მთავარი გვერდი

ქართველები, რომლებიც მე-20 საუკუნის დასაწყისში აშშ-ში მილიონერები გახდნენ

person access_time2017-08-06 14:00:17

 

მე-20 საუკუნის დასაწყისში ემიგრაციაში გაქცევით ბევრმა ქართველმა უშველა თავს. ნაწილი პოლიტიკური დევნის, ნაწილი კი ოცნებების ახდენისთვის მიაშურებდა ქვეყნიდან. თუმცა, მათგან ერთეულებს გაუმართლათ და მათი სახელი ისტორიაში დარჩა – ისტორიკოსი რუსუდან დაუშვილი იმ ქართველებზე გვიამბობს, რომლებმაც საქართველოს ფარგლებს გარეთ არნახულ წარმატებას მიაღწიეს და თავისი დროის ერთ-ერთი პირველი მილიონერები გახდნენ.

 

– პირველი ტალღის ქართული ემიგრაცია პოლიტიკური იყო. ემიგრანტთა უმეტესობამ ქართული პასპორტი და ლტოლვილის სტატუსი დაიტოვა. ამის გამო პროფესიულ და ფინანსურ წარმატებას ბევრმა ვერ მიაღწია. ყველაზე მეტი მდიდარი ქართველი ამერიკაში ცხოვრობდა. მათ შორის აღსანიშნავია: სკულპტორი და მწერალი ჯორჯ (გიორგი) პაპაშვილი; ავიაკონსტრუქტორები მიხეილ გრიგორაშვილი და უმსხვილესი ავიაკომპანია “რიპაბლიკის” ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ქართველიშვილი; მოჭიდავე და მსახიობი კოლა ქვარიანი; “წყნარი ოკეანის სანაპიროს ნავთობის კომპანიის” ხელმძღვანელები დავით და სერგი მდივნები;სამშენებელო კომპანიის ხელმძღვანელი ოთარ ზალდასტანიშვილი და მისი ძმა ბიზნესმენი გივი ზალდასტანიშვილი; ნიუ-იორკის ვიცე-მერი კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი და სხვები.

იყვნენ მილიონერებიც: გრიგოლ კობახიძე (ჯორჯ კობი), გიორგი მაჩაბელი, ვასილ დუმბაძე – შეერთებულ შტატებში, დიმიტრი მეტრეველი – კანადაში, ავთანდილ მერაბაშვილი – ჩილეში, აკაკი ხოშტარია და ივანე ვარაზაშვილი – ირანში.

 

გრიგოლ კობახიძე (ჯორჯ კობი)

 

1909 წელს ბორჯომის, კრასნოდარის, მიუნხენის, ლონდონის მინის ქარხნებში 12-წლიანი გამოცდილების შემდეგ ამერიკაში ჩავიდა 26 წლის გრიგოლ კობახიძე.

 

width=300

“ჯენერალ ელექტრიკში” მუშაობასთან ერთად მიიღო რამდენიმე პატენტი ავტომატურ საწერ-კალმებზე, საკანცელარიო ნივთებზე, დაგროვილი ფულით კი 1919 წელს ბოსტონთან, მასაჩუსეტსის ქ. ეტლებოროში დიდი მინის ქარხანა გამართა. 1922 წელს დააარსა The Coby Glass Product Company. უშვებდა 45 სახის პროდუქციას. მნიშვნელოვანი იყო გიორგი მაჩაბლის შეკვეთა: სუნამო “საქართველოს დედოფლის” ფლაკონი და მინის გამძლე კაბინა ავიაკონსტრუქტორ ალექსანდრე ქართველიშვილის ახალი მოდელისათვის. კომპანიის საქონელბრუნვამ 15.000.000 დოლარს მიაღწია, შემოსავალმა – 4 მილიონს. გრიგოლს სურდა თბილისში, ქუთაისში ან ბორჯომში მინის დიდი ქარხნის აშენება. უარის შემდეგ, გადაწყვიტა რაჭაში თავის სოფელ თხმორს დახმარებოდა. 1925 და 1928 წლებში ორჯერ ეწვია საქართველოს. ბევრი რამ გაუკეთა თავის სოფელს, გაჭირვებულ ოჯახებს. ამ დროს გაიგო, რომ დაპატიმრებას უპირებდნენ და სასწრაფოდ გაემგზავრა ქვეყნიდან.

