რა გააკეთა და რა ვერ შეძლო თბილისის მოქმედმა მერმა? ინტერვიუ დავით ნარმანიასთან

access_time2017-10-23 20:00:20

დაახლოებით 10-15 დღეში თბილისის მოქმედ მერს, დავით ნარმანიას უფლებამოსილება შეუწყდება და ამ პოსტს კახა კალაძე გადაიბარებს. პრემიერმინისტრი მოქმედ მერს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ „დავით ნარმანია ჩუმად ბევრ საქმეს აკეთებდა და არაერთი კრიტიკის ქარცეცხლს გაუძლო, ხშირად დაუმსახურებელს“. დავით ნარმანია თბილისის მერი 2014 წლის 12 ივლისს გახდა, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, კონკურენტი ნიკა მელია დაამარცხა. იმმედის კვირის წამყვანის ირაკლი ჩიხლაძის კითხვებს დავით ნარმანია პასუხობს.


დაახლოებით 10-15 დღე დარჩა მანამდე, ვიდრე ჯერ კიდევ გაქვთ თბილისის მერის სტატუსი. შემდეგ ამ პოსტს ახალ მერს გადააბარებთ, რომელმაც დამაჯერებლად გაიმარჯვა 2017 წლის არჩევნებში და რომელიც ასევე თქვენი გუნდის წარმომადგენელია. იმედია, სწორად ვამბობ და თქვენ რჩებით იმ გუნდში, რომლის სახელითაც თავის დროზე თბილისის მერი გახდით?

ამომრჩეველს ძალიან დიდ მადლობას ვეტყვი იმ აქტიურობისა და იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც გამოხატეს ჩვენი გუნდის მიმართ და ჩვენი გუნდის კანდიდატს, კახა კალაძეს ღირსეულ გამარჯვებას ვულოცავ. ის ჩემი მეგობარია, მე ვრჩები გუნდში და ის ურთიერთობა, რაც გვქონდა, რასაკვირველია გრძელდება. მნიშვნელოვანია და კარგად მახსოვს მისი მხარდაჭერა, როცა მე ვიყავი კანდიდატი. მახსოვს გუნდის მხარდაჭერა, მახსოვს ყოფილი და მოქმედი პრემიერმინისტრების მხარდაჭერა. ასე, რომ ყველას ძალიან დიდი მადლობა.

ბოლოს იყო პრემიერის განცხადება, რომ თქვენ ძალიან ჩუმად და საკმაოდ კარგად აკეთებდით საქმეს. იმდენად ჩუმად აკეთებდით, რომ საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკას იმსახურებდით?

ყოველ შემთხვევაში, საკუთარი თავის პიარზე არ ვმუშაობდი. იმაზე უფრო მეტს ვფიქრობდი, რა შედეგს დავდებდი და რას გავაკეთებდი, ვიდრე ეს ყველაფერი წარმომეჩინა. ძალიან მალე მოვამზადებთ შემაჯამებელ ანგარიშს იმაზე, თუ რა გავაკეთეთ 3 წლის განმავლობაში. მისი ერთი ნაწილი უკვე მზად არის და მერიის ვებგვერდზე მისი ნახვა ელექტრონულადაც შესაძლებელია, მაგრამ საზოგადოებისთვის საჯარო პრეზენტაციის მოწყობას ვაპირებ, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, მართვის რა პრინციპები გვქონდა, რა გვქონდა დაგეგმილი, რა გავაკეთეთ და რა არის ის შედეგი, რაც ქალაქში დადგა.

ბუნებრივია, არ გთხოვთ მთლიანად პრეზენტაციის დეტალებზე საუბარს, რომელიც საზოგადოებას უნდა გააცნოთ, მაგრამ საინტერესოა ვისაუბროთ, თუ რა მემკვიდრეობას უტოვებთ მომავალ მერს, თქვენს მეგობარ კახა კალაძეს, რომელიც ჩაიბარებს დედაქალაქს და რომელიც ამბობს, რომ თბილისი სიცოცხლით სავსე ქალაქი უნდა იყოს. თქვენ ამბობთ, რომ ერთად უნდა ვიზრუნოთ დედაქალაქზე. დავით ნარმანიამ მმართველ გუნდთან ერთად ამ 3 წლის განმავლობაში დედაქალაქზე იზრუნა? 

