მთავარი გვერდი

„ლარის სტაბილურობაში ეროვნული ბანკის წვლილი ძალიან მცირეა“ - რატომ არ მყარდება ეროვნული ვალუტა?

person access_time2017-08-05 14:00:32

ბოლო პერიოდში დოლარის პოზიციები მსოფლიო ბაზარზე საკმაოდ შესუსტდა და 6 ძირითად ვალუტასთან მიმართებით მნიშვნელოვნად გაუფასურდა.

 

ეს განსაკუთრებით ითქმის ევროსთან მიმართებით. 1 ევრო ამჟამად 1,1843 დოლარი ღირს, რაც 2015 წლის შემდეგ დოლარისთვის ყველაზე უარესი შედეგია. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ლარის დოლართან მიმართებით გამყარების მთელი რიგი საერთაშორისო ფაქტორები, ცვლილება მინიმალურია. უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში ლარის საბაზრო კურსი დოლართან მიმართებით მხოლოდ 0.5%–ით გამყარდა და, ამჟამად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.392 ლარია.

 

 

არსებობს თუ არა, რეალურად, ლარის მნიშვნელოვნად გამყარების წინაპირობები? რა ეკონომიკური ფაქტორები განაპირობებენ არსებულ კურსს და რა მიმართულებით შეიძლება ვივარაუდოთ ეროვნული ვალუტის ცვლილება? ამ და სხვა საკითხებზე AGORA-ს ეკონომიკის ექსპერტი გიორგი პაპავა ესაუბრა.

 

 

- ბატონო გიორგი, როგორც მოგეხსენებათ, დოლარის პოზიციები მსოფლიო სავალუტო ბაზარზე სუსტდება. ის მნიშვნელოვნად უფასურდება თითქმის ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებით. ამ ფონზე კი ლარი ჯიუტად უჩვეულო სტაბილურობას ინარჩუნებს და დოლართან მიმართებით მისი გამყარების მაჩვენებელი უმნიშვნელოა. როგორ ახსნით ამ გარემოებას? არსებობს ლარის გამყარების მნიშვნელოვანი საერთაშორისო ეკონომიკური ფაქტორები?

 

 

- რამდენიმე თვეა ეროვნული ბანკი დოლარს ყიდულობს. მისი ინტერვენციები ამ კუთხით კვლავ გრძელდება. ეს, რეალურად, იმას ნიშნავს, რომ ლარს გამყარების პოტენციალი აქვს, მაგრამ ეროვნული ბანკი ცდილობს კურსის სტაბილურობა შეინარჩუნოს და ლარს, დიდად, გამყარების საშუალებას არ აძლევს. საინტერესოა, რომ თუ 2016 წლის ანალოგიურ პერიოდს გადავხედავთ ამ კუთხით, აღმოჩნდება, რომ გამყარების ტენდენცია მაშინაც შეიმჩნეოდა და ეროვნულმა ვალუტამ მხოლოდ აგვისტოდან დაიწყო გაუფასურება. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ლარს გამყარების ძალზე მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს და ეროვნული ბანკი მას ამის საშუალებას არ აძლევს. ლარს მართლაც აქვს პოზიციების გაუმჯობესების მცირე შესაძლებლობა, რასაც ეროვნული ბანკი აკორექტირებს.

 

ეს, ერთი მხრივ, შეიძლება კარგიც იყოს, რადგან ბოლო თვეებია ეროვნული ვალუტა სტაბილურობას ინარჩუნებს 2.4 ნიშნულის ფარგლებში. თუმცა რამდენად გაგრძელდება ეს სტაბილურობა და მიიღებს გრძელვადიან სახეს, ამის თქმა ნამდვილად რთულია; ეს უკვე ეკონომიკურ ზდაზე იქნება დამოკიდებული. პირველი ექვსი თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს თუ გადავხედავთ, შედეგები საკმაოდ კარგი გვაქვს.

 

 

- თქვენ ახსენეთ ეროვნული ბანკის ინტერვენციები... რამდენად მისაღები და კარგია სავალუტო ბაზრის სტაბილურობისთვის მუდმივი ხელოვნური ჩარევები? ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ჯობია ბაზარი იყოს ბუნებრივად მერყევი...

 

- მინდა არასწორი ინტერპრეტაციებისგან თავი დავიცვათ და მაქსიმალურად ადეკვატურად ავხსნა ერთი გარემოება: ეროვნული ბანკი ბაზარზე ძალიან დოლარს დიდი მოცულობით  არ ყიდულობს, აქ არ არის საუბარი ასეულობით მილიონზე. შესაბამისად, იმაზე საუბარი, რომ ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზრის ფუნქციონირებაში სერიოზულად ერევა და ლარზე მნიშვნელოვან ზეწოლას ახდენს, ვფიქრობ, არასწორია. რომ არა ეროვნული ბანკის ჩარევა, ვფიქრობ 1 აშშ დოლარის ფასი 2.4 ლარის მაგიერ, მაქსიმუმ, შეიძლება ყოფილიყო 2.37.

 

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ კურსის სტაბილურობა, რაზეც ეროვნული ბანკი აკეთებს აქცენტს, ისევ და ისევ სავალუტო ბაზრით არის განპირობებული და ეროვნული ბანკის წვლილი იმაში, რომ კურსი სტაბილურია, არც ისე დიდია. კურსის სტაბილურობა ეკონომიკის შედარებით გაჯანსაღების და გარკვეული მაჩვენებლების გაუმჯობესების დამსახურებაა. პირადად მეც, წლის დასაწყისში არ წარმომედგინა, თუ კურსი ასეთ სტაბილურობას შეიძენდა. ამის მიღწევა მხოლოდ და მხოლოდ საერთო ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებით გახდა შესაძლებელი.

 

 

- საზოგადოების გარკვეული ნაწილი, ვისაც სასესხო ვალდებულებები დოლარში აქვს, სწორედ ზაფხულის პერიოდს და ლარის გამყარებას ელოდებოდა, რათა დოლარი შეეძინა. როგორია თქვენი პროგნოზი? უნდა ველოდოთ ლარის გამყარებას, თუ კურსი არსებულ ნიშნულთან სიახლოვეს შენარჩუნდება?

 

 

- პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. მითი, მოლოდინი, რომ ტურისტების ჩამოსვლა ლარს გაამყარებს, არ არის სწორი. თუ ბაზარზე იმის წინასწარმეტყველებას ბევრი მოთამაშე აკეთებს, რომ ტურისტების ჩამოსვლით დოლარის ჭარბი რაოდენობა შეიქმნება, ეს მოლოდინი წინასწარ არის ასახული კურსზე. მაგალითად, შარშან ტურისტულ სეზონზე ლარის ყველაზე დიდ გაუფასურებას დაემთხვა. მსგავს პროგნოზებში ჩართვა არასწორია და მოსახლეობას არ ვურჩევ.  გრძელვადიან პერიოდში ჩვენი ნომინალური გაცვლითი კურსი მცირედით, მაგრამ უნდა უფასურდებოსდეს. მაგრამ რა მოხდება აგვისტოს ბოლოს, ან სექტემბრის დასაწყისში, ამის თქვა შეუძლებელია. ტენდენცია შეიძლება ნებისმიერ დროს შეიცვალოს.

 

 

agora.ge

share

მსგავსი სიახლეები