გიორგი კვირიკაშვილი – "აჭარას ყველანაირი რესურსი აქვს საიმისოდ, რომ ტურიზმი მთელი წლის განმავლობაში შემოსავლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყარო გახდეს"

access_time2017-09-12 23:29:13

აჭარას ყველანაირი რესურსი აქვს საიმისოდ, რომ ტურიზმი მთელი წლის განმავლობაში შემოსავლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყარო გახდეს – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა, „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში განაცხადა, სადაც აჭარაში ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მერობის კანდიდატები წარადგინა.

 

„მოგესალმებით, ჩემო საყვარელო ადამიანებო! ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ქალაქში, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის განსაკუთრებულად თბილი და განსაკუთრებულად საყვარელია.

 

 

განსაკუთრებული ემოციები გვაკავშირებს ჩვენ ბათუმთან, აჭარასთან და აქ განსაკუთრებულად იგრძნობა ჩვენი ქვეყნის სიყვარული და სითბო. ამიტომ, კიდევ ერთხელ დიდი სიყვარულით მოგესალმებით!

 

 

მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის, მხარდაჭერისთვის! ასევე, მინდა გამოვთქვა კმაყოფილება, რომ აჭარას დღეს ჰყავს მთავრობის ასეთი ღირსეული თავმჯდომარე, როგორიც არის ზურაბ პატარაძე. ზურაბი ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში ცხოვრობს თითოეული აჭარლის პრობლემით, მას ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვს და არის ერთ-ერთი ყველაზე გულისხმიერი ადამიანი, რომელსაც ვიცნობ და მინდა, კიდევ ერთხელ განსაკუთრებულად მივესალმოთ მას.

 

 

მეგობრებო, მართლა ყველას გვახარებს, რომ აჭარას სულ უფრო მეტად ეტყობა წინსვლა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ აჭარა იყოს წელგამართული და ხალხი ცხოვრობდეს მშვიდად, რომ თითოეულ თქვენგანს გქონდეთ სტაბილურობის განცდა, არ გეშინოდეთ ხვალინდელი დღის. აჭარას ნამდვილად აქვს განვითარების კიდევ უფრო დიდი პოტენციალი და ჩვენი ვალია, ეს პოტენციალი სრულად ავითვისოთ. „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდანვე, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ჩვენ, კიდევ არაერთი დაწყებული პროექტი გვაქვს ბოლომდე მისაყვანი და ამას თქვენთან ერთად შევძლებთ. ჩვენ ერთად გადავდგამთ ნაბიჯებს აჭარის გაძლიერებისა და საქართველოს წინსვლისათვის, რადგან ძლიერი აჭარა არის ძლიერი საქართველო!

 

 

ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ჩვენს მიერ ამოქმედებულმა ჯანდაცვისა და სოციალურმა პროგრამებმა ათასობით აჭარელს მისცა უკეთესი ცხოვრების საშუალება, გახსნა ახალი შესაძლებლობები ბიზნესის კეთებისთვის.

 

 

სახელმწიფომ უდიდესი რესურსი გაიღო სოფლის მეურნეობის ფეხზე დასაყენებლად, ჯანდაცვის პროგრამებისთვის, ბიზნესის ხელშესაწყობად. აჭარაში მხოლოდ გლეხებისა და ფერმერების ხელშეწყობის პროექტებით 60 ათასამდე გლეხმა ჯამში სახელმწიფოსგან 20 მილიონამდე ლარის სარგებელი მიიღო. გაიცა 25 მილიონ ლარზე მეტი აგროკრედიტი, რაც მესაქონლეობის, მეფუტკრეობის, მეთევზეობისა და ხილის გადამამუშავებელი დარგების ხელშეწყობას ხმარდება. „დანერგე მომავლის“ პროგრამის ფარგლებში, 10 ჰექტრამდე ფართობზე გაშენდა კენკროვანი კულტურები. გაიხსნა 13 ახალი საწარმო, გაფართოვდა და გადაიარაღდა 5 საწარმო.