მე და ჩემმა გუნდმა საკმაოდ ბევრი რამ გავაკეთეთ თბილისში იმისათვის, რომ მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. დღეს ქალაქი, რომელსაც ვაბარებ კახა კალაძეს, არის გაცილებით უფრო წინ წასული, ვიდრე თავის დროზე მე გადმოვიბარე. კარგად მახსოვს მთელი თვეების განმავლობაში საბოტაჟი, მახსოვს როდესაც მერიაში მოვედით ბიუჯეტი 30 მილიონით იყო გარღვეული. ამ ყველაფერს აღდგენა-დაბალანსება დასჭირდა. ერთი წელი არ იყო გასული, როდესაც მოხდა 13 ივნისის სტიქია, რითაც ძლიერი დარტყმა მიიღო ქალაქმა. რეალურად, ერთი წლის შემდეგ დავიწყეთ ქალაქის შენება და ის პროექტები, რომლებიც დავდეთ, რეალურად, არის ბოლო 2 წლის განმავლობაში გაკეთებული. ეს არის 143 ახალი ავტობუსი, თავისი ავტობაზით; ეს არის განახლებული აღმაშენებლის გამზირი; ეს არის განახლებული ღვინის აღმართი; ასევე განახლებული პეკინის გამზირი, რომელიც ჩემი ერთ-ერთი ბოლო ძალიან საამაყო და მნიშვნელოვანი პროექტია; 12 აშენებული საბავშვო ბაღი; 9 ახალი ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც დავპირდით ჩვენს თანაქალაქელებს და რომლითაც მათ მუნიციპალური ჯანდაცვითი და სოციალური სერვისები მიეწოდებათ; 700 000-ზე მეტი დარგული ხე-მცენარე...

მილიონი ვერ?

მილიონი ვერ, იმიტომ რომ სამი და არა ოთხი წლის განმავლობაში მოგვიწია ქალაქის მართვა, მაგრამ ხელი არ დაგვიკლია ჩვენი ქალაქისთვის და მათ შორის, გამწვანების თვალსაზრისით. არა მხოლოდ ბევრი ხე დავრგეთ, არამედ ბევრი სკვერი და პარკი აღვადგინეთ. მათ შორის ჩვენი წინამორბედების მიერ გაყიდული ტერიტორიების დაბრუნება დავიწყეთ. მაგალითად დიღმის ტყე-პარკს 2,5 ჰექტარი გამწვანებული ტერიტორია დავუბრუნეთ.

გამწვანებას შევეხეთ და თქვენი ოპონენტები ყოველთვის ამბობენ, რომ მილიონი ხე ცრუ დაპირება იყო, გამწვანება-განაშენიანებაზე კი ამბობენ, რომ ამ მხრივ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. როგორც ამ ქვეყნის და ამ ქალაქის მოქალაქეს მაინტერესებს, დღეს გამწვანების კუთხით გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე იყო 3 წლის წინ? თუ ასეა, მაშინ რატომ ვერ ვსუნთქავთ და რატომაა ჰაერი უფრო დაბინძურებული, ვიდრე იყო ადრე?

ამ სამ წელიწადში თბილისში იმაზე მეტი ხე დაირგო, ვიდრე ბოლო 30 წლის განმავლობაში. 700 000-ზე მეტი ხე-მცენარეა დარგული, საიდანაც 500 000-ზე მეტი გახარებულია. ეკოლოგიის გაუმჯობესების თვალსაზრისით ჩვენ ასევე სხვა ნაბიჯებიც გადავდგით. მაგალითად ახალი ავტობუსები შემოვიყვანეთ, რომლითაც ძველები ჩავანაცვლეთ, არის ბუნებრივ გაზზე მომუშავე „ევრო 6“, რომელთა ემისია ძალიან მინიმალურია, ვიდრე ეს არის ტრადიციულ დიზელზე ან ბენზინზე მომუშავე ავტობუსები. საცობებისგან განტვირთვის თვალსაზრისით ქალაქის ორ უბანზე ახალი გზები ავაშენეთ და ეკოლოგიური მდგომარეობა ამ უბნებშიც მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. მე ვგულისხმობ, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენას და შინდისი-კრწანისის დამაკავშირებელ გზას. თავისუფლების მოედანს, მის მიმდებარე ტერიტორიას და ქალაქის ისტორიულ ნაწილს მნიშვნელოვნად ტვირთავდა არსებული საცობები და ამან  ეს უბნები განტვირთა. სულ ახლახან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ახალი პროექტი დავიწყეთ, რომლის ფარგლებშიც გერმანელმა სპეციალისტებმა თსუ-ში ჰაერის ხარისხის მზომი ლაბორატორია ჩამოიტანეს, რომლითაც საშუალება გვექნება ქალაქის სხვადახხვა უბნებში ჰაერის ხარისხი შემოწმდეს, მოხდეს მისზე დაკვირვება, რომ შესაბამისი ზომები მივიღოთ.

