„სამშენებლო სამუშაოებზე მეტი დრო ბიუროკრატიას მიაქვს“ - როგორ მიმდინარეობს სამშენებლო ამნისტიის მე-2 ეტაპი?

access_time2017-11-07 09:40:47

2008 წლის აგვისტომდე დაწყებულ მშენებლობებზე სამშენებლო ამნისტიის მეორე ეტაპი უკვე 4 თვეა გრძელდება, თუმცა უცნობია ამ ეტაპზე მშენებლობა რამდენმა კომპანიამ გაანაახლა. თბილისის მერიაში აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია არ აქვთ. დეტალური მონაცემები არ აქვთ არც  „მენაშენეთა ასოციაციაში“, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პირველი ეტაპის მინდინარეობისას წარმოქმნილი ბიუროკრატიული ბარიერების გამო, რამდენიმე ინვესტორმა პროექტში ფულის ჩადებაზე უარი თქვა და მშენებლობაც არ განახლდა.


შეგახსენებთ, რომ 2008 წლის 8 აგვისტომდე დაწყებული და შეჩერებული მშენებლობების სამშენებლო ამნისტიის დაწესების შესახებ თავდაპირველად 2015 წლის თებერვალში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ სამშენებლო კომპანიების მიერ სახელმწიფოს მიმართ დაგროვილი ვალდებულებები კომპანიებს დღემდე მძიმე ტვირთად აწვება, რაც აღნიშნული დარგის განვითარებას აფერხებს.


მოგვიანებით თბილისის მერმა დავით ნარმანია განაცხადა, რომ დედაქალაქის მთავრობა მზად არის კოეფიციენტის მოსაკრებლისგან გაათავისუფლოს და მშენებლობის ნებართვების ვადა გაუგრძელოს 2008 წლის აგვისტომდე დაწყებულ მშენებლობებს. პარლამენტის დადგენილებით, 2015 წლის 1-ლი იანვრიდან 2018 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელებული უძრავი ქონების მიწოდება და ასევე სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურება დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლდა. როგორც მაშინ ფინანსთა სამინისტროში აცხადებდნენ, საგადასახადო შეღავათი შეეხებოდა 30-მდე სამშენებლო კომპანიის 65-ზე მეტ სამშენებლო პროექტს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ბორჯომში. 


იმის გამო, რომ მშენებლობების განახლებას ბევრი კომპანია ვერ ახერხებდა, „საქართველოს მენაშენეთა ასოციაციამ“ ბიზნესომბუდსმენის აპარატს წინადადებით მიმართა, რომ ვადის გადაწევა მომხდარიყო. საბოლოოდ, სამშენებლო ამნისტიის ვადა 2018 წლის პირველი იანვრის ნაცვლად, 2020 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელდა და ამ ეტაპზე შეჩერებული მშენებლობების განახლების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე კი,  2015 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, 25 მშენებლობა განახლდა და ისინი წლის ბოლომდე დასრულდება.


დაუსრულებელი მშენებლობების დიდი წილი დედაქალაქზე მოდის, სწორედ ამიტომ „კომერსანტმა“ კითხვით, თუ მეორე ეტაპზე რამდენ მშენებარე ობიექტზე განახლდა სამუშაოები და როგორ მიმდინარეობს პროცესი, თბილისის მერიის შესაბამის უწყებებს მიმართა. თუმცა ამაოდ, ერთმა საქალაქო სამსახურმა მეორე სამსახურში გადაგვამისამართა, მეორემ - ისევ პირველში და საბოლოოდ, კონკრეტული დეტალები გაურკვეველი დარჩა. შესაბამისად, გამოდის, რომ თბილისის მერიაში ან არ იციან, რამდენი მშენებლობა განახლდა, ან იციან, მაგრამ მონაცემების გახმაურება არ სურთ. 



კონკრეტული სტატისტიკა არ აქვთ „მენაშენეთა ასოციაციაში.“ თუმცა როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი აცხადებს, სამშენებლო ამნისტიის ვადის 2020 წლამდე გადაწევა გარკვეულმა ბიუროკრატიულმა პრობლემებმა გამოიწვია.


„ვადის გადაწევა მოხდა იმიტომ, რომ ბევრი ობიექტი, რომელიც 2018 წლის პირველ იანვრამდე უნდა დასრულებულიყო, დროში გაიწელა. სამშენებლო სამუშაოებზე მეტი დრო ბიუროკრატიულმა სამუშაოებმა წაიღო. მშენებლობის განახლების პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ინვესტორის მოძიებაა. როცა იურიდიული საკითხები მორჩა და მენაშენეებს ინვესტორთან მოლაპარაკების შესაძლებლობა მიეცათ, აღმოჩნდა, რომ მშენებლობა სამ თვეში უნდა დასრულებულიყო, რაც ბუნებრივია, ვერ მოესწრებოდა. ინვესტორი ხელს არ ჰკიდებდა ისეთ ობიექტს, რომელსაც ბიუროკრატიამ სამუშაო დრო „შეუჭამა“, - აღნიშნა როსტომაშვილმა.