 

 

სახელმწიფოს მხრიდან ასევე მნიშვნელოვანი ხელშეწყობა ჰქონდა მცირე მეწარმეებს. „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია 300-ზე მეტი საწარმო, გაცემული გრანტის ოდენობა 2 მილიონ ლარზე მეტია.

 

 

ჩემო მეგობრებო! ეს პროექტები, რომლითაც სახელმწიფო ხელს უწყობს ჩვენს მოქალაქეებს, მეწარმეებს, დღითიდღე სულ უფრო ხელშესახები, და მეტი შედეგების მომტანი ხდება. ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, რომ რესურსი ჩაგვედო და დაგვეფინანსებინა ისეთი პროექტები, რომლის შედეგები, ხშირად, წლების მერე მოდის. მაგრამ ეს იყო სწორი და პასუხისმგებლობით აღსავსე გადაწყვეტილება, რომელიც გრძელვადიანად გაცილებით მეტად დაეხმარება ხალხს და ეს შედეგებიც, როგორც უკვე ვთქვი, სულ უფრო მეტ მასშტაბს მიიღებს.

 

 

რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ კიდევ უფრო მასშტაბური პროექტების განხორცილებას ყველა მიმართულებით. გაგრძელდება ყველა ის სახელმწიფო პროგრამა და პროექტი, რომლებიც ჩვენ დავიწყეთ და წარმატებით მუშაობს, იქნება ეს მეწარმეების ხელშეწყობა, ჯანდაცვის და სოციალური პროგრამები, თუ საბავშვო ბაღების, სკვერების, კულტურის ცენტრებისა და სპორტული კომპლექსების მშენებლობა და რეაბილიტაცია.

 

 

მეგობრებო, აჭარას ყველანაირი რესურსი აქვს საიმისოდ, რომ ტურიზმი მთელი წლის განმავლობაში შემოსავლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყარო გახდეს. აჭარის ზღვისპირეთიც და მთაც, ბოლომდე თანაბრად უნდა ავითვისოთ, რათა ამ ულამაზეს მხარეში, ოთხივე სეზონზე, იყოს ტურისტების უწყვეტი ნაკადი.

ამიტომ, ჩვენი ხელშეწყობის შედეგი, აქ უკვე მართლაც იგრძნობა. წელს, აჭარაში წარმატებული ტურისტული სეზონი გვაქვს. აქ ტურიზმის ინდუსტრიაში განსაკუთრებით შეიმჩნევა მზარდი დინამიკა - ყოველწლიურად იზრდება ტურისტული ობიექტების და საჰაერო ფრენების რაოდენობა. მხოლოდ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, წლევანდელ სეზონზე 39 მიმართულებით, კვირაში 140 ფრენა ხორციელდება.

 

 

წლევანდელ სეზონზე, გასული წლის ზაფხულთან შედარებით, უცხოელი ტურისტების რაოდენობის მხრივ 25%-იანი მატება გვაქვს და ეს დიდ სტიმულს გვაძლევს ყველას.

 

 

ტურიზმის განვითარებას ხელს უწყობს ახალი ინვესტიციები სასტუმრო სექტორში. მხოლოდ სამ წელიწადში, აჭარას 49 ახალი სასტუმრო შეემატა და რაც განსაკუთრებით გვახარებს, წლევანდელ სეზონზე გასულ წლებთან შედარებით, საოჯახო სასტუმროებიც დაიტვირთა და ეს არის ყველაზე მისასალმებელი, რომ რიგით ადამიანს, რომელმაც შეძლო, საკუთარი საცხოვრებელი მინიმალური სტანდარტებით მოეწყო, უკვე ჰყავს ტურისტები და ტურიზმი ხდება შემოსავლების წყარო არა მხოლოდ დიდი სასტუმროებისთვის, არამედ ოჯახური სასტუმროებისთვისაც.

 

 

ქობულეთში დაწყებულია უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი - საფუძველი ჩაეყარა 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას, რომლის ინვესტიცია 200 მილიონი ლარია. ეს იქნება ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ულამაზესი და უმსხვილესი მრავალფუნქციური კომპლექსი.