თუმცა ამ ყველაფრის პარალელურად, სამწუხაროდ, ქალაქში ავტომანქანების რიცხვმა იმატა და ძირითადად მეორადი ავტომანქანების რიცხვმა. თუ 2010 წელს ქალაქში საშუალოდ 200 000 მანქანა გადაადგილდებოდა, 2017 წელს დაახლოებით 400 000-მდე მანქანა გადაადგილდება და ბუნებრივია, ტექნიკური დათვალიერების შემოღება, რომელზეც ცენტრალური მთავრობა მუშაობს, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი იქნება და ის შემდგომში ქალაქში მდგომარეობას კიდევ უფრო გააუმჯობესებს. ხეები ჯერ ახლად დარგულია, ამიტომ ისეთ ეფექტს თავიდანვე არ იძლევა, მაგრამ ხეები გაიზრდება და მერწმუნეთ, რომ ქალაქში ეფექტი ნამდვილად გვექნება. ოპონენტებსაც მინდა ვუპასუხო...

რატომ ვერ ხედავს საზოგადოების ნაწილი ამ გაკეთებულ საქმეებს? გეთანხმებით, რომ რაც თქვით, გაკეთებულია, თუმცა ბევრი დაპირება გაეცით, რომელიც ჯერ ისევ არ შესრულებულა.

მაგალითად?

მე მაქვს ჩამონათვალი, საკმაოდ დიდი ნუსხაა. ერთ-ერთია ორი ესტაკადის მოწყობა თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების კვეთაზე.

პროექტი მზად არის, თუმცა მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა. ფინანსური რესურსები იყო შეზღუდული. ეს კალაძის გეგმაში გადავიდა და ძალიან კარგია, რომ ერთი გუნდია და ერთი გუნდის შემთხვევაში მიდგომები და ძირითადი ორიენტირები ერთი და იგივეა. გაკეთდება ძალიან ბევრი ისეთი საინტერესო პროექტი, რომელიც შესაძლოა ჩვენ გვქონდა გეგმაში, მაგრამ ვერ მოვახერხეთ.

გამწვანებასთან დაკავშირებით ოპონენტებს მინდა ვუპასუხო, ამას რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებ. კარგად მახსოვს, ძალიან ბევრი ჩვენი მოწინააღმდეგე იდგა იგივე ვერეს ხეობაში და უსირცხვილოდ აცხადებდა, რომ იქ დარგული ხეების უმეტესი ნაწილი გახმა და რომ ჩვენი გამწვანების პოლიტიკა არაეფექტურია. გაიარეთ და გადაიღეთ როგორ გაიხარა იქ დარგულმა ხეებმა. რა მდგომარეობა იყო 2015 წლის სტიქიის პერიოდში და რა მდგომარეობა გვაქვს დღეს. გაიარეთ მახათის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე და ნახეთ 12 000 ზეთისხილის ხე, რომლის კულტურა აღდგა თბილისში და მომდევნო წლიდან ნაყოფს მოისხამს.

რეალურად, ვინც თქვენ საქმიანობას ობიექტურად აკვირდებოდა, არ იტყვის, რომ არაფერი გაგიკეთებიათ, მაგრამ რატომ ვერ იგებდა საზოგადოების ნაწილი, რომ თქვენ მუშაობდით და ამ ყველაფერს აკეთებდით? რაშია პრობლემა? განწყობა მაინც ნეგატიური იყო და ყოველთვის ისმოდა, რომ კონკრეტული მიზეზების გამო დავით ნარმანია რაღაცას ვერ აკეთებს. 