 

align=left

 

 

1930-იანი წლების კრიზისის “დიდი დეპრესიის” დროს, კობის წარმოებაც გაკოტრდა, მაგრამ გრიგოლი გაჭირვებულ ქართველებს მაინც ეხმარებოდა ამერიკაში, ევროპასა თუ საქართველოში. როცა 1941 წელს აშშ II მსოფლიო ომში ჩაება, გრიგოლმა საომარი შეკვეთებისათვის წარმოების აღსადგენად მთავრობისგან ლიცენზია და 2 მილიონი დოლარი მიიღო. მოკლე ხანში ააწყო მინის წარმოება როდ-აილენდის შტატის ქ. პატაკეტში. უშვებდა პროდუქციას საავადმყოფოების, საველე ჰოსპიტალების, ქიმიური, სამედიცინო ლაბორატორიებისათვის. The Coby Glass Product Company კვლავ მძლავრ წარმოებად იქცა. ნაწარმი მიეწოდებოდა კანადას და მოკავშირეებსაც.

 

ომის შემდეგ ნამდვილი სანთლების ნაცვლად, შექმნა ქიმიური სითხით სავსე ნაძვის ხის ელექტროსანთლები, რომლებშიც ფერადი ბუშტები მოძრაობდნენ.

 

შემდეგ სანთლებს მინისაგან ამზადებდა. მანამდე არსებული რბილი სათამაშოების ნაცვლად ფერადი მინისაგან დაამზადა სხვადასხვა ფორმის სათამაშოები. ქართული დროშისფერ ყუთებში ჩალაგებულებს ეწერა “მინის საშობაო ხის ორნამენტები, კობი – ეს შობაა”. ფრანგული წარწერით “ორნამენტები” კანადაშიც გადიოდა.

 

გრიგოლ კობახიძე დიდი ქველმოქმედიც იყო. ჰყავდა სტიპენდიანტები, მათ შორის რეჟისორი ვასო ყუშიტაშვილი. ბევრს დაეხმარა დიდი კრიზისის დროს. ომის შემდეგ ფულით, ტანსაცმლით, წამლებით, პირველი მოხმარების ნივთებით ეხმარებოდა ევროპასა და დანგრეულ გერმანიაში მცხოვრებ ქართველებს. აფინანსებდა მათ ამერიკაში ჩაიყვანას.

 

გრიგოლს შვილი არ ჰყავდა. რეპრესიების გამო სსრკ-ში ნათესავებთან ურთიერთობა შეწყვიტა. ორ ქარხანას ცოლის დახმარებით უძღვებოდა. ევროპაში მინის წარმოების მცოდნე ქართველებიც ვერ მოძებნა. მისი საქმის გამგრძელებლები კომპანიონები, იტალიელი ძმები – ჯიმ და ჯული პაგლისები გახდნენ. 1967 წელს გრიგოლ კობახიძე გარდაიცვალა. პაგლისებს სახელი არ შეუცვლიათ წარმოებისათვის. 1980-იან წლებში მათ კედელზე ეკიდათ ქარხნისა და წარმოების დამფუძნებლის, ქართველი მრეწველის გრიგოლ კობახიძის ფოტო, მის მიერ შექმნილი ორიგინალური ნაძვის ხის სათამაშოები კი დღემდე იყიდება ინტერნეტ-მაღაზიებში.

 

გიორგი მაჩაბელი

 

ამერიკული პარფიუმერული ფირმა Prince Matchabelli-ს დამაარსებელი გიორგი მაჩაბელი იყო პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, შექსპირის მთარგმნელის, ივანე მაჩაბლის უფროსი ძმის, ვასილის ვაჟი, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი, 1914 წელს ჟენევაში შექმნილი “საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის” აქტიური წევრი, გერმანული წყალქვეშა ნავებით იარაღის შემოტანის ინიციატორი, დამოუკიდებლობის წლებში კი – იტალიაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი.


width=300 

საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1922 წელს გიორგი გადასახლდა ამერიკაში, სადაც მიიწვიეს მისი ცოლი, ცნობილი იტალიელი მსახიობი ნორინა ჯილი (მარია კარმი). 1924 წელს ნიუ-იორკში გახსნა ანტიკვარული მაღაზია “წითელი და შავი” (e rug e nuar). მალე აღმოაჩინა, რომ მუშტრებს ანტიკვარიატზე მეტად მისი ჰობი, სუნამოები უფრო აინტერესებდათ, ამიტომ წინა პლანზე პარფიუმერია წამოწია. პარიზში პარფიუმერიის სპეციალიზებულ მაღაზიაში მიღებული გამოცდილების შემდეგ, 1926 წელს გახსნა საკუთარი კომპანია, რომელიც 4 წელი ფართოვდებოდა და პრესტიჟული ხდებოდა.

