მომავალი წლის ფინანსური პრიორიტეტები და მთავარი პროექტები - ინტერვიუ ფინანსთა მინისტრთან

access_time2017-12-17 11:51:15

13 დეკემბერს პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. გაირკვა, რომ მომავალ წელს მთავრობა 12 459 500 000 ლარს დახარჯავს, რაც 2017 წელთან შედარებით 943 მილიონით მეტია. დასახელდა ის მიმართულებები, რომლებიც ხელისუფლებამ პრიორიტეტებად გამოყო. ყველაზე მეტი ფული ჯანდაცვის, განათლებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაიხარჯება. ამავდროულად, ბიუჯეტი არ ითვალისწინებს პენსიისა და დევნილთა შემწეობის გაზრდას, რის გამოც ხელისუფლება ოპოზიციამ გააკრიტიკა. როგორია საბიუჯეტო პრიორიტეტები, მოსალოდნელი ეკონომიკური ეფექტი და რა პასუხი აქვს ქვეყნის მთავარ ფინანსისტს ოპოზიციის ბრალდებებზე. ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძეს ჟურნალისტი თეა სიჭინავა ესაუბრა.   



პარლამენტმა 2018 წლის ბიუჯეტი დებატების ფონზე დაამტკიცა. რით განსხვავდება 2018 წლის ბიუჯეტი წინა წლების ბიუჯეტებისგან და ყველაზე მეტად როგორ აისახება ის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე?



2018 წლის ბიუჯეტი, პირველ რიგში, ორიენტირებულია ჩვენ საზოგადოებაზე, მოსახლეობაზე, იმ პროგრამებსა თუ პროექტებზე, რომელიც ეკონომიკური ზრდას კიდევ უფრო დააჩქარებს და ვფიქრობთ, რომ ის დაბალანსებულია. როდესაც ჩვენ ბიუჯეტის დადებით და უარყოფით მხარეებზე ვლაპარაკობთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, თუ რას ფიქრობს ამ ბიუჯეტზე, ამ ფისკალურ პარამეტრებზე საერთაშორისო სავალუტო ფონდი...



სავალუტო ფონდის დასკვნას ჩვენ აუცილებლად შევეხებით...


ციფრებში სხვაობა ძალიან მნიშვნელოვანია. 2017 წელთან შედარებით თითქმის 1 მილიარდი ლარით გავზარდეთ ბიუჯეტი. ამის საშუალება მოგვეცა იმის შედეგად, რომ ძალიან წარმატებულად განხორციელდა ის რეფორმები, რომელიც 2016 წლის ბოლოს დაიწყო. განსაკუთრებით მინდა გამოვყო მოგების გადასახადის შესახებ რეფორმა. ჩვენ ბიუჯეტში თანხები დამატებით მივიღეთ, რითაც საშუალება გვაქვს ხარისხობრივად მნიშვნელოვნად გავზარდოთ ის ინვესტიციები ჩვენ 4-პუნქტიან გეგმაში, რომელიც პრემიერმინისტრმა გააჟღერა. რაც შეეხება ბიუჯეტის დადებით მხარეებს, მინდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასკვნა მოვიშველიო და ყველას შევახსენო, რომ ფონდმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათლად ჩანს, რომ საქართველომ ყველა ის ვალდებულება შეასრულა, რაც აღებული ჰქონდა. მეტიც, ეს არის პირველი შემთხვევა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც სავალუტო ფონდმა გაფართოებული საბჭოს გარეშე მიიღო ეს გადაწყვეტილება. ამავე დროს აღნიშნულია, რომ ჩვენი პროგრამა რეგიონში საუკეთესოა, რეგიონი კი საკმაოდ ფართო გეოგრაფიას გულსიხმობს, მასში 41 ქვეყანა შედის. ამის გარდა ანგარიშში აღნიშნულია, რომ მომავალ წლებში საქართველო იქნება ლიდერი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით რეგიონში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბიუჯეტი დაბალანსებულია, თუმცაღა, რა თქმა უნდა, გამოვყავით ის მნიშვნელოვანი  პრიორიტეტები, რომლებზეც, იმედია, დეტალურად საუბრის საშუალება მექნება.