პირველი, ეს იყო ნეგატივით გადატვირთული საინფორმაციო სივრცე. არც თქვენ და არც თქვენს კოლეგებს არ ეწყინებათ ალბათ, მაგრამ საინფორმაციო საშუალებების ძირითადი ნაწილი ნეგატივზე იგება და პოზიტიური რაღაცეები, მაგალითად 10-მილიონიანი პროექტი, შეიძლება მეშვიდე, მერვე ნიუსად გასულიყო. დამერწმუნეთ, ნიუსი არ არის ყველაზე ეფექტური გზა გაკეთებული საქმე დაინახო. ეფექტური გზაა, როდესაც მე და მაგალითად თქვენ გავივლით ქუჩებში და ვნახავთ თუნდაც კალაძის გაკეთებულ საქმეს.

საზოგადოება კარგად ხედავს, რაც გავაკეთეთ. ის ვინც პეკინზე გაივლის, აუცილებლად ნახავს; ის ვინც თამარაშვილი-გმირთა მოედნის ახალ გზაზე გაივლის, ნახავს იქ დარგულ ხეებს; ის ვინც ქუჩაში დადის, აუცილებლად ნახავს 143 ახალ ავტობუსს; ვისაც კოჯორი-ტაბახმელისკენ უნდა წასვლა, აუცილებლად ახალი გზით ისარგებლებს და ნახავს გაკეთებულ, გაცილებით უსაფრთხო გზას; ვინც სხვადასხვა უბნებში შევა, ნახავს, რომ ყველგან რაღაც გაკეთებულია, ზოგან - გზა, ზოგან - ავარიული კორპუსია გამაგრებული, ზოგან - გამწვანება და ასე შემდეგ. მთავარია, სახლში არ ვისხდეთ. სახლში მხოლოდ ტელევიზიით ვერ მივიღებთ საკმარის და ამომწურავ ინფორმაციას. თუ ქუჩაში გავალთ, აუცილებლად ვნახავთ გაკეთებულ საქმეებს.

ვილაპარკაოთ მშენებლობების პრობლემაზე, რასაც ურბანისტებიც აღნიშნავენ. ხშირია ლაპარაკი იმაზე, რომ ნებართვები უკანონოდ გაიცემა. ამ გადაცემაში გასულ სეზონზე გვქონდა რეპორტაჟი, როდესაც ორ კორპუსს შორის ძალიან მცირე მანძილი იყო და მშენებარე კორპუსი მეორე კორპუსის ფანჯრებს აბნელებდა. ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც გერგოთ თუ თქვენი მმართველობის დროსაც აწერდნენ შესაბამისი უწყების ხელმძღვანელები მსგავს ნებართვებს ხელს?

ერთის მხრივ, ძალიან მძიმე და რთული მემკვიდრეობა იყო და ჩვენი წინამორბედების მიერ გაცემული ნებართვების საფუძველზე ძალიან ბევრი ასეთი კორპუსები აშენდა. ჩვენ ეს ვერ გავაჩერეთ და ვერც გავაჩერებდით, რადგან ზიანი ბიუჯეტიდან უნდა აგვენაზღაურებინა. მეორე მხრივ, როდესაც ჩვენ მოვედით, რამდენიმე თვეში გადავხედეთ და კა-2 კოეფიციენტების გაზრდის პრაქტიკა შეიზღუდა. ანუ, დადგენილ კა-2 კოეფიციენტის გაზრდა (მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობაზე ნებართვის გაცემა) შეიზღუდა ვაკის, საბურთალოს, მთაწმინდის რაიონებში, ასევე დიდუბის, კრწანისის და ისნის ერთ ნაწილში. პარალელურად დავიწყეთ განაშენიანების ახალი გენერალური გეგმის მომზადება და ამ პერიოდში გენგეგმის ჯგუფთან თანხმდებოდა მთელი რიგი პროექტები, ვიდრე გენერალური გეგმა მზადდებოდა.

გენერალურ გეგმას ახალი მერი გადაიბარებს. თუმცა შესაძლო საზოგადოების ნაწილმა არ იცის, რომ გენერალური გეგმა ბოლოშია გასული...

გენერალური გეგმის ჯგუფი ამჟამად დოკუმენტში შენიშვნების და წინადადებების ასახვაზე მუშაობს. უცხოელი ექსპერტების მოსაზრებების გათვალისწინება ხდება. 2-3 კვირაში მორჩება. შესაძლოა, ახალი მერის და მისი პროგრამის ხედვები ცოტა განსხვავებული იყოს და კარგია, რომ ახალი გუნდი კიდევ ერთხელ გადახედავს მომზადებული გენერალური გეგმის პროექტს და შემდეგ მოხდება საკრებულოსთვის მისი წარდგენა სამსჯელოდ და დასამტკიცებლად.

