ადამიანურ ნარკოპოლიტიკას რეალური შედეგები მოაქვს
- ნარკოპოლიტიკა აუცილებლად უნდა გაადამიანურდეს და მომხმარებელი ციხით არ უნდა ისჯებოდეს
- არ მიგვაჩნია სწორად მძიმე და მსუბუქ ნარკოტიკებად თემის გაყოფა და ამ პრინციპით გატარება რეფორმის - საკითხს სჭირდება ერთიანი და კომპლექსური მიდგომა
- რეფორმის მთავარი მიზანია ერთის მხრივ ახალი მომხმარებლების რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა პრევენციით და გადარწმუნების კომისიის ამოქმედებით და მეორეს მხრივ უკვე არსებული დამოკიდებული ადამიანებისათვის ზრუნვა და დახმარება და ამ გზით მომხმარებლების რაოდენობის შემცირება - განსაკუთრებით ახალგაზრდებში
- გადარწმუნების კომისია იქნება უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი
- ჯანსაღი ცხოვრების წესი უალტერნატივოა და ის პროპაგანდაში მთელი საზოგადოება ერთად უნდა ჩავერთოთ
- პრევენციული საგანმანათლებლო კომპლექსური ღონისძიებები უნდა დაიწყოს სასკოლო ასაკიდან და უნდა იყოს თანმიმდევრული
- დაუნდობელი ბრძოლა რეალიზატორებს და ბარიგებს
- ადამიანური ნარკოპოლიტიკის რეფორმა ჩვენი მოვალეობაა მომავალი თაობის წინაშე
უღრმესი მადლობა მის უწმინდესობას, საქართველოს პატრიარქს ამ თემაზე საშობაო ეპისტოლეში ყურადღების გამახვილებისათვის, რამაც საზოგადოებაში თემაზე ღია მსჯელობის აქტუალიზაცია მოახდინა !!, — წერს ლევან კობერიძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის საშობაო ეპისტოლეში ერთ-ერთი მთავარი თემა ნარკოპოლიტიკა იყო.
„ახალს არაფერს ვიტყვით, თუ აღვნიშნავთ, რომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები და კაცობრიობის დღევანდელი მდგომარეობა მეტად მძიმეა. პიროვნება უფსკრულის წინაშე აღმოჩნდა და ღვთის მადლის გარეშე დარჩენილს, აღარ ძალუძს, თავი დააღწიოს შექმნილ მდგომარეობას; ინგრევა ოჯახები, უმეთვალყუროდ რჩებიან ბავშვები; გამეფდა სიცრუე, ამპარტავნება, გაუტანლობა, ეგოიზმი, შური და ღვარძლი; ადამიანი ცდილობს, გაექცეს ამ რეალობას, მაგრამ გზააბნეული ხსნას ძირითადად ნარკოტიკის მოხმარებაში ხედავს, რითაც მდგომარეობას კიდევ უფრო ირთულებს.
აუცილებელია, შემუშავდეს ისეთი ნარკოპოლიტიკა, რომელიც ახალგაზრდებს დაიცავს და შექმნის უარყოფით განწყობას ამ უმძიმეს სენთან მიმართებით. ამასთან, უნდა აშენდეს სარეაბილიტაციო ცენტრები, სასკოლო ასაკიდანვე უნდა მოხდეს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება და გატარდეს სხვა ღონისძიებები, - ნათქვამია ეპისტოლეში.
კომერსანტი