 

 

ფართომასშტაბიანი საინვესტიციო პროექტები ხორციელდება ასევე გოდერძის კურორტზე. 2015 წლიდან, კურორტი მუშაობს როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის სეზონებზე. ამ ეტაპზე, იქ კიდევ 6 სასტუმრო კომპლექსი შენდება. ეს არის საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები, რომელთა ინვესტიციაც 80 მილიონ ლარს აჭარბებს. ყველა ლარი, რომელიც ამ მიმართულებით იხარჯება, არის ახალი დასაქმებული აჭარელი და თითოეულ ოჯახში მიტანილი კეთილდღეობა.

 

 

მომდევნო ორ წელიწადში, აჭარას კიდევ ათეულობით სასტუმრო შეემატება, მათ შორის, შემოვა კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო სტანდარტის სასტუმრო. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში, კერძოდ კი აჭარაში, კაპიტალის ჩადება უცხოელი ინვესტორებისთვის უსაფრთხო და პერსპექტიულია. ჩვენ ეს ნდობა მოვიპოვეთ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ეკონომიკის განვითარებისთვის, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენისთვის, ჩვენი ოჯახების კეთილდღეობისთვის.

 

 

ჩვენ ინტენსიურად ვაგრძელებთ აჭარაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რომელთა წარმატებით დასრულება, კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს გაუჩენს თითოეულ აჭარელს. ასეთი მასშტაბის პროექტები, მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ნაწილია, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით თანმიმდევრულად მივყვებით. ასეთია, მაგალითად, ქობულეთის შემოვლითი გზა, რომლის ჯამური ინვესტიცია 350 მილიონ ლარს აჭარბებს.

 

 

შემოდგომაზე დაიწყება და 2020 წლისთვის დასრულდება ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა, რომლის ღირებულება 330 მილიონ ლარზე მეტია. ბათუმის შემოვლითი გზა, ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად, საგრძნობლად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში და გაიზრდება სატრანზიტო ტვირთბრუნვა. აჭარის ზღვისპირა ზოლიდან, სატრანზიტო მოძრაობის ახალ გზაზე გადართვა, ხელს შეუწყობს კურორტების ეკოლოგიურად გაჯანსაღებას და რეგიონში ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებას.

 

 

ასევე, დაგეგმილი გვაქვს ბათუმი-სარფის გზის მშენებლობა, რომელიც მომავალი წლიდან დაიწყება. ბათუმი-სარფის გზა იმ ჩქაროსნული მაგისტრალის შემადგენელი ნაწილი იქნება, რომელსაც თურქეთის საზღვრამდე მივყავართ. მაგისტრალის მდებარეობა უზრუნველყოფს, რომ ის გახდეს ძირითადი სატრანსპორტო რგოლი შავ ზღვას, კასპიის ზღვასა და ცენტრალურ აზიას შორის.

 

 

გარდა ამისა, მაღალმთიან აჭარაში, ხულო-ზარზმის მიმართულებით, იწყება გზის მშენებლობა. უახლოეს დღეებში და არა წლებში დაიწყება ამ გზის მშენებლობა, რომლის სიგრძე 45 კილომეტრია და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც ჩვენ მაღალმთიან აჭარაში განვახორციელებთ. პროექტის განხორციელების შედეგად, საათ-ნახევრით შემცირდება ამ მიმართულებით მგზავრობის დრო.

 

 

აჭარაში დაგეგმილი წლევანდელი საგზაო ინფრასტრუქტურული 300-ზე მეტი პროექტიდან 85% უკვე შესრულებულია ან დასრულების ეტაპზეა.

 

 

აჭარაში გრძელდება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი - ეს გახლავთ ბათუმის წყალმომარაგების, წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია. ახალ ქსელში ჩართული აბონენტების რაოდენობა მუდმივად იზრდება. ამ პროექტის დასრულების შემდეგ ბათუმისა და მისი ძველი საზღვრების ფარგლებში მთლიანად იქნება მოწესრიგებული წყალმომარაგების სისტემა.

