ვინ გააგრძელა ლარის გაუფასურების პროცესი გიორგი ქადაგიძის შემდეგ?

access_time2017-11-20 09:00:26

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლარის კურსი თითქმის 10%-ით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ 17 ოქტომბერს დადგენილი კურსით ერთი დოლარი 2,4827 ლარი ღირდა, დღეს კი ერთი დოლარი 2,7268 ლარია. 24-პუნქტიანი ვარდნის შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოში დაიბარეს, 27 ნოემბერს კობა გვენეტაძეს უმრავლესობისა და უმცირესობის კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.


ლარის გაუფასურების 5-წლიანი ისტორია


ეროვნულმა ვალუტამ  გაუფასურება 2013 წლის ბოლოდან დაიწყო, როდესაც ერთი დოლარის ღირებულება 1,66 ლარიდან 1,73 ლარამდე გაიზარდა. 2014 წლის იანვრიდან დეკემბრის ბოლომდე კი ლარი დოლარის მიმართ 1,7366 ნიშნულიდან 1,8636 ნიშნულამდე გაუფასურდა. უკვე 2015 წლის იანვრის ბოლოდან კი ერთი დოლარის ღირებულებამ 2,0144 ლარს გადააჭარბა, სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო ეროვნული ვალუტის მკვეთრად გაუფასურება. 2015 წლის ბოლოსთვის კი ლარი/დოლარის ნიშნულმა 2,4 ნიშნულს მიაღწია.


ეროვნული ვალუტისთვის რთული აღმოჩნდა 2016 წელი. წლის განმავლობაში ლარი ხან უფასურდებოდა, ხან კი მცირედით მყარდებოდა. 2016 წლის დეკემბერში კი ეროვნული ვალუტის კურსმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და ერთი დოლარის ღირებულება 22 დეკემბერს 2,7846 ლარი გახდა. უკვე 2017 წლის იანვრიდან ლარმა მცირედით დაიწყო გამყარება, თუმცა ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეროვნული ვალუტის კურსი 24 პუნქტით დაეცა.  


ვინ აუფასურებს ლარს?


2013 წლის ბოლოდან 2016 წლის თებერვლამდე ლარის გაუფასურების მთავარ არგუმენტად საგარეო მიზეზებთან ერთად, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის ფაქტორი სახელდებოდა. საკანონმდებლო ორგანოს ეკონომიკური პროფილის კომიტეტების წარმომადგენლები კურსის ვარდნაში ეროვნულ ბანკს ადანაშაულებდნენ და გიორგი ქადაგიძეს პირდაპირ თუ ირიბად საბოტაჟში სდებდნენ ბრალს. მაშინ დეპუტატები ქადაგიძეს პარლამენტშიც იბარებდნენ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე თანამდებობაზე აღარ არის, თუმცა ლარი დღეს ისევ უფასურდება და თანაც, უკვე მორიგ ფსიქოლოგიურ ზღვარსაც უახლოვდა. 


დღეს იმ პოლიტიკოსების ნაწილი, ვინც ადრე ეროვნულ ბანკს და კონკრეტულად გიორგი ქადაგიძეს სდებდა ბრალს, განცხადების გაკეთებისგან თავს იკავებს, ნაწილი კი ახლანდელ გაუფასურებას ისევ ეროვნული ბანკის ფაქტორს უკავშირებს.


დღეს თითქმის 10%-იანი გაუფასურების შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტში ისევ დაიბარეს. კობა გვენეტაძე საკანონმდებლო ორგანოში 27 ნოემბერს მივა და დეპუტატებს ლარის გაუფასურების მიზეზებს აუხსნის. მანამდე კი სებ-ში კომენტარს არ აკეთებენ, განცხადება მხოლოდ ერთხელ და ისიც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა გააკეთა და მან ლარის კურსის დაცემის ერთ-ერთ მიზეზად იმპორტიორების მიერ პროდუქციის წინასწარ შეძენა დაასახელა. რასაც თავის მხრივ, იმპორტიორებმა არასერიოზული უწოდეს. 



პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე ხშირად ამბობდა, რომ ლარის გაუფასურების მიზეზი ეროვნული ბანკის, კერძოდ კი ქადაგიძის ქმედებები იყო. „კომერსანტი“ დაინტერესდა, თუ რა არის ახლა ლარის კურსის ვარდნის მიზეზი, რაზეც ტყემალაძემ ასეთი პასუხი გაგვცა: „ეკონომიკაში არ არის ისეთი მდგომარეობა, რომ ლარის კურსი ასე უფასურდებოდეს. აქედან გამომდინარე,პასუხი უნდა გასცეს როგორც ეროვნულმა ბანკმა, ასევე თუ საჭირო გახდა, მთავრობამაც უნდა მიიღოს გარკვეული ზომები“-აცხადებს ტყემალაძე.


კითხვაზე, თუ გიორგი ქადაგიძის ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის დროს ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ქადაგიძის ფაქტორი სახელდებოდა, ახლანდელი გაუფასურების მიზეზები სად უნდა ვეძიოთ, ტყემალაძე აცხადებს, რომ ლარის კურსის რყევა დღესაც ეროვნული ბანკის ბრალეულობაა.


„რა მნიშვნელობა აქვს ქადაგიძე იქნება პრეზიდენტი თუ დადიანი, ლარის გაუფასურება ეროვნული ბანკის ბრალია. მარეგულირებელმა უნდა ახსნას ის, თუ რისგან არის გამოწყვეული“-აცხადებს ტყემალაძე. ყოფილი დეპუტატი ეროვნული ბანკის მხრიდნ გაკეთებულ განცხადებებს არასაკმარისად თვლის.



ლარის გაუფასურებას ქადაგიძის ფაქტორს უკავშირებდა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურიც. ქადაგიძის უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ მცირედით გამყარებულმა ლარმა მეჭიაურს უფრო მეტი საბაბი მისცა, რომ ამაში ქადაგიძე დაედანაშაულებინა.


„მე სულ ვიძახდი, რომ ქადაგიძე იყო საფრთხე და მისი ყოფნა ხელს უშლიდა ლარის გამყარებას. წავიდა და დაემთხვა ხომ? რატომ არ იძახით, რომ ჭკვიანი კაცი ვარ ამას რომ ვამბობდი? მე არ მაქვს წვდომა იმაზე, რომ ეს ყველაფერი მტკიცებულების ფორმაში გადავიყვანო, მაგრამ თავის დროზე ვითხოვდი საგამოძიებო კომისიის შექმნას, რადგან ეს შეეხო საქართველოს ყველა მოქალაქეს. ახლაც ვიმეორებ, რომ ამაზე საგამოძიებო კომისია უნდა შექმნილიყო. მე ვფიქრობ, რომ ახლაც შესაძლებელია მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, თუმცა საგამოძიებო კომისიის შექმნის ალბათობა არ არის. იმედი მქონდა, რომ გავიტანდი ამ საკითხს, აუცილებლად დავაყენებდი ისევ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს, - ამბობდა მეჭიაური.


დღეს მეჭიაური ლარის გაუფასურების მიზეზებზე კომენტარს აღარ აკეთებს, ამბობს, რომ ის ჩამოშორდა აღნიშნულ პროცესებს და „დიდი ავიაციიდან პროვინციაში გადავიდა“.


„ახლა გარკვეულ ინფორმაციაზე წვდომა აღარ მაქვს, ამიტომ ჩემი აზრი და შეფასება შეიძლება კომპეტენტური აღარ იყოს. მაშინ ბევრ ინფორმაციაზე მქონდა წვდომა და გარს საკმაოდ კვალიფიციური აპარატის თანამშრომლები მეხვია. ახლა სულ სხვა საქმეებით ვარ დაკავებული, ათასგვარი ინტრიგებს ხლართავენ. ახლა ისიც არ ვიცი რამდენია ლარის კურსი“-აცხადებს მეჭიაური.


კიდევ ერთი დეპუტატი, რომელიც ლარის ვარდნას ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს აბრალებდა, კარლო კოპალიანი იყო. „როგორ ფიქრობთ, ახლა ქადაგიძე ადეიშვილის დავალებებს აღარ შეასრულებს? ასრულებს და თანაც ბრწყინვალედ, ლარი აქამდე სწორედ მან მიიყვანა. ეგ დამტკიცებულია ისევე, როგორც დამტკიცებულია ის ფაქტი, რომ ეგ და „ნაციონალები ერთ მხარეს არიან,- აცხადებდა დეპუტატი.



