მთავარი გვერდი

ქუთაისის შემდეგ McDonald’s–ის მე–2 რესტორანი ბათუმშიც გაიხსნება

person access_time2017-08-11 11:00:37

მოთხოვნის ზრდის გამო, ბათუმში  McDonald’s–ი კიდევ ერთი რესტორანი გაიხსნება. როგორც ბიზნესმენი თემურ ჭყონია „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს,  პროექტზე მუშაობა უახლოეს პერიოდში დასრულდება, მშენებლობა კი ნოემბრიდან დაიწყება.

 

„უკვე 2018 წლის ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ბათუმს კიდევ ერთი McDonald’s–ი ექნება“, – განაცხადა თემურ ჭყონიამ.

 

ბიზნესმენი ამ გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად გაზრდილ მოთხოვნას ასახელებს. აცხადებს, რომ დღის განმავლობაში ბათუმის McDonald’s-ს  6 500 ადამიანი სტუმრობს, რაც ერთი რესტორნისთვის ძალიან ბევრია.

 

„ახლა კერძო კომპანიებთან, ვისგანაც ადგილები უნდა ვიყიდოთ, მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ახალი რესტორანის მშენებლობაში კი 2,7 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდება“, – განუცხადა „კომერსანტს“ ჭყონიამ.

 

 დღეს საქართველოში McDonald’s-ის 12 რესტორანია, რომელთაც ყოველდღიურად  25 000 ადამიანი სტუმრობს. შეგახსენებთ, რომ ქუთაისში McDonald’s –ის მეორე რესტორანი სწორედ მოთხოვნის ზრდის გამო 2017 წლის 14 ივლისს გაიხსნა.  

 

გარდა ამისა, უახლოეს პერიოდში   სპეციალურად McDonald’s–ის მენიუსთვის განკუთვნილი ფუნთუშებიც საქართველოში გამოცხვება. ბიზნესმენის განცხადებით,  ფუნთუშების ქარხნის მშენებლობა 2018 წელს დასრულდება და მასში 4,5 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდება.

 

„ამ ქარხანაში გამოცხობილი ფუნთუშებით არა მარტო საქართველოში მოქმედი McDonald’s-ის  რესტორნები, არამედ აზერბაიჯანი და შუა აზიაც მომარაგდება.  რეალურად ჩანაცვლდება იმპორტი და გავალთ ექსპორტზეც. როგორც კი McDonald’s-ის მთავარი ოფისიდან თანხმობას მივიღებთ, პროექტზე მუშაობას დავიწყებთ. რეკომენდაციებს კი უკვე მომავალ კვირას ველოდებით. ამ რეკომენდაციებში იქნება გაწერილი, თუ  რომელი დანადგარები და ლაბორატორიული მოწყობილობები უნდა შევიტანოთ ქარხანაში, ასევე  ვეძებთ ფქვილის მომწოდებელს“, – განაცხადა თემურ ჭყონიამ.

 

 

"კომერსანტი"

share

მსგავსი სიახლეები