აუცილებლად ვისაუბრებთ. თქვენ აღნიშნეთ, რომ 2018 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს და ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესებზეა მორგებული, თუმცა ნებისმიერი გასული წლების ბიუჯეტის დამტკიცებისას ხელისუფლების წარმომადგენლები იგივეს ამბობდნენ, ამიტომ გკითხეთ იმის შესახებ, თუ რა სხვაობაა წლევანდელ ბიუჯეტსა და გასული წლების ბიუჯეტებს შორის. თქვენ გამოყავით შემოსულობების გეგმა, რომელიც 2017 წლის ბიუჯეტთან შედარებით 1 მილიარდამდეა გაზრდილი და დაასახელეთ რის ხარჯზეც. უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რის საფუძველზე გაქვთ ოპტიმიზმი ბიუჯეტის დაგეგმვასთან დაკავშირებით?



მინდა პრიორიტეტებზე ვილაპარაკო და იმედია, ამის საშუალება მექნება. ამასთან ერთად, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ ხარისხობრივად სხვა მასშტაბის ბიუჯეტი გვაქვს. მიმდინარე წლის დასაწყისში გვქონდა ბიუჯეტი, რომელშიც საბიუჯეტო დეფიციტი განსაზღვრული იყო 3,9%-ით და წელს ისე ვამთავრებთ, რომ საბიუჯეტო დეფიციტი 3,1%-ზე მეტი არ იქნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლაა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით მომავალი ბიუჯეტის დეფიციტი განსაზღვრულია 2,8%-ის ფარგლებში. ასე, რომ როდესაც ბიუჯეტის იზრდება და პარალელურად საბიუჯეტო დეფიციტი მცირდება, ეს მართლაც ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია და შესაბამისად, ჩვენ ვადასტურებთ, და ეს არის არგუმენტირებული პასუხი, რომ ხარისხობრივად უკეთესი ბიუჯეტი გვაქვს, რაც რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული. თქვენ მკითხეთ, რაშია ჩვენი ოპტიმიზმი. პირველი არის ის, რომ ჩვენ პირველი 3 კვარტლის განმავლობაში მივიღეთ 1 მილიარდ 300 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, რომელიც არის საუკეთესო მაჩვენებელი საქართველოს ისტორიაში. ეს კიდევ ნათლად ასახავს იმას, რომ ინვესტორები ძალიან პოზიტიურად არიან განწყობილები იმ რეფორმების მიმართ, რომლებსაც ვახორციელებთ. მეორე - მინდა გამოვყო ძალიან მაღალი რეინვესტირების პროცენტი ქართულ ეკონომიკაში. შეგახსენებთ, რომ ბოლო წლების საშუალო სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, დაახლოებით 300 მილიონი დოლარის რეინვესტირება ხდებოდა ქართულ ეკონომიკაში და მოგების გადასახადის გაუქმების შემდეგ ეს თითქმის გავაორმაგეთ და ის 590 მილიონ დოლარზე მეტია. ამის პარალელურად, რა თქმა უნდა, საგარეო პოზიციები გაუმჯობესდა. მინდა ყველას შევახსენო, რომ 10 თვის მონაცემების თანახმად, ჩვენი ექსპორტი 30%-ის მოცულობით არის გაზრდილი. შესაბამისად, ჩვენ ძალიან კარგი წინა პირობები შევქმენით იმისთვის, რომ უფრო მეტად გაგვეზარდა ბიუჯეტი 2018 წლისთვის და სწორედ ეს არგუმენტებია იმის სასარგებლოდ, რასაც მე ვამბობ. იგივე არგუმენტები გაიზიარა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, რომ ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ლიდერები ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, აუცილებლად შევინარჩუნებთ ძალიან ჯანსაღ ფისკალურ ჩარჩოს და ის პარამეტრები, რომელიც 2018 წლის ბიუჯეტში ჩავდეთ, აუცილებლად შესრულდება.



მოდით, პრიორიტეტებზე ვილაპარაკოთ. რაში დაიხარჯება ის თანხა, რომელზეც ახლა ვსაუბრობდით, რა მიმართულებებით გაანაწილებს ხელისუფლება ბიუჯეტს? ძირითადი განცხადებები პარლამენტში უკვე გაკეთდა, მაგრამ უფრო მეტი კონკრეტიკა გვჭირდება. საუბარია ჯანდაცვაზე, განათლებაზე და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. რატომ გამოყო ხელისუფლებამ ეს სამი დარგი და 2018 წლის მთავარი პროექტები რომელია?