 

 

ასევე დავიწყეთ ნაპირდამცავი კედლის რეაბილიტაციის პროექტი ქობულეთში. ვახორციელებთ ბათუმის ნაპირდაცვით და სანაპირო ზოლის მოწყობის პროექტებს, რომლებიც მომავალი წლის სეზონისთვის დასრულდება.

 

 

მნიშვნელოვანი სიახლე იქნება ისიც, რომ მალე ბათუმს ახალი, ადაპტირებული ავტობუსები მოემსახურება, რაც ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების ხარისხს თვისობრივად შეცვლის. ახალი, ევროპული სტანდარტის, მათ შორის ელექტროავტობუსები ჩაანაცვლებენ ძველ ავტობუსებს.

 

 

არ შემიძლია აქვე არ აღვნიშნო, რომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები. შემოსავლების დინამიკა ყოველწლიურად მზარდია და, 2013 წელთან შედარებით, თითქმის გაორმაგებულია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ადგილობრივ დონეზე არაერთი პრობლემების მოგვარებისთვის.

 

 

მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაპირება იყო მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება. მინდა გითხრათ, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან შუახევის მუნიციპალიტეტამდე, უკვე შეძენილია გაზიფიცირების პროექტი და მალე მაღალმთიანი აჭარისთვის ეს პრობლემა აღარ იარსებებს. ეს იქნება უდიდესი შვება მოსახლეობისთვის. ასევე, გადავჭერით იალაღების ელექტრიფიკაციის პრობლემა ზემო აჭარაში.

 

 

ჩვენ ვახორციელებთ ძალიან საინტერესო პროექტებს მთიან აჭარაში - ეს გახლავთ ასევე ალპური ბოტანიკური ბაღი, რომლის გაშენების სამუშაოები უკვე დაწყებულია. დარწმუნებული ვარ, ალპური ბოტანიკური ბაღი, ტურისტებისთვის, კიდევ ერთი საინტერესო და მიმზიდველი ადგილი იქნება.

 

 

აჭარაში, ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი ცვლილებები საზღვაო დარგის განვითარების კუთხითაც, რაც აჭარისთვის ძალიან აქტუალურია.

 

 

გასულ წელს ჩვენს ნავსადგურებში ამოქმედდა გემების მოძრაობის მონიტორინგის თანამედროვე სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ნავსადგურებში უსაფრთხო ნაოსნობას და ხელს უწყობს საზღვაო-სამაშველო ოპერაციების განხორციელებას. ეს სისტემა საშუალებას მოგვცემს, მუდმივად გავაუმჯობესოთ მონიტორინგი და უსაფრთხოება აჭარის აკვატორიაში.

 

 

არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ სულ უფრო პოპულარული ხდება მეზღვაურის პროფესია. აკადემიაში გატარებულმა მნიშვნელოვანმა რეფორმებმა გავლენა მოახდინა მისი რეიტინგის ამაღლებაზე. ეს სასწავლებელი გახდა ჭეშმარიტად რეგიონული და საერთაშორისო მასშტაბის სასწავლებელი. წელს საზღვაო აკადემიას არც ერთი ვაკანტური ადგილი არ დარჩა. ჩვენ ვაგრძელებთ საზღვაო აკადემიისთვის კომპლექსური დახმარების გაწევას და დარწმუნებული ვარ, ეს ხელშეწყობა ააღორძინებს მეზღვაურის პროფესიის მნიშვნელობას არა მხოლოდ აჭარაში, არამედ მთლიანად საქართველოში.

 

 

ყველა ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვდგამთ აჭარაში, ემსახურება თქვენი, თითოეული თქვენგანის ცხოვრების გაუმჯობესებას, ოჯახების კეთილდღეობას და როგორც ხედავთ, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები და შედეგები გვაქვს.

