„ავანსის დღგ-თი დაბეგვრა აფერხებს ინვესტიციებს“ - ინფრასტრუქტურული კომპანიები ავანსის დღგ-თი დაბეგვრის 10-თვიან შედეგებზე

access_time2017-11-01 09:00:12

ავანსის დღგ-თი დაბეგვრის წესის ამოქმედებიდან  10 თვის თავზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელები კომპანიების ნაწილი მის შეცვლას ისევ ითხოვს და მთავრობასთან შუამდგომლობისთვის  „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციასაც“ მიმართავს. შედარებით კარგ სიტუაციაში არიან წვრილი კომპანიები და აცხადებენ, რომ ავანსის დღგ-თი დაბეგვრა მათთვის „ტვირთი არ არის“.


ინფრასტრუქტურული კომპანიებისთვის ავანსის დღგ-თი დაბეგვრის ვალდებულება 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა. აღნიშნული პერიოდიდან დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის დროდ ავანსის გადახდის მომენტი განისაზღვრა და თანხის გადახდა საქონლის მიწოდებამდე ხორციელდება.


„კომერსანტი“ დაინტერესდა, როგორ აისახა აღნიშნული ცვლილება მსხვილ ინფრასტრუქტურულ კომპანიებზე და გამართლდა თუ არა ის პროგნოზი და მოლოდინი, რაც ცვლილების ამოქმედებამდე მათი მხრიდან არსებობდა.


ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებელი უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „კავკაზუს როუდ პროჯექტის“ ფინანსური მენეჯერი ნათია წიფურია განმარტავს, რომ 2017 წლის იანვრიდან ამოქმედებული ცვლილება, რომელიც ავანსის დღგ-თი დაბეგვრას გულისხმობს, დღემდე პრობლემურად რჩება. მისი ინფორმაციით, კომპანიამ ამის მოგვარების თხოვნით „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციასაც“ მიმართა, მათ მთავრობასთან შუამდგომლობა და დამხრება სთხოვა.


როგორც წიფურია აცხადებს, ასოციაცია აღნიშნულ თემაზე დღესაც მუშაობს.


„ავანსი 20 პროცენტია, რომელსაც სახელმწიფოსგან ვიღებთ, გამოდის, რომ რეალურად არ ვიღებთ, რადგან შემდეგ 18 პროცენტს ბიუჯეტში ვიხდით. არანაირი შეღავათები არ გაკეთებულა, რეალურად კი გამოდის, რომ ბიუჯეტში თანხას ვიხდით კრედიტის საფუძველზე“-აცხადებს წიფურია.


მისი თქმით, კომპანია თავისუფალ თანხებს, როგორც საბრუნავ საშუალებებს, ისე იყენებდა, ახლა კი ეს შეუძლებელია. შესაბამისად, კომპანიას საბრუნავი საშუალებებისთვის და განვითარებისთვის ნაკლები კაპიტალი რჩება.


„როდესაც სახელმწიფო ან კერძო ტენდერებში ვმონაწილობთ, ეს ავანსი გათვალისწინებულია საბურნავი საშუალებების შესაძენად. ამ თანხას ვეღარ ვხმარობთ, გვიწევს დამატებით კრედიტის აღება და ასე შემდეგ. გამოდის, რომ ერთი და იგივე თანხაზე ორმაგად ვიხდით“-აცხადებს წიფურია.


მისი თქმით, ასეთ ვითარებაში კომპანიას ბევრად უფრო ნაკლები მოგება რჩება, ვიდრე აქამდე. „როდესაც კაპიტალია საჭირო, ბანკს უნდა მიმართო. ბანკში კი ყველამ კარგად იცის, რა პროცენტებია“-აცხადებს წიფურია.


მისი განცხადებით, ავანსის დღგ-თი დაბეგვრა აფერხებს ინვესტიციებსაც. როგორც წიფურია განმარტავს, რეინვეტირებისთვის კომპანიას თავისუფალი ფინანსური სახსრები სჭირდება, დღეს არსებული შემოსავლით კი მხოლოდ მიმდინარე ხარჯებს და ვალდებულებებს ისტუმრებს.


წიფურია აცხადებს, რომ მცირე ზომის კომპნიებს მსგავსი პრობლემები ნაკლებად აქვთ. „გამომდინარე იქიდან, რომ მათ არ აქვთ დიდი მოცულობის ბრუნვა, შესაბამისად, დიდ ავანსებს ვერ იღებენ. მსხვილ ტენდერებში ვერ მონაწილეობენ, სადაც ეს თანხა შეიძლება გადამწყვეტი იყოს. ამიტომ, მცირე კომპანიებისთვის მგონია, რომ ეს ნაკლები პრობლემა იქნება“-აცხადებს წიფურია.