პირველ რიგში, მიდგომის შესახებ გეტყვით. ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ ბიუჯეტი დაბალანსებული ყოფილიყო და მასში ყველა ძირითადი მიმართულება აგვესახა, მაგრამ პრიორიტეტების კუთხით თქვენ ის სფეროები ჩამოთვალეთ, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. ტრადიციულად, ჩვენი ბიუჯეტის ყველაზე მსხვილ ნაწილს ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით მივმართავთ და აქ ბიუჯეტი გაზრდილია და 3 მილიარდ 500 მილიონ ლარზე მაღალი ციფრი გვაქვს. მეორე მიმართულებაა ინფრასტრუქტურა და რეგიონული განვითარება - აქ ბიუჯეტი 40%-ზე მეტით გავზარდეთ და ამავე დროს ბიუჯეტში მნიშვნელოვანი წილი აქვს განათლებისა და მეცნიერების მიმართულებას. რა თქმა უნდა, როდესაც ვლაპარაკობთ ბიუჯეტის ბალანსზე, მნიშვნელოვანია მიმდინარე ხარჯებისა და კაპიტალური პროექტების პროპორციის სედარება. ვფიქრობთ, რომ ის ბალანსი, რაც ამ ბიუჯეტით გვაქვს ნაპოვნი, ყველაზე კარგად პასუხობს იმ გამოწვევას, რაც დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას.



როდესაც თქვენ ქვეყნის გამოწვევებზე ლაპარაკობთ და ამბობთ, რომ  დაბალანსებული ბიუჯეტი გვაქვს, ოპოზიციამ შეგახსენათ, რომ ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის პენსიის და დევნილებისთვის შემწეობების ზრდა. ალბათ დამეთანხმებით, რომ ესეც გამოწვევაა ჩვენი მოსახლეობისთვის. ამაზე რა პასუხი გაქვთ?



ცალსახად, ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველი გამოწვევა სიღარიბის დაძლევაა. ამის შესახებ პარლამენტში გამოსვლისას ძალიან დეტალურად ვილაპარაკე. რა თქმა უნდა, მე, ისევე როგორც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, მოხარული იქნებოდა გაცილებით დიდი ციფრები ენახა იმ მიმართულებით, რაც თქვენ დაასახელეთ, მაგრამ ამავე დროს ჩვენ უნდა აღვნიშნოთ, რომ გვჭირდება ძალიან სწრაფი ეკონომიკური განვითარება იმისთვის, რომ საფუძველი შევქმნათ ქვეყანაში სიღარიბის დასაძლევად. ეს პროექტები სწორედ ამას ემსახურება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ის პროგრამა, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შევათანხმეთ, 3-წლიანია და ამ პროექტის ფარგლებში 2019-2020 წლებში გათვალისწინებული გვაქვს პენსიის 40 ლარიანი ზრდა. დავაზუსტებ დევნილებთან დაკავშირებულ ინფორმაციასაც. ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ და ბიუჯეტი გავზარდეთა დევნილების ბინებით დაკმაყოფილების თვალსაზრისით; ძალიან აქტიურად ვმუშაობთ დონორებთან, რომ ეს მიმართულება გაიზარდოს. უახლოეს დღეებში ამ კუთხით  კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია იქნება. ასე, რომ ამ ყველაფერს თუ მთლიანობაში შევაფასებთ, ბიუჯეტი ნამდვილად დაბალანსებული იმ დონეზე, რა დონეზეც შესაძლებელი იყო. ეს მხოლოდ ჩემი სიტყვები არ არის, ეს საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების შეფასება, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდის.




თქვენ აქცენტი გააკეთეთ პრიორიტეტებზე, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ინფრასტრუქტურის მიმართულებით 2018 წლის მთავარი პროექტები შეგიძლიათ გამოყოთ?