რა არის ის საქმე, რომლითაც ყველაზე მეტად ამაყობთ ამ 3 წლის განმავლობაში და რომელსაც დედაქალაქს უტოვებთ?

ეს არის განახლებული აღმაშენებლის გამზირი, განახლებული პეკინი, ახალი ავტობუსები და ახალი საბავშვო ბაღები. ახალი ბაღები ენერგო ეფექტური შენობებია, ახალი ავტობუსები - ბოლო მოდელის „ევრო 6“-ებია, განახლებული აღმაშენებელი - ესაა კულტურული მემკვიდრეობის დაცვით განახლებული და არა ისე, როგორც ჩვენმა წინამორბედებმა განაახლეს და განახლებული პეკინის გამზირი, ესაა აბსოლუტურად ევროპული ქუჩა, რომლის მსგავსი ჩვენ თბილისში აქამდე არ გვქონია.

რა არის საქმე, რომლის გაკეთებაც ვერ მოასწარით და გული გწყდებათ? ასევე, გაქვთ თუ არა დისკომფორტი იგივე „სითი პარკთან“ დაკავშირებით, პარკინგებთან დაკავშირებით?

ერთადერთი, რაზეც ყველაზე მეტად გული მწყდება არის ის, რომ ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა ვერ დავიწყეთ. თუმცა პროექტი მზად არის, ტერიტორია უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარედაა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი გაგრძელდება. ვერ მოვახერხე ისევ და ისევ ფინანსური რესურსების შეზღუდულობის გამო.

რაც შეეხება „სითი პარკს“, ამ თემაზე, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ძალიან ბევრი სპეკულაცია მოვისმინე და მინდა პასუხი გავცე. ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ „სითი პარკთან“ დადებულ ხელშეკრულებას გადავხედავდი. მერიაში მისვლისთანავე გავასაჯაროვეთ ხელშეკრულება, რომელიც მანამდე თვალით არავის ენახა და დღემდე მერიის ვებგვერდზე დევს ეს კაბალური ხელშეკრულება, რომელიც ჩვენმა წინამორბედებმა დადეს.

მისი გაწყვეტის შანსი არ არსებობდა?

ჩვენს მიერ დაქირავებულმა საკონსულტაციო კომპანიამ დაგვიდო დასკვნა, რომ ბიუჯეტიდან დაახლოებით 25 მილიონი ლარის გადახდა მოგვიწევდა, იმდენად კაბალური ხელშეკრულებაა. ჩვენ მათთან მოლაპარაკებას შევეცადეთ. დამფუძნებლები ჩამოვიდნენ კიდეც, ჩემთანაც რამდენიმე სამუშაო შეხვედრა შედგა, მათ შორის ძალიან ცხარე კამათი და დისკუსია გვქონდა. ხელშეკრულებაში რამდენიმე გონივრული ცვლილება შევთავაზეთ, მაგრამ სამწუხაროდ, ამაზე არ წამოვიდნენ. ჩემი საარჩევნო დაპირება არ ყოფილა, რომ „სითი პარკთან“ ხელშეკრულებას აუცილებლად გავაუქმებდი, ვინაიდან არ ვიცნობდი ამ ხელშეკრულებას,  მკაფიო დაპირებას ვერ გავცემდი.

თუმცა პარკინგის მოწესრიგებაზე საუბრობდით...

ვსაუბრობდი და სწორედ ამიტომ მომზადდა ის 10 კოლაცია, სადაც მრავალსართულიანი მიწისქვეშა პარკინგები უნდა აშენდეს. ეს დოკუმენტაცია სულ ახლახან დასრულდა და ძალიან კარგია, რომ მომავალ მერს ეს თავის პროგრამაში აქვს. ეს პარკინგები აუცილებლად გაკეთდება.

 

თბილისისთვის როგორ მერად დარჩება დავით ნარმანია?

ეს საზოგადოებამ თქვას. როცა ქალაქში დავდივარ და ამომრჩევლებს, ჩვენს თანამოქალაქეებს ვხვდები, მათი დამოკიდებულება ძალიან თბილი და კარგია, რაც მახარებს. სხვა დანარჩენი, გავა წლები და იტყვიან ვიყავი კარგი, საშუალო თუ ცუდი მერი.

