„გუდაური აუცილებლად გადაიქცევა არა მარტო საქართველოს, არამედ მთელს სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან, მიმზიდველ კურორტად“

access_time2017-10-10 22:40:00

“ამ ქალაქს ძალიან დიდი გმირობის ისტორია აქვს, მთლიანად მთიანეთს და ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ამდენი ადამიანის მხარდაჭერა აქვს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო“ ჰქვია“ – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა,  „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მერობის კანდიდატების წარდგენისას.

 

“ჩვენ დღეს, კიდევ მოგვიახლოვდა ადგილობრივი არჩევნები, რომელზეც მხარი უნდა დავუჭიროთ ადამიანებს, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე იზრუნებენ ადამიანების პრობლემების მოგვარებაზე. ჩვენ ნამდვილად გვაქვს სათქმელი, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ, ყველა თქვენგანთან ერთად, გაიარა მნიშვნელოვანი პერიოდი. ამ პერიოდის განმავლობაში ნაბიჯები გადაიდგა, კერძოდ, მცხეთა-მთიანეთშიც არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, რომლებმაც ადამიანებს ცხოვრება შეუმსუბუქა.

 

 

დამეთანხმებით ალბათ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა იყო უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი და მნიშვნელოვანი რესურსი, გაღებული ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, იმისათვის, რომ ათი ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაგვერჩინა ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ პრიორიტეტად გამოვაცხადეთ მთის გადარჩენა, მთაში ჩვენი მოსახლეობის დაბრუნება, გამაგრება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ამ მიმართულებით კიდევ არაერთი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ. ასევე, პრიორიტეტად გამოვაცხადეთ სოფლის მეურნეობის და ადგილობრივი მეწარმეობის აღორძინება, რაზეც დიდი რესურსიც დაიხარჯა. შედეგები უკვე არის სახეზე და კიდევ უფრო მეტ შედეგს ველოდებით, რასაც თითოეული ჩვენგანი აუცილებლად ვიგრძნობთ.

 

 

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ მცხეთა-მთიანეთში ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური გეგმა გვაქვს სამომავლოდ. დაწყებულია უკვე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, მაგრამ კიდევ უფრო მასშტაბური პროექტები წინ არის.

 

 

გასულ პერიოდში, მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდასაჭერად, ჩვენ 200-ზე მეტი პროექტი განვახორციელეთ ამ რეგიონში. ინდუსტრიული წარმოების ხელშეწყობისთვის, 26 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული და ძალიან ბევრი მცირე მეწარმე გახდა ამ პროექტების მონაწილე.

 

 

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ყოველწლიურად 40 ათასზე მეტმა გლეხმა და ფერმერმა ისარგებლა 14 მილიონ ლარზე მეტი რესურსით და ეს რესურსი თითოეული ადამიანთან მივიდა, ვინც კი ხვნა-თესვის პროგრამაში მონაწილეობდა.

 

 

პროგრამა „დანერგე მომავლის“ ფარგლებში, რეგიონში 64 ჰექტარზე გაშენდა ხეხილის ბაღები, რისთვისაც 800 ათას ლარამდე დაფინანსება განახორციელა სახელმწიფომ. ეს პროექტები უკვე შედეგებს აჩვენებს, მაგრამ „დანერგე მომავალი“ არის პროგრამა, რომელიც რამდენიმე წელში გამოიღებს ნაყოფს და ეს შემოსავალი ნამდვილად აისახება ამ პროგრამაში მონაწილე ადამიანების ცხოვრების დონეზე.

 

 

სახელმწიფოს ხელშეწყობით, მცხეთა-მთიანეთში 8 ახალი საწარმო გაიხსნა, ხოლო გაფართოვდა 10 არსებული საწარმო. ჩვენ ვახორციელებთ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

 

 

ეს პროექტები უაღრესად მნიშვნელოვანია ამ რეგიონში ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის, უდიდესი ტურისტული პოტენციალის სრულფასოვნად ათვისებისთვის.

 

 

ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის წინსვლისთვის აუცილებელია ის პროექტები, რომლებიც ჩვენ გამოვაცხადეთ პრიორიტეტად და ეს არის, კონკრეტულად, მცხეთიდან ლარსისკენ მიმავალი თანამედროვე ავტობანის პროექტირება და აშენება, რათა სატრანზიტო ფუნქცია ამ რეგიონმა სრულფასოვნად განახორციელოს.