ინფრასტრუქტურის მიმართულება შემდეგ წლებში კიდევ უფრო მასშტაბური იქნება. ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებაზე ვაკეთებთ აქცენტს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა გამოვყო ჩქაროსნული მაგისტრალი აღმოსავლეთ-დასავლეთი. აქ ჩვენ ყველაზე რთული უბნის მშენებლობას ვიწყებთ, კონკრეტულად - რიკოთის უღელტეხილის. მინდა გამოვყო ქუთაისიდან მესტიამდე ახალი გზის პროექტი. ეს იქნება ყველაზე მოკლე გზა ქუთაისის აეროპორტიდან სვანეთის მიმართულებით, რომელიც, ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი სტიმული იქნება სვანეთში ეკონომიკური განვითარებისთვის. მინდა აღვნიშნო სამხრეთის მიმართულება, ეს იქნება ქუთაისიდან აბასთუმნის მიმართულებით ახალი გზა. აბასთუმანს უნიკალური ტურისტული პოტენციალი აქვს და ის აუცილებლად უნდა ავითვისოთ. გვაქვს პროექტები მაღალმთიანი აჭარის მიმართულებით, საიდანაც სამხრეთ საქართველოს გავლით შევძლებთ მოხვედრას აჭარის ულამაზეს მაღალმთიან რაიონებში, შემდეგ კი ეს გზა ბათუმის მიმართულებით იქნება. რა თქმა უნდა, უნდა გამოვყოთ ახალი გზა საჩხერე-რაჭის მიმართულებით, რომელიც მნიშვნელოვნად დაამოკლებს მანძილს დედაქალაქიდან ამ ულამაზეს კუთხემდე და ვფიქრობ, რომ რაჭის ტურისტული პოტენციალი მნიშვნელოვად გაიზრდება ამ პროექტის განხორციელების შემდეგ. მეორე დერეფანს, ჩრდილოეთ-სამხრეთს რაც შეეხება, აქ უნდა აღვნიშნოთ ლარსის მიმართულებით ძალიან მასშტაბური პროექტის გაკეთება. პირველი მონაკვეთი იქნება ნატახტარიდან ჟინვალის მიმართულებოთ და ამის გარდა ამ დერეფანში აშენდება ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობა - 8-კილომეტრიანი გობის გვირაბი, რომელიც ერთი საათით შეამცირებს დროს თბილისიდან სტეფანწმინდის მიმართულებით და ამავე დროს მნიშვნელოვანწილად გაზრდის ტრანზიტულ გამტარუნარიანობას. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და აღვნიშნო უნიკალური პროექტი, ეს არის სნო-ჯუთა-შატილის მიმართულებით საავტომობილო გზის მშენებლობა. ეს არის თითქმის 200-კილომეტრიანი მონაკვეთი. მას ინფრასტრუქტურული დატვირთვის გარდა, სოციალური დატვირთვაც აქვს. იცით, რომ სამწუხაროდ, მთის მოსახლეობა იძულებული იყო თავისი სოფლებიდან ქალაქების მიმართულებით წამოსულიყო და დარწმუნებული ვარ, ასეთი პროექტების რეალიზაციის შედეგად ხელს შევუწყობთ იმას, რომ მოსახლეობა თავის მკვიდრ სოფლებს დაუბრუნდება და იქ უნიკალური ტურისტული შესაძლებლობები შეიქმნება...



ალბათ, თქვენ კიდევ რამდენიმე პროექტი გექნებათ დასასახელებელი, უბრალოდ ჩვენ ამოუწურავი დრო არ გვაქვს. ძალიან კარგია ეს პროექტები, რომელიც თქვენ დაასახელეთ, მაგრამ ამავე დროს არსებობს სხვა საკითხებიც. მაგალითად, 2018 წელს ქვეყანა განახლებული სამთავრობო სტრუქტურით უნდა შეხვდეს და უფრო ნაკლები სამინისტრო გვექნება. როგორ აისახება რესტრუქტურიზაცია ხარჯებზე? მით უფრო, რომ ხელისუფლება თავად ამბობს, რომ ბიუროკრატიული ბარიერები პრობლემას უქმნის ქვეყანას და არასასურველია.



