რეგულაციები აზარტულ თამაშებზე - რატომ დასჭირდა ხელისუფლებას კანონპროექტის მომზადებაზე 5 წელი?

access_time2017-11-21 09:40:48

აზარტული თამაშების რეგულაციებზე ხელისუფლება უკვე 5 წელია საუბრობს, თუმცა დღემდე კანონპროექტის შემუშავება არ მომხდარა. კანონპროექტზე მუშაობა მხოლოდ ცოტა ხნის წინ დასრულდა და როგორც საკანონმდებლო ინიციატივაზე მომუშავე ჯგუფის წევრები აცხადებენ, ამჯერად კანონში ცვლილებები აუცილებლად განხორციელდება. 


აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანების პრობლემა ქვეყანაში უკვე წლებია მწვავედ დგას. მათ შორის, არასრულწლოვნების, რომლებიც ონლაინ თამაშებში შეზღუდვების გარეშე რეგისტრირდებიან. კანონმდებლობის შეცვლას უკვე წლებია ითხოვს საზოგადოება და არასამთავრობო სექტორი, ხელისუფლებაც თვლის, რომ აუცილებელია აზარტული თამაშებზე უფრო მკაცრი შეზღუდვები დაწესდეს.   


აღსანიშნავია, რომ საქართველოში სათამაშო ბიზნესის შესაბამისი კანონმდებლობით დარეგულირება ჯერ კიდევ 2005 წლიდან დაიწყო. მოგვიანებით, 2012 წელს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანაზე აქტიურად დაიწყო საუბარი. მათ შორის, მერვე მოწვევის პარლამენტში აღნიშნული საკითხი არაერთხელ იდგა დღის წესრიგში, თუმცა პროექტის მომზადება ვერ მოხდა.


ერთადერთი, ვინც ბოლო 5 წლის განმავლობაში პარლამენტში აზარტულ თამაშების აკრძალვაზე კანონპროექტი შეიტანა, დეპუტატი კობა დავითაშვილი იყო.  2013 წელს ის გამოვიდა ინიციატივით, რომ აზარტული თამაშების რეკლამირების სრულად აკრძალვა მომხდარიყო, რასაც პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტის მოწინააღმდეგეები არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ მმართველი პარტიის დეპუტატებიც იყვნენ. როგორც მაშინ განმარტავდნენ, კანონპროექტი არ იყო სრულყოფილი და რეკლამირების აკრძალვა ბიზნესს დააზარალებდა. მოგვიანებით აზარტული თამაშების სრულ აკრძალვასთან დაკავშირებით კომენტარი მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა, ბიძინა ივანიშვილმა განმარტა, რომ კაზინოებს დახურვა არ ემუქრება.


უკვე 2016 წელს, კანონში რეგულაციების შეტანასა და კანონპროექტის მომზადებასთან დაკავშირებით საუბარი კვლავ დაიწყო. ამჯერად ინიციატორი ფინანსთა სამინისტროა, სადაც სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველო უკვე მუშაობს. ამასთან, შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფიც, პარლამენტის წევრებითა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული.


კანონპროექტმა საბოლოო სახე უკვე მიიღო და რამდენიმე კვირის წინ მისი პარლამენტში ინიცირებაც მოხდა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში უახლოეს პერიოდში განხილვებიც დაიწყება. უცნობია, ამჯერად თუ დაუჭერს მხარს პარლამენტი კანონში შესატან ცვლილებებს მხარს და ხუთი წლის შემდეგ მაინც თუ მოხერდება კანონის ახლებური რედაქციით მიღება.


როგორც ცნობილია, ერთ-ერთი მთავარი ცვლილება, რომელიც საკანონმდებლო ინიციატივის დონეზეა, არის ის, რომ აზარტული თამაშები 18-ის ნაცვლად, დაშვებული იქნება 21 წლიდან. გარდა ამისა, რეგისტრაციისთვის, შესაძლოა, სათამაშო ობიექტზე მისვლა გახდეს სავალდებულო, სადაც ადგილზე შეამოწმებენ, აქვს თუ არა მოქალაქეს თამაშის უფლება. ამასთან, შეიძლება შეიქმნას აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ მოქალაქეთა სია. ამ სიაში მოხვედრის შემთხვევაში პირს სამორინეებსა და ონლაინ აზარტულ თამაშებში მონაწილეობის უფლება შეეზღუდება.


რამდენიმე დღის წინ, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში აზარტული თამაშების თემაზე შეხვედრა გაიმართა. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ კანონპროექტზე მუშაობა გაგრძელდება და შესაძლებელია მასში მოხდეს ნებისმიერი წინადადების გაზიარება.


„აზარტული თამაშების თემაზე შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შევლენ როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლები, ასევე საზოგადოების წევრები და რა თქმა უნდა, ეკლესიაც თავის წვლილს შეიტანს ამაში“, - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.


როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, სამუშაო ჯგუფმა, რომლის წევრიც თავად არის, საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობა უკვე დაასრულა.


„კანონპროექტი უკვე პარლამენტშია ინიცირებული. მე, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრი, მის განხილვებში აქტიურად ვიქნები ჩართული. ყველა მწვავე საკითხი განვიხილეთ, მათ შორის, აზარტულ თამაშებში ჩართვა 18-ის ნაცვლად, 21 წლიდან რომ იყოს დასაშვები. მომავალში უკვე პარლამენტში განხილვები რომ დაიწყება, კანონპროექტის დეტალური ანალიზი მოხდება. ჩემი აზრით, აღნიშნული კანონპროექტი არის დაბალანსებული. მისი მიღების შემთხვევაში,  არც ბიზნესი დაზარალდება და არც ასეთი სოციალური პრობლემები გვექნება, რომლებიც აზარტულ თამაშებში ბავშვების ჩართულობის გამო გვაქვს“, - აღნიშნავს ბერაია.


