„საქართველოს რეგიონში სატრანზიტო ჰაბის ფუნქცია არ აქვს“ - რატომ მცირდება გადაზიდული ტვირთების მოცულობა?

access_time2017-10-11 12:00:29

საქართველოს სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა ბოლო რამდენიმე წელიწადია პერმანენტულად იკლებს. 2017 წლის იანვარ–აგვისტოში 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეს მაჩვენებელი 800 000 ტონით შემცირდა. კერძოდ, 2017 წლის პირველ 8 თვეში გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 25.5 მილიონი ტონა შეადგინა, მაშინ, როცა წინა წლის ამავე პერიოდში ეს მონაცემი 26.3 მილიონი იყო.

 

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დამფუძნებელი პაატა ცაგარეიშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ტვირთების შემცირების ტენდენცია ხუთი წელიწადია გრძელდება.  მისი თქმით,  იდეალური მდგომარეობა 2010-2012 წლებში იყო, როდესაც რკინიგზამ 20 მილიონ ტონამდე ტვირთი გადაზიდა, პორტებმა კი - 15-17 მილიონი ტონა.

 

„ტვირთების რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირება უკვე ხუთი წელიწადია გრძელდება. სამწუხაროდ, ეს ძალიან ცუდი მაჩვენებელია და პროცესმა შეუქცევადი ტენდენციის სახე მიიღო. ორი რამ მაფიქრებინებს იმას, რომ სატრანსპორტო დერეფანში ყველაფერი რიგზე არ არის - პირველი, ჩვენი რეგიონის ქვეყნებთან ტვირთების შემცირება არ ფიქსირდება და მეორეც, მათ მოახერხეს და ეკონომიკური სტაგნაციის  პირობებში, მეორე წელიწადია ზრდის ტენდენცია დაიწყეს“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

 

კითხვაზე, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს, რომ სატრანსპორტო გადაზიდვებში უარყოფითი ტენდენცია დადებითისკენ შეიცვალოს, პაატა ცაგარეიშვილი პასუხობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ტვირთების მოზიდვისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, მათ შორის ეკონომიკური ატაშეების მხრიდან.  

 

„სახელმწიფო დონეზე მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს, რომ ტვირთები მოვიზიდოთ, სამომავლოდ ამ პროცესში ჩვენს საელჩოებში დანიშნული ეკონომიკური ატაშეებიც უნდა ჩაერთონ. მხოლოდ იმაზე აპელირება, რომ ეს რკინიგზის ან ნავსადგურების პრეროგატივაა, სწორი არ არის. საქართველოს ტერიტორიაზე ადგილობრივი მოცულობების გაზრდა, რკინიგზის და ნავსადგურების აქტიური კოორდინაცია, მეზობელ სატრანსპოროტო უწყებებთან კოორდინაცია, ერთობლივი გამჭოლი ტარიფების მექანიზმის ამუშავება, ცალკეულ ტვირთებზე ფასდაკლებების შემუშავება - ნაბიჯები ამ მიმართულებით უნდა გადაიდგას“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

 

მისივე თქმით, 2012 წელთან შედარებით ტრანზიტი 49%-ით არის შემცირებული: „ეს ყველაზე მეტად დამაფიქრებელია, რადგანაც ჩვენ სატრანზიტო ქვეყანა ვართ. საკონტეინერო მატარებელი, რომელიც ჩინეთიდან ჩვენთან უნდა წამოსულიყო, ვერ მოდის. ზოგადად საკონტეინერო მატარებლები ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით რუსეთის გავლით გადიან, ესაც უარყოფითი მაჩვენებელია. ხშირ შემთხვევაში ექსპორტიორებისთვის საქართველოს დერეფნით გავლა მომგებიანია, მაგრამ რატომღაც რუსეთის დერეფნით გავლას ამჯობინებენ.“

 

კითხვაზე, რატომ არჩევენ ექსპორტიორები რუსეთის სატრანსპორტო დერეფნის გავლას, მაშინ როდესაც საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის გავლაც შეუძლიათ, პაატა ცაგარეიშვილი პასუხობს: „ჩემი აზრით, ბევრი მიზეზია, მათ შორის ტარიფების კოორდინაცია. არსებობენ ფინანსურად ძლიერი ოპერატორები, რომლებიც გადაზიდვის კომერციულ მხარეს არეგულირებენ. ჩვენ ეს მიმართულება ნაკლებად განვითარებული გვაქვს. ასევე, არის ასეთი დეტალიც - რუსეთიდან მეტია საშუალება, რომ ცარიელი ვაგონი უკუმიმართულებით დატვირთო, ანუ რევერსიული ტვირთი წარმოიქმნას. ჩვენთან ამის ნაკლები შესაძლებლობაა.“

 