სანამ ამ კითხვას ვუპასუხებთ, ალბათ უნდა აღვნიშნო ისიც, თუ რა გააკეთა მთავრობამ ამ მიმართულებით დღევანდელ დღემდე და დღეს რა მოცემულობა გვაქვს. ფაქტია ის, რომ წინა წელთან შედარებით შევძელით და ადმინისტრაციული ხარჯები 140 მილიონი ლარით შევამცირეთ, მათ შორის მხოლოდ სახელფასო კომპონენტია 100 მილიონი ლარი და 40 მილიონი ლარია სხვა ადმინისტრაციული ხარჯი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ საქართველოს მთავრობა ორიენტირებულია ეგრეთ წოდებული მცირე მთავრობის კონცეფციის გასავითარებლად. რაც შეეხება სამინისტროების შერწყმას, ბუნებრივია, აქ დამატებითი სინერგია უნდა მივიღოთ, მაგრამ პარლამენტში გამოსვლისასაც მე აღვნიშნე და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, როგორც ამას საქართველოს პრემიერმინისტრი და საქართველოს მთავრობა ხედავს, რომ ის თანხები, რაც კონკრეტულ უწყებებში დაიზოგება, არ გვსურს, რომ ცენტრალურ ბიუჯეტში დაბრუნდეს.  გვინდა, რომ უწყებებმა ეს თანხები მოიხმარონ თავიანთი საქმიანობის გაუმჯობესებისათვის. ვგულისხმობთ იმას, რომ თუ დანაზოგი გვექნება ბუნების დაცვის მიმართულებით, ეს თანხა უნდა მოხმარდეს ტყის დამცველების რაოდენობის ზრდას მაგალითად, დაცულ ტერიტორიებზე. როდესაც გვექნება დამატებითი ეკონომია ზედნადებ ხარჯებში და ადმინისტრაციულ ხარჯებში, მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართულებით, ეს თანხები უნდა მოხმარდეს პატრულის გადაიარაღებას და ასე შემდეგ. ანუ, ჩვენი მიზანი არ არის, რომ თანხები ცენტრალურ ბიუჯეტში წამოვიღოთ. ჩვენი მიზანია ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება, ზედნადები ხარჯების ოპტიმიზაცია და გამოთავისუფლებული ხარჯებით უწყებების მიერ მიწოდებული სერვისის ხარისხის გაზრდა. ამ თვალსაზრისით, ეს ძალიან პრინციპული მნიშვნელობის რეფორმაა.



ზოგადად მინდა გითხრათ, რომ კონცეფცია, რაც მცირე ზომის მთავრობის შექმნას უკავშირდება, ეს ჩვენ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამაში გვაქვს გაწერილი. როცა ჩვენ მთავრობის სიდიდეზე ან სიმცირეზე ვლაპარაკობთ, მთავარი მომენტია შევადაროთ მისი პროპორცია მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ). გასულ წელს ეს იყო 5,2%, წელს გვაქვს - 4,4%. ეს არის მარტო ხელფასების ნაწილში. ანუ, ეს მაჩვენებელი კარგად აჩვენებს იმას, თუ როგორ ვამცირებთ მთავრობის ზომას მთლიან ეკონომიკაში. ამას გარდა, თუ შევხედავთ იმ საშუალო ვადიან გეგმას, რასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოვაწერეთ ხელი, იქ ჩანს, რომ თითქმის 26%-იდან მთლიან შიდა პროდუქტთან ჩამოვდივართ 21%-ზე. დამერწმუნეთ, ეს ძალიან ამბიციური ამოცანაა და ამავე დროს რთულად განსახორციელებელი, მაგრამ მთავრობას ეს გამოწვევა აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ამ რეფორმას თავს წარმატებით გავართმევთ.



თქვენ უწყებაში თუ გეგმავთ რეფორმას?