სად მიდის დავით ნარმანია, როდესაც პოსტს ოფიციალურად ჩააბარებს კახა კალაძეს? მიდიხართ თუ არა დიპლომატიური მისიით იქ, სადაც წლების წინ საკმაოდ წარმატებულად მოღვაწეობდით?

ვრჩები გუნდში და ვრჩები საქართველოში. უარვყოფ იმას, რომ დიპლომატიური მისიით მივდივარ.

შესაძლოა მთავრობაში შემოგთავაზონ რაიმე თანამდებობა? ამ მიმართულებით არის განხილვა?

ვნახოთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ერთი კვირის თუ ათი დღის განმავლობაში გადავაბარებ ქალაქს და მმართველობას ახალ მერს და ამასობაში გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული.

 

 

 

imedinews.ge

 

 



“პირველი იანვრიდან ხელფასს დაერქმევა ხელფასი, პრემიას - პრემია"- ირაკლი ხმალაძე

person access_time2017-11-19 12:56:41
პირველი იანვრიდან ძალაში შედის სახელფასო რეფორმა, რომლითაც წლის განმავლობაში პრემიის ოდენობა ჯამურად 10%–ს უნდა შეადგენდეს. ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში თბილისის ვიცე–მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, პირველი...

Bloomberg-მა 2017 წლის საუკეთესო ბიზნეს სკოლები დაასახელა

person access_time2017-11-18 12:30:40
Bloomberg ამერიკის საუკეთესო ბიზნეს სკოლების ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს. ზედიზედ მესამე წელია სიის სათავეში Harvard ხვდება. მიმდინარე წელს რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესეს პენსილვანიის უნივერსიტეტმა და MIT -მა. რეიტინგის შედეგენისას შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: კურსდამთავრებულების და სტუდენტების სამეცნიერო მიღწევები; კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი და მათი საშუალო ანაზღაურება. Columbia Business School-ის კურსდამთავრებულები სწავლის...

სად არის თქვენს მიერ დაანონსებული გაზრდილი ინვესტიციები ბატონო გიორგი?

person access_time2017-11-18 11:00:18
„2017 წლიდან ლარი ისე გამყარდება, რომ ეროვნულ ბანკს მიჯნის დადება მოუწევს“, — ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გიორგი გაჩეჩილაძემ 2016 წლის ნოემბერში მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტში მოსმენისას განაცხადა . ამასთან, გიორგი გაჩეჩილაძემ მთავრობის ახალ შემადგენლობას კითხვაც დაუსვა, თუ როგორ შეძლებენ მომავალში გამყარებულ ლარზე ზღვარის დაწესებას. მაშინ „მწვანეთა პარტიის” ლიდერმა, გიორგი გაჩეჩილაძე ისიც განაცხადა, რომ მომავალ წელს...

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა

person access_time2017-11-17 18:46:40
თბილისის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა. სხდომაზე ვიცე - მერობის კანდიდატმა, ირაკლი ხმალაძემ საკრებულოს წევრებს მერის მოადგილეების, საქალაქოს სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების ახალი შემადგენლობა წარმოუდგინა.   დეპუტატების უმრავლესობამ ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს, მერის მოადგილეებს: მაია ბითაძეს, ირაკლი ბენდელიანს და გიგა ნიკოლეიშვილს, ასევე დედაქალაქის მთავრობას...

The New York Times – ავწიოთ ჭიქა საქართველოსთვის, რომელიც მეღვინეობის აკვანია

person access_time2017-11-17 20:30:20
ავწიოთ ჭიქა საქართველოსთვის, რომელიც მეღვინეობის აკვანი შეიძლება იყოს, – ამ სიტყვებით იწყებს The New York Times საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით, „8 000 წლის დაძველების ღვინო პრეისტორიული ხანის საქართველოდან“. გამოცემა წერს, რომ „ქვეყანა, რომელიც ევროპასა და შუა აზიას შორის, სამხრეთ კავკასიის მთების გასწვრივ გაშლილ ნაყოფიერ ველებზეა გადაჭიმული, შეიძლება იყოს იმ ადამიანების სამშობლო, რომლებმაც ჩვეულებრივი ვაზის კულტივირება შეძლეს და საფუძველი ჩაუყარეს შარდონეს,...


მსგავსი სიახლეები