geo eng rus
ორშაბათი, 26 ივნისი, 2017. 07:38
სავაჭრო ცენტრ „ლილო მოლში" სავალდებულო დაზღვევის ამოქმედებას არ იწონებენ
2017-06-19 18:00:51
+
-

სავაჭრო ცენტრ „ლილო მოლში" სავალდებულო დაზღვევის ამოქმედებას არ იწონებენ. როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმი რამდენიმე დღის წინ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების დაზღვევის ინიციატივით გამოვიდა.


„ლილო მოლის" პრეზიდენტი ლევან გაგუა „კომერსანტთან" საუბრისას განმარტავს,რომ არ ეთანხმება სავალდებულო დაზღვევის შემოღებას და აცხადებს, რომ ეს კულტურა და თვითეგნება მოსახლეობაში უკვე ინერგება. მისი განმარტებით, აუცილებელია სადაზღვევო კომპანიების და სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელების ერთობლივი მუშაობა,რაც გახდება კლიენტების მხრიდან დაზღვევის აუცილებლობის სწორად გაგების საფუძველი.


მისი ინფორმაციით, ლილოში 2006-2007 წლებში მომხდარი ხანძრის შემდეგ სავაჭრო ცენტრი სადაზღვევო კომპანია „უნისონშია" დაზღვეულია. ასევე დაზღვეულია მოვაჭრეების 80 პროცენტის ქონებაც.


„წლების წინ ასეთ სავაჭრო ობიექტებს არცერთი სადაზღვევო კომპანია არ აზღვევდა. იმ პერიოდისთვის ეს სერვისი არ არსებობდა. მაშინ ჩვენ ძალიან ბევრი ვიზარალეთ. 2008-2009 წლიდან დაზღვეულია როგორც კომპანიის ქონება, ისე მოქმედებს ინდივიდუალური დაზღვევაც"-აცხადებს გაგუა.


როგორც ცნობილია, „საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღების შესახებ კანონპროექტი უკვე შემუშავებულია", - ამის შესახებ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა კოტე სულამანიძემ „კომერსანტთან" განაცხადა. მისი ინფორმაციით, აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტს უკვე გადაეგზავნა.


„ჩვენ გადავდგით იმ მიმართულებით ნაბიჯები, რაც მსოფლიოში მიღებულია. მათ შორის, ერთ-ერთი არის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პასუხისმგებლობის დაზღვევა. ორგანიზატორები, რომლებიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების მართვას ახდენენ, კერძოდ, ბაზრობები, სავაჭრო ცენტრები, სტადიონები, კინოთეატრები და ა.შ., ვალდებული იქნებიან, რომ თავისი ადგილი დააზღვიონ. რადგან თუ ამ ობიექტზე რამე მოხდება ისეთი, რაც მათი ბრალეულობით არის გამოწვეული და ზიანი მიადგებათ იმ ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს ქონების თუ ჯანმრთელობის დაზიანების სახით, ორგანიზატორი დაცული იყოს, რომ ჩივილის შემთხვევაში თანხების გადახდა მას არ მოუწიოს. ასევე, თავის მხრივ მომხმარებელიც დაცული იყოს და რა ზიანიც მიადგა, აუნაზღაურდეს. ამ მხრივ ნაბიჯი ჩვენც გადავდგით, შესაბამისი კანონპროექტი უკვე შემუშავებულია და პარლამენტშია გაგზავნილი. მსგავსი ობიექტების მფლობელები ვალდებულნი იქნებიან შეიძინონ პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი, რათა დაცული იყვნენ თავადაც და მათი მომხმარებლებიც", - განაცხადა კოტე სულამანიძემ.


 

ავტორ(ებ)ი: კომერსანტი