მთავარი გვერდი

„ლარის რესურსი შეზღუდულია, ბანკები დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთებს შეამცირებენ“ – რატომ გაძვირდა ლარში სესხები

person access_time2017-08-11 09:30:00

100 000 ლარამდე სესხების გაცემის ვალდებულების შემდეგ, ლარში სამომხმარებლო კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა. ეროვნული ბანკის 2017 წლის ივლისის მონაცემებით,   მოკლევადიანი საბანკო კრედიტების საშუალო განაკვეთი ლარში 19,6%-ს შეადგენდა (2016 – 19.2%), უცხოურ ვალუტაში 8.2% (2016  – 8.8%).

 

გრძელვადიანი სესხის წლიური პროცენტი ლარში 16.4%-ს შეადგენს (2016  – 15,9%). აშშ დოლარში წლიური პროცენტი შემცირებულია 11,3%-მდე (2016  – 12,2%).

 

რაც შეეხება კონკრეტულად სამომხმარებლო სესხებს, იანვრიდან ივლისამდე მოკლევადიან სესხებზე განაკვეთი 15,2%–დან 16,7%–მდე გაიზარდა, გრძელვადიან კრედიტებზე კი 14,9%–დან 15,3%–მდე.

 

სამომხმარებლო სესხების პორტფელი 3.08 მლრდ ლარს აღემატება  და 83% გრძელვადიან სესხებზე (2,564 მლრდ) მოდის. აქედან 1.8 მლრდ ლარი (79%) ლარშია  დენომინირებული.

 

ლარში გაცემული სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზრდას ფინანსისტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი ლარის რესურსის შეზღუდვას უკავშირებს. მისი განცხადებით, დღეს ბანკებს ლარის მოზიდვა მხოლოდ ეროვნული ბანკიდან სესხების აღების გზით ან/და დეპოზიტების სახით შეუძლია.

 

„მაშინ, როდესაც უცხოური ვალუტის მოზიდვა საგარეო წყაროებიდან შეიძლება. გამომდინარე აქედან მას შემდეგ, რაც 100 000 ლარზე ნაკლები თანხის უცხოურ ვალუტაში სესხად გაცემა აიკრძალა, გაიზარდა მოთხოვნა ეროვნულ ვალუტაზე, რასაც მიწოდებამ ვერ აუბა ფეხი და შესაბამისად, გაიზარდა პროცენტიც. შეგახსენებთ, რომ დღეისათვის დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი 70%-ის ფარგლებშია, რა თქმა უნდა, უკვე შემდგომ სესხის ზღვრის 200 000 ლარამდე აწევა საწყის ეტაპზე გამოიწვევს პროცენტების ზრდას, ლარში დენომინირებულ სესხებზე. თუმცა, ეს ასევე დამოკიდებული იქნება დეპოზიტების მოზიდვის ღირებულებაზე, თუ ბანკები უფრო იაფად შეძლებენ ლარის რესურსის მოზიდვას, მაშინ კრედიტებზე პროცენტებიც შემცირებისკენ წამოვა, რაც ნაკლებ სავარაუდოა.  ლარის რესურსი კი ბანკებმა ან ეროვნული ბანკიდან უნდა მოიზიდონ, ან კიდევ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი შეამცირონ“, – აცხადებს „კომერსანტთან“ საუბრისას მერაბ ჯანიაშვილი.

 

რაც შეეხება ზოგადად ლარში გასაცემი სესხების მოცულობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რაც პირველ ეტაპზე 100 000 ლარს შეადგენს, უკვე შემდგომ კი 200 000 ლარამდე გაიზრდება, ჯანიაშვილი სწორს უწოდებს.  

 

„ამ ნაბიჯით ხელისუფლება ცდილობს საზოგადოება დაიცვას სავალუტო რისკებისგან, ადამიანს, რომელსაც კრედიტი აქვს ლარში და მისი შემოსავლებიც ამავე ვალუტაშია აღარ დააზარალებს კურსის ცვლილება და უფრო სტაბილურად იგრძნობს თავს. მაგრამ ამ ნაბიჯს აქვს თავისი მინუსიც, ის გააძვირებს ლარში კრედიტებს“, – დასძინა ჯანიაშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას.

 

შეგახსენებთ, 100 000 ლარამდე სესხები მხოლოდ  ადგილობრივ ვალუტაში გაიცემა, ახალი რეგულაცია 2017 წლიდან მოქმედებს. 2018 წლიდან კი ეს თანხა 200 000 ლარამდე გაიზრდება.

 

 

კომერსანტი

share

მსგავსი სიახლეები