ახლა კი კოპალიანი ფიქრობს, რომ ლარის გაცვლითი კურსი რეალურ სიტუაციას არ შეესაბამება. „ მე ქადაგიძეს ვაკრიტიკებდი და ახლაც იგივე აზრზე ვრჩები. არის საგარეო ფაქტორებიც, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის მეტი უნდა გააკეთოს“-აცხადებს კოპალიანი.


მისივე ინფორმაციით, კარგია, თუ ქვეყანაში ე.წ. მცურავი კურსი იქნება, თუმცა, ეს ისეთი პროცესია, რომელსაც მოსახლეობა საკმაოდ მწვავედ გადიტანს. კოპალიანს მიაჩნია, რომ ეროვნულმა ბანკმა აღნიშნულ პრობლემას უნდა უშველოს.


„ჩემთვის აუხსნელი და გაუგებარია, შეიძლება მე ვერ ვხვდები,მაგრამ როდესააც ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა გვაქვს, როდესაც ამდენი ტურისტი იყო და ფულის მასა ტრიალებს, მგონია, რომ ლარი უნდა დასტაბილურებულიყო“-აცხადებს კოპალიანი.


მისი განცხადებით, ასევე მისახედია ბანკების პრობლემაც. როგორც კოპალიანი აცხადებს, ბანკების საქმიანობა გარკვეულ ჩარჩოში უნდა მოექცეს. „მე ბანკებისკენაც ვიშვერ ხელს, რადგან ასე გაგრძელება წარმოუდგენელია. სებ-ის ვიცე პრეზიდენტი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ურთუერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს. ხან ამბობს, რომ კომერციული ბანკების საქმიანობაშ არ ერევა, ხან პირიქით, თუ ასე გაგრელდა პროცესები ჩაერევიან. ეს უფრო აბნევს ხალხს. ეროვნული ბანკის ფუნქცია ხომ ეს არის?“-აცხადებს კოპალიანი.


რატომ უფასურდება ლარი და რა მიზეზები არსებობს ეროვნული ვალუტის კურსის ასე სწრაფად ვარდნის, ამაზე კობა გვენეტაძეს პასუხის გაცემა 27 ნოემბერს მოუწევს. 


ავტორი: სოფო ქსოვრელი 




მომავალი წლის ფინანსური პრიორიტეტები და მთავარი პროექტები - ინტერვიუ ფინანსთა მინისტრთან

person access_time2017-12-17 11:51:15
13 დეკემბერს პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. გაირკვა, რომ მომავალ წელს მთავრობა 12...

სივრცის გაფართოება აივნის ხარჯზე - „თანამედროვე არქიტექტურა“ (ფოტო)

person access_time2017-12-17 11:00:32
დიდ მეგაპოლისებში მცხოვრებმა ადამიანებმა იციან, რომ ბინებში ადგილი არასაკმარისია და ყველა საშუალებას იყენებენ სივრცის გაფართოებისთვის. დიდ ქალაქებში კვადრატული მეტრის ღირებულება საკმაოდ ძვირია, ამიტომ ადამიანები ყიდულობენ მცირე ზომის ფართს.  პატარა ბინების მეპატრონეები ყველა ვარიანტს იყენებენ გაფართოებისთვის. ყველაზე პოპულარულია გაფართოება აივნის ხარჯზე. საბოლოო ჯამში, ასეთი „არქიტექტურული შედევრი“ შესაძლოა, ხელს უშლიდეს მეზობლებს და ასევე, ის საფრთხის შემცველი იყოს...

1 ლარად ნაჩუქარი ოფშორი საქართველოში ბიტკოინის მოპოვებისთვის

person access_time2017-12-17 13:00:39
...

ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადასარჩენად 40 მლნ გამოყო

person access_time2017-12-16 12:49:29
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 660-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა, რის გამოც სახელმწიფომ პროგრამის შეუფერხებელი ოპერირებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის...

თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა (ფოტო)

person access_time2017-12-16 09:35:30
ქალაქის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე 15 დეკემბერს თბილისის დროით ზუსტად 20:00 საათზე ქალაქის მერმა კახა კალაძემ...


მსგავსი სიახლეები