რაც შეეხება ონლაინ-კაზინოების სრულ აკრძალვას, ეს საკითხი კვლავ ბუნდოვნად რჩება. როგორც ბერაია აღნიშნავს, ეს არის ერთადერთი საკითხი, რომელზეც სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განხილვები არ ყოფილა, თუმცა, მისი აზრით, სრული აკრძალვა არასწორი და არაეფექტური იქნება.


„ონლაინ აზარტული თამაშების მიმართ მსოფლიო პრაქტიკაში სამი სახის მიდგომა არსებობს  - აკრძალვა, მონოპოლია და რეგულირება. როგორც წესი, რეგულირებამ სხვადასხვა ქვეყნებში ყველაზე მეტად გაამართლა. აკრძალვა რთული საკითხია, რადგან ასეთ შემთხვევაში ინტერნეტზე წვდომაც უნდა აკრძალო. თანაც ჩემი აზრით, აკრძალვა სწორი მიდგომა არ იქნება. ამან ზოგიერთ ქვეყანაში ვერ გაამართლა. ჩვენ მესამე ვარიანტი ავარჩიეთ, თუმცა საბოლოოდ განხილვების გამართვის შემდეგ გადაწყდება, როგორ კანონპროექტს შევიმუშავებთ. კანონპროექტი იქნება ეფექტური, თუ ჩვენ რეგულაციების გზას ავირჩევთ.აკრძალვის შემთხვევაში, აზარტული თამაშები ქუჩაში გადაინაცვლებს. ეს გაზრდის კრიმინალს, პატიმრების რაოდენობას. ჩვენი მიზანი არ არის, რომ ციხეში მეტი ადამიანი იჯდეს“, - აცხადებს პარლამენტარი.


კითხვაზე, რეგულაციების დაწესებას თუ ექნება მსგავსი უკუეფექტი, როგორიც სრული აკრძალვის შემთხვევაში იქნებოდა, ბერაია პასუხობს, რომ მსგავსი უკუეფექტი არ იქნება: „ვერცერთი კანონპროექტი ვერ იქნება აბსოლუტური პრევენცია, თუმცა აქ მასშტაბებზეა საუბარი. შეიძლება ქუჩაში თამაში ახლაც ხდება, მაგრამ ეს არის ძალიან მცირე მასშტაბით. სრული აკრძალვების შემთხვევაში, ეს მასშტაბი გაიზრდება, რაც რა თქმა უნდა არ გვინდა.“


კითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა ზღვარის უფრო მეტად აწევა, ირაკლი ბერაიას შეფასებით, ეს ზღვარი რელევანტურია: „თავიდან 18 წლამდე აკრძალვის თემა განიხილებოდა. შემდეგ ფსიქოლოგების რეკომენდაცია იყო, რომ ზღვარი 21 წლამდე გაზრდილიყო. არსებობს მოსაზრებები, რომ შეიძლება 25 წლამდე გაზრდაც, თუმცა 21 წელი სავსებით საკმარისია.“


რაც შეეხება იმ საკითხს, თუ რატომ ვერ მოხერხდა აზარტული თამაშების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა ხუთი წლის განმავლობაში, ირაკლი ბერაიას თქმით, ის არ ფლობს ინფორმაციას, წინა მოწვევის პარლამენტში პროცესები როგორ მიმდინარეობდა: „წინა მოწვევის პარლამენტის შესახებ პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან მაშინ წევრი არ ვიყავი. რაც შეეხება მეცხრე მოწვევის პარლამენტს, ჩვენ ძალიან მალე დავიწყეთ მუშაობა. ფინანსთა სამინისტროსთან ვთანამშრომლობდით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. შედეგად მივიღეთ ის, რომ კანონპროექტი ინიცირებულია.“


ავტორი: თეონა კენჭიაშვილი




მომავალი წლის ფინანსური პრიორიტეტები და მთავარი პროექტები - ინტერვიუ ფინანსთა მინისტრთან

person access_time2017-12-17 11:51:15
13 დეკემბერს პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. გაირკვა, რომ მომავალ წელს მთავრობა 12...

სივრცის გაფართოება აივნის ხარჯზე - „თანამედროვე არქიტექტურა“ (ფოტო)

person access_time2017-12-17 11:00:32
დიდ მეგაპოლისებში მცხოვრებმა ადამიანებმა იციან, რომ ბინებში ადგილი არასაკმარისია და ყველა საშუალებას იყენებენ სივრცის გაფართოებისთვის. დიდ ქალაქებში კვადრატული მეტრის ღირებულება საკმაოდ ძვირია, ამიტომ ადამიანები ყიდულობენ მცირე ზომის ფართს.  პატარა ბინების მეპატრონეები ყველა ვარიანტს იყენებენ გაფართოებისთვის. ყველაზე პოპულარულია გაფართოება აივნის ხარჯზე. საბოლოო ჯამში, ასეთი „არქიტექტურული შედევრი“ შესაძლოა, ხელს უშლიდეს მეზობლებს და ასევე, ის საფრთხის შემცველი იყოს...

1 ლარად ნაჩუქარი ოფშორი საქართველოში ბიტკოინის მოპოვებისთვის

person access_time2017-12-17 13:00:39
...

ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადასარჩენად 40 მლნ გამოყო

person access_time2017-12-16 12:49:29
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 660-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა, რის გამოც სახელმწიფომ პროგრამის შეუფერხებელი ოპერირებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის...

თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა (ფოტო)

person access_time2017-12-16 09:35:30
ქალაქის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე 15 დეკემბერს თბილისის დროით ზუსტად 20:00 საათზე ქალაქის მერმა კახა კალაძემ...


მსგავსი სიახლეები