შევეცადე პარლამენტში ამაზეც ამომწურავად მელაპარაკა. დანიშვნის პირველივე დღიდან, ჩემი გზავნილი იყო ის, რომ არც ერთ რეფორმას და ინიციატივას არ განვახორციელებთ, თუ დეტალური კონსულტაციები არ გვექნება ქართველ მეწარმეებთან. ეს არის მნიშვნელოვანი მიდგომა ჩვენს რეფორმებში და სანამ მე პარლამენტში წავრდგებოდი 2-კვირიანი ფანჯრით ვისარგებლე და კონსულტაციები მქონდა ფაქტობრივად ყველა მსხვილ ასოციაციასთან, როგორც მცირე, ასევე საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებთან და კომპანიებთან და ჩვენ სრული მხარდაჭერა გვაქვს იმ რეფორმების პაკეტის მიმართ, რის განხორციელებასაც ვაპირებთ. განსაკუთრებით ყველაზე დიდი მოლოდინია დღგ-ს ზედმეტობის ავტომატური დაბრუნების სისტემის მიმართ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მგრძნობიარე საკითხი დღეს ქართული ბიზნესისთვის. ორიოდე სიტყვით მინდა გითხრათ თუ რაში მდგომარეობს ის. ჩვენი რეფორმით მეწარმე, ელექტრონული განაცხადის შემდეგ 5-7 სამუშაო დღეში შეძლებს უკან დაიბრუნოს დღგ-ს ზედმეტობა, რომელიც მას ობიექტურად ეკუთვნის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა, ეს 600 მილიონი ლარის ფულად მასაზე წვდომას მისცემს ჩვენ მეწარმეებს და ჩვენი კომპანიების კონკურენტუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის. ამის გარდა, პაკეტში სხვა საინტერესო ინიციატივებიც გვაქვს. მინდა გამოვყო ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელსაც საბაჟო მიმართულებით ვახორციელებთ. ვფიქრობთ, რომ აქ სერვისების გაუმჯობესებისა და განვითარების ძალიან დიდი რესურსებია, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ალაბთ ციფრული საბაჟოს კონცეფციის დანერგვა. გვაქვს სხვა ინიციატივებიც.



თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ სავალუტო ფონდის რეკომენდაციები, დასკვნა. ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ ხელისუფლებამ უნდა შეზღუდოს ხელფასების ზრდა, შემცირდეს სახელმწიფო საწარმოების სუბსიდირება და კაპიტალის მიწოდება. ხელისუფლება ამ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს, რაც შეიძლება არაპოპულარულიც იყოს?



ჩვენ არა თუ გავითვალისწინებთ, არამედ ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით. ეს არის ის 140-მილიონიანი დანაზოგი, რაც ჩვენ წელს შევძელით.



სტრუქტურულ ცვლილებებს გულისხმობთ?



დიახ. თითოეული ნაბიჯი, რაც ამ კუთხით გვაქვს გასაკეთებელი, ამ პროგრამაშია გაწერილი გრაფიკის შესაბამისად. ამიტომ ეს არ არის, ასე ვთქვათ, კონცეფცია, ეს არის ძალიან კონკრეტული ციფრები კონკრეტული თარიღებით, თუ როგორ შევძლებთ ამის გაკეთებას. ამისთვის პირველი და ვფიქრობ, ძალიან დიდი ნაბიჯი უკვე გადადგმულია ამ 140-მილიონიანი ეკონომიით და სავალუტო ფონდიც ასე ფიქრობს.



მთავრობაც ამაზე საუბრობს და თქვენც რამდენჯერმე ახსენეთ, რომ უცხოური ინვესტიციების ზრდის მიმართულებით პროგრესია. საქსტატის მონაცემებით, ჯერჯერობით, მხოლოდ 3 კვარტლის შედეგია ცნობილი, მაგრამ როგორი მოლოდინი გაქვთ, კიდევ უფრო მნიშვნელოვნად იქნება მონაცემები გაზრდილი?



შეგვიძლია შემდგარი ფაქტით ვიმსჯელოთ, რომ პირველი სამი კვარტლის მონაცემებით 1 მილიარდ  300 მილიონს გადააჭარბა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა და ეს არის საუკეთესო შედეგი საქართველოს ისტორიაში. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით პოზიტიური მოლოდინი გვაქვს. თქვენ იცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტები, რომლებიც მთავრობამ გააფორმა, ესენია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება ევროკავშირთან, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება ჩინეთთან, რომელიც პირველი იანვრიდან ამოქმედდება და ბუნებრივია, ჩვენ დამატებით ველოდებით ინვესტიციების გაზრდას. რასაც ვიტყვი, ეს სიახლე არ იქნება. საქართველოს ბაზარი დიდი არ არის, შესაბამისად ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესს შევუქმნათ წვდომა სხვა დიდ ბაზრებზე. ეს პლატფორმა შექმნილია. მინდა ყველას შევახსენო, ევროკავშირი და ჩინეთი - ეს არის ორი ყველაზე დიდი ეკონომიკური პლატფორმა, რაც მსოფლიოში არსებობს და შესაბამისად, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ძალიან კარგი წინაპირობა გვაქვს.



