„ზეწოლას ვერ გაუძლო, მევალის წასვლის შემდეგ თავი მოიკლა“ - ვინ არის პასუხისმგებელი?

access_time2017-11-17 09:40:06

საქართველოში კერძო იპოთეკარების საქმიანობა დღემდე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ისინი ბაზარზე ყოველგვარი რეგულაციების გარეშე მუშაობენ, არ ხდება აღრიცხვა და როგორც სპეციალისტები ამბობენ, ისინი მომხმარებლებს სესხს საკმაოდ კაბალური პირობებით აძლევენ. საბოლოოდ, დაზარალებული ხშირ შემთხვევაში სწორედ მსესხებელი რჩება, რადგან ვალის გადაუხდელობის გამო მას ან ბინზესს ართმევენ, ან კი საცხოვრებელს.

 

სწორედ ე.წ მევახშეებისგან აღებული თანხის გამო, რამდენიმე დღის წინ წიგნის მაღაზიის მეპატრონე 54 წლის მ.მ-მ მაღაზიაში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.  როგორც „კომერსანტს“ თვითმხილველმა განუცხადა, (ვინაობას მისივე თხოვნით არ ვასახელებთ) გარდაცვლილს წარსულში ბავშვთა სამყაროში სამი მაღაზია ჰქონდა. თუმცა ხანძრის შემდგომ, ის „პასაჟის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გადავიდა სამუშაოდ. მისი თქმით, ე.წ. მევახშეები მასთან ყოველდღიურად დადიოდნენ და თანხის გადახდას სთხოვდნენ.

 

„ის ბავშვთა სამყაროში მუშაობდა და სამი მაღაზია ჰქონდა. შემდგომ, როდესაც ბავშვთა სამყარო დაიწვა, აქ, „პასაჟის“ მოპირდაპირე მხარეს გადმოვიდა და ერთი პატარა მაღაზიით გააგრძელა მუშაობა. თვითმკვლელობის დღეს, მას ვალზე მოაკითხეს და როგორც ითქვა, სავარაუდოდ, საუბარი დიდი ოდენობით თანხაზე მიდიოდა. მევალის წასვლის შემდგომ მან თავი მოიკლა, საკუთარ მაღაზიაში ჩამოიხრჩო თავი“, - განუცხადა „კომერსანტს“ ერთ-ერთმა მოვაჭრემ და დასძინა, რომ „ამ ადამიანმა ზეწოლას ვეღარ გაუძლო“.

 

მისივე თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, ცოტა ხნის  წინ ე.წ დეზერტირების ბაზარში ბოსტნეულის გამყიდველმა მამაკაცმა თავი მოიკლა. ჩვენი რესპონდენტი აცხადებს, რომ ორივე შემთხვევაში მათ სესხი ე.წ კერძო მევახშეებისგან ჰქონდათ აღებული.

 

ე.წ. კერძო იპოთეკარები თუ ორგანიზაციები, რომლებიც სესხებს გასცემენ, თუმცა ეროვნული ბანკის მიერ არ რეგულირდებიან, უკვე წლებია საქართველოში საკმაოდ აქტიურად საქმიანობენ. სხვადასხვა ორგანიზაციების, მათ შორის, „საზოგადოება და ბანკების“ მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, ვალის გადაუხდელობის გამო გასხვისებული ქონების დიდი წილიც სწორედ ე.წ. კერძო მევახშეებზე მოდის. წიგნების მაღაზიის მეპატრონის შემთხვევაში საუბარი იყო თუ არა საცხოვრისის შესაძლო გასხვისებაზე, უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ 2 კერძო სუბიექტს შორის ბიზნეს-ურთიერთობა ერთი მხარისთვის  ფატალურად დასრულდა.

 

„კომერსანტი“ დაინტერესდა, ასეთ დროს ვისი პასუხისმგებლობა საკითხი დგას? როგორ უნდა მოგვარდეს ე.წ კერძო იპოთეკარების პრობლემა და საერთოდ,  როგორ უნდა მოექცეს მათი საქმიანობა რეგულაციის ქვეშ?

 

ამ საკითხებზე კომენტირებისას პარლამენტში აცხადებენ, რომ თუ მსგავსი შემთხვევები მასობრივ ხასიათს მიიღებს, რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ უნდა იფიქროს იმ გზების „გადაკეტვაზე“, რასაც ადამიანები ამ მდგომარეობამდე მიჰყავს. თუმცა როგორც უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, მხოლოდ კანონი საზოგადოების გარეშე ვერ იმუშავებს.

