„ფასიანი გზა ალტერნატიული გზის გარეშე პროდუქტს გააძვირებს“ - უნდა იყოს თუ არა საქართველოში გზით სარგებლობა ფასიანი?

access_time2017-11-02 09:40:52

საქართველოში გზით სარგებლობა მხოლოდ ტრანზიტული სატრანსპორტო საშუალებებისთვის არის ფასიანი, ხოლო მსუბუქი ავტომობილებისთვის და შიდა გადაზიდვებისთვის უფასოა, თუმცა ჯერჯერობით. ხელისუფლება გზით სარგებლობის გადასახადის დაწესებაზე უკვე მუშაობს და ამ ეტაპზე სპეციალურ კვლევებს ატარებს. სპეციალისტები კი აცხადებენ, რომ ასეთი მოსაკრებელი უნდა არსებობდეს, თუმცა მხოლოდ მაშინ, თუ ალტერნატიული გზაც იარსებებს. 


გარკვეულ მონაკვეთებზე გზით სარგებლობაზე სპეციალური მოსაკრებლის დაწესებაზე საუბარი მაშინ დაიწყო, როდესაც რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის აშენების გადაწყვეტილება მიიღეს. მაშინ ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებდა, რომ რომელიმე კონკრეტული გზა იმ შემთხვევაში იქნებოდა ფასიანი, თუ ალტერნატიული გზები იარსებებდა. მოგვიანებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილმა  მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ რიკოთის ალტერნატიული გზა, კერძოდ, ჩუმათელეთი-ზესტაფონის მონაკვეთი ფასიანი უნდა იყოს.


ამასთან, რამდენიმე დღის წინ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე „კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნავდა, რომ გზით სარგებლობაზე გადასახადი დაწესების საკითხზე სპეციალური ჯგუფი  მუშაობს.


 „ამ ეტაპზე ფასიან გზებზე საუბარი არ არის. კვლევები მიმდინარეობს, ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ეს კვლევები გარკვეული მონაკვეთის ფასიანად გადაკეთების პერსპექტივას არ გულისხმობს. რა თქმა უნდა, გამორიცხული არაფერი არ არის, თუმცა წინასწარი მონაცემებით, ჩვენ მივდივართ იქითკენ, რომ ზოგადად საქართველოში ცალკეული მონაკვეთები ფასიანი არ უნდა იყოს და გზათა სარგებლობის გადასახადი სხვა ტიპის უნდა იყოს. თუ რა ტიპის, ამას რამდენიმე კომპეტენტური ორგანიზაცია იკვლევს“, - აცხადებს სეთურიძე.


უნდა იყოს თუ არა ქვეყანაში გზით სარგებლობა ფასიანი და ამასთან, როგორია საერთაშორისო პრაქტიკა? როგორც „კომერსანტს“ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დამფუძნებელმა პაატა ცაგარეიშვილმა განუცხადა, ფასიანი გზის არსებობა გამართლებულია მხოლოდ ალტერნატიული გზის არსებობის შემთხვევაში.


„თუ გზა აშენდება კერძო ინვესტიციით, მასზე გადასახადის დაწესება ჩვეულებრივი მოვლენაა, რათა გზაზე დახარჯული თანხის ამოღება მოხდეს. თუმცა აუცილებელი პირობაა, რომ ასეთ გზას ალტერნატივა გააჩნდეს. შეიძლება ალტერნატიული გზა დაბალი ხარისხის იყოს, უფრო გრძელი, მაგრამ აუცილებელად უნდა იყოს. ნებისმიერ პიროვნებას უნდა ჰქონდეს არჩევანის უფლება, უფასოდ იმგზავროს თუ ფასიანი გზით. მაგალითად, რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალი შესაძლებელია იყოს ფასიანი, თუკი მისი ალტერნატიული გზა იარსებებს“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.



მისივე თქმით, ქვეყანაში ინფრასტრუქტურით სარგებლობის გადასახადი 200 ლარს შეადგენს და აღნიშნულ გადასახადს მხოლოდ ტრანზიტულად მოძრავი სატვირთო ავტომობილები იხდიან: „ეს წესი დაახლოებით ათი წელია მოქმედებს. თუმცა ზოგადად გზით სარგებლობა ფასიანი თუ იქნება, ეს დროული და აუცილებელია.“


რაც შეეხება საერთაშორისო გამოცდილებას, მისი თქმით, ევროპის ქვეყნებში გზით სარგებლობაზე სპეციალური მოსაკრებელი არის დაწესებული და ასეთი პრაქტიკა საქართველოშიც უნდა დაინერგოს.