 

 

მე მჯერა, რომ 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, თქვენი დიდი მხარდაჭერით, „ქართული ოცნება“ კვლავ მოიპოვებს იმ გამარჯვებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, თქვენთან ერთად გავაგრძელოთ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტები, ის სწორი სტრატეგიული გზა, რომელიც 2012 წელს დაიწყო და რომელმაც ქვეყანაში მოიტანა სტაბილური და მიზანმიმართული განვითარების პერსპექტივა, რომელიც საბოლოოდ აუცილებლად დაგვირგვინდება თითოეული ოჯახის კეთილდღეობით“ – განაცხადა პრემიერმა.

 

 

 



“პირველი იანვრიდან ხელფასს დაერქმევა ხელფასი, პრემიას - პრემია"- ირაკლი ხმალაძე

person access_time2017-11-19 12:56:41
პირველი იანვრიდან ძალაში შედის სახელფასო რეფორმა, რომლითაც წლის განმავლობაში პრემიის ოდენობა ჯამურად 10%–ს უნდა შეადგენდეს. ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში თბილისის ვიცე–მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, პირველი...

Bloomberg-მა 2017 წლის საუკეთესო ბიზნეს სკოლები დაასახელა

person access_time2017-11-18 12:30:40
Bloomberg ამერიკის საუკეთესო ბიზნეს სკოლების ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს. ზედიზედ მესამე წელია სიის სათავეში Harvard ხვდება. მიმდინარე წელს რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესეს პენსილვანიის უნივერსიტეტმა და MIT -მა. რეიტინგის შედეგენისას შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: კურსდამთავრებულების და სტუდენტების სამეცნიერო მიღწევები; კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი და მათი საშუალო ანაზღაურება. Columbia Business School-ის კურსდამთავრებულები სწავლის...

სად არის თქვენს მიერ დაანონსებული გაზრდილი ინვესტიციები ბატონო გიორგი?

person access_time2017-11-18 11:00:18
„2017 წლიდან ლარი ისე გამყარდება, რომ ეროვნულ ბანკს მიჯნის დადება მოუწევს“, — ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გიორგი გაჩეჩილაძემ 2016 წლის ნოემბერში მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტში მოსმენისას განაცხადა . ამასთან, გიორგი გაჩეჩილაძემ მთავრობის ახალ შემადგენლობას კითხვაც დაუსვა, თუ როგორ შეძლებენ მომავალში გამყარებულ ლარზე ზღვარის დაწესებას. მაშინ „მწვანეთა პარტიის” ლიდერმა, გიორგი გაჩეჩილაძე ისიც განაცხადა, რომ მომავალ წელს...

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა

person access_time2017-11-17 18:46:40
თბილისის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა. სხდომაზე ვიცე - მერობის კანდიდატმა, ირაკლი ხმალაძემ საკრებულოს წევრებს მერის მოადგილეების, საქალაქოს სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების ახალი შემადგენლობა წარმოუდგინა.   დეპუტატების უმრავლესობამ ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს, მერის მოადგილეებს: მაია ბითაძეს, ირაკლი ბენდელიანს და გიგა ნიკოლეიშვილს, ასევე დედაქალაქის მთავრობას...

The New York Times – ავწიოთ ჭიქა საქართველოსთვის, რომელიც მეღვინეობის აკვანია

person access_time2017-11-17 20:30:20
ავწიოთ ჭიქა საქართველოსთვის, რომელიც მეღვინეობის აკვანი შეიძლება იყოს, – ამ სიტყვებით იწყებს The New York Times საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით, „8 000 წლის დაძველების ღვინო პრეისტორიული ხანის საქართველოდან“. გამოცემა წერს, რომ „ქვეყანა, რომელიც ევროპასა და შუა აზიას შორის, სამხრეთ კავკასიის მთების გასწვრივ გაშლილ ნაყოფიერ ველებზეა გადაჭიმული, შეიძლება იყოს იმ ადამიანების სამშობლო, რომლებმაც ჩვეულებრივი ვაზის კულტივირება შეძლეს და საფუძველი ჩაუყარეს შარდონეს,...


მსგავსი სიახლეები