 

„თუ გამოიკვეთება ის მდგომარეობა, რომ ვალის გამო ადამიანმა მუქარის ნიადაგზე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რა თქმა უნდა, ეს დანაშაულია და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ. როდესაც ორ მხარეს შორის შეთანხმება იდება, სხვისი სიცოცხლის ხარჯზე ვალის ანაზღაურება არ უნდა მოხდეს. თუ აქ მევახშის ბრალეულობა გამოიკვეთება, მაშინ ის შესაბამისად უნდა დაისაჯოს. საზოგადოება უნდა შეეცადოს, რომ მათთან ურთიერთობა გაწყვიტოს. აღნიშნულ საკითხზე საფუძვლიანი გამოძიება უნდა ჩატარდეს. ყველა დეტალი ამ გარიგებებში უნდა იქნას გამოძიებული, თუმცა ამ თვალსაზრისით პრობლემა საზოგადოებაშიცაა. მხოლოდ კანონი საზოგადოების გარეშე ვერ იმუშავებს. თუ მსგავსი შემთხვევები მასობრივ ხასიათს მიიღებს, რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ უნდა იფიქროს იმ გზების გადაკეტვაზე, რასაც ადამიანები ამ მდგომარეობამდე მიჰყავს“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.   

 

„საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელის გიორგი კეპულაძის განცხადებით,  რთულია იმის თქმა, თუ რა უნდა გააკეთოს ამ დროს სახელმწიფომ. კეპულაძის თქმით, ჩვენთან მევახშეებს ხშირ შემთხვევაში ხელ-ფეხი გახსნილი აქვთ და პრობლემა იმიტომ ვერ გვარდება, რომ მათ მომხმარებელი მუდმივად ჰყავთ.

 

„მევახშეებმა ძალიან კარგად იციან, რომ ის, ვინც მათ მიმართავს, სხვა საფინანსო ინსტიტუტში სესხს ვერ იღებს. ასეთ პირს სხვა გზა არ აქვს და ისინი ფაქტობრივად, ყველა პირობაზე თანხმდებიან. მათი პირობები კი საკმაოდ კაბალურია. ამას მევახშეები კარგად იყენებენ. შესაძლოა, ამ ყველაფრიდან გარკვეულწილად გამოსავალი იყოს ის, რომ ამ სექტორის აღრიცხვა მოხდეს. ასევე საჭიროა, მომხმარებლებს მეტი ფინანსური განათლება ჰქონდეთ, რომ მსგავსი სახის სესხზე საერთოდ უარი თქვან.

 

ჩვენთან მევახშეებს ხშირ შემთხვევაში ხელ-ფეხი გახსნილი აქვთ. ყველა ადამიანი საკუთარ სესხზე პასუხს თავად აგებს. რთულია სახელმწიფომ ყველაფერი გააკონტროლოს. პრობლემა იმიტომ ვერ გვარდება, რომ მევახშეს მომხმარებელი მუდმივად ჰყავს“, - აღნიშნა კეპულაძემ.  

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე

 



მომავალი წლის ფინანსური პრიორიტეტები და მთავარი პროექტები - ინტერვიუ ფინანსთა მინისტრთან

person access_time2017-12-17 11:51:15
13 დეკემბერს პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. გაირკვა, რომ მომავალ წელს მთავრობა 12...

სივრცის გაფართოება აივნის ხარჯზე - „თანამედროვე არქიტექტურა“ (ფოტო)

person access_time2017-12-17 11:00:32
დიდ მეგაპოლისებში მცხოვრებმა ადამიანებმა იციან, რომ ბინებში ადგილი არასაკმარისია და ყველა საშუალებას იყენებენ სივრცის გაფართოებისთვის. დიდ ქალაქებში კვადრატული მეტრის ღირებულება საკმაოდ ძვირია, ამიტომ ადამიანები ყიდულობენ მცირე ზომის ფართს.  პატარა ბინების მეპატრონეები ყველა ვარიანტს იყენებენ გაფართოებისთვის. ყველაზე პოპულარულია გაფართოება აივნის ხარჯზე. საბოლოო ჯამში, ასეთი „არქიტექტურული შედევრი“ შესაძლოა, ხელს უშლიდეს მეზობლებს და ასევე, ის საფრთხის შემცველი იყოს...

1 ლარად ნაჩუქარი ოფშორი საქართველოში ბიტკოინის მოპოვებისთვის

person access_time2017-12-17 13:00:39
...

ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადასარჩენად 40 მლნ გამოყო

person access_time2017-12-16 12:49:29
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 660-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა, რის გამოც სახელმწიფომ პროგრამის შეუფერხებელი ოპერირებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის...

თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა (ფოტო)

person access_time2017-12-16 09:35:30
ქალაქის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე 15 დეკემბერს თბილისის დროით ზუსტად 20:00 საათზე ქალაქის მერმა კახა კალაძემ...


მსგავსი სიახლეები