„ეროვნულ ბანკს პასუხი უნდა მოვთხოვოთ“ - აკაკი ჩარგეიშვილი ლარის გაუფასურებაზე

access_time2017-11-15 09:00:00

ლარის გაუფასურების შეჩერება ვერ ხერხდება. მცურავ რეჟიმში მყოფი ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ ბოლო ერთი თვის განმავლობაში 20 პუნქტით  2,4808-დან 2,6830 გაუფასურდა. დუმს ეროვნული ბანკი, მთავრობა კი ჯერ სტრუქტურული ცვლილებებით არის დაკავებული. ამ დროს კი ეკონომისტების ნაწილი უფრო პესიმისტურ პროგნოზსს აკეთებს და დეკემბერში ლარის კურსის კიდევ უფრო დაცემას არ გამორიცხავს.  ეკონომისტი და ბიზნეს სამართლის სპეციალისტი აკაკი ჩარგეიშვილის განცხადებით კი, საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკი აუცილებლად უნდა დაიბარონ, რათა განმარტოს, რატომ ვერ ხერხდება კურსის შეჩერება.


შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტა უფასურდება. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 2.6830 ლარი ღირს, რაც გუშინდელ ოფიციალურ კურსთან შედარებით თითქმის სამი პუნქტით მეტია. ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია“კომერსანტთან“ საუბარში არ გამორიცხავდა, რომ საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის დაბარება მოხდეს.


ჩარგეიშვილის თქმით, მარეგულირებლის პარლამენტში დაბარება მხოლოდ ასეთ  სიტუაციაში არ უნდა ხდებოდეს. ეს უნდა იყოს მუდმივ რეჟიმში, რათა მოხდეს საზოგადოების ინფორმირებულობა ეროვნული ბანკის გრძლევადიანი გეგმების შესახებ, თუ რას აკეთებენ ფისკალური პოლიტიკის მიმართულებით.


„ისინი პარლამენტში აუცილებლად უნდა დავიბაროთ იმ მიზნით, თუ რას აკეთებენ ლარის გაუფასურების შეჩერების მიმართულებით,  ან რას გააკეთებენ. მოკლევადიანი, ხელოვნური მოქმედებებით წინ ვერ წავალთ. ჩვენ გვირჩევნია ის გადაწყვეტილებები, რაც ეკონომიკას და თავისუფალ საბაზრო კონკურენციას სჭირდება, მიიღოს სახელმწიფომ, რათა უფრო მეტად გრძელვადიანი შედეგები გვქონდეს. ერთდღიანი შეჩერებას ეფექტი არ აქვს და კურსი სამი დღის შემდეგ ისევ გაიქცევა. კონკრეტულ ცხელ სიტუაციაში დაბარება კი საჭიროა, მაგრამ უფრო გრძელვადიანი გეგმების შესახებ უნდა ვიცოდეთ. უნდა გვქონდეს მანამდე წარმოდგენილი გეგმა, რას აპირებდნენ. მათ პასუხი უნდა მოვთხოვოთ, თუ პროგნოზები დათვლილი ჰქონდათ, მაშინ რატომ ხდება ასეთი გაუფასურება. კონკრეტულ კითხვებს ვერ ვუსვამთ ეროვნულ ბანკს. ეს არის მთავარი პრობლემა“, - აღნიშნავს ჩარგეიშვილი.



მისივე განმარტებით, ქვეყნის ფისკალურ პოლიტიკაზე საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები არ გვაქვს: „ეროვნული ბანკი პარლამენტის მიერ მიტოვებულია. ეროვნული ბანკის მხოლოდ და მხოლოდ აუდიტირება ხდება და ისიც საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის მიერ. მისი საქმიანობის შესახებ საპარლამენტო კონტროლი პრაქტიკულად არ ხორციელდება. რა ნაბიჯები გადადგეს ფისკალური პოლიტიკის მიმართულებით, რა მოიტანა ამ ნაბიჯებმა, რამდენად სწორი იყო, რეფინანსირების განაკვეთი რატომ შეინარჩუნა და ა.შ, მსგავს ანგარიშს არავინ იბარებს.“  აცხადებს ჩარგეიშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას. 


ამასთან, აკაკი ჩარგეიშვილის შეფასებით, ეროვნული ვალუტის ასეთ გაუფასურებაზე გავლენა ბევრმა ფაქტორმა იქონია და მათ შორის იმანაც, რომ ხელისუფლებამ წლების განმავლობაში ეკონომიკის გაჯანსაღების მიზნით ნაბიჯები არ გადადგა.


„ჯერ კიდევ წლების წინ ვამბობდი, რომ ქვეყანაში ეკონომიკური აქტიურობა არ არის. შემდეგ რაღაცეები დაიძრა, ტურისტულმა ნაკადებმა იმატა, ეკონომიკა გარკვეულწილად გამოცოცხლდა. მაგრამ საერთო ჯამში მთავრობამ თავის დროზე არ გადადგა ისეთი სწრაფი ნაბიჯები, რომლებიც ეკონომიკას გააჯანსაღებდა. ეროვნული ბანკიდან საფინანსო ზედამხედველობის გამოყოფა უნდა მომხდარიყო და საბოლოოდ არ გამოეყო. ამას მოჰყვა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის მიღება, სახელმწიფოს მიერ კონკურენციის სააგენტოს შექმნა, მაგრამ ეს კანონმდებლობა იმ სათანადო დონეზე მაინც ვერ დადგა, რომ ბანკების პირდაპირი მონოპოლიზირებული კონკურენციის შეზღუდვა მომხდარიყო. ასევე, იყო საუბარი საბანკო სფეროში არაპროფილურ საქმიანობის აკრძალვაზე და ესეც მხოლოდ ინიციატივის დონეზე დარჩა. ამასობაში მოხდა ისე, რომ ბანკებმა სამშენებლო, სააფთიაქო, განათლების ბიზნესი და საფონდო ბირჟა მთლიანად ჩაიგდეს ხელში და კერძო მესაკუთრეს წილიც არ დაუტოვეს. მონოპოლიზირებამ ეკონომიკას თავისი უარყოფითი შედეგი დაუტოვა, მათ შორის, გაუფასურებული ლარი“, - აცხადებს ჩარეგიშვილი.