 

 

2018 წელს დასრულდება პროექტირება და 2019 წლის დასაწყისში დაიწყება მშენებლობა.

 

 

წელს ჩვენ დავიწყეთ გვირაბის მშენებლობა დარიალის ხეობაში. როგორც იცით, ყოველწლიურად დევდორაკიდან ჩამოდის ღვარცოფის დიდი მასა, რომელიც დიდი პრობლემაა სატრანზიტო გზისათვის. პროექტი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ამ პრობლემას მთლიანად მოხსნის და ლარსის გამშვებ პუნქტს დავუკავშირდებით უსაფრთხო გზით.

 

 

ჩვენ ასევე ვახორციელებთ ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომელიც მართლაც უპრეცედენტოა - ეს გახლავთ პირიქითა ხევსურეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობა - როშკა-არხოტის 28 კმ-იანი გზა, რომელიც აქამდე არ არსებობდა და იქ გადაადგილება მხოლოდ ფეხით, ცხენითა და ვერტმფრენით იყო შესაძლებელი. ამ პროექტის დასრულებას მომავალ წელს ვგეგმავთ. ასე რომ, მალე პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთს, სრულიად ახალი გზა დააკავშირებს ერთმანეთთან. ეს იქნება უდიდესი შეღავათი მოსახლეობისთვის და ამავე დროს, მთელი ამ გზის გაყოლებაზე, ეს პროექტი გაზრდის ტურისტულ მიმზიდველობასაც, რაც თავისთავად არის დამატებითი შემოსავალი თითოეული აქ მცხოვრების ოჯახში.

 

 

 

ჩვენ დავიწყეთ გერგეტის სამების ეკლესიასთან მისასვლელი გზის მშენებლობა, რომლის დასრულება მომავალი წლისთვის იგეგმება. ეს პროექტი 7 მილიონ 800 ათას ლარამდე ჯდება. ეს იქნება, როგორც ჩვენი ხალხისთვის, ისე ტურისტებისთვის გერგეტამდე მისასვლელი უსაფრთხო და კომფორტული გზა, რომელიც დიდ როლს შეასრულებს ყაზბეგის ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებაში.

 

 

ასევე, დაგეგმილი გვაქვს გზის მშენებლობა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მარშრუტის მიმართულებით. ეს გახლავთ სნო - ჯუთა-როშკა- შატილი-ომალო- ხადორის ხეობა- ბაწარა -ახმეტის გზა. მისი სავარაუდო ღირებულება 200 მილიონ ლარამდეა. ეს იქნება სტრატეგიული მნიშვნელობის გზა ჩვენი ქვეყნისთვის.

 

 

გარდა ამისა, ეს გზა გამოიწვევს მნიშვნელოვან ეკონომიკურ წინსვლას მთელი ამ გზის მარშრუტის გასწვრივ.

 

 

ასევე დასრულდა თიანეთისა და ჟინვალის შემაერთებელი გზის მშენებლობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეგიონის მცხოვრებლებისთვის და კიდევ არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელების ფაზაშია. ეს პროცესი, რა თქმა უნდა, აქტიურად გაგრძელდება. ეს პროექტები ეხება არა მარტო გზებს, არამედ წყალმომარაგებას, კულტურის ობიექტებს, საბავშვო ბაღებს, სპორტულ ინფრასტრუქტურას. ამ პროექტების განხორციელება საბოლოოდ აისახება ადამიანების, ჩვენი ხალხის ყოველდღიურ ყოფაზე, მათ შემოსავლებსა და კეთილდღეობაზე.

 

 

 

აქვე მინდა ვთქვა, რომ მცხეთაში 120 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების კორპუსების მშენებლობა დაიწყო. ეს პროექტი, მომავალი წლის სექტემბრამდე დასრულდება და ამით მცხეთაში, დევნილთა განსახლების პრობლემა მნიშვნელოვნად გადაიჭრება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ჩვენს დევნილებს მისცემს ღირსეულ პირობებში ცხოვრების შესაძლებლობას.