„მეზობელ ქვეყნებს, მაგალითად, სომხეთს ფასიანი გზები არ აქვს. თურქეთში კი ზოგიერთი ხიდის გავლაც კი ფასიანია. რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, მათ გზით სარგებლობაზე გადასახადის სხვადასხვა მეთოდები აქვთ დაწესებული. მაგალითად, გერმანიაში თუ სატვირთო ავტომობილი ეკოლოგიურად სუფთაა და „ევრო 6“-ის სტანდარტის, შედარებით ნაკლებ გადასახადს იხდის. თუ უფრო დაბალი კატეგორიის არის, ანუ „ევრო 3“-ის სტანდარტის, მეტ გადასახადს იხდის. ეკოლოგიურ ასპექტებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ეთმობა. ცენტრალური ევროპის ქვეყნებში - სლოვაკეთში, ჩეხეთში, ბულგარეთში, ხორვატიაში, როგორც კი შედიხარ, საზღვარზევე იხდი გარკვეულ თანხას და ქვეყნის მასშტაბით დაუბრლოკელებლად მოძრაობ. ასე რომ, ნებისმიერი ქვეყანა თავის პოლიტიკას თავად განსაზღვრავს. ჩვენც თუ გვინდა ცივილური სამყაროს წევრები ვიყოთ და ინფრასტრუქტურა ყოველთვის გამართული გვქონდეს, გზით სარგებლობაზე გადასახადი უნდა დავაწესოთ, ეს აუცილებელია“, - აღნიშნავს პაატა ცაგარეიშვილი.


ქვეყანაში გზით სარგებლობაზე გადასახადის დაწესებაზე საუბრობს საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილიც, რომელიც ასევე აცხადებს, რომ ალტერნატიული გზის გარეშე, ჩქაროსნულ მაგისტრალზე გადასახადის დაწესება გაუმართლებელი იქნება.


 „ტრანზიტული ავტომანქანებისთვის გადასახადი უნდა არსებობდეს. ევროპულ ქვეყნებში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. მძიმე სატვირთო სატრანსპორტო საშუალებები გზის საფარს მეტად აზიანებენ. გადასახადიდან აღებული თანხები გზის შენახვას ხმარდება. რაც შეეხება შიდა ტრანსპორტირებას, ეს საკითხი არაერთხელ წამოიჭრა. ჩემი აზრით, ამის განხილვა შეგვიძლია დავიწყოთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩქაროსნული ავტობანის პარალელურად გვექნება სხვა გზა, რომლითაც უფასო მგზავრობა შეგვეძლება. შეიძლება ეს გზა მთლიანად არ იყოს ფასიანი და გადასახადი მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთებზე დაწესდეს“, - აღნიშნავს მესხიშვილი.


მისი თქმით, თუ გზით სარგებლობა ფასიანი გახდა ალტერნატიული გზის არარსებობის ფონზე, ამან შესაძლოა, ამან პროდუქცია გააძვიროს.


„ფასიანთან ერთად, უფასო გზაც უნდა იყოს. ძალიან ბევრი ადამიანი თავს ირჩენს რაიონებიდან დედაქალაქში პროდუქტების ჩამოტანით და მათი გაყიდვით. ფასიანი გზა ალტერნატივის გარეშე ტრანსპორტირებას და პროდუქტებს გააძვირებს. მართალია, ზოგიერთ ქვეყანაში ალტერნატიული გზა არ არის და მხოლოდ ფასიანი გზებია, მაგრამ ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა არ იძლევა ამის საშუალებას, რომ ადამიანებს გადაადგილების საშუალება, რითაც თავს ირჩენენ, მოვუსპოთ ან გავაძვიროთ“, - განმარტავს მესხიშვილი.