 

სახელგანთქმულმა სუნამომ “საქართველოს დედოფალი” მაჩაბლების საგვარეულო გერბიდან ამოღებული ჯვრიანი ოქროს გვირგვინის ფორმით ამერიკის საზოგადოების აღტაცება გამოიწვია.

 

 

ფლაკონები გერმანული ფაიფურისაგან მზადდებოდა, შემდეგ ჯორჯ კობის ქარხანაში დაამზადეს მინის ფლაკონი. ის ყველა ენციკლოპედიურ ცნობარშია შეტანილია, როგორც მინის ფლაკონის ერთ-ერთ უმშვენიერესი ხელნაკეთი ნიმუში. გიორგის შექმნილი “პრინცი მაჩაბლის გვირგვინი” საფირმო ნიშანი გახდა. ის ამშვენებდა სხვა პროდუქციას: სუნამოებს, სააბაზანო ზეთ “აბანოს”, ოდეკოლონს, დაპრესილ პუდრს და პომადას.

 

1929 წელს კომპანიის ფილიალი გიორგიმ პარიზშიც დააარსა და სათავეში ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ფუძემდებელი სპირიდონ კედია ჩაუყენა. მაღაზია კი სახელგანთქმული “შანელის” მაღაზიის წინ გახსნა და პროდუქცია ლონდონშიც გაავრცელა. მისმა ფირმამ წარმატებით გადალახა 30-იანი წლების კრიზისი და მოწინავეთა რიგებში ჩადგა. 10 წელიწადში მან არა მარტო მილიონიანი ბიზნესი შექმნა უბრალო ჰობიდან, არამედ გახდა ნოვატორი: ამერიკას საკუთარი პარფიუმერული წარმოება არ გააჩნდა, რაც მზადდებოდა, ფრანგული პროდუქციის ცუდი ასლები იყო და ძალიან ძვირი ღირდა. ასე რომ, მაჩაბელმა შეავსო ის სიცარიელე, რაც იმ დროს ამერიკულ მრეწველობაში არსებობდა. ბიზნესს მაჩაბელი არ ჩამოუშორებია ქართული საქმეებისგან. იყო 1931 წელს ამერიკაში ქართული სათვისტომოს დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი და 1932-24 წლებში მისი თავმჯდომარე.

 

1935 წლის მარტში კალიფორნიასა და შანხაიში ფილიალები გახსნა. გზაში გაცივდა და ერთ კვირაში გარდაიცვალა (ზოგიერთი ინფორმაციით – საბჭოთა სპეცსამსახურებმა მოწამლეს). ფირმა რამდენჯერმე გაიყიდა, თუმცა Prince Matchabelli კონექტიკუტის შტატში დღემდე არსებობს. პროდუქციის უმეტესობა მისი დამფუძნებლის სახელით და რეცეპტით გამოდის და ინტერნეტ-მაღაზიებშიც იყიდება. საფირმო ნიშანიც იგივეა – გიორგის მაჩაბლის მიერ შექმნილი ემბლემა – ქართულჯვრიანი სამეფო ოქროს გვირგვინები, რომელიც თბილისში 2009 წელს დაფუძნებული “გიორგი მაჩაბლის ფონდის” ემბლემაცა.

 

 

ვასილ (ვასო) დუმბაძე

 

მორგანთა ბანკის ფინანსისტმა ვასილ (ვასო) დუმბაძემ ლაიფციგის უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტი დაამთავრა. საინჟინრო წარმატების გარდა, ვასო კომერსანტიც გახდა. იყო მორგანთა რუსეთ-ამერიკის ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი. გავლენიანი ბიძის, გენერალ-მაიორ ივანე დუმბაძისა და კავკასიის მეფისნაცვლის ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვის წყალობით ვასო პეტერბურგის უმაღლესი წრეებში მოხვდა. იყო პატრიოტიც: I მსოფლიო ომის დროს ნიკო დადიანის მიერ შექმნილი ქართველ დაჭრილ ჯარისკაცთა საზოგადოების გამგეობის წევრი გახდა. იღწვოდა პეტროგრადში ქართული ეკლესიის დაარსებისა და საქართველოს ავტონომიის მისაღწევად.