ისევ ბიუჯეტს დავუბრუნდეთ. ხშირად გვესმის, რომ ბიუჯეტის არათანაბარი ხარჯვა გარკვეულწილად მოქმედებს ლარის კურსზე. მომავალ წელს ბიუჯეტი ამ არათანაბარი ხარჯვისგან დაცული იქნება თუ არა?



პირველ რიგში, არათანაბარ ხარჯვას რაც შეეხება, სწორი ფისკალური პოლიტიკის შემთხვევაში საბიუჯეტო ხარჯვას ვერანაირი გავლენა ვერ ექნება სავალუტო კურსზე. ვფიქრობ, რომ ეროვნულმა ბანკმა ძალიან კარგი განმარტება გააკეთა ამ კუთხით, კარგი განმარტება გააკეთა საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც, მაგრამ მე მინდა კონკრეტული შედეგებით ვიმსჯელოთ. საბიუჯეტო სახსრების ათვისების პროცენტი პირველ სამ კვარტალში 96%-ა და მეოთხე კვარტალშიც ვფიქრობ, რომ ეს შედეგი შენარჩუნდება, შესაბამისად, ჩვენ დღეს ეკონომიკაში არანაირი არათანაბარი ხარჯვა არ გვაქვს. ეკონომიკური თეორიიდან მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ სწორი ფისკალური პოლიტიკის შემთხვევაში ხარჯვას სავალუტო კურსზე მნიშვნელოვნად გავლენა ვერ ექნება.



საგარეო ვალი გაისად  860 მილიონი ლარით იზრდება. ხომ არ უახლოვდება ეს მონაცემი კრიტიკულ და საშიშ ზღვარს და იქნება თუ არა ეს ერთგვარი ტვირთი ქართული ეკონომიკისთვის?



დიდი მადლობა ამ კითხვისთვის.  ჩვენ ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 42%-ის ფარგლებში იტრიალებს. მინდა ძალიან მნიშვნელოვანი განმარტება გავაკეთო. ჩვენ სესხს ვიღებთ მხოლოდ და მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები შეეცადნენ ეს ციფრი საზოგადოებისთვის არასწორად მიეწოდებინათ. შესაბამისად, როდესაც ამ პროექტების ტემპი რამდენიმე წლის შემდეგ შედარებით დაბალი იქნება, საგარეო ვალის ეს პროცენტიც დაიწევს. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, სხვა ფინანსურმა ინსტიტუტებმა და ჩვენც, გავაკეთეთ სტრესტესტი, რომლის გაკეთებაც ამ დროს აუცილებელია და მინდა გითხრათ, რომ ვალის ეს დონე არის ძალიან კომფორტული და ამ კუთხით ჩვენ ძალიან თავდაჯერებულები ვართ.



რადგან წელი იწურება, ის რაც ახლა გვითხარით ძალიან კარგია, შთამბეჭდავია მონაცემებიც, მაგრამ ყველაზე მთავარია, რამდენად იგრძნობს ამ სიკეთეს თითოეული მოქალაქე საკუთარ თავზე? შეგიძლიათ, როგორც ფინანსთა მინისტრმა, საქართველოს მოსახლეობას უთხრათ, როგორი ფინანსური წელი ექნებათ 2018 წელს?



პირველ რიგში, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცო ჩვენს მოსახლეობას. ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინი, დარწმუნებული ვარ რომ 2018 წელი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით იქნება ძალიან კარგი პარამეტრების მქონე, დარწმუნებული ვარ, რომ ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც გაცხადებულია, შესრულდება დროულად და ვადებში, რაც იმის საშუალებას მოგვცემს, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ დაფინანსებები, როგორც სოციალური მიმართულებებით, ასევე განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით, ასევე დევნილების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი, ჩვენი პროგრამა, რომელიც დღეს შეთანხმებულია, საუკეთესოა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამებს შორის. ჩვენ ეს მოგვცემს იმის საფუძველს, რომ დავიწყოთ და მოვახერხოთ ყველა იმ ფუნდამენტური პრობლემის მოგვარება, რომელიც დღეს ქვეყანაშია.