რაც შეეხება პროგნოზებს, რა მოლოდინები არსებობს და როდის შეძლებს  საქართველო ამ მიმართულებით „ეკონომიკური სტაგნაციის“ პერიოდის დაძლევას, სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დამფუძნებელი ვარაუდობს, რომ ორი-სამი წლის შემდეგ ეს შესაძლებელი იქნება, მანამდე კი საქართველო რეგიონში სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციას ვერ შეასრულებს: „ირანის ან უკრაინის მიმართულებით დამატებითი ტვირთები უნდა წამოვიდეს, რადგან ჩვენი გადაზიდვების არეალი მხოლოდ აზერბაიჯანით და სომხეთით შემოიფარგლება. რეგიონში სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციას აზერბაიჯანი იძენს, საქართველოს კი ამ ეტაპზე ეს ფუნქცია არ აქვს და ამაზე ტვირთების შემცირების მაჩვენებელიც მოწმობს“, – აცხადებს ცაგარეიშვილი.

 

 

ავტორი: თეონა კენჭიაშვილი



პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი: Airbnb-ს მომხმარებლებმა ბინებში სათვალთვალო კამერები აღმოაჩინეს

person access_time2017-12-15 19:30:26
შვებულება ახლოვდება და რამდენიმე დღის საზღვარგარეთ გატარებას გეგმავთ: ირჩევთ თქვენთვის სასურველ მიმართულებას, ყიდულობთ ბილეთს და ბინას ინტერნეტის საშუალებით ჯავშნით. შუა შვებულებისას კი აღმოაჩენთ, რომ თქვენ მიერ ნაქირავები ბინის საძინებელში ან სააბაზანოში ბინის მეპატრონეს ვიდეოკამერა აქვს დამონტაჟებული. ამ არასასურველ მდგომარეობაში Airbnb-ს რამდენიმე მომხმარებელი აღმოჩნდა. მათი გამოცდილების შესახებ კი ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით მალევე გახდა ცნობილი. რა...

აფხაზებისთვის უსასყიდლოდ მიწოდებულმა დენმა შესაძლოა, „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია გააძვიროს

person access_time2017-12-15 16:30:38
2017 წლის ნოემბერში „ენგურჰესის“ და „ვარდნილჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 54,4% აფხაზეთმა წაიღო, 11 თვეში კი 43,9%. სწორედ ეს დაასახელა „ენგურჰესის“ ფინანსურმა დირექტორმა ვალერი კანკიამ ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო გაზრდის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად. მართალია, დღეს  „ვარდნილჰესების კასკადისა და „ენგურჰესისთვის წარმოების ტარიფის დადგენის გადაწყვეტილება გადაიდო, თუმცა  საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. დღეს საქართველოს...

ერთ პარტიაზე მორგებული კანონი - „ის რასაც წარსულში ფონდი „ქართუ“ აფინანსებდა, ახლა ქართული სახელმწიფო აფინანსებს“

person access_time2017-12-15 18:00:13
სახელმწიფომ, შესაძლოა ის პოლიტიკური გაერთიანებაც (პარტია) დააფინანსოს 300 ათასი ლარით, რომელიც საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავს, მაგრამ პარლამენტში ერთ მაჟორიტარს მაინც შეიყვანს და რომელიც ფრაქციასაც შექმნის. როგორც ოპოზიცაიში, ისე სახელისუფლებო გუნდშიც აცხადებენ, რომ არ შეიძლება პარტია იქნება თუ პიროვნება, მას კანონებს არგებდნენ. საპარლამენტო უმრავლესობაში ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ წევრის გია ჟორჟოლიანისა და...

„ავანსის დღგ-ით დაბეგვრა მაღალი საგადასახადო რისკის მქონე დარგებზე უნდა გავრცელდეს“

person access_time2017-12-15 15:30:48
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს მიაჩნია, რომ ავანსის დღგ-ით დაბეგვრა მაღალი საგადასახადო რისკის მქონე დარგებზე უნდა გავრცელდეს. „ანალიტიკასთან" ინტერვიუში ზურა ძნელაშვილი აცხადებს, რომ 2016 წლის ბოლოსაც, როცა ამ სისტემის დანერგვის შესახებ ბიზნესმა მოულოდნელად გაიგო, ბიზნესომბუდსმენის აპარატმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიმართვის საფუძველზე, პარლამენტს და აღმასრულებელ შტოებს ავანსის დღგ-ით დაბეგვრის სისტემის მინიმუმ 1 წლით გადავადების თხოვნით მიმართა, მაგრამ...

ნოემბერში ფულადი გზავნილები 24,8%-ით გაიზარდა

person access_time2017-12-15 14:42:40
2017 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 122.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 326.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 24.8 პროცენტით (24.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ...


მსგავსი სიახლეები