 

width=300

 

სამხედრო მინისტრ სუხომლინთან და მის ცოლთან დაახლოების შემდეგ, სამხედრო შეკვეთებიდან სოლიდურ საკომისიოებს იღებდა. I მსოფლიო ომის დროს 15 მილიონი მანეთის ყუმბარების შეკვეთა მიანდეს. ნიკოლოზ II კი დაავალა გერმანელებთან სეპარატულ ზავზე მოსალაპარაკებლად ნიადაგის მოსინჯვა. ვასომ და გიორგი მაჩაბელმა, რუსეთის დასამარცხებლად და საქართველო დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, სხვა კალიბრის ჭურვები შეუკვეთეს. ჭურვები რუსულ ქვემეხებს არ მოერგო და დაიწყო რუსეთის არმიის უკანდახევა. ვასოს დააპატიმრეს. ჩამოხრჩობა ნიკოლოზ II კატორღით შეუცვალა. თებერვლის რევოლუციის დროს ილო მაჩაბელმა გამოიხსნა, კიევიდან ევროპაში გააღწია, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ კი ემიგრაციაში დარჩა.

 

1924 წელს დუმბაძე ამერიკაში გადასახლდა. 1925 წელს ნიუ-იორკში გამოცემულმა მისმა წიგნმა “კავკასიის რესპუბლიკები” ყურადღება მიიპყრო და პარიზში მყოფმა საქართველოს მთავრობამ წარმომადგენელად დანიშნა. ამერიკა საქართველოს რუსეთთან ნებაყოფილობით შეერთებულ ქვეყნად თვლიდა, ამიტომ ვასო შეუდგა ოკუპაციის საკითხის გახმაურებას.

 

1926 და 1929 წლებში მისი თაოსნობით 2 ორგანიზაცია დაარსდა: სენატორ ჰენრი ვილსონისა და დიპლომატ ლეონ ვილსონის თავმჯდომარეობით “ამერიკული საზოგადოება კავკასიისათვის” და “საქართველოს უფლებათა დაცვის კომიტეტი”. განთქმულ იურისტთა კომისიამ დაადგინა საქართველოს დამოუკიდებლობის უფლება და ევროპაში გახიზნული მთავრობის კანონიერება. 1926 წელს დეპუტატ კოპლენდისა და სენატორ ვალტონ-მურის შეიტანილი წინადადება საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე, კონგრესმა ორჯერ განიხილა, სხდომათა ოქმები კი 22 დამატებით და 17 ფოტოთი 361-გვერდიან წიგნად გამოსცა.

 

ვასო იყო 1931 წელს ნიუ-იორკის სათვისტომოს დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი და ოთხგზის თავმჯდომარე. 1938 წელს აისლიპში მისი ინიციატივით შეძენილი სათვისტომოს სახლი თავისივე ფულით გააწყო. მისი დახმარებით ამერიკაში ჩავიდა არაერთი ქართველი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამერიკის ცხოვრებაში. ვასოს ძალიან მდიდარი იყო და ცოლადაც უმდიდრესი ქალი შეირთო – გაზეთ “ჩიკაგო ტრიბუნის” მეწილე. მდგომარეობის და გაზეთის წყალობით ვასო ყველა უწყებაში ახერხებდა შესვლას და ქართველთა დახმარებას, ევროპაში ამერიკის უნივერსიტეტებიდან კვებით, საცხოვრებლითა და სტიპენდიით უზრუნველყოფილი ადგილების ჩატანას.

 

ვასო დუმბაძე 1943 წელს ნიუ-იორკში გარდაიცვალა. მემკვიდრე არ დარჩენია. 27 მილიონი და ანდერძის დედანი, რომლითაც ფულს დედას და დებს უტოვებდა, ალბათ იქ ინახება, სადაც მუშაობდა – მორგანთა ბანკში.

 

 

დიმიტრი მეტრეველი (მაიკ მიტო)

 

1823 წელს კანადაში, კვებეკთან ოქროს მოპოვება და დამუშავება დაიწყეს. 1848 წელს კალიფორნიაში, 1858 წელს კოლორადოში და 1859 წელს ნევადაში ოქროს აღმოჩენას “ოქროს ციებ-ცხელება” მოჰყვა. XIX საუკუნის 70-იან წლებში “ციებ-ცხელება” ჩაცხრა, მაგრამ 1890 წელს კლონდაიკსა და ალასკაზე ოქროს აღმოჩენის შემდეგ ამერიკისაკენ ოქროსმაძიებელთა ქარავნები დაიძრნენ, მათ შორის იყვნენ ქართველებიც.