მისივე თქმით, ვიდრე მშენებლობა დაიწყება, სხვა პროცესებთან ერთად, გასავლელია პროცესი, რომელიც მოსახლეობის ერთმანეთთან მორიგებას ეხება, რაც სასამართლოში უნდა გაფორმდეს: „სამწუხაროდ, ეს ქვეყნის რეალობაა და მსგავსი პროცესები სტრუქტურიდან სტრუქტურაში სიარულში იწელება. სასამართლოში სანამ მორიგების საქმე ჩაინიშნება, ერთი წელი ელოდები, რადგან მოსამართლეებს ისედაც ათასი საქმე აწერიათ. იყო შემთხვევები, რომ კომპანიებმა მშენებლობის განახლებისთვის თავიდან  სამი წელი გათვალეს, მაგრამ ორნახევარი წელი მოხმარდა ბანკებში, სასამართლოებში სირბილს და საბუთების მოწესრიგებას. რეალურად მშენებლობისთვის მხოლოდ ნახევარი წელი დარჩათ.ზოგი ინვესტორი საერთოდ წავიდა და თავიდან დავიწყეთ ძებნა. ასეთი პრობლემური კომპანიები რომ დაგროვდა, სია შევადგინე და პრემიერ-მინისტრს გავუგზავნე. იყო კონსულტაციები, შეხვედრები და ვადის გადაწევა ვითხოვეთ. მთავრობამაც ახალი დადგენილება გამოსცა.“


მისივე თქმით, ყველაზე მეტად ბიუროკრატიული პროცესები დედაქალაქის მერიაში გაიწელა.


„ამ შეღავათმა თავდაპირველი ეფექტი, რაც ჩაფიქრებული იყო, რა თქმა უნდა, მოახდინა. ვისურვებდი, რომ მეტი ეფექტი მოეხდინა, რადგან დღესაც ძალიან ბევრი გაჩერებული მშენებლობაა. ზოგიერთმა კომპანიამ ამ შეღავათით საერთოდ არ ისარგებლა. ზოგიერთი მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელობა საერთოდ ვერ მოვძებნეთ. ვფიქრობ, რომ უფრო მარტივი პროცედურების დაგეგმვა შეიძლებოდა, თუმცა ამაზე კამათი არ ღირს. მე ჩემი პოზიცია მაქვს, სხვებს - თავისი. მერიას უფრო მარტივად შეეძლო ეს პროცესები წარემართა, მაგრამ ბევრი დრო მოანდომეს იმის დადგენას, რომ ფინანსთა სამინისტროში გაერკვიათ მშენებლობა 2008 წლამდე იყო დაწყებული თუ არა. ჩემი აზრით, ამას ერთი წელი არ სჭირდებოდა. უნდა გამოყოფილიყო სპეციალურად ერთი ადამიანი, რომელიც ამ საკითხზე სწრაფად იმუშავებდა“, - განმარტავს ირაკლი როსტომაშვილი.


რაც შეეხება ზუსტ ციფრს, შეღავათის ამოქმედებიდან დღემდე რამდენი მშენებლობა განახლდა, ირაკლი როსტომაშვილისთვის კონკრეტული დეტალები უცნობია: „ზუსტი ციფრი არ მაქვს, თუმცა ვიცი, რომ რამდენიმე კომპანიამ სამშენებებლო პროცესები წარმატებით განაახლა. ერთ-ერთ ობიექტის პროექტში ინვესტორისთვის მისაღები კორექტივები გაკეთდა, მაგრამ კიდევ ბევრი დეტალია მოსაგვარებელი. ეს კომპანია უნდა მივიდეს მერიაში. იქიდან საგადასახადოში, შემდეგ ბანკში და ა.შ. ჩვენ მხოლოდ კოორდინაციას ვუწევთ პროცესს, მენაშენეებს და ხელისუფლებას შორის შუამავლი რგოლი ვართ. მათი პრობლემები მერიამდე ან ფინანსთა სამინისტრომდე მიგვაქვს და გამოსავალს ვეძებთ. დღგ-სგან გათავისუფლებაც ასეთი გამოსავალი იყო, რადგან კომპანიებს  გაყიდული ბინებიდან აღებული თანხები უკვე ბანკებში და დავალიანებებში ჰქონდათ გახარჯული და მშენებლობის გაგრძელებას ვერ ახერხებდნენ.“