მისივე თქმით, ლარზე უარყოფითი გავლენა საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ მენაბრეების დაზარალებამ და დაკარგულმა მილიონებმაც გამოიწვია: „მოუგვარებელი და მოუწესრიგებელი დარჩა იპოთეკარებთან დაკავშირებული პრობლემები. ჩვენ ახლა გვყავს დაზარალებული 4000 მეანაბრე და 120 მილიონი, რომელიც გაქრა ეკონომიკიდან, რამაც ქვეყნის ფისკალურ პოლიტიკას მნიშვნელოვნად დაარტყა. ამას ემატება საგარეო ვალები, რაც ქვეყანას უგროვდება და წლის ბოლოსკენ გვიწევს მათი გადავადება ან მომსახურება და გადახდა. ამ დროს დოლარის შესყიდვა ხდება, რაც ლარის ინფლაციას მეტად იწვევს“,  დასძინა ჩარგეიშვილმა.  


ავტორი: თეონა კენჭიაშვილი


 




„არავინ იცის, როგორი დენი მიდის მომხმარებლამდე!“ - ენერგეტიკოსები ელექტროენერგიის ხარისხის კონტროლის გამკაცრებას ითხოვენ

person access_time2018-01-16 11:10:24
ელექტროენერგიის ხარისხის კონტროლი გასამკაცრებელია. ენერგეტიკოსების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ დენის ხარისხი არ კონტროლდება და ამით მომხმარებელი ზარალდება. ბოლო პერიოდში კომპანიებს ამ მხრივ გარკვეული ვალდებულებები დაეკისრათ, მაგრამ ეს ჯერჯერობით არ არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში კი ამტკიცებენ, რომ ელექტროენერგიის ხარისხი დამაკმაყოფილებელია. ენერგეტიკოსები ეჭვობენ, რომ დენის ხარისხის კონტროლი არ მიმდინარეობს....

H&M-მა და არჩევნებმა გარე სარეკლამო ბაზარი 15%-ით გაზარდა - outdoor.ge

person access_time2018-01-16 12:15:18
„გასულ წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით დატვირთული ბანერების რაოდენობამ 70-80% შეადგინა“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ სარეკლამო სააგენტო outdoor.ge-ს დირექტორმა ზურაბ პერტაიამ განუცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე გარე სარეკლამო ბაზარი საკმაოდ დატვირთულია, თუმცა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში, ბაზარზე შესაძლოა, მცირედი ცვლილებები მოხდეს. „ამ ეტაპზე სარეკლამო ბაზარი...

„მივიღე მტკივნეული გაკვეთილი - დისტანცია უნდა დავიჭირო იმ ქვეყნების შიდა პოლიტიკისგან, სადაც ჩემი ფონდი ოპერირებს“

person access_time2018-01-15 20:00:38
ჯორჯ სოროსის განცხადებით, იგი ნაციონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლას კვლავ აპირებს - იდეოლოგიის, რომელსაც იგი „დომინანტს“ უწოდებს. აღნიშნულთან დაკავშირებით მილიარდერმა ინვესტორმა Financial Times-თან ისაუბრა. საუბარი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსაც შეეხო. „დეჟა ვუ მაქვს - მსოფლიოში დომინანტი იდეოლოგია კვლავ ნაციონალიზმია. ევროკავშირი დაშლის პირას არის, რუსეთი კი ძალას იკრებს - ქვეყანა, რომელიც ნაციონალიზმზეა დაფუძნებული,“ განაცხადა...

რეგულაციების დაწესება სათამაშოების ბაზარზე - რას ითხოვენ ქართველი მწარმოებლები ხელისუფლებისგან

person access_time2018-01-16 10:20:35
პოპულარიზაცია, წარმოების ზრდა და უსაფრთხო სათამაშოები — ეს ის საკითხებია, რის დაყენებასაც სათამაშოების ქართველი მწარმოებლები სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე გაახმაურებენ. როგორ კომპანიებში აცხადებენ, სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ნაბიჯები იდგმევა, თუმცა წარმოების გაზრდისთვის და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის ეს საკმარისი არ არის. როგორც ცნობილია, ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზრებზე არსებული გამოწვევებისა და...

ზონირება, ტრანსპორტი, ეფექტიანობის შეფასება - მერიის არქიტექტურის სამსახური გენგეგმასთან დაკავშირებით შენიშვნებს აქვეყნებს

person access_time2018-01-15 17:00:26
თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენგეგმის პროექტის შესახებ საკუთარ შენიშვნებს აქვეყნებს. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის განახლებული ვერსიის შეფასებას აქვეყნებს. დოკუმენტში აღნიშნულია ის შენიშვნები, რომელიც თბილისის მერიას და შესაბამის სამსახურს გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით აქვს....


მსგავსი სიახლეები