Imedinews 




EBRD-მა ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება გადაავადა

person access_time2018-01-22 15:00:04
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ნენსკრაჰესის დაფინანსებისთვის $214 მილიონის სესხის გამოყოფაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თარიღი 2017 წლის 31 იანვრამდე გადაავადა.   EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე თანხმობა 2015 წლის 12 მაისს, თბილისში გამართული EBRD-ის ფორუმის ფარგლებში განაცხადა. მას შემდეგ ბანკი პროექტის გარემოზე ზეგავლენის ტექნიკურ დეტალებს სწავლობს. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ჰესს ელექტროენერგიის...

„კომერსანტის“ ექსკლუზივი - სასტუმრო Biltmore Tbilisi-ში CASINO JEWEL იხსნება

person access_time2018-01-22 13:30:23
სასტუმრო Biltmore Tbilisi-ში კაზინოს ახალი ბრენდი JEWEL შემოდის. ამ ეტაპზე სასტუმროში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ კომენტარს ვერ აკეთებენ, თუმცა, აცხადებენ, რომ კაზინო ხვალ, 23 იანვარს გაიხსნება. როგორც ირკვევა, კაზინოს ეს ბრენდი საძიებო სისტემა Google-სა და Wikipedia-ში არ იძებნება. არსებობს მხოლოდ FB გვერდი, რომელიც სულ რამდენიმე თვის შექმნილია. შეგახსენებთ, „კომერსანტის“ ინფორმაციით, თბილისში სასტუმრო Biltmore...

კახა კალაძე: „თბილისის გენგეგმის შეფასების პროცესში უცხოელი ექსპერტები ჩაერთვებიან“

person access_time2018-01-22 12:20:54
თბილისის მიწათსარგებლობის გეგმის შეფასების პროცესში საერთაშორისო ორგანზიაციები და ექსპერტები ჩაერთვებიან. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „თბილისის მიწათსარგებლობის გეგმა მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, რომელმაც თბილისის სწორი და გრძლევადიანი განვითარება უნდა უზრუნველყოს. მოგეხსენებათ, კომპანია „სითი ინსტიტუტმა“ 45 დღიანი ვადა ითხოვა, რაზეც მერიამ თანხმობა განაცხადა. ჩვენ ვაცნობიერებთ საზოგადოების...

ძველ იპოდრომთან ახალი ესტაკადა აშენდება

person access_time2018-01-22 12:00:01
თბილისში, ძველ იპოდრომთან,  ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების კვეთაზე ახალი ესტაკადა აშენდება.   თბილისის მერია იმედოვნებს, რომ ახალი ესტაკადა  გზის საცობებისგან განტვირთვას და სატრანსპორტო ნაკადების  შეუფერხებლად გატარების უზრუნველყოფს.   პროექტით, ესტაკადის მეშვეობით ცინცაძის ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩისკენ სატრანსპორტო ნაკადების გატარების ყოველგვარი საკონფლიქტო წერტილების გარეშე უნდა მოხდეს, გარდა ამისა ესტაკადის ქვეშ შეფერხებისა და...

„ეკომ“ საქართველოს ბაზარზე ახალი თაობის საწვავის იმპორტი დაიწყო

person access_time2018-01-22 10:30:37
საქართველოს ბაზარზე ახალი თაობის საწვავის  იმპორტი დაიწყო და ამიერიდან “ეკოს” ავტოგასამართ სადგურზე ვაჟა-ფშაველას გამზირ #27-ში ახალი თაობის, ევროპული სტანდარტის „ეკო რეისინგი 98“ (სუპერი), „95 ეკონომი“ (პრემიუმი) და „დიზელ ეკონომი“ (ეკო დიზელი) ერთგულ მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს მეტი კილომეტრი განვლონ თითოეულ ლიტრზე და შესაბამისად შეამცირონ საწვავის ხარჯი, 15%-ით  შეამცირონ ავტომობილის ძრავის ხმაური, მნიშვნელოვნად შეამცირონ გამონაბოლქვი და გაუფრთხილდნენ...


მსგავსი სიახლეები