ავტორი: თეონა კენჭიაშვილი

 




ქვეყნისთვის გარკვეული დამსახურების მქონე ადამიანების სოციალური დაცვა ქვეყნის ღირსების საქმეა

person access_time2018-01-17 10:30:05
დონატა პანჩენკო რამდენიმე წელიწადია თემქის ხანდაზმულთა პანსიონატში ცხოვრობს. ერთ დროს, მისი ცხოვრება რადიკალურად განსხვავებული იყო. ის ქართული ანიმაციის ერთ-ერთი პიონერია. “წუნა და წრუწუნას” ანიმატორი ახლა მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს და ამბობს, რომ სრულიად მარტოა. ​”რაზე უნდა ვიოცნებო? – ახალგაზრდა რომ ხარ, მაშინ ფიქრობ, სიყვარულზე, გათხოვებაზე და შვილზე. მე არავინ და არაფერი არ მაქვს, ჩემი თავის გარდა”, – ჰყვება დონატა...

თბილისის მერიაში, მოძრაობის განტვირთვის მიზნით სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილების შეზღუდვის საკითხზე იმსჯელეს

person access_time2018-01-17 09:00:00
თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე და მერის მოადგილე მაია ბითაძე სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. დედაქალაქის მერიის ცნობით, თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე დედაქალაქში მოძრაობის განტვირთვის მიზნით სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილების შეზღუდვის საკითხზე იმსჯელეს. მაია ბითაძემ იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც თბილისის მერიამ ქალაქში ტრანსპორტის სისტემის მოწესრიგებისა და საცობების შემცირების მიზნით უნდა განახორციელოს. მისი თქმით, მერია მზადაა, აქტიურად იმუშაოს...

„კრიპტოვალუტა ციფრული აქტივების ერთიანობაა“ - ქართული კომპანია კრიპტოვალუტაზე, რისკებსა და სამუშაო მექანიზმზე

person access_time2018-01-16 19:30:34
კრიპტოვალუტა ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი სიტყვაა ფულით დაინტერესებული ადამიანებისთვის, განსაკუთრებით ბოლო თვეების მანძილზე. თემის აქტუალობამ კრიპტოექსპერტებისა და კონსულტანტების აუცილებლობა განაპირობა, ხოლო მაინინგი აქტიურად მოექცა საზოგადოების ინტერესის არეალში. ამ ყველაფრის პარალელურად, კრიპტოვალუტის გარშემო არის უამრავი კითხვა, რომელთაგან ხშირად დასმულ კითხვებს Bitforx-ის მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი, ნიკა ცოტნიაშვილი პასუხობს. — რა მექანიზმით...

ავტოიმპორტიორები VS „სიტროენ ჯორჯია“ - კომპანიები სარჩელის დაუშვებლად ცნობას ითხოვენ

person access_time2018-01-16 18:30:22
6  ბრენდული ავტომწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოში კონკურენციის სააგენტოს განცხადებით მიმართავენ და „სიტროენ ჯორჯიას“ სარჩელის დაუშვებლად ცნობას თხოვენ. განცხადებას ხელს „ჰიუნდაი ავტო საქართველო“, ჯითი მოტორსი, „სტრადა მოტორსი“, „იბერია ავტო“, „კია მოტორს ჯორჯია“ და „ფრანს ავტო“ აწერს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „სიტროენ ჯორჯიას“ მიერ კონკურენციის სააგენტოში შეტანილი სარჩელი იმის შესახებ, რომ ტენდერებს მხოლოდ ხელისუფლების...

„საბანკო სექტორს კლიენტებთან მკაცრი მიდგომა აქვს, მთავრობა კი მას ხელს უწყობს“ - რატომ იზრდება გადახდისუუნარო მოსახლეობის რაოდენობა

person access_time2018-01-17 09:00:39
საქართველოში გადახდისუუნარო მოსახლეობის რაოდენობა ბოლო ორი თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, თუ 2017 წლის 20 ნოემბრისთვის აღსრულების ეროვნული ბიუროს, მოვალეთა რეესტრში 230 223-ს ჩანაწერი იყო, დღეს ეს მაჩვენებელი 234 958-ს შეადგენს. საქართველოს მოსახლეობის 6,3% რომ გადახდისუუნაროა, თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორის ვახტანგ ჭარაიას შეფასებით იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობის ფინანსური...


მსგავსი სიახლეები