სამშენებლო-ინფრასტრუქტურული კომპანია, შპს „ანაგის“ ფინანსური დირექტორი გიორგი ჩიტაშვილი აცხადებს, რომ გადასვლის პროცესი მეტნაკლებად დისკომფორტული და ხანდახან მტკივნეულია, თუმცა „ანაგმა“ ეს პროცესი წარმატებით გადალახა და არც ნეგატიური შედეგების წინაშე დამდგარა.


მისი განცხადებით, წელს ამოქმედებული მოგების გადასახადის ესტონური მოდელი და ავანსის დღგ-თი დაბეგვრის თემებმა ერთმანეთი დააბალანსეს. „ეს ორი ცვლილება ერთმანეთს აკომპენსირებს, ზოგ კომპანიაში ერთი მხარე წონის, ზოგში - მეორე. ჩვენს შემთხვევაში  ეს რეგულაცია ტვირთი არ არის“-აცხადებს ჩიტაშვილი.


შეგახსენებთ, საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებებს, რომელიც ავანსის დღგ-თი დაბეგვრას ითვალისწინებს ,აპროტესტებნენ როგორც დეველოპერული, ისე ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებლი კომპანიებიც.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 




პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი: Airbnb-ს მომხმარებლებმა ბინებში სათვალთვალო კამერები აღმოაჩინეს

person access_time2017-12-15 19:30:26
შვებულება ახლოვდება და რამდენიმე დღის საზღვარგარეთ გატარებას გეგმავთ: ირჩევთ თქვენთვის სასურველ მიმართულებას, ყიდულობთ ბილეთს და ბინას ინტერნეტის საშუალებით ჯავშნით. შუა შვებულებისას კი აღმოაჩენთ, რომ თქვენ მიერ ნაქირავები ბინის საძინებელში ან სააბაზანოში ბინის მეპატრონეს ვიდეოკამერა აქვს დამონტაჟებული. ამ არასასურველ მდგომარეობაში Airbnb-ს რამდენიმე მომხმარებელი აღმოჩნდა. მათი გამოცდილების შესახებ კი ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით მალევე გახდა ცნობილი. რა...

აფხაზებისთვის უსასყიდლოდ მიწოდებულმა დენმა შესაძლოა, „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია გააძვიროს

person access_time2017-12-15 16:30:38
2017 წლის ნოემბერში „ენგურჰესის“ და „ვარდნილჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 54,4% აფხაზეთმა წაიღო, 11 თვეში კი 43,9%. სწორედ ეს დაასახელა „ენგურჰესის“ ფინანსურმა დირექტორმა ვალერი კანკიამ ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო გაზრდის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად. მართალია, დღეს  „ვარდნილჰესების კასკადისა და „ენგურჰესისთვის წარმოების ტარიფის დადგენის გადაწყვეტილება გადაიდო, თუმცა  საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. დღეს საქართველოს...

ერთ პარტიაზე მორგებული კანონი - „ის რასაც წარსულში ფონდი „ქართუ“ აფინანსებდა, ახლა ქართული სახელმწიფო აფინანსებს“

person access_time2017-12-15 18:00:13
სახელმწიფომ, შესაძლოა ის პოლიტიკური გაერთიანებაც (პარტია) დააფინანსოს 300 ათასი ლარით, რომელიც საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავს, მაგრამ პარლამენტში ერთ მაჟორიტარს მაინც შეიყვანს და რომელიც ფრაქციასაც შექმნის. როგორც ოპოზიცაიში, ისე სახელისუფლებო გუნდშიც აცხადებენ, რომ არ შეიძლება პარტია იქნება თუ პიროვნება, მას კანონებს არგებდნენ. საპარლამენტო უმრავლესობაში ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ წევრის გია ჟორჟოლიანისა და...

„ავანსის დღგ-ით დაბეგვრა მაღალი საგადასახადო რისკის მქონე დარგებზე უნდა გავრცელდეს“

person access_time2017-12-15 15:30:48
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს მიაჩნია, რომ ავანსის დღგ-ით დაბეგვრა მაღალი საგადასახადო რისკის მქონე დარგებზე უნდა გავრცელდეს. „ანალიტიკასთან" ინტერვიუში ზურა ძნელაშვილი აცხადებს, რომ 2016 წლის ბოლოსაც, როცა ამ სისტემის დანერგვის შესახებ ბიზნესმა მოულოდნელად გაიგო, ბიზნესომბუდსმენის აპარატმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიმართვის საფუძველზე, პარლამენტს და აღმასრულებელ შტოებს ავანსის დღგ-ით დაბეგვრის სისტემის მინიმუმ 1 წლით გადავადების თხოვნით მიმართა, მაგრამ...

ნოემბერში ფულადი გზავნილები 24,8%-ით გაიზარდა

person access_time2017-12-15 14:42:40
2017 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 122.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 326.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 24.8 პროცენტით (24.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ...


მსგავსი სიახლეები