 

align=left

 

ერთ-ერთი მათგანია დიმიტრი მეტრეველი – მაიკ მიტო. იგი 1913 წელს ამერიკაში თანასოფლელთა ჯგუფს გაჰყვა, სადაც უკვე მრავლად იყვნენ ქართველები, როგორც აღმოსავლეთ სანაპიროზე, ისე დასავლეთში – ნიუ-იორკში, ჩიკაგოში, სან-ფრანცისკოში, სიეტლში, ლოს-ანჯელესში, დენვერში, აგრეთვე მოსაზღვრე კანადის ქალაქებში – ტორონტოში, ოტავაში, ვანკუვერში, ედმონტონში და ა.შ. რაჭველები ძირითადად სიეტლსა და ვანკუვერში იყვნენ დაჯგუფებული. იქიდან ვიქტორიაში, საკრამენტოში, ტაკომსა და სან-ფრანცისკოში მიდიოდნენ, ან კანადაში გადადიოდნენ, რადგან ამერიკასა და კანადას შორის მჭიდრო პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირის გარდა, თავისუფალი საზღვარიც არსებობდა. ბევრი ქართველი სეზონური სამუშაოსათვის მიდიოდა ამერიკაში, ნაწილი კი სამუდამოდ დასახლდა ამერიკასა და კანადაში, რომლებსაც ერთ გეოგრაფიულ ერთეულად თვლიდნენ და “ჩრდილო ამერიკას” უწოდებდნენ.

 

დიმიტრი მეტრეველი ჯერ სიეტლში ჩავიდა, შემდეგ ვანკუვერში. ბოლოს საცხოვრებლად კვებეკის მახლობლად პატარა ქალაქი ვალდორი აირჩია. მალე მიაკვლია ოქროს და ჯერ ერთი, შემდეგ კი რამდენიმე მაღარო აამუშავა. მუშებთან ერთად, მის გარშემო ნელ-ნელა სხვა ხალხიც დასახლდა. დაბას, რომელიც ამ დასახლების წყალობით შეიქმნა, მისი გვარის მიხედვით ხალხმა ამერიკული მანერით “მეტრევილი” უწოდა. ბედი ალასკაზეც სცადა. იქ მის მაღაროებს “მიტოს ანომალიები” უწოდეს. მალე გამდიდრდა, მაგრამ სიმდიდრეს არ შეუცვლია – უშურველად ეხმარებოდა არამარტო თანამემამულეებს ამერიკაში, არამედ სხვებსაც. მატერიალურ დახმარებას უწევდა ოჯახსა და ნათესავებს საქართველოში, მაგრამ სამშობლოში ჩამოსვლა აუხდენელ ოცნებად დარჩა.

 

30-იანი წლების კრიზისმა ბევრი მილიონერი გააკოტრა. მთელი სიმდიდრე დაკარგა მიტომაც. დაბა მეტრევილი და “ანომალიები” დაცარიელდა, მილიონერთა სიაში აღარ ირიცხებოდა, მაგრამ მაინც შეძლო წარმოების ისე გამართვა, რომ შეძლებულ კაცად დარჩენილიყო. ამერიკელ პარტნიორ სალერნოსთან ერთად ტორონტოში, სალმოტას ტბის მიდამოებში ალმასის საბადო აღმოაჩინა და ალმასის დამამუშავებელი საწარმო აამუშავა.

 

1970 წელს მიტოს გარდაცვალების შემდეგ, მისი საქმე უფროსმა ვაჟმა, 1950-53 წლების კორეის ომის ვეტერანმა ავგუსტმა (აგი) განაგრძო. 80-იან წლებში ავგუსტ მიტო წარმართავდა მამის დაწყებულ საქმეს. გახდა კომპანია Augimitto Explorations Limited დამფუძნებელი და Cache d’or Resourses Inc პრეზიდენტი. საქართველოში დიმიტრი მეტრეველის ნათესავების მოძებნა ვერ შევძელით, იგი რაჭაში, მის სოფელ უწერაშიც აღარავის ახსოვს, ალიასკაზე აღარც “მიტოს ანომალიები” იცის ვინმემ. თუმცა, დიმიტრი მეტრეველის სახელზე ერთი რამ მაინც დარჩა: კვებეკთან ახლოს პატარა ქალაქი მეტრევილი.

 

წყარო: bfm.ge

share

მსგავსი სიახლეები