ამასთან, მისი თქმით, გზით სარგებლობაზე გადასახადის არსებობის გამოცდილება ქვეყანას ჰქონდა, როდესაც რიკოთის გვირაბი ფასიანი იყო: „ეს პრაქტიკა ახალი არ არის. როცა რიკოთის გვირაბი ფასიანი იყო, ვისაც გადახდის საშუალება არ ჰქონდა, უღელტეხილზე შემოვლითი გზით სარგებლობდა. მომავალშიც ასე უნდა იყოს, ვისაც უნდა, რომ სწრაფად გაიაროს, ფული უნდა გადაიხადოს და ის გადახდილი თანხა, გზის ექსპლუატაციას მოხმარდეს.“



ავტორი: თეონა კენჭიაშვილი

 




ქვეყნისთვის გარკვეული დამსახურების მქონე ადამიანების სოციალური დაცვა ქვეყნის ღირსების საქმეა

person access_time2018-01-17 10:30:05
დონატა პანჩენკო რამდენიმე წელიწადია თემქის ხანდაზმულთა პანსიონატში ცხოვრობს. ერთ დროს, მისი ცხოვრება რადიკალურად განსხვავებული იყო. ის ქართული ანიმაციის ერთ-ერთი პიონერია. “წუნა და წრუწუნას” ანიმატორი ახლა მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს და ამბობს, რომ სრულიად მარტოა. ​”რაზე უნდა ვიოცნებო? – ახალგაზრდა რომ ხარ, მაშინ ფიქრობ, სიყვარულზე, გათხოვებაზე და შვილზე. მე არავინ და არაფერი არ მაქვს, ჩემი თავის გარდა”, – ჰყვება დონატა...

თბილისის მერიაში, მოძრაობის განტვირთვის მიზნით სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილების შეზღუდვის საკითხზე იმსჯელეს

person access_time2018-01-17 09:00:00
თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე და მერის მოადგილე მაია ბითაძე სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. დედაქალაქის მერიის ცნობით, თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე დედაქალაქში მოძრაობის განტვირთვის მიზნით სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილების შეზღუდვის საკითხზე იმსჯელეს. მაია ბითაძემ იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც თბილისის მერიამ ქალაქში ტრანსპორტის სისტემის მოწესრიგებისა და საცობების შემცირების მიზნით უნდა განახორციელოს. მისი თქმით, მერია მზადაა, აქტიურად იმუშაოს...

„კრიპტოვალუტა ციფრული აქტივების ერთიანობაა“ - ქართული კომპანია კრიპტოვალუტაზე, რისკებსა და სამუშაო მექანიზმზე

person access_time2018-01-16 19:30:34
კრიპტოვალუტა ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი სიტყვაა ფულით დაინტერესებული ადამიანებისთვის, განსაკუთრებით ბოლო თვეების მანძილზე. თემის აქტუალობამ კრიპტოექსპერტებისა და კონსულტანტების აუცილებლობა განაპირობა, ხოლო მაინინგი აქტიურად მოექცა საზოგადოების ინტერესის არეალში. ამ ყველაფრის პარალელურად, კრიპტოვალუტის გარშემო არის უამრავი კითხვა, რომელთაგან ხშირად დასმულ კითხვებს Bitforx-ის მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი, ნიკა ცოტნიაშვილი პასუხობს. — რა მექანიზმით...

ავტოიმპორტიორები VS „სიტროენ ჯორჯია“ - კომპანიები სარჩელის დაუშვებლად ცნობას ითხოვენ

person access_time2018-01-16 18:30:22
6  ბრენდული ავტომწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოში კონკურენციის სააგენტოს განცხადებით მიმართავენ და „სიტროენ ჯორჯიას“ სარჩელის დაუშვებლად ცნობას თხოვენ. განცხადებას ხელს „ჰიუნდაი ავტო საქართველო“, ჯითი მოტორსი, „სტრადა მოტორსი“, „იბერია ავტო“, „კია მოტორს ჯორჯია“ და „ფრანს ავტო“ აწერს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „სიტროენ ჯორჯიას“ მიერ კონკურენციის სააგენტოში შეტანილი სარჩელი იმის შესახებ, რომ ტენდერებს მხოლოდ ხელისუფლების...

„საბანკო სექტორს კლიენტებთან მკაცრი მიდგომა აქვს, მთავრობა კი მას ხელს უწყობს“ - რატომ იზრდება გადახდისუუნარო მოსახლეობის რაოდენობა

person access_time2018-01-17 09:00:39
საქართველოში გადახდისუუნარო მოსახლეობის რაოდენობა ბოლო ორი თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, თუ 2017 წლის 20 ნოემბრისთვის აღსრულების ეროვნული ბიუროს, მოვალეთა რეესტრში 230 223-ს ჩანაწერი იყო, დღეს ეს მაჩვენებელი 234 958-ს შეადგენს. საქართველოს მოსახლეობის 6,3% რომ გადახდისუუნაროა, თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორის ვახტანგ ჭარაიას შეფასებით იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობის ფინანსური...


მსგავსი სიახლეები