 

 

აქვე მინდა, მივესალმო ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს, რომლებიც დღეს ჩვენთან ერთად იმყოფებიან სხვადასხვა დასახლებებიდან. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს არის უდიდესი ტკივილი, მაგრამ დამერწმუნეთ, ჩვენ ძალიან ბევრ ნაბიჯს ვდგამთ, რომელიც ჯერ კიდევ შეიძლება არ იყოს ყველასთვის საჯარო, იმისათვის რომ ეს პრობლემა საბოლოოდ გადაწყდეს. ჩვენ ჩვენი ქვეყანა უნდა გავაერთიანოთ, უნდა გავაერთიანოთ სიყვარულით, ეკონომიკური განვითარებით და ასევე, ეფექტური საგარეო პოლიტიკით ჩვენი მეგობრების დახმარებით; მაგრამ პირველ რიგში, ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეები, მათი გულები, ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა და მე ერთი წამით, იოტისოდენა ეჭვიც კი არ მეპარება, რომ ჩვენ ამას აუცილებლად განვახორციელებთ და განვახორციელებთ ყველა თქვენგანთან ერთად, რა თქმა უნდა, ღმერთის შეწევნით.

 

 

 

მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ყველა პროექტი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და ეს, რა თქმა უნდა, ყველაფერი არ არის, ტურისტული მიმართულებების ძალიან მნიშვნელოვანი განვითარებაა. გუდაური აუცილებლად გადაიქცევა არა მარტო საქართველოს, არამედ მთელს სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან, მიმზიდველ კურორტად. ჩვენ ამ მიმართულებით ბევრი ნაბიჯი უკვე გადავდგით, მაგრამ მომავალში კიდევ უფრო მნიშვნელოვან პროექტს ვგეგმავთ და ეს არის კობისა და გუდაურის დამაკავშირებელი საბაგირო გზა, რომელიც ყაზბეგს და სტეფანწმინდას გუდაურთან დააკავშირებს და ამ მიმართულებას ერთიან, დიდ ტურისტულ კომპლექსად გადააქცევს.

 

ყაზბეგი აღარ იქნება მხოლოდ ზაფხულის კურორტი და მთლიანად ყაზბეგი-გუდაური იქნება ერთი, მთლიანი, ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულება რეგიონული მასშტაბით.

 

 

ასევე მინდა გითხრათ, რომ თავის ძველ დიდებას აუცილებლად დაიბრუნებს ფასანაური. ჩვენ დავასრულეთ მოლაპარაკებები ფასანაურის ძველი ტურისტული კომპლექსების მშენებლობაზე, ეს არის უპირველეს ყოვლისა ე.წ. ინტურისტის კომპლექსი, ულამაზესი ადგილი, რომელიც ყველას გვახსოვს, ვინც ჩემი ასაკის არის და უფრო ხნიერი, თუ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ფასანაურს და მის ტურისტულ პოტენციალს მთლიანად რეგიონისთვის.

 

 

მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ჩართულობით ეს აუცილებლად განხორციელდება და ფასანაური ისევ გადაიქცევა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებად. და რა თქმა უნდა ეს არის თიანეთი, რომლის პოტენციალიც დღესდღეობით ძალიან მცირედით არის ათვისებული და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსთვის ერთ-ერთი მართლაც ყველაზე ულამაზესი რაიონი აღორძინდება და იქ აუცილებლად განვითარდება ყველა ის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რომელიც თიანეთს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილად გადააქცევს საქართველოში. ჩვენ ყველანი ერთად ამას ხელს შევუწყობთ. ჩვენ თქვენი დახმარების გარეშე ამ მნიშვნელოვან საქმეებს ვერ გავაგრძელებთ და ვერ დავასრულებთ.

 

 

როდესაც მე ამ წარმატებებზე და ამ უმნიშვნელოვანეს გეგმებზე ვსაუბრობ, ერთი წუთით არ მტოვებს ძალიან მძაფრი შეგრძნება იმ გაჭირვებისა, რომელიც დღეს კიდევ არსებობს ჩვენს ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, რომ აქ მდგომი ადამიანებიდან ძალიან ბევრს არ აქვს დალხინებული ცხოვრება, მაგრამ დამერწმუნეთ, არ არსებობს ალტერნატივა იმისა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ეს შეიძლება ძალიან ხმამაღალი ნათქვამი იყოს, მაგრამ ეს არის გააზრებული გზა, რომელსაც ჩვენ, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ჩვენი ხალხის მხარდაჭერით ვადგავართ. ეს არის სტაბილურობის გზა, რომელიც ემყარება თითოეული ადამიანის ღირსებას, პატივისცემას და სიყვარულს. როგორ შეიძლება ჩვენ არ დავინახოთ და არ დავაფასოთ ეს ყველაფერი.

 

კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ ახლოს იმ წარმატებასთან, რომელსაც თქვენთან ერთად ვაშენებთ, მაგრამ ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენ ვდგამთ, უკვე გადავდგით და მომავალში დაგეგმილი გვაქვს, აშენებს იმ საფუძველს, რომელსაც დაემყარება ძლიერი, ერთიანი, სიყვარულზე დაფუძნებული ქვეყანა, რომელსაც ჩვენი სამშობლო, ჩვენი საქართველო ჰქვია. მე ამის თქვენთან ერთად მჯერა, მჯერა თითოეული წვეთით იმ სისხლისა, რომელიც ჩემს ძარღვებშია, ჩემო მეგობრებო. დარწმუნებული ვარ, ყველა თქვენგანს სწორედ ასეთი სიყვარული აქვს ძარღვებში, სწორედ ასე უჩქეფს გული, რომ ჩვენ ერთად ავაშენოთ ის ღირსეული ქვეყანა, რომლის ღირსებიც ჩვენი წინაპრები არიან, რომლის ღირსებიც ჩვენ ვართ და ჩვენი მომავალი თაობაა. კიდევ ერთხელ, უპირველეს ყოვლისა, ქედს ვიხრი ყველა ადამიანის წინაშე, რომელიც უძლებს დღევანდელ დღეს და რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენთან ერთად აშენებს კიდევ უფრო გაბრწყინებულ საქართველოს“ – განაცხადა პრემიერმა.

 

 

 



„მე ხმა მივეცი კიდევ უფრო უკეთეს თბილისს და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი ნამდვილად ასეთი იქნება“

person access_time2017-10-21 10:40:59
მე ხმა მივეცი კიდევ უფრო უკეთეს თბილისს და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი ნამდვილად ასეთი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარ არჩევანი საბურთალოზე, მე-4 ოლქის 24-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. ის უბანზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა. „ხმა მივეცი თბილისს, რომელშიც ყველას ეხალისება ცხოვრება, სადაც ურბანული ტრანსპორტი მოწესრიგებულია, სადაც მწვანე ზონებია...

CNNMoney: კატალონიის კრიზისმა ბარსელონაში ტურისტების რაოდენობა შეამცირა

person access_time2017-10-20 19:00:11
კატალონიაში წარმოქმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო ესპანეთის ეკონომიკურად ყველაზე აქტიურ რეგიონს უფრო ნაკლები ტურისტი სტუმრობს. CNNMoney-ის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით, კატალონიის მიმართულებით თვითმფრინავის ბილეთების ჯავშნები 17%-ით არის შემცირებული.   დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით 1-ელ ოქტომბერს კატალონიაში რეფერენდუმი ჩატარდა. რეგიონის სეპარატისტულ მთავრობას დამოუკიდებლობის მოპოვება სურს, რასაც მადრიდი ძალის გამოყენებით დაუპირისპირდა. შედეგად, მსოფლიოშ ერთ-ერთ...

2018 წლიდან რეგულაციების გამკაცრება აირბალონზე მომუშავე ავტომობილებისთვისაც იგეგმება

person access_time2017-10-20 18:00:52
საქართველოში ე.წ. ტექდათვალიერება რომ უნდა აღდგეს, ამაზე აღარავინ კამათობს. ჩვენს ქუჩებში ათასობით შეუმოწმებელი ავტომობილი მოძრაობს, რომელიც უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებს. პირველ რიგში ეს გაზზე მომუშავე ავტომობილებს ეხება. ამ კატეგორიის ავტომობილების ინსპექტირება რამდენიმე თვის წინ უნდა დაწყებულიყო, მაგრამ შემოწმების პროცესი ერთ წერტილზე გაიყინა, ეს მაშინ, როცა ინსპექტირების დასრულების ბოლო ვადად თავიდან 2018 წლის 1-ლი იანვარი სახელდებოდა.   ჩვენ...

,,ავზებში სადაც ინახება საწვავი, არ ხდება მათი რეცხვა, შესაბამისად, ჩვენ ვასხამთ დაბინძურებულ ბენზინს’’

person access_time2017-10-21 14:00:52
,,მნიშვნელოვანია თუ რამდენად კვალიფიციური იქნება პერსონალი, ვინც შეამოწმებს ავტომობილებს’’   მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოს იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც ჰაერის დაბინძურების გამო ყველაზე მეტი ადამიანის გარდაცვალება ხდება. 100 ათას ადამიანზე 300 გარდაცვალება. ძირითადი მიზეზი გაუმართავი და მოძველებული სატრანსპორტო საშუალებებია. ჰაერის დაბინძურების 75 პროცენტი ავტომობილების გამონაბოლქვზე...

გიორგი სამანიშვილი: „2017 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტზე 50 მილიონ ბოთლზე მეტი ღვინო გავიდა“

person access_time2017-10-21 10:00:05
„ღვინის ექსპორტის ზრდა ფიქსირდება, როგორც ტრადიციულ, ასევე, ახალ საექსპორტო ბაზრებზე“, - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ ისაუბრა.   რამდენიმე დღის წინ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს ამდენი ღვინო არ გაუყიდია, არც თანხობრივად და არც...

არჩევნები დაიწყო - დღეს საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევენ

person access_time2017-10-21 08:15:54
დღეს არჩევნებია - საქართველოს მოქალაქეები, ადგილბრივი თვითმმართველობის ორგანოებში საკუთარ წარმომადგენლებს აირჩევენ.   მთელი ქვეყნის მასშტაბით, 73 საარჩვნო ოლქში, დილის 8 საათზე 3634 უბანი გაიხსნა, ასევე 10 სპეცუბანი მუშაობს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.   არჩევნებზე დარეგისტრირებულია 3 მილიონ 440 ათას 123 ამომრჩეველი.   არჩევნებში მონაწილეობს 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და 1 საინიციატივო...

რა თანხით დააფინანსა ბიზნესმა ადგილობრივი არჩევნები და ვინ არიან მსხვილი შემწირველები

person access_time2017-10-20 15:00:54
ადგილობრივი  არჩევნების დასაფინანსებლად  კომპანიებმა 2 044 143 ლარი გაიღეს, -ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს კვლევაში.    ორგანიზაციის ცნობით, 32-მა იურიდიულმა პირმა განახორციელა შეწირულობა, ყველაზე მსხვილმა 7 შემომწირველმა  კომპანიამ „ქართულ ოცნებას“ 120 000 ლარი შესწირა.   ეს კომპანიებია: შპს „ჯი-ემ-პი”, შპს „კახური ტრადიციული...

„ვისოლ ჯგუფის“ „კარფურის“ მორიგი პროექტი

person access_time2017-10-20 13:00:01
„ვისოლ ჯგუფს“ და „კარფურს“ შორის მიმდინარე წელს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში “ვისოლ ჯგუფის“ შვილობილ კომპანია „ემ პე დეველოპმენტის“ ვაზისუბნის სავაჭრო ცენტრში „კარფურის“ კიდევ ერთი სუპერმარკეტი გაიხსნა. სავაჭრო ცენტრში „კარფურის“ გარდა სხვა რამოდენიმე საცალო ვაჭრობის ობიექტია განთავსებული.   „კომერციული უძრავი ქონების განვითარება ჩვენი ჯგუფისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული...

ბიზნესმენების რჩევები თბილისის მომავალ მერს - „კომერსანტის“ პროექტის შეჯამება

person access_time2017-10-20 20:00:27
„კომერსანტმა“ დაასრულა წინასაარჩევნოდ დაწყებული პროექტი - რჩევები თბილისის მომავალ მერს, რომლის ფარგლებშიც მსხვილი ბიზნსმენების ნაწილი გამოიკითხა. ჩვენთან საუბრისას რამდენიმე მიმართულება დასახელდა, რაზეც დედაქალაქის მომავალმა მერმა ყურადღება უნდა გაამახვილოს.   შეჯამებისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიზნესმენების ძირითადი ნაწილი თბილისის მომავალ მერს გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებას და ბიუროკრატიის შემცირებას...

„გალთ & თაგარტის“ გაუფასურებული შესაძლებლობები -კომპანიის კონსოლიდირებული ზარალი 27 მილიონ ლარს აღწევს

person access_time2017-10-20 13:15:00
„სს გალთ & თაგარტი“ საქართველოში უმსხვილესი ბიზნეს ჯგუფის BGEO-ს წევრია, რომელიც ქვეყანში ყველაზე დიდ საფინანსო საინვესტიციო ჯგუფს წარმოადგენს. BGEO საქართველოს საფინანსო ბაზრის ლიდერის  „საქართველოს ბანკის“ მფლობელია.     ,,გალთ & თაგარტი“  - ბაზარზე წარმოდგენილია შემდეგი მიმართულებებით - საინვესტიციო საბანკო მომსახურება;  აქტივების მართვა; დაგროვილი ქონების მართვა; საბროკერო მომსახურება....